მოულოდნელობებითა და უჩვეულო ესთეტიკით - დღის "სუპერმატჩი" ავსტრალიაში ჩატარდა

AutoSharing Option
2020 წლის 23 მარტს დედამიწაზე სულ რამდენიმე საფეხბურთო შეხვედრა შედგა და დღის "სუპერმატჩში" ავსტრალიის A ლიგის მეორეადგილოსანი "მელბურნ სიტი" გასვლაზე "ნიუკასლ ჯეთსთან" დამარცხდა.

ანგარიში პირველი ტაიმის პირველ დამატებულ წუთზე "ნიუკასლის" თავდამსხმელმა, სკოტ ფიცჯერალდის მოგვარე 28 წლის ნიკ ფიცჯერალდმა გახსნა და კარიერაში 21-ე გოლი გაიტანა. ნიკს საგოლე გადაცემა კვიპროსიდან ემიგრირებული ცნობილი ბერძენი მეწაღის, დიმიტრი პეტრატოსის უფროსმა (უმცროსი სათადარიგოთა სკამზე იყო) შვილიშვილმა, ასევე დიმიტრი პეტრატოსმა გაუკეთა.

სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა ერიკ მომბარტსმა, რომელიც ოდესღაც საფრანგეთის 21-წლამდელთა ნაკრების თავკაცი იყო, მეორე ტაიმში მოედანზე ორი
ახალი ფეხბურთელი გამოუშვა და "მელბურნმაც" გოლი მათი კომბინაციის შედეგად გაიტანა. ეს 70-ე წუთზე მოხდა, როცა ლივერპულში დაბადებულმა ქრეიგ ნურიმ საგოლე პასი ფრანგ ფლორინ ბერენგერს გაუკეთა. სხვათა შორის, ორივე გამორჩეული ფეხბურთელია და ერთს პრემიერლიგაში, მეორეს კი ლიგა 1-ში თითო-თითო სეზონი აქვს ჩატარებული.

"ნიუკასლის" რიგებში ბერძნული დიასპორის წარმატებას არც ხორვატი ფესვების მქონე სტივენ უგარკოვიჩი ჩამორჩა და ობაფემი მარტინსის ქვეყანაში დაბადებული და ამჟამად გაავსტრიელებული ბერნი იბინი-ისენის პასით 78-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:1.

აღსანიშნავია, რომ "ნიუკასლის" მთავარ მწვრთნელს, "ვულვერჰემპტონის" ლეგენდა კარლ რობინსონს მატჩის 86-ე წუთზე გაახსენდა, რომ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე კარში გვარად იტალიანოს დაყენება ცუდი გადაწყვეტილება იყო და ის გლენ მოსით ჩაანაცვლა. ეს უკანასკნელი, სხვათა შორის, ახალზელანდიელია და როგორც ნიუკასლის ყვითელი პრესა იუწყება, ქვეყანა იმიტომ შეიცვალა, რომ ჰაკას შესრულება ვერ ისწავლა.

ზემოთაღნიშნული ვარსკვლავების გარდა, განაცხადში შეხვდებოდით საფეხბურთო სამყაროსთვის ცნობილ გვარებს, როგორებიცაა ბოგარი, ტოპორ-სტენლი, ო'ტული, კოტრომბისი, ავსტრიელმა ვინდბიხლერმა კი შეხვედრა ტრავმის გამო ვერ ჩაატარა. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ "მელბურნში" თამაშობს ორი ფეხბურთელი: მოური ნაჯარი და რამი ნაჯარინი. ორივე მათგანი 19 წლისაა.

ავსტრალიის უმაღლეს ლიგაში გამართული 23 ტურის შემდეგ პირველ ადგილზე "სიდნეი" გახლავთ 48 ქულით, "მელბურნ სიტი" კი მას 8 ქულით ჩამორჩება და 3 შეხვედრით მეტი აქვს ჩატარებული.



მკითხველის კომენტარები / 5 /
განსაკუთრებული ის არის რომ ვიღაც ფეხბურთს თამაშობს ეხლა
ზორბეგი
23 მარტი 2020 23:48
0
და რა არის აქ მოულოდნელი უჩვეულო? თუ კორონა ვირუსი იგულისხმეთ?...
ტარიელი
23 მარტი 2020 23:19
0
რა არის მოულოდნელი? 86-ე წუთზე მეკარის შეცვლა, ნორმალურია?
რაი და
24 მარტი 2020 03:03
0
ავტორ ფსიქოლოგის ნომერი გინდა? :დდდ
გიო
23 მარტი 2020 22:53
3
აბორიგენებს ისევ არ ათამაშებენ?>
ბუჯანგა
23 მარტი 2020 22:52
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული