მესი ისევ სკამზე?

AutoSharing Option
მართალია, დონეცკის „შახტარი“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში პირველად გავიდა, მაგრამ ის ფაქტი, რომ უკრაინულმა გრანდმა მერვედფინალში იტალიური „რომა“ საკმაოდ მარტივად გააგდო, მხოლოდ რომაელებისთვის (თანაც, არა ყველასთვის) იყო სენსაცია.

მირჩა ლუჩესკუს „შახტარი“ ძალიან აზრიან და საკმაოდ ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობს, სადაც ბრაზილიური წინა ხაზი უსწრაფესი და თანაც, კრეატიული კონტრშეტევების გარანტიაა. არცაა გასაკვირი, „ბარსელონას“ თავკაცმა პეპ გვარდიოლამ მეოთხედფინალისა და ნახევარფინალის წილისყრის შემდეგ რომ თქვა, „შახტარი“ ჩვენთვის სასურველი მეტოქე ნამდვილად არ იყოო. მართალია, გვარდიოლას დიპლომატია არ ეშლება, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ დონეცკური კლუბი თვით „ბარსასთვისაც“
არაა ხელწამოსაკრავი მეტოქე.

კატალონიურ სუპერგრანდს საკმაოდ ბევრი საკადრო პრობლემა ჰქონდა და დღევანდელ შეხვედრაში ლეო მესის ასპარეზობაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ იყო, მაგრამ პრობლემების უმრავლესობა მოგვარებულია. მაგალითად, მაქსველმა და პედრომ ორშაბათს სრული დატვირთვით ვარჯიში განაახლეს, დაცვის ბურჯი კარლეს პუიოლიც ნელ-ნელა მომჯობინდა, თუმცა დღეს მას სასტარტო შემადგენლობაში არ უნდა ველოდოთ. რაც შეეხება მესის: გვარდიოლამ არგენტინელი „ვილიარეალთან“ (1:0 კატალონიელთა სასარგებლოდ) მხოლოდ მეორე ტაიმში ათამაშა და შესაძლოა, მესის ძირითად შემადგენლობაში გამწესება დღესაც ვერ გარისკოს. მიუხედავად ყოველივე ზემოთქმულისა, „ბარსელონა“ დღეს უპირობო ფავორიტია, „შახტარი“ კი აუტსაიდერი.

დონეცკელები უკრაინის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს 12-ქულიანი უპირატესობით ლიდერობენ, გასულ უქმეებზე კი მარიუპოლში 3:1 გაიმარჯვეს - ეს იყო „შახტარის“ მე-20 მოგებული თამაში მაშინ, როცა უკრაინის ჩემპიონატში მხოლოდ 23 ტურია გასული. ლუჩესკუ შეგირდებს მაქსიმალური კონცენტრაციისკენ მოუწოდებს: „რომას“ ბარიერი იმდენად იოლად გადავლახეთ, რომ მეშინოდა, ფეხბურთელები არ მოეშვან-მეთქი, მაგრამ როცა გაირკვა, რომ მეოთხედფინალში ჩვენი მეტოქე „ბარსელონა“ იქნებოდა, მას მერე ყველა ჩემი შეგირდი ძალიან მონდომებულია. ასე რომ, კონცენტრაციის პრობლემა არ გვექნება“, - აცხადებს დონეცკელთა დამრიგებელი.

„ბარსასთან“ ორივე დუელში, ყველაზე მოტივირებული მცველი დმიტრი ჩიგრინსკი იქნება, რომელიც 2009/2010 წლების სეზონში სწორედ კატალონიური გუნდის ღირსებას იცავდა, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში ადგილი ვერ დაიმკვიდრა და ისევ უკრაინაში დაბრუნდა. 24 წლის ჩიგრინსკი ამბობს, გული დამწყდა, როცა ბარსელონადან წამოვედი, ეს მსოფლიოში საუკეთესო კლუბიაო.

„შახტარი“ „ბარსელონასთვისაც“ რომ არ არის ხელწამოსაკრავი გუნდი, ამაზე თუნდაც ის მეტყველებს, რომ დონეცკელებს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში საკუთარ მოედანზე ჩატარებული ოთხივე მატჩი მოგებული აქვთ. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ გრანდებიდან მხოლოდ „რომა“ კი არა (3:0 დონეცკში), ლონდონის „არსენალიც“ დაამარცხეს (ჯგუფურ ეტაპზე, 2:1) და საერთოდ, ჯგუფში ექვსიდან ხუთი თამაში მოიგეს და მერვედფინალში პირველი ადგილით გავიდნენ.

მოკლედ, რაც არ უნდა დაუჯერებელი იყოს, „ბარსას“ „შახტართან“ სიფრთხილე მართებს.


ბარსელონა. „ნოუ კამპი“. 22:45
ბარსელონა-შახტარი
სავარაუდო შემადგენლობები
ბარსელონა (4-3-3): ვიქტორ ვალდესი - დანი ალვეში, ბუსკეტსი, პიკე, ადრიანო - ჩავი, მასკერანო, ინიესტა - პედრო, მესი, ვილია.
შახტარი (4-2-3-1): პიატოვი - სრნა, ჩიგრინსკი, რაკიცკი, რაცი - მხითარიანი, ჰიუბშმანი - დუგლას კოშტა, ჟადსონი, ვილიანი - ლუის ადრიანო.
მსაჯი: კრეიგ ტომსონი (შოტლანდია).





.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული