გუშინ ევროპა ლიგის მეოთხე ტურში კიევის "დინამომ" ბერნში 1:0 დაამარცხა "იანგ ბოიზი" და პლეი-ოფში გავიდა. ამ შეხვედრაში უკრაინული გუნდის 34 წლის ფეხბურთელი ოლეგ გუსევი სათადარიგო იყო (უკვე იშვიათად ათამაშებენ), კიევში დაბრუნებულს კი ქალაქგარეთ მდებარე სახლი გაქურდული დახვდა.
ნიღბიანი ქურდები ღობეზე გადამძვრალან, გაუტეხავთ კარები, შიგნით შეუღწევიათ, სეიფი გაუხსნიათ და საიუვილირეო ნაწარმი, საათი, 10 ათასი დოლარი და უკრაინის პრეზიდენტის პიოტრ პოროშენკოს ნაჩუქარი პისტოლეტი "ფორტ 17" წაუღიათ (პოროშენკომ ამ მარკის პისტოლეტით შარშან მარტში ნაკრების ყოფილი მწვრთნელი მიხაილ ფომენკო და 9 ფეხბურთელი დაჯილდოვა).
როგორც
პოლიციამ განაცხადა, სახლში სიგნალიზაცია არ ჩაირთო. გაქურდვის მომენტში ოლეგის მეუღლე მარია, რომელსაც ახლახანს ძვირფასი ავტომობილი აჩუქა, კიევში თავის ბინაში იმყოფებოდა.