"შალკე" მეორედ, "ტოტენჰემი" პირველად

AutoSharing Option
უცნაური გუნდია "შალკე" - ბუნდესლიგაში საშინლად თამაშობს და 25 ტურის შემდეგ მე-10 ადგილზეა, ჩემპიონთა ლიგაში კი მეოთხედფინალში გავიდა. კიდევ უფრო უცნაურია ის, რომ მიუხედავად ასეთი წარმატებისა (გელზენკირხენულმა კლუბმა არსებობის ისტორიაში მეორედ შეძლო ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასვლა), გუშინ, "ბილდი" მატჩის შემდეგაც წერდა, სეზონის ბოლოს ფელიქს მაგათს გაუშვებენო.

არადა, როგორც ჩანს "დესპოტმა ფელიქსმა" მართლა ჩემპიონთა ლიგაზე გააკეთა აქცენტი, რადგან "შალკე" ევროპის ელიტარულ საკლუბო ლიგაში და "შალკე" ბუნდესლიგაში წელს ორი, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ცნებებია. ფაქტია ისიც, რომ ლევან ყენიას გუნდმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში
გასვლით 37 მილიონი ევრო იშოვა.

არადა, მატჩის დასაწყისი გელზენკირხენულ კლუბს კარგს არაფერს უქადდა, რადგან მე-17 წუთზე რიკარდო კოშტამ "ვალენსია" დააწინაურა. ეს მას მერე მოხდა, რაც ვალენსიელთა შეტევის მარცხენა ფლანგზე ტოპალმა მასხრად აიგდო ჯოელ მატიპი და იდეალურად ჩაუწოდა კოშტას, რომელსაც ისღა დარჩენოდა, რომ "შალკეს" მცველებისგან მიტოვებულს, ბურთისთვის თავი დაეხვედრებინა - 0:1. მაგრამ მაგათის ბიჭებმა მედგრად იბრძოლეს და თამაში თავიანთ სასარგებლოდ შეატრიალეს: ჯერ ჯეფერსონ ფარფანმა გაათანაბრა, მერე მარიო გავრანოვიჩმა მასპინძლები წინ გაიყვანა, ბოლოს კი, აღვირახსნილ შეტევებზე გადასულ ვალენსიელებს კონტრშეტევა გამოეპარათ (ამას კონტრშეტევაც აღარ ერქვა) და მსაჯის მიერ დამატებულ მე-4 წუთზე ფარფანმა საბოლოო წერტილი დასვა - 3:1 და "შალკე" მეოთხედფინალშია.

წესით, მეორე მატჩზე უფრო ვრცლად უნდა გვესაუბრა, მაგრამ სალაპარაკო ბევრი არაფერია - "ტოტენჰემმა" თავისი საქმე ხუთიანზე შეასრულა, "მილანთან" 0:0 დამსახურებულად შეინარჩუნა და იმის გამო, რომ "სან სიროზე" 1:0 ჰქონდა მოგებული, მეოთხედფინალში გავიდა.

უნდა ითქვას, რომ "მილანი" უფრო აქტიური იყო, ვიდრე "ტოტენჰემი" და მასიმილიანო ალეგრის გუნდმა გაცილებით უკეთესად ითამაშა, ვიდრე პირველ შეხვედრაში, მაგრამ არა იმდენად უკეთესად, რომ "უაით ჰართ ლეინზე" "ტოტენჰემი" დაემარცხებინა. მილანელები მეტოქეს კი სჯობდნენ, მაგრამ საგოლე მომენტებს ვერ ქმნიდნენ. ამრიგად, "ტოტენჰემი" მეოთხედფინალში აბსოლუტურად დამსახურებულად გავიდა (პირველად, არსებობის ისტორიაში), "მილანი" კი ზედიზედ მესამედ გამოეთიშა ჩემპიონთა ლიგას მერვედფინალში.


9 მარტი. უაით ჰართ ლეინი. 36 000 მაყურებელი
ტოტენჰემი-მილანი 0:0 (1:0) [იხილეთ ვიდეო]
ტოტენჰემი (4-4-1-1): გომეში - ჩორლუკა, გალასი, დოუსონი, ასუ-ეკოტო - ლენონი, სანდრო, მოდრიჩი, პიენაარი (71. ჯენასი) - ვან დერ ვაარტი (66. ბეილი) - კრაუჩი (83. პავლიუჩენკო).
მილანი (4-3-1-2): აბიატი - აბატე, ნესტა, ტიაგო სილვა, იანკულოვსკი (70. ანტონინი) - ზეედორფი, კ.-პ. ბოატენგი (76. მერკელი), ფლამინი (87. შტრასერი), - რობინიო - პატო, იბრაჰიმოვიჩი.

სტატისტიკა
მატჩი დაიწყო: მილანი
პირველი კუთხური: მილანი
პირველი ჯარიმა: მილანი
პირველი გაფრთხილება: მილანი
7 (1) დარტყმა 16 (3)
16 ჯარიმა 16
4 კუთხური 5
0 გაფრთხილება 3
38% ბურთის ფლობა 62%
არბიტრი: ფრანკ დე ბლეეკერი (ბელგია)


9 მარტი. ფელტინს არენა აუფ შალკე. 51 000 მაყურებელი
შალკე-ვალენსია 3:1 (1:1)
შალკე (4-2-2-1-1): ნოიერი - უჩიდა, ჰიოვედესი, მეტცელდერი, ესკუდერო - მატიპი (60. პაპადოპულოსი), კლუგე (81. შარპეი) - ფარფანი, ხურადო (76. დრაქსლერი) - რაული - გავრანოვიჩი.
ვალენსია (4-2-3-1): გუაიტა - ბრუნო, დავიდ ნავარო, რიკარდო კოშტა, მატიო - ბანეგა (71. ტინო კოშტა), ტოპალი - ხოაკინი, მატა, პაბლო ერნანდესი (64. სოლდადო) - ადურისი (74. ხონასი).
გოლები: 0:1 რიკარდო კოშტა (17), 1:1 ფარფანი (40), 2:1 გავრანოვიჩი (52), 3:1 ფარფანი (94)

სტატისტიკა
მატჩი დაიწყო: ვალენსია
პირველი კუთხური: შალკე
პირველი ჯარიმა: ვალენსია
პირველი გაფრთხილება: შალკე
13 (6) დარტყმა 12 (4)
16 ჯარიმა 20
7 კუთხური 5
3 გაფრთხილება 1
41% ბურთის ფლობა 59%
არბიტრი: იონას ერიკსონი (შვედეთი)გოტფრიდ ლენცი


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული