ნახევარფინალების წილისყრის გამოხმაურება. შეთქმულება მადრიდის წინააღმდეგ?

AutoSharing Option
ნიონში გამართულმა წილისყრამ გამოავლინა, რომ წინა წლის ფინალისტები "რეალი" და "ატლეტიკო" ამჯერად ერთმანეთს ნახევარფინალში დაუპირისპირდებიან...

ეს გუნდები ზედიზედ მეოთხე სეზონია, რაც ლიგაზეც ერთმანეთს უპირისპირდებიან, ლა ლიგის ტრადიციული დუელების გარდა. ჩემპიონატში დიეგო პაბლო სიმეონეს ხელში "ათლეტებმა" ბოლო წლებში არაერთხელ გაამწარეს "სამეფო გუნდი", მაგრამ ევროსარბიელზე პირიქითაა ხოლმე. "ჩოლოსთვის" კარგია ის, რომ პირველი მატჩი "სანტიაგო ბერნაბეუზე" იქნება.

ზინედინ ზიდანი კი შეეცდება, "რეალი" პირველი გუნდი გახადოს, რომელიც ჩემპიონთა ლიგას ზედიზედ ორჯერ მოიგებს და ამ შემთხვევაში თავად უკვე, როგორც მწვრთნელიც, ოქროს ასოებით ჩაეწერება ისტორიაში, თორემ
როგორც ფეხბურთელს, დიდება არ აკლია.

სხვათა შორის, ესპანურ პრესაში სკანდალი ააგორეს, განგებ გააკეთეს ისე, რომ ესპანური გუნდები შეხვედროდნენ ერთმანეთს, რადგან კიდევ ერთი მადრიდული ფინალი არ მიგვეღოო (ბოლო სამ წელიწადში "რეალი" და "ატლეტიკო" ერთმენეთს ორჯერ ფინალში შეხვდნენ).

მთელი ეს თეორია იმაზეა დაყრდნობილი, რომ "რეალის" ბურთულის ამოსვლის შემდეგ ფინალის ელჩმა იან რაშმა კალათაში ხელი ჩაყო, მხოლოდ ერთ ბურთულას შეეხო და პირდაპირ ის ამოიღო.

- ესპანური AS-ის აზრით, ნახევარფინალური წილისყრა ჩაწყობილი იყო [VIDEO]

ლეგენდარული უელსელის და მისი ელჩობის ხსენებაზე, იმასაც შეგახსენებთ, რომ ფინალი 3 ივნისს კარდიფში, "ეროვნულ სტადიონზე" იქნება.

ძველი "მეგობრები" არიან "მონაკო" და "იუვენტუსიც", მათი გზები პირველად არ იკვეთება. ფავორიტად უმეტესობა ტურინულ გუნდს მიიჩნევს, მონეგასკები კი კიდევ ერთხელ შეეცდებიან სიურპრიზის შემოთავაზებას და სკეპტიკოსების იძულებას, რომ ეს გუნდი სერიოზულად აღიქვან.

ლეონარდო ჟარდიმს ძალიან სიმპათიური კოლექტივი ჰყავს. ალბათ იცით, თუ როგორი შედეგიანია მიმდინარე სეზონში "მონაკო", როგორც საშინაო, ასევე საგარეო ასპარეზზე. "იუვესთვის" კი, პირიქით, გოლის გატანაა საოცრად ძნელი. მასიამილიანო ალეგრის გუნდმა ლიგაზე ჩატარებულ 10 შეხვედრაში მხოლოდ ორი გოლი გაუშვა და ორივე მათგანი სტანდარტულს მოჰყვა. "მედ მაქსის" ბიჭებმა "ბარსელონასთან" 180 წუთში ერთი ბურთიც კი არ გაუშვეს და კატალონიელებს ბევრი მომენტიც არ შეაქმნევინეს. მოკლედ, ეს პაექრობა ამ კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

* * *
"ვინმეს უნდა შევხვედროდით! მეტოქე ყველა ვარიანტში ძლიერი იქნებოდა. ჩვენ უკვე მეოთხედ გავაღწიეთ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში და ეს ძალიან გვახარებს. ორმატჩიანი დუელშიც ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ვიბრძოლებთ. აუტსაიდერებად აღვიქმებით, მაგრამ გვაქვს ევროპული გამოცდილება ამ დონეზე თამაშის და იმედია, ყველაფერი კარგად აეწყობა" - თქვა "მონაკოს" ყოფილმა ვარსკვლავმა და ამჟამინდელმა ელჩმა ლუდოვიკ ჟულიმ.

"იუვენტუსის" ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად ვიცე-პრეზიდენტი პაველ ნედვედი: "ჩვენ ორი წლის წინაც შევხვდით "მონაკოს" და მახსოვს, ორი ძალიან მძიმე მატჩი ჩავატარეთ. დარწმუნებული ვარ, ახლაც ასე იქნება. ვფიქრობ, "მონაკო" ახლა კიდევ უფრო საშიში გუნდია. მონეგასკებს ახალგაზრდული, ძლიერი და მოტივირებული გუნდი ჰყავთ, რომელიც კარგ ფეხბურთს თამაშობს. "იუვეც" შეიცვალა და უფრო მოძლიერდა - ახლა გუნდი უფრო თავდაჯერებულია. ფეხბურთელების თვალებში ვხედავ შემართებასა და თავდაჯერებას, ბიჭებს სჯერათ, რომ ბოლომდე მივლენ".

"ძლიერი გუნდი, უამრავი ნიჭიერი ფეხბურთელით. "მონაკოს" საუცხოო სეზონი აქვს და ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, მაგრამ ჩვენი მიზანი ნათელია…" - აღნიშნა სოციალურ ქსელში ტურინელთა გერმანელმა ნახევარმცველმა სამი ხედირამ.

"ძალიან რთული მატჩები იქნება, რადგან "იუვენტუსი" შესანიშნავი გუნდია. თუმცა ჩვენ ფინალთან ძალიან ახლოს ვართ და ეს ფანტასტიკურია. ყველაფერს გავიღებთ, მინდორზე ბოლომდე დავიხარჯებით" - თქვა მონეგასკების თავდამსხმელმა ვალერი ჟერმენმა.

"რეალის" ლეგენდა და დირექტორი ემილიანო ბუტრაგენიო: "ერთმანეთს ძალიან კარგად ვიცნობთ. "ატლეტიკო" კარგ ფორმაშია, ისევე, როგორც - ჩვენ. გვიხარია, რომ ფინალთან ისევ ერთ ნაბიჯში ვართ, მაგრამ ყველაზე რთული სწორედ ამ ნაბიჯის გადადგმაა ხოლმე. ამ დაპირისპირებამდე ჩემპიონატის სამი შეხვედრაა და ვფიქრობ, ნახევარფინალს ორივე გუნდი ბოლომდე მომზადებული შეხვდება. დაძაბულ და საინტერესო მატჩებს ველით".

"ძალიან სასიამოვნოა ბოლო 4 წელიწადში მესამე ნახევარფინალში ყოფნა. ვამაყობთ იმით, რომ "ატლეტიკოს" წარმოვადგენთ. ორი ძალიან რთული მატჩი გველოდება. ჩვენს ფეხბურთელებსა და ფანებს ახსოვთ ორი წაგებული ფინალი და ვიცით, რას ნიშნავს ეს და რა რთულია ფინალამდე მისვლა, რამდენ შრომას მოითხოვს. ვიმედოვნებ, "ვისენტე კალდერონს" ისე გამოვემშვიდობებით, როგორც ის იმსახურებს" - განაცხადა "ათლეტების" ექსმცველმა და ახლანდელმა დირექტორმა კლემენტე ვილიავერდემ.

"საუკეთესო საშუალება "ვისენტე კალდერონთან" გამოსამშვიდობებლად" - განაცხადა "ატლეტიკოს" ნახევარმცველმა საულ ნიგესმა.

რეალი (ესპანეთი)-ატლეტიკო (ესპანეთი)
2 და 9 მაისს

მონაკო (საფრანგეთი) -იუვენტუსი (იტალია)
3 და 10 მაისს

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული