დღეს ჩემპიონთა ლიგა დიდი მწვრთნელების "ჯახით" ბრუნდება!

AutoSharing Option
დღეს, 18 თებერვალს, მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული საკლუბო საფეხბურთო ტურნირი განახლდება. გულშემატკივარი ორ ძალიან დაძაბულ შეხვედრას იხილავს 4 ძალიან მაღალი დონის გუნდის მონაწილეობით. 1-ლი მატჩი ესპანეთში გაიმართება, მადრიდში, "ვანდა მეტროპოლიტანოზე" "ატლეტიკო" ტურნირის მოქმედ გამარჯვებულსა და ერთ-ერთ ფავორიტ "ლივერპულს" მიიღებს.

"ატლეტიკო" - "ლივერპული"


აღნიშნულ კლუბებს ერთმანეთის წინააღმდეგ აქამდე 4 ოფიციალური შეხვედრა აქვთ გამართული. 2008 წელს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ორივე მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. 2010 წელს ევროპა ლიგის პლეი-ოფში "ატლეტიკომ" სახლში 1:0 იმარჯვა, გასვლაზე 1:2 დამარცხდა და სტუმრად გატანილი გოლის წყალობით შემდეგ
ეტაპზე გავიდა.

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის ჯგუფურ ეტაპზე "ატლეტიკო" ქვეჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა და მხოლოდ "იუვენტუსს" ჩამორჩა. "ლივერპულმა" კი პირველი ადგილი დაიკავა და ჯგუფში "ნაპოლი", "გენკი" და "ზალცბურგი" ჩამოიტოვა.

ატლეტიკო

ამჟამად მადრიდელები ლა ლიგაში მხოლოდ მე-4 პოზიციაზე არიან, კოპადან მესამე დივიზიონის გუნდმა გამოაგდო და უკანასკნელ 7 მატჩში მხოლოდ 1 შეხვედრა მოიგეს. თუმცა "ატლეტიკოს" დევიზი ხომ "nunca se rinde" ("არასდროს დანებდე") არის. ამიტომ არავინ ელოდება, რომ ჩოლოს ფეხბურთელები რამეს დათმობენ, თუნდაც "ლივერპულთან".

თავად სიმეონემ კი მერსისაიდელების მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა და:

"ეჭვი არ მაქვს, ეს "ლივერპული" ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის სახელით შევა. ისინი სხვა დომინანტი კლუბებისაგან განსხვავდებიან, მოქნილები არიან და ადვილად შეუძლიათ სხვადასხვა მოწინააღმდეგესთან ადაპტირება. თუმცა თამაშის დაწყების შემდეგ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ამიტომ მე ოპტიმიზმი მაქვს."

სავარაუდო შემადგენლობა:

ობლაკი, არიასი, სავიჩი, ფელიპე, საული, კოკე, პარტეი, ლორენტე, ვიტოლო, კორეა, მორატა

"ლივერპული"

მოწინააღმდეგისაგან განსხვავებით, საოცარ ფორმაშია "ლივერპული". კლოპის გუნდი თამაშს თამაშზე იგებს ისე, რომ ეჭვებსაც არ ტოვებს.

ფაქტობრივად, "ლივერპულმა" უკვე გაინაღდა ინგლისის ჩემპიონატის მოგება და ჩემპიონთა ლიგაზე მთავარი ბრძოლებისათვის მზად არის.

მიუხედავად ამისა, საკმაოდ თავშეკავებული იყო ლივერპულელთა დამრიგებელი იურგენ კლოპი:

"ნებისმიერი მოთამაშისათვის "ატლეტიკოსთან" თამაში კარიერაში ყველაზე რთული მომენტია. ის კარგად ორგანიზებული გუნდია, ენერგიით სავსე მანქანა, რომელსაც სასურველი ანგარიშის დაფიქსირება შეუძლია. მიუხედავად ტრანზიტული პერიოდის სირთულეებისა, "ატლეტიკო" არასდროს წყვეტს ბრძოლას.

ასევე, თუ ვინმე ამბობს, რომ მე მატჩისას ძალიან ემოციური ვარ, ვეტყვი, რომ თუ ჩემი ემოციურობის დონე 4 არის, მაშინ სიმეონეს მაჩვენებელი 12-ია. მე მასთან შედარებით "საბავშვო ბაღის პოლიციელი" (ფილმის სახელწოდება არნოლდ შვარცენეგერის მონაწილეობით) ვარ."

სავარაუდო შემადგენლობა:

ალისონი, ალექსანდრ-არნოლდი, ვან დეიკი, გომესი, რობერტსონი, ჰენდერსონი, ფაბინიო, ვეინალდუმი, სალაჰი, ფირმინო, მანე

აღნიშნული შეხვედრა თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება და ქართველ მაყურებელს მისი ნახვა "სილკ უნივერსალის" საშუალებით შეუძლია.

მკითხველის კომენტარები / 1 /
სიმეონე მწვრთნელი კიარა სვარკაა ატლეტიკოს ყურებას მირჩევნია დანკარას რეალს ვუყურო 1 გოლი არ გადის ამათ თამაშებზე ისეთი უაზრო და მოსაწყენი თამაში აქვთ 2ჯერ რამდენჯერ ვუყურე გული მერეოდა ხოდა იმედია მაგრად ამოტენის ლლივერპული და შეაგნებინებენ რო სვარკაა ცუდია
Jeyjey
22:44 18-02-2020
3

სიახლეები პოპულარული