2011 წლის 5 აპრილი, ისევ მილანი, ისევ „ჯუზეპე მეაცა“ და ამჯერად ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ მატჩში განადგურებული „ინტერი“, რომელიც ევროპის ელიტარული საკლუბო ლიგის მოქმედი გამარჯვებულია - უკვე საკმაოდ დიდია
5:2 მილანში - ეს ისეთი შედეგია, რომელიც მინიმალურ ეჭვსაც კი აღარ ტოვებს, რომ „შალკე“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავა და ეს სასწაულია. არადა, „ნერაძური“ პირველივე წუთზე დაწინაურდა და მართალია, მერე მატიპმა წონასწორობა აღადგინა, მაგრამ 34-ე წუთზე „ინტერი“ დიეგო მილიტოს გოლით ისევ წინ გავიდა. და რომელი სულიერი იფიქრებდა, რომ „შალკე“ „ინტერს“ კიდევ 4 გოლს გაუტანდა?
თამამად უნდა ვთქვათ, რომ 13 აპრილს დაგეგმილი საპასუხო მატჩი ფორმალობაა - გელზენკირხენში პირველიდან ბოლო წუთამდე მხოლოდ უდიდესი ზეიმი იქნება.
მატჩის წინ
შეხვედრის წინ ვწერდით, რომ „შალკეს“ ახალი მწვრთნელი რალფ რანგნიკი მილანში შემტევი ფეხბურთის თამაშს აპირებდა, რადგან იცოდა, რომ „ნერაძურის“ წელს დაცვაში ძალიან უჭირს. ასეც მოხდა: „პროფესორმა რალფმა“ ტრავმირებული საყრდენი პეერ კლუგე მანუელ ხურადოთი შეცვალა, რის გამოც, ისე გამოვიდა, რომ აუტსაიდერად მიჩნეულ „შალკეს“ „ჯუზეპე მეაცაზე“ ძირითად შემადგენლობაში ერთბაშად ხუთი შემტევი ფეხბურთელი (რაული, ედუ, ფარფანი, ბაუმიოჰანი და ხურადო) და მხოლოდ ერთი ტიპიური საყრდენი (პაპადოპულოსი) ჰყავდა. დაცვის ცენტრში, ტრავმირებული მეტცელდერი ახალგაზრდა მატიპმა შეცვალა, რომელიც ზოგადად ნახევარდაცვაში თამაშობს ხოლმე.
„ინტერის“ სასტარტოში კი, 0:3-ზე წაგებული მილანური დერბისგან განსხვავებით, ორი ცვლილება ვიხილეთ: პანდევისა და პაცინის ნაცვლად, ლეონარდომ ძირითადში სტანკოვიჩი და მილიტო გაამწესა, დისკვალიფიცირებული ლუსიოს ნაცვლად კი, დაცვის ცენტრში, რანოკიას მხარდამხარ კივუ ათამაშა.
ანალიზი
თამაში საკმაოდ სწრაფ ტემპში და ტაქტიკური თვალსაზრისით აბსოლუტურად უდისციპლინოდ დაიწყო. „ინტერმაც“ და „შალკემაც“, მეტოქის დაზვერვაზე, ფრთხილ სტარტზე ან დაცვით ფეხბურთზე უარი თქვეს, თავიდანვე შეტევებზე გადავიდნენ და პირველივე წუთზე გატანილმა გოლმა (სტანკოვიჩმა ნოიერის მოგერიებული ბურთი, „შალკეს“ მეკარეს ლამის მოედნის ცენტრიდან თავზე გადაუგდო) „ინტერი“ წინ გაიყვანა.
ყველაზე საოცარი ის არის, რომ „შალკეს“ კონცენტრაცია არც სტანკოვიჩის გოლმა დააკარგვინა, არც მილიტოს გოლმა და არც იმ მომენტებმა, მილანელებს მეორე ტაიმის დასაწყისში რომ შეექმნათ. სხვა დროს ზანტი და არამებრძოლი ფეხბურთელები, ხურადო და ბაუმიოჰანიც კი ძალიან თავდაჯერებულები იყვნენ, ორთაბრძოლებზეც ვაჟკაცურად მიდიოდნენ და რაც მთავარია, იგებდნენ! საოცარია ისიც, რომ „შალკეს“ ოდნავადაც არ დაეტყო უკანა ხაზში ორი მთავარი ფიგურის, მეტცელდერისა და კლუგეს არყოფნა. პაპადოპულოსი და მატიპი იდეალურად გამოიყურებოდნენ.
მილანური გრანდი კი წარმოუდგენლად აჭრილი და არეულ-დარეული იყო. „ნერაძურის“ ფეხბურთელები ერთმანეთს არ ეხმარებოდნენ, გუნდურობა პირველიდან ბოლო წუთამდე დაკარგული ჰქონდათ. ლეონარდოს შეგირდები პირველ წუთებში კიდევ ახერხებდნენ ძალიან სახიფათო კომბინაციების გათამაშებას, მერე კი მაგრად აირივნენ და მეორე ტაიმში მხოლოდ ინდივიდუალურად ცდილობდნენ „შალკეს“ კართან ხიფათის შექმნას. საბოლოოდ 2:5, რაც „ინტერის“ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო, საეჭვო და ისეთი მარცხია, მასიმო მორატიმ დიდხანს რომ უნდა იმტვრიოს თავი იმაზე ფიქრით, თუ რატომ მოხდა ასე.
გამოხმაურება
„შალკეს მაგიური საღამო“ - მეორე დღეს გერმანული პრესა სწორედ ასეთი სათაურებით იყო გადაჭედილი. თვითონ შალკელებიც აღიარებენ, რომ მატჩის შედეგი არცერთ ლოგიკას არ ექვემდებარება, თვითონ შალკელებსაც არ სჯერათ, რომ „ინტერი“ „ჯუზეპე მეაცაზე“ 5:2 დაამარცხეს. დაძაბულ ბრძოლაში „ინტერის“ დამარცხებას გელზენკირხენელები სულ სხვანაირად, გაცილებით ემოციურად იზეიმებდნენ, სამშაბათს კი, საფინალო სასტვენის შემდეგ მაყურებელს ისეთი შთაბეჭდილება დარჩებოდა, თითქოს „შალკემ“ ბუნდესლიგის ერთი, არაფრით გამორჩეული შეხვედრა მოიგო. „ინტერის“ კარში გოლები იმდენად მარტივად გავიდა, რომ რანგნიკის შეგირდები ჩვეულებრივად ხარობდნენ. სად იყო ის „ინტერი“, რომელიც ზუსტად ერთი წლის წინ კბილებითა და ფრჩხილებით ებრძოდა გრანდიოზულ „ბარსელონას“? ამ კითხვაზე პასუხი ალბათ მხოლოდ ჟოზე მოურინიოს ექნება...
რაც არ უნდა პათეტიკურად და ბანალურად ჟღერდეს, კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი სენსაცია ჩემპიონთა ლიგისა და ზოგადად ევროტურნირების ისტორიაში - განუმეორებელი საღამო „შალკესთვის“, რომლის შესახებაც გელზენკირხენში 10, მეტიც, 20 წლის შემდეგაც ისაუბრებენ და ერთ-ერთი ყველაზე შავი ლაქა „ნერაძურის“ ისტორიაში. მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე რანგნიკმა თქვა, ფეხბურთელებს ჯერ კიდევ არ ესმით, რამდენად დიდი სენსაცია გამოაცხვესო.
თუმცა ეს მაინც არ იყო პირველი შემთხვევა, როცა გერმანულმა კლუბმა ევროტურნირზე სასწაულებრივი გამარჯვება იზეიმა. აუცილებლად უნდა გავიხსენოთ მიონხენგლადბახის „ბორუსიას“ მოგვიანებით ანულირებული 7:1 ასევე „ინტერის“ წინააღმდეგ (1971 წელი); „კაიზერსლაუტერნის“ 5:0 მადრიდის „რეალთან“ (1982); „ვერდერის“ 6:2 მოსკოვის „სპარტაკთან“ (1987); „კარლსრუეს“ 7:0 „ვალენსიასთან“ (1993) და ყველაზე ახალი, „ბაიერნის“ 4:1 ტურინში, „იუვენტუსთან“ (2009). მაგრამ „შალკე“ პირველია იმ მხრივ, რომ ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული მისსავე მოედანზე 5:2 გაანადგურა. იტალიის მოქმედი ჩემპიონი და თასის მფლობელი აქამდე არასდროს დამარცხებულა ასე სამარცხვინოდ გუნდთან, რომელიც კლასით მასზე მინიმუმ ორჯერ სუსტია.
„ჯერ კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რა მოხდა დღეს საღამოს. პირადად მე, ბედნიერი მხოლოდ მაშინ ვიქნები, როცა საპასუხო მატჩი დამთავრდება და ოფიციალური ნახევარფინალისტები ვიქნებით. მანამდე კი, „ვოლფსბურგთან“ ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს,“ - თქვა მატჩის შემდეგ რანგნიკმა.
მანუელ ნოიერი: „ასეთ შედეგზე ვერც ვიოცნებებდით. მარტო კმაყოფილი კი არა, უბედნიერესი ვარ.“
რაული: „მეორე ტაიმში „ინტერი“ ყველაფერში დავჯაბნეთ. ცალი ფეხით ნახევარფინალში ვართ, მაგრამ მხოლოდ ცალი ფეხით.“
„ინტერის“ თავკაც ლეონარდოს კი, თამაშის შემდეგ, ლაპარაკი უჭირდა: „ყველაფერი კარგად დაიწყო და როცა სტანკოვიჩმა ანგარიში გახსნა, ვირწმუნე, რომ ამ თამაშს მოვიგებდით. ყველაფერი ის, რაც მერე და განსაკუთრებით მეორე ტაიმში მოხდა, ჩემთვის აუხსნელი და გაუგებარია. საშინელი, ამაზრზენი კვირა გვქონდა. შოკში ვარ...“
Top ფეხბურთელი
რაული (შალკე)ვეტერანმა ესპანელმა გოლეადორმა კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჩაატარა და კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ მისი ჩამოწერა არ შეიძლება. როცა „ინტერი“ ორჯერ დაწინაურდა, აბსოლუტურად ყველა შალკელი რაულს მისჩერებოდა, გონსალეს ბლანკო კი თითოეული თანაგუნდელისთვის სამაგალითო იყო, ხოლო ის ფაქტი, რომ „შალკე“ წინ სწორედ რაულმა გაიყვანა, პირველიდან ბოლო წუთამდე ნაღვაწის მნიშვნელოვანი დაგვირგვინება გახლდათ.
Flop ფეხბურთელი
კრისტიან კივუ (ინტერი)რუმინელი მცველი „ნერაძურის“ საშინელი თამაშის სახე იყო. ის, რაც კივუმ ედუს პირველი გოლის დროს გააკეთა, ძალიან სუსტ მცველსაც კი არ ეკადრება, 62-ე წუთზე კი წითელი ბარათიც აუფრიალეს.
მსაჯი
უამრავი პატარა თუ დიდი ფოლი, დაძაბული ატმოსფერო და თამაშგარის ზღვარზე მოთამაშე თავდამსხმელები - მარტინ ატკინსონს ბევრი საქმე ჰქონდა, მაგრამ მისი გადაწყვეტილებების უმრავლესობა მართებული გახლდათ. ოფსაიდის შეფასებისას რეალურად მხოლოდ ერთხელ შეცდა, როცა მეორე ტაიმში მილიტოზე თამაშგარე დააფიქსირა.
P.S. რა სამწუხაროა, რომ ლევან ყენია ტრავმირებულია...