დღეს, 11 ოქტომბერს, სამხრეთ ამერიკაში მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპის მე-5 ტურის გადადებული შეხვედრები გაიმართა.
არგენტინამ ურუგვაის უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა.
"ალბისელესტეს" შემადგენლობიდან ანგარიში ლიონელ მესიმ 38-ე წუთზე გახსნა, პირველი ტაიმის ძირითადი დროის დასრულებამდე 1 წუთით ადრე კი როდრიგო დე პაულმა სხვაობა ორამდე გაზარდა.
მეორე ნახევარში ურუგვაელთა თავკაცმა ოსკარ ტაბარესმა ცვლილებებს მიმართა, თუმცა ფეხბურთელებმა ვერაფერი შეძლეს. შეხვედრის საბოლოო ანგარიში კი ლაუტარო მარტინესმა 62-ე წუთზე დააფიქსირა.
აღსანიშნავია ჯოვანი ლო ჩელსოს შესანიშნავი თამაშიც. "ტოტენჰემის" ნახევარმცველმა 2 საგოლე გადაცემა მიითვალა და გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი
შეასრულა.
ამრიგად, 10 ჩატარებული მატჩის თავზე არგენტინა 22 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფება. ურუგვაი 16 ქულით მე-4 ადგილს იკავებს.
"ალბისელესტე" მომდევნო შეხვედრას 15 ოქტომბერს, პერუს წინააღმდეგ გამართავს. "ლა სელესტე" იმავე რიცხვში ბრაზილიას ესტუმრება.
კოლუმბიამ ბრაზილიას უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ, 0:0 დასრულდა.
მთელი თამაშის განმავლობაში "სელესაო" დიდ ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა, თუმცა გოლის გატანა ვერა და ვერ მოახერხა.
ამრიგად, 10 შეხვედრის შემდეგ ბრაზილია 28 ქულით 1-ელ ადგილზე იმყოფება. კოლუმბია 15 ქულით მე-5 ადგილს იკავებს.
"კანარიო" მომდევნო შეხვედრას 15 ოქტომბერს ურუგვაის წინააღმდეგ გამართავს. კოლუმბია იმავე რიცხვში ეკვადორს დაუპირისპირდება.