ევროპული თასები: ლუსიანო ვიეტოს საღამო "მესტალიაზე" [VIDEO]

AutoSharing Option
ევროპის წამყვან ჩემპიონატებში სათასო დაპირისპირებები გაიმართა.

Carabao Cup-ზე ფინალური საგზური მოიპოვა "მანჩესტერ სიტიმ", თუმცა პეპ გვარდიოლას გუნდმა ეს ყველაფერი დიდი ჯაფის საფასურად დაიმსახურა.

"ქალაქელებმა" პირველი ნახევარი, ბობი რიდის მიერ 44-ე წუთზე გატანილი პენალტით, სულაც წააგეს.

"ეტიჰადის" ბინადრებმა კი მეორე ტაიმში საქმეს თავიდანვე მიხედეს. 55-ე წუთზე კევინ დერ ბრუინმა რაჰიმ სტერლინგთან საჯარიმოში ბურთი გაითამაშა და წონასწორობაც აღადგინა.

"სიტი" ამის შემდეგ ბევრს ცდილობდა, თუმცა გამარჯვების მომტანი გოლი მხოლოდ მსაჯის მიერ დამატებულ წუთებში გაიტანა.

ბერნარდო სილვას საჯარიმოში ჩაგდებულ ბურთს სერხიო აგუერო დახვდა, რომელმაც
მეკარე ფრენკ ფილდინგს დაასწრო და თავური დარტყმით თავისი გუნდი ფინალში გაიყვანა.

საბოლოოდ, 2:1 "სიტის" სასარგებლოდ. დღეს კიდევ ერთი ფინალისტის ვინაობას "ჩელსისა" და "არსენალის" დაპირისპირება გაარკვევს.


ორი მატჩში 7 უპასუხო გოლი გაუტანა მადრიდის "ატლეტიკომ"  მეორელიგელ "ლეიდას".

"როხიბლანკომ" გასვლაზე გატანილ 4 ბურთს საკუთარ მოედანზე კიდევ სამი წაუმატა.

დიეგო სიმეონემ მისი სეხნია დიეგო კოშტა და ფერნანდო ტორესი ძირითად შემადგენლობაში დააყენა, თუმცა ამ ფორვარდებმა გოლი ვერ გაიტანეს, თუმცა შედეგიანი გადაცემები ჩაიწერეს.

"ვანდა მეტროპოლიტანოს" ბინადრებმა ანგარიში  57-ე წუთზე იანიკ ფერეირა კარასკოს გოლით გახსნეს, რომელსაც მხარი 74-ე და 81-ე წუთებზე, შესაბამისად, კევინ გამეირომ და ვიტოლომ აუბეს.

საბოლოოდ, 3:0 "ატლეტიკოს" სასარგებლოდ და "ჩოლოს" გუნდი ესპანეთის თასის 1/4-ფინალში იასპარეზებს.


ლუსიანი ვიეტოს ბენეფისად იქცა შეხვედრა "ვალენსიასა" და "ლას პალმასს" შორის. 24 წლის ფორვარდი "ღამურების" რიგებში მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე, მადრიდის "ატლეტიკოს" რიგებიდან იჯარის წესით გადაბარგდა.

არგენტინელმა შემტევმა სტუმართა კარი 30-ე, 48-ე და 66-ე წუთებზე აიღო, რითაც ჰეთ-თრიკი გაიფორმა.

მის ბრწყინვალე ასპარეზობას მხარი ნემანიას მაქსიმოვიჩმაც აუბა და საბოლოო ანგარიში, 4:0 დააფიქსირა.

ესპანეთის თასზე კიდევ ექვსი 1/4-ფინალისტის ვინაობა დღეს და ხვალ გახდება ცნობილი.


შესანიშნავ ფორმაში იმყოფება ლეონარდო ჟარდიმის "მონაკო".

"მონეგასკებმა" საფრანგეთის ლიგის თასის 1/4-ფინალურ ეტაპზე გასვლით შეხვედრაში "ნიცას" 2:1 სძლიეს და ნახევარფინალში იასპარეზებენ.

სტუმართაგან გოლის ავტორები ტომას ლემარი, რომელსაც მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე "მონაკოდან" აბარგებას უწინასწარმეტყველებენ და ადამა დიაკაბი გახდნენ.

"ნიცას" მხრიდან კი ერთადერთი გოლის ავტორი ალესანე პლეა გახდა.

საფრანგეთში დანარჩენი სამი ნახევარფინალისტის ვინაობა დღეს და ხვალ გახდება ცნობილი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული