ჩემპიონთა ლიგა. 1/2-ფინალი: "იუვე" ფინალშია და "რეალს" ელის [VIDEO]

AutoSharing Option
* კილიან მბაპე (18 წელი, 140 დღე) გახდა ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვინც ნახევარფინალში გოლი გაიტანა.

* ტურინის "იუვენტუსის" "მშრალი" სერია ჩემპიონთა ლიგაზე 690-ე წუთზე შეწყდა.

* ჯიჯი ბუფონი გახდა მეორე იტალიელი, ვინც ევროთასებზე 150 მატჩი ითამაშა (მალდინის შემდეგ).

* მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დანი ალვეში დაასახელეს.

"მონაკოს" ახალგაზრდულ გუნდს შესაძლოა, ღამე არც კი ეძინა კარგად, რადგან იმ თითქმის შეუსრულებელ მისიაზე ეფიქრებოდა, რომელიც ელოდა. ერთია, გასვლაზე გქონდეს მოსაგები, მეორე - ტურინში "იუვენტუსთან" და მესამე - არა უბრალოდ მოსაგები, არამედ 0:2
ამოსაღები.

"იუვეს" მთელ მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე სულ ორი გოლი ჰქონდა გაშვებული. შესანიშნავი საშინაო სტატისტიკით გამოირჩევა, ძალიან ხანგრძლივი დაუმარცხებელი სერიით და, რაც მთავარია, მის კარში ჯანლუიჯი ბუფონი დგას.

ყოჩაღ ნორჩ კილიან მბაპეს, რომელმაც მოახერხა და დანაპირები სანახევროდ შეასრულა, ორი ვერა, მაგრამ ერთი გოლი გაუტანა მეტოქეს და იტალიური გრანდის ეს "მშრალი" სერია, რომელიც 700 წუთს ვერ ასცდა, შეწყვიტა. თუმცა ეს მაშინ მოხდა, როდესაც ყველაფერი უკვე გადაწყვეტილი იყო.

მონეგასკებმა ძალიან აქტიურად დაიწყეს თამაში, უკან დასახევი გზა მათ მოჭრილი ჰქონდათ. უტევდნენ, ოღონდ სიმწვავე აკლდათ. მერე კი "იუვენტუსი" დაიქოქა და ზედიზედ შექმნა რეალური საგოლე შანსები. რამდენჯერმე თავად მასპინლებმა შესცოდეს, ერთი-ორჯერ კი "მონაკო" მეკარე სუბაშიჩმა გადაარჩინა.

ასეთი და ამდენი მომენტის გაცუდება "იუვეს" სხვა დროს შეიძლება არც ეპატიოს. ნავსი 33-ე წუთზე გატყდა, როდესაც ამ საპასუხო მატჩშიც და ზოგადად, ამ სეზონში საოცრად მოთამაშე დანი ალვეშმა ბურთი მარიო მანჯუკიჩს ჩაუგდო, მისი პირველი დარტყმა მეკარემ ისევ უკუაგდო, მაგრამ მარიომ დამატებაზე გაიტანა და ძალიან გაიხარა, ის ხომ მსხვერპლზე წავიდა, უკან დაიხია, ახალი ამპლუა მოირგო და იმდენი ვეღარ გააქვს, არადა, ფორვარდია და ემოციურად რომ აღნიშნა, გასაგებიცაა.

ტაიმის მიწურულს დანი ალვეშმა თავად შეაგდო, ბრაზილიელი გადმოვარდნილ ბურთს ჩაუსაფრდა და ძლიერი დარტყმით გაიტანა. იგი დამსახურებულად აღიარეს მატჩის ფეხბურთელად. შეგახსენებთ იმასაც, რომ პირველ შეხვედრაში გონსალო იგუაინმა ორივე ბურთი დანის პასით გაიტანა.

მასიმილიანო ალეგრიმ კუადრადო ისევ თადარიგში დატოვა და ამჯერადაც 3 ცენტრალური მცველით დაიწყო. კოლუმბიელი მოგვიანებით შემოვიდა, როდესაც დიბალა დაასვენეს. ორი ცვლილება კი იძულებითი ხასიათისა იყო - დისკვალიფიკაციამოხდილი ხედირა "იუვემ" თავიდანვე დაკარგა, რადგან მან ფეხი აიტკია, მაგრამ, თითქოს, ტრავმა ძალიან სერიოზულიც არ უნდა გამოდგეს. ხოლო ბოლოს, დაღლილი და დაშავებული ვეტერანი ბარძალი გახდა გასაყვანი.

ცვლილებები სასტარტო თერთმეტეულშიც და მატჩის მიმდინარეობისას შემოგვთავაზა ლეონარდო ჟარდიმმაც, მაგრამ სტუმრებს ეს არ შველოდათ და იმ ერთი გოლით უნდა გაიხარონ და ამას დასჯერდნენ.

მბაპეს გოლი სწრაფად გათამაშებულ ბურთს და ჟოაო მოუტინიოს პასს მოჰყვა. მსგავსი სხარტი და ცბიერი გათამაშებით მეტოქის გამოჭერა მონეგასკებმა იქამდეც სცადეს და კინაღამ გამოუვიდათ. აი, სხვაგვარად კი მართლაც არაფერი გამოდიოდა. ერთი ეპიზოდის გარდა, როდესაც კიელინიმ საუცხოოდ ითამაშა და ფეხიდან ააცალა ბურთი ფალკაოს.

"იუვენტუსი" დამაჯერებელად, ლამაზად და მშვიდად იგებდა და საბოლოოდ, ასე მოიგო კიდეც, მაგრამ მბაპეს გოლმა პატარა ვნებათაღელვა შემოიტანა. მონეგასკებს გულმა წინ გაუწია და იყო უსიამოვნო ინციდენტიც, როდესაც "მონაკოს" მცველმა, "ტორინოს" ყოფილმა ფეხბურთელმა კამილ გლიკმა, თითქოს, აშკარად განგებ დააბიჯა იგუაინს, რომელსაც გაუმართლა, რომ ტრავმას გადაურჩა და თამაში გააგრძელა.

ალეგრიმ "პიპიტა" ჯიუტად არ შეცვალა, არადა, არგენტინელი წყობიდან იყო გამოსული და გასაკვირია, როგორ შეძლო თავის შეკავება და მხოლოდ ბილწსიტყვაობით შემოფარგვლა. სამაგიეროდ, პოლონელმა უკანახაზელმა ფიცხი მანჯუკიჩი გამოიყვანა წყობიდან და ყვითელი აჰკიდა, მაგრამ გლიკის პროვოკაციებს კარგი მისი გუნდისთვის არაფერი მოუტანია, თავად კი სახელი გაიტეხა. ჰო, კიდევ იგუაინის ტრავმისას სტუმრებმა თამაში არ გააჩერეს და საბოლოოდ, ამასაც გაწევ-გამოწევა და ლეონარდო ბონუჩის ყვითელი მოჰყვა.

ასეა თუ ისე, "მონაკომ", რომელიც ლიგა ერთის მოგებასთან ნახევარ ნაბიჯშია, მაინც წარმატებული და კარგი სეზონი ჩაატარა და ჟარდიმსაც ქების მეტი არაფერი ეკუთვნის. თუმცა თავს ზემოთ ძალა არ არის, მონეგასკები გაცილებით ძლიერ და სოლიდურ გუნდთან დამარცხდნენ.

"იუვე" ფინალშია, მაქს ალეგრი კი ფიქრობს, როგორ მივიდეს კარდიფამდე უტრავმოდ და მერე 3-5-2-ით დაიწყოს თუ 4-2-3-1-ით. წინ "რომასთან" ბრძოლა და სკუდეტოს დაბევებაა. წინ ხვალინდელი ნახევარფინალიც არის, რომელშიც, წესით, ის უნდა გაოფიციალურდეს, რომ "იუვენტუსი" და "რეალი" კიდევ ერთხელ წარდგებიან ერთმანეთის პირისპირ და ამჯერად ფინალში, როგორც ეს მაგალითად, 1998 წელს იყო. "ატლეტიკო" კი "ვისენტე კალდერონთან" ღირსეულად დამშვიდობებას ეცდება. რაც უნდა იყოს, მაგარი ფინალი გველოდება.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

იუვენტუსი-მონაკო 2:1 (2:0)
გოლები: 1:0 მანჯუკიჩი (33), 2:0 დანი ალვეში (44), 2:1 მბაპე (69)
იუვენტუსი (3-4-2-1): ბუფონი - ბარძალი (85. ბენატია), ბონუჩი, კიელინი - დანი ალვეში, პიანიჩი, ხედირა (10. მარკიზიო), ალექს სანდრო - მანჯუკიჩი, დიბალა (54. კუადრადო) - იგუაინი
მონაკო (4-4-2): სუბაშიჩი - რაჯი, გლიკი, ჟემერსონი, სიდიბე - მენდი (54. ფაბინიო), ბაკაიოკო (78. ჟერმენი), მოუტინიო, ბერნარდო სილვა (69. ლემარი) - მბაპე, ფალკაო
მაყურებელი: 40 244

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ჯიჯიმ თასი უნდა აღმართოს!! მან ეს დაიმსახურა!!
0
ყველა რეალს გაიძახის რაღაც სანაწეროთ,მემგონი კარდერონზე სასწაული უნდა მოხდეს
vasiko
12:00 10-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული