"ნიუკასლის" გმირი, გვარად გუტიერესი - ჯერ კიბო დაამარცხა, შემდეგ კი გუნდი დაქვეითებისგან იხსნა

AutoSharing Option
AUTO PLAY
უამრავი სირთულის მიუხედავად, ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც უნდა წამოდგე და სვლა განაგრძო. თუ ფიქრობთ, რომ ამ ყველაფრის გაკეთება ძალიან რთულია და სირთულეები დაუძლეველ ბარიერად გეჩვენებათ, "ნიუკასლის" ყოფილი ნახევარმცველის, იონას გუტიერესის შესახებ გიამბობთ.

იონასი "ნიუკასლს" 2008 წელს, "მალიორკადან" შეუერთდა და სადებიუტო სეზონშივე გუნდის გამორჩეული ფეხბურთელი გახდა, გუტიერესის კარგი თამაში საკმარისი არ აღმოჩნდა, "ახალციხელები" ჩემპიონშიპში დაქვეითდნენ, რამდენიმე ლიდერმა კი რანგით მეორე ლიგაში ყოფნა არ ისურვა და გუნდი დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ არგენტინელს არაერთი კარგი კლუბი იწვევდა, ყველა წინადადება უარყო და განაცხადა, რომ
"შავ-თეთრების" რიგებში თამაში კვლავ დიდხანს სურდა.

მომდევნო 3 წელი კიდევ უფრო წარმატებული გამოდგა და "ალბისელესტელის" გულშემატკივართა საყვარელ მოთამაშედ იქცა, თუმცა მოულოდნელად გუნდიდან გაქრა.

მოგვიანებით გაირკვა, რომ 2013 წელს "არსენალთან" მატჩში იონასმა ბაკარი სანიასთან შეჯახების შემდეგ მარცხენა სათესლე ჯირკვლის მიდამოში ტკივილი იგრძნო. მომხდარიდან მალევე სასქესო ორგანოს სიმსივნე აღმოუჩინეს და დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად სამხრეთ ამერიკაში ოპერაცია ჩაუტარდა.

"მახსოვს, როდესაც ექიმმა მითხრა, რომ სიმსივნით ვიყავი დაავადებული, ტირილი დავიწყე, სახლში წავედი და ოჯახის წევრებს ვესაუბრე. ვერ ვიტყვი, რომ შემეშინდა, უბრალოდ გაურკვევლობაში აღმოვჩნდი. კიბო - არის სიტყვა, რომელიც სიკვდილთან ასოცირდება, თუმცა მხოლოდ იმიტომ, რომ ხალხს ამ დაავადების შესახებ საკმარისი ინფორმაცია არ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ინგლისური კარგად ვიცოდი, გადავწყვიტე, სახლში, არგენტინაში მემკურნალა" - იხსენებს გუტიერესი.

იონასი ბუენოს-აირესში, მშობლების სახლში მეგობრებთან ერთად ბანქოს თამაშობდა და ოჯახის წევრებთან ერთად ბარბექიუს შეექცეოდა, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა საწოლიდან ადგომა შეეძლო, რადგან პარალელურად ქიმიოთერაპიის კურსს იტარებდა.

"როდესაც კვირების განმავლობაში ქიმიოთერაპიის კურსს გადიხარ, თავს ძალიან გადაღლილად გრძნობ, მუდამ გძინავს და საწოლიდან ადგომას ძლივს ახერხებ".

არგენტინელმა დაავადების შესახებ მხოლოდ ახლო მეგობრებს, მათ შორის, "ნიუკასლის" მცველ ფაბრიციო კოლოჩინის გაანდო, თუმცა დროდადრო ვერაგი დაავადების შესახებ იმდენი ისწავლა, რომ გადაწყვიტა გამოცდილება სხვებისთვის გაეზიარებინა და თანაგუნდელებს მიმართა, რათა გამოკვლევები ჩაეტარებინათ. "კაჭკაჭებისა" და "ლივერპულის" ყოფილმა მცველმა ხოსე ენრიკემ იონასს დაუჯერა. სხვათა შორის, ესპანელმა რამდენიმე თვის წინ, თავის ტვინის სიმსივნე დაამარცხა.

"სამკურნალო კურსის დასრულებიდან 2 კვირის შემდეგ მეგობრებთან ერთად 42-კილომეტრიანი მარათონი გავირბინე. ძალიან ვისიამოვნე, მე ეს 5 საათსა და 22 წუთში შევძელი.

ყველაზე დიდ ტკივილს ფეხბურთზე ფიქრი მანიჭებდა, რადგან თამაშის გაგრძელება მსურდა. ექიმები მეუბნებოდნენ, რომ 100 პროცენტით განვიკურნებოდი, მაგრამ არასდროს იცი, გეუბნებიან იმიტომ, რომ დაგამშვიდონ თუ ეს მართლაც ასე მოხდება" - აცხადებს ნახევარმცველი.

გუტიერესმა "ბარნლსის" კარში გატანილი გოლის შემდეგ სპაიდერმენის ნიღაბი მოირგო და ქომაგებს შეახსენა, რომ ის ნაადრევად ჩამოწერეს. ცხადია, ნახევარმცველი "კაჭკაჭების" გულშემატკივრებს დღესაც ძალიან უყვართ.

Sportall.Ge

"ალბისელესტეს" ყოფილმა ფეხბურთელმა აღიარა, რომ საკუთარი გუნდის ქომაგების მხარდაჭერას მსოფლიოს უამრავი ქვეყნიდან იღებდა და სიმსივნესთან 18-თვიან ბრძოლაში უდიდეს ძალას მატებდა.

"მათი მადლიერი ყოველთვის ვიქნები. არასდროს დამავიწყდება ის სიყვარული, რომელიც "ნიუკასლის" ქომაგებმა ჩემ მიმართ გამოხატეს. მოედანზე ყოველთვის 100 პროცენტით ვიხარჯებოდი. ალბათ, მთავარი მიზეზიც ეს იყო. ვფიქრობ, ინგლისში წარმატებული კარიერა ესპანეთის ლა ლიგაში მიღებულმა გამოცდილებამ განაპირობა, არგენტინის ჩემპიონატიდან პირდაპირ პრემიერლიგაში თამაში გამიჭირდებოდა. ზოგჯერ ნოსტალგიას ვგრძნობ, "ნისლიან ალბიონზე" ბურთის გაგორება ძალიან მენატრება" - აღნიშნა იონასმა.

არგენტინელის მოედანზე დაბრუნების შემდეგ "ნიუკასლმა" მისი გაშვება მალევე გადაწყვიტა. იმ პერიოდში "კაჭკაჭებს" რთული დრო ედგათ და პრემიერლიგაში მხოლოდ იმ შემთხვევაში დარჩებოდნენ, თუ "ვესთ ჰემს" დაამარცხებდნენ, გუტიერესმა 85-ე წუთზე ულამაზესი გოლის გატანა შეძლო და მაშინვე გულშემატკივრებისკენ გაიქცა, შეხვედრა 2:0 დასრულდა, იონასმა კი საყვარელი გუნდის მაისურით უკანასკნელი მატჩი გამართა.

Sportall.Ge

"არ მინდა მათზე ცუდად ვისაუბრო. მოგონებები, რომლებსაც ქალაქისა და გულშემატკივრების შესახებ ვინახავ, მხოლოდ დადებითია. იმავეს თქმა შემიძლია თანაგუნდელებზე, კლუბის მასაჟისტებსა და მზარეულებზე, ყველანი თბილად მექცეოდნენ, სხვა ამბების გახსენება კი არც ღირს. ბოლო დღე პოზიტიურად დამამახსოვრდება, რადგან "შავ-თეთრები" თამაშს კვლავ პრემიერლიგაში გააგრძელებენ. უკანასკნელ მატჩში გოლის გატანა ნამდვილად კარგი შეგრძნებაა" - გაიხსენა გუტიერესმა.

იონასმა პრემიერლიგაში გატარებული 7 წლის შემდეგ ძალები ლა ლიგაში კიდევ ერთხელ მოსინჯა და "დეპორტივოში" 1 სეზონი გაატარა, საიდანაც სამშობლოში დაბრუნდა და 2021 წელს კარიერა დაასრულა.

"გადაუჭრელი პრობლემები არ არსებობს. გჯეროდეთ, რომ ოჯახთან და მეგობრებთან დროის გატარება ყველაზე მნიშვნელოვანია. გახსოვდეთ ჩემი ისტორია და არასდროს დანებდეთ".

მომზადებულია Croniclelive.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული