ელეგანტური მხატვარი ზოლებიან მაისურში - ზინედინ ზიდანი

AutoSharing Option
სოციალურ ქსელებში ზინედინ ზიდანის სახელის აკრეფისას, რა თქმა უნდა, უამრავ გამორჩეულ მომენტს ვაწყდებით; ვიხსენებთ ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერ მოთამაშეს, რომელსაც მწვანე მოედანზე უთამაშია. თუმცა მისი კარიერიდან ყველაზე გამოსარჩევი ორი მომენტია, ყველაზე ლამაზად, მოხდენილად შესრულებული დარტყმა ნახევარბრუნში, რომელიც ლიგის ფინალში შეასრულა და მეორე ყველაზე გახმაურებული ეპიზოდი კი სრულ სიგიჟეს ჰგავს, როდესაც ფრანგმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მარკო მატერაცის თავი მკერდში ჩაარტყა.

ორ გამორჩეულ მომენტს შორის მსგავსი კონტრასტი იშვიათობაა...

ეპიზოდები ზიდანის კარიერიდან სრულყოფილად ასახავს მას, როგორც ფეხბურთელს - გრაციოზულობა, ელეგანტურობა, უამრავი გამორჩეული უნარით, თუმცა
მაღალი ტემპერამენტითა და ფეთქებადობით.

მიუხედავად იმისა, რომ ზიზუ სამუდამოდ იქნება მადრიდის "რეალის" შთამბეჭდავი პროექტის, "გალაქტიკოს" სახე, უნდა აღვნიშნოთ, რომ ნახევარმცველმა სერია A-ში იმდენივე წელი გაატარა, რამდენიც "ბლანკოსში".

Sportall.Ge

ზიდანი პირველად "ბებერმა ქალბატონმა" 1996 წლის მარტში შენიშნა, როდესაც ფრანგულმა "ბორდომ" იტალიურ "მილანს" უეფას თასის მეოთხედფინალის განმეორებით მატჩში უმასპინძლა. პირველი შეხვედრა "შავ-წითლების" გამარჯვებით, 2:0 დასრულდა. "ბორდოს" ქომაგებს მრისხანე მეტოქის წინააღმდეგ მოგების იმედი აღარ ჰქონდათ, თუმცა ზიზუ სხვაგვარად ფიქრობდა... ფრანგმა ნახევარდაცვის ხაზში ინდივიდუალური მასტერკლასი მოაწყო, პირწმინდად დაჩაგრა თანამემამულე, ასევე ლეგენდარული მოთამაშე მარსელ დესაი. ყველას გასაკვირად, ლიგა 1-ის ბინადარმა 3:0 გაიმარჯვა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
ზიდანის ბრწყინვალე პერფორმანსმა განსაკუთრებით "იუვენტუსის" ლეგენდის, მიშელ პლატინის ყურადღება დაიმსახურა. ფრანგმა კლუბის პრეზიდენტს, ჯანი ანიელის, ახალგაზრდა ფეხბურთელის შეძენა კატეგორიულად მოსთხოვა.

მომავალში პლატინი არასდროს იშურებდა ზიდანის მიმართ საქებარ ეპითეტებს.

ფრანგი ლეგენდის დაჟინებული თხოვნის შემდეგ ზიდანი ევროპული ფეხბურთის უმაღლეს მწვერვალზე მოხვდა. ჩემპიონთა ლიგის მოქმედმა გამარჯვებულმა ნახევარმცველი მხოლოდ 3 მილიონ ფუნტად შეიძინა.

მიუხედავად ევროპულ საკლუბო ასპარეზზე წარმატებული გამოსვლისა, "იუვენტუსში" გარდამავალი პერიოდი იდგა, შიდა ასპარეზზე ცუდი გამოსვლის გამო გუნდი დატოვეს ჯანლუკა ვიალიმ და ფაბრიციო რავანელიმ. ორივე მათგანმა კარიერა ინგლისის პრემიერლიგაში განაგრძო. "ბიანკონერიმ" მათ შემცვლელებად ალენ ბოკშიჩი, კრისტიან ვიერი და ზინედინ ზიდანი დაიმატა.

რა თქმა უნდა, საფრანგეთის ლიგა 1-დან იტალიურ ფეხბურთში ფეხის მოკიდება მარტივი არაა, იქ, სადაც დაცვაში სუპერვარსკვლავები თამაშობენ. პაოლო მალდინი, ალესანდრო ნესტა - მათ წინააღმდეგ თამაში მარტივი არავისთვის იყო. თუმცა ზიდანი მათ ნაცვლად საკუთარ მენეჯერთან იბრძოდა...

"ბიანკონერის" იმდროინდელმა თავკაცმა მარჩელო ლიპიმ გადაწყვიტა, ნახევარდაცვის სისტემაში ზიზუ დიდიე დეშამისა და ანტონიო კონტეს დამზღვევად ეთამაშებინა. რამდენადაც წარმოუდგენელი უნდა იყოს, ასეთი ტექნიკის მქონე ფეხბურთელს მათ უკან თამაში ევალებოდა. ფრანგს გაუჭირდა, მალევე გაჩნდა ეჭვი, შეძლებდა თუ არა ახალგაზრდა მოთამაშე მსოფლიო დონეზე თავის წარმოჩენას.

საფეხბურთო ფორტუნამ ამ კითხვას პასუხი თავად გასცა. ანტონიო კონტემ მძიმე ტრავმა მიიღო, რის შემდეგაც ზიდანმა მოედნის სიღრმიდან ზედა ნაწილში გადაინაცვლა. ფრანგმა გენიოსმა იმ თამაშის ჩვენება დაიწყო, რომელმაც მთელი იტალია შოკში ჩააგდო. ზინედინმა სადებიუტო სეზონშივე შეძლო სერია A-ს მოგება, თუმცა სეზონის მთავარი მატჩი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ჩაატარა.

Sportall.Ge

შეხვედრა "აიაქსის" წინააღმდეგ შედგა. იტალიელებმა პირველ თამაშში სასურველი შედეგი დააფიქსირეს და 2:1 გაიმარჯვეს. ზიზუს გაჩერებას ვერავინ ახერხებდა, 2 საგოლე გადაცემა და მასტერკლასი ჰოლანდიელებს. ერედივიზიონის მოქმედი ჩემპიონები ფრანგის წინააღმდეგ ვერაფერს ახერხებდნენ. ნახევარმცველმა "აიაქსის" დაცვის ხაზის გარღვევა მოახერხა, ორი მცველი ბრწყინვალე მოძრაობით მოედნიდან გააქრო და ედვინ ვან დერ საარი უძლური დატოვა...

მღელვარებით აღსავსე სადებიუდო სეზონის შემდეგ ემოციები ჩაცხრა. ზიზუმ იტალიურ გარემოსთან ადაპტირება მოახერხა. თუმცა მთავარი წარმატებები ჯერ კიდევ წინ იყო, ნიდერლანდელი ნახევარმცველი, რომელმაც ტურინულ ყოფაში მეტი მხიარულება შემოიტანა...

ედგარ დავიდსი "მილანში" ჩაგდებული სეზონის შემდეგ "ბიანკონერის" 1997 წელს შეუერთდა. ნიდერლანდების ნაკრების ნახევარმცველმა ფრანგ ხელოვანს თავისუფლება აჩუქა. ზიდანს შეეძლო შეტევაში მეტად ეაქტიურა, განეხორციელებინა შორეული დარტყმები, აღარ ერბინა შეტევიდან დაცვაში, რადგან გვერდით ჰყავდა დამზღვევი, რომელიც პიტბულის ზედმეტსახელს ატარებდა.

თავად დავიდსი ამ როლით მოხარული იყო, რადგან კარგად იაზრებდა, თუ რამდენად იღბლიანი იყო, მას ხომ ასეთი დიადის გვერდით უწევდა თამაში.

"უბრალოდ მისი ვარჯიშის ყურებაც კი შთამაგონებს. მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა, ერთ წამში ფიქრობს და ჩანაფიქრს მეორე წამსვე რეალობად აქცევს. განსაკუთრებული მოთამაშე, რომელიც ერთადერთი და გამორჩეულია", -აღნიშნავს დავიდსი.

ზიდანის გავლენა "იუვენტუსზე" საკმაოდ გაიზარდა. მეორე სეზონში იგი ალესანდრო დელ პიეროსა და ფილიპო ინძაგის უკან მოქმედებდა. ყველა ტურნირზე ჯამში 11 გოლის გატანა შეძლო. კლუბმა სკუდეტოს ტიტულის შენარჩუნება მოახერხა, თუმცა ჩემპიონთა ლიგის ფინალში განცდილი მარცხი არასრულყოფილების შეგრძნებას ტოვებდა.

ზიზუს კლასის ნახევარმცველი არასოდეს ყოფილა სანაკრებო ტიტულებსა და პირად ჯილდოებს მოკლებული. ამ პერიოდში მას მოგებული ჰქონდა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატი, "ოქროს ბურთი". თუმცა საკლუბო კარიერაში ევროპული ტიტულების ნაკლებობას განიცდიდა. მხატვარს ახალი შთაგონება სჭირდებოდა...

ტურინში გატარებული 2 სეზონის შემდეგ "ზიზუ" საერთაშორისო ასპარეზზე მხოლოდ ინტერტოტოს მოგებით იწონებდა თავს. მის მომავალთან დაკავშირებით დიდი კითხვის ნიშნები გაჩნდა.

ფრანგი ფეხბურთელი ამტკიცებდა, რომ "იუვენტუსში" თავს ფანტასტიკურად გრძნობდა, თუმცა ასეთი მდიდარი ტიტულების კოლექციის მქონე სპორტსმენს ჩემპიონთა ლიგის მოგება სურდა.

"აქ თავს კარგად ვგრძნობ. ვერ ვხედავ მიზეზს, თუ რატომ უნდა წავიდე. უბრალოდ, ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლა მენატრება და მინდა ეს ტიტული მოვიგო".

მადრიდის "რეალის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა მომენტი ზუსტად იგრძნო. როგორც ამბობენ, ესპანელმა ზიდანს მოლაპარაკებებისას ხელსახოცი გაუწოდა, სადაც ეწერა: "გინდა მოხვიდე და ითამაშო მსოფლიოს საუკეთესო გუნდში?" იმ მომენტიდან "იუვესა" და ზიზუს სასიყვარულო ურთიერთობა დასრულდა.

მიუხედავად იმისა, რომ ზიდანი მადრიდელთა რიგებში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა და კლუბის ლეგენდების სიაში ოქროს ასოებით ჩაეწერა, მისი დრო "იუვენტუსში" საფეხბურთო რომანტიკოსებისთვის სამუდამოდ ემოციებითა და მღელვარებით გასახსენებელი იქნება.

ზიდანსა და "იუვენტუსს" შორის იყო რაღაც, რაც ერთად მაგიურს ხდიდათ.


მკითხველის კომენტარები / 5 /
ვეთანხმები იმ აზრს ზიზუ ფენომენთა შორის საუკეთესოა
გულშემატკივარი
17:00 02-07-2022
0
ზიდანი სხვა პოზიციის მოთამაშე იყო..რონალდუ და მესი თავდამსხმელია და ზიზუ ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა ნამდვილი დირიჟორი იყო ნაკრების თუ ყველა გუნდის სადაც უთამაშია...შედარებები პირობითია...თუმცა ლეგენდაა ეს კაცი უდავოდ...ვისზე მეტია ან ვისზე ნაკლები გემოვნების საკითხია..ისე კი ჩემთვის საუკეთესო 11 ეულში მუდამ იქნება...
კიეზა
16:14 02-07-2022
0

სიახლეები პოპულარული