ბარსელონა-არსენალი
პირველი მატჩი: 1:2
ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, ჩემი მთავარი ამოცანა ისაა, რომ ფეხბურთელებს შარშანდელი 1:4 დავავიწყო, თუ იმას მოვარხერხებ, რომ ბიჭებს თავიდან ის წაგება ამოვუგდო, დარწმუნებუილ ვარ, შეგვიძლია ისეთი შედეგის მიღწევა,
გარდა იმ მარცხის დავიწყებისა, "მეთოფეების" უმთავრესი ამოცანა დღეს სწორედ მესის შეჩერება იქნება, მაგრამ "ბარსელონა" მარტო მესი ხომ არ არის? დავიდ ვილია, ჩავი ერნანდესი, ანდრეს ინიესტა - კატალონიურ გრანდს ყველა სუპერვარსკვლავი ჯანმრთელად და ჩინებულ ფორმაში ჰყავს. ლონდონში გამართულ მატჩში, რომელიც "მეთოფეებმა" 2:1 მოიგეს, "არსენალს" დაცვითი ფეხბურთი არ უთამაშია და ვენგერი ფრთხილი ტაქტიკის არჩევას არც "ნოუ კამპზე" აპირებს.
"ბარსელონასთან" დაცვაში ჩაჯდომა დამღუპველია. თუ მხოლოდ საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ვიზრუნებთ, რაც ბევრისთვის ალბათ სავსებით ლოგიკური გამოსავალი იქნებოდა, განწირულები ვიქნებით. სიფრთხილე და ყურადღება აუცილებელია, მაგრამ "არსენალი" პირველ რიგში ისევ გოლის გატანაზე იზრუნებს და არა არგაშვებაზე", - განაცხადა ვენგერმა.
ვენგერი ცამდე მართალია, მაგრამ მისი გადაწყვეტილების სისწორეს ის ფაქტიც უსვამს ხაზს, რომ "ბარსას" თავკაც პეპ გვარდიოლას დაცვის ცენტრში ორივე მთავარი ფიგურა აკლია: ხერარდ პიკე დისკვალიფიცირებულია, კარლეს პუიოლი კი - ტავმირებული. "არსენალს" ტრავმის გამო თეო უოლკოტი და ალექს სონგი დააკლდება. ყველა ფიქრობდა, რომ ვენგერი ბარსელონაში ვერც რობინ ვან პერსის წაიყვანდა, მაგრამ ამ უკანასკნელმა გამოჯანმრთელება მოასწრო და "არსენალის" განაცხადშია. არადა, ვენგერი წინა კვირის მიწურულს ამბობდა, რობინის ბარსელონაში წამოსვლა გამორიცხულია, გამოჯანმრთელებას ვერ ასწრებსო. კითხვის ნიშნის ქვეშ იყო სესკ ფაბრეგასის ასპარეზობაც, მაგრამ ისიც ფეხზე დადგა.
"ყველამ იცის, რომ "ბარსელონას" დიდი გულშემატკივარი ვარ. როგორც ყველა კატალონიელი, მეც "ბარსას" თავგადაკლული ქომაგი ვარ, მაგრამ სამშაბათს ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ მეოთხედფინალში "არსენალი" გავიდეს", - ამბობდა ფაბრეგასი შაბათს.
პირველ შეხვედრაში ძალიან კარგად ითამაშა "არსენალის" 19 წლის საყრდენმა ჯეკ უილშირმა, რომელიც, თუ გახსოვთ, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დავასახელეთ. ახალგაზრდა ნახევარმცველი დღესაც ძირითად შემადგენლობაში იქნება და ვენგერს სხვებთან ერთად, მისიც ეიმედება.
"ჩვენ ვიცით, რომ "ბარსელონასთან" შეგვიძლია ისეთი შედეგის მიღწევა, რომელიც მეოთხედფინალში გაგვიყვანს. პირველ მატჩშიც დავამტკიცეთ, რომ "ბარსას" დამარცხება შეგვიძლია. თუ ბოლომდე დავიხარჯებით და ცოტა გაგვიმართლებს კიდეც, "ბარსელონას" გავაგდებთ, ამით კი ვირწმუნებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება შეგვიძლია. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ძალიან თავდაჯერებულები და მონდომებულები ვართ. ფრეზე თამაშს არ ვაპირებთ, "არსენალი" "ნოუ კამპზეც" შეუტევს", - თქვა გუშინ უილშირმა.
სავარაუდო შემადგენლობები
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დანი ალვეში, გ. მილიტო, აბიდალი, მაქსველი - ჩავი, ბუსკეტსი, ინიესტა - ვილია, მესი, პედრო.
არსენალი (4-2-3-1): შჩესნი - სანია, კოშელნი, ჯურუ, კლიში - დიაბი, უილშირი - ნასრი, ფაბრეგასი, არშავინი - ბენდტნერი (ან ვან პერსი).
არბიტრი: მასიმო ბუსაკა (შვეიცარია)
შახტარი-რომა
პირველი მატჩი: 3:2
"შახტარმა" რომში მოგებით (3:2) მეოთხედფინალისკენ უდიდესი, ისტორიული ნაბიჯი გადადგა და თუ მირჩა ლუჩესკუს შეგირდები დღესაც ჩვეულ სტილში ითამაშებენ, ისტორიული ნაბიჯი ისტორიულ მოვლენად გადაიქცევა. თუ გავითვალისწინებთ, როგორ ითამაშა "რომამ" პირველ მატჩში, ვიფიქრებთ, რომ იტალიელებს დონეცკური კლუბის ბარიერის გადალახვის შანსი არ აქვთ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ "ჯალოროსის" ახალი მწვრთნელი ჰყავს.
"შახტართან" სამარცხვინო წაგებას "ჯენოასთან" 3:4 მოჰყვა, რის შემდეგაც "რომას" შეფებმა კლაუდიო რანიერი მოხსნეს და გუნდი ვინჩენცო მონტელას ჩააბარეს, რომლის ხელშიც რომაელები ნორმალურად ათამაშდნენ. 1:0 ბოლონიაში, 2:2 "პარმასთან" და 2:1 სტუმრად "ლეჩესთან" - "რომა" აზრზე კი მოვიდა, მაგრამ საუკეთესო ფორმისგან შორსაა. თუმცა, მაინც არ გვაქვს იმის უფლება, რომ იტალიური კლუბი უიმედო აუტსაიდერად მოვიხსენიოთ: დონეცკში ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
"რომას" მდგომარეობას ის ფაქტი ამძიმებს, რომ მონტელას გუნდს მინიმუმ ორი გოლი აქვს გასატანი და თუ ამას შეძლებს, საკუთარი კარი მშრალად უნდა შეინახოს, რაც ურთულესი ამოცანაა - თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ "შახტარს" საკმაოდ კარგი წინა ხაზი ჰყავს, რომაელებს კი დაცვაში პრობლემები აქვთ. თანაც, დღეს კასეტია დისკვალიფიცირებული (მენეზიც).
ლუჩესკუს "შახტარის" ისტორიის შექმნა სურს და ამ მხრივ პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია: დონეცკელებმა საფეხბურთო ევროპა ჯერ კიდევ ჯგუფურ ეტაპზე გააკვირვეს, როცა ექვსიდან ხუთი თამაში მოიგეს, მერე რომშიც გაიმარჯვეს და ცხადია, დღევანდელი მატჩის წინაც ფავორიტებად მიიჩნევიან. ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ ლუჩესკუ დღეს ძირითად შემადგენლობაში ისევ იმ ფეხბურთელებს გაამწესებს, რომლებმაც რომში "შახტარს" 3:2 მოაგებინეს.
მიუხედავად ყველაფრისა, ლუჩესკუ მაინც ფრთხილობს: "პირველი მატჩის წინ ვამბობდი, "რომას" საკუთარ მოედანზე წარმატების მიღწევა ძალიან უჭირს-მეთქი. ჩემი სიტყვები გამართლდა, რომში ჩვენ მოვიგეთ. ახლა კი აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ "რომა" სტუმრად ყოველთვის უფრო კომფორტულად გრძნობს თავს, რითაც იმის თქმა მინდა, რომ სიფრთხილე გვმართებს. მეოთხედფინალში ჯერ არ გავსულვართ, ამისათვის საპასუხო შეხვედრაშიც დიდი შრომაა საჭირო", - თქვა გუშინ "შახტარის" თავკაცმა.
რომაელები კი პირიქით, ოპტიმისტურად არიან განწყობილნი: "თუ ჭკუას მოვუხმობთ, მოედანზე თავს არ დავზოგავთ და მწვრთნელის ყველა დავალებას შევასრულებთ, მეოთხედფინალში გავალთ. "შახტარი" უდიდეს პატივისცემას იმსახურებს, მაგრამ ამ გუნდის დამარცხება შეუძლებელი არ არის", - ეს ნიკლას ბურდისოს სიტყვებია.
სავარაუდო შემადგენლობები
შახტარი (4-2-3-1): პიატოვი - სრნა, ჩიგრინსკი, რაკიცკი, რაცი - გ. მხითარიანი, ჰიუბშმანი - დუგლას კოშტა, ჟადსონი, ვილიანი - ლუის ადრიანო.
რომა (4-2-2-1-1): ჟულიო სერჟიო - ბურდისო, ჟუანი, მექსე, რიისე - პიზარო, დე როსი - ტადეი, პეროტა - ტოტი - ბორიელო (ან ვუჩინიჩი).
არბიტრი: ჰოვარდ ვები (ინგლისი).
.