"რეალი" იქაა და "ბარსას" ელის!

AutoSharing Option
ადებაიორის დუბლი, ანხელ დი მარიას საოცნებო და კრიშტიანო რონალდოს რეგულარული გოლები, კაცნაკლული, უიმედო „ტოტენჰემი“ და „სანტიაგო ბერნაბეუს“ ტაბლოზე დაფიქსირებული, „სამეფო გუნდისთვის“ საამაყო ანგარიში 4:0 - საპასუხო მატჩი ფორმალობაა, მადრიდის „რეალი“ ნახევარფინალში ითამაშებს! შეგვეძლო, მიმოხილვა აქვე დაგვესრულებინა...


მატჩის წინ
როგორც მოსალოდნელი იყო, ჟოზე მოურინიომ რონალდო მაინც ძირითად შემადგენლობაში გაამწესა და ბოლომდეც ათამაშა. „რეალის“ ერთადერთი ცენტრფორვარდი კი ადებაიორი გახლდათ, რადგან ბენზემა ვერ თამაშობდა, იგუაინი კი ჯერ არ არის კარგ ფორმაში.

„ტოტენჰემის“ თავკაცმა ჰარი რედნაპმა დაცვითი ტაქტიკა აირჩია. მას არ ჰყავდა ბენტი, სამაგიეროდ,
თამაშობდა გარეთ ბეილი, ნახევარდაცვის ცენტრში კი, მოდრიჩის გვერდით, სანდრო ვიხილეთ. ერთადერთი ცენტრფორვარდის, პიტერ კრაუჩის უკან რაფაელ ვან დერ ვაარტი მოქმედებდა - არ გამართლდა ვარაუდი იმის შესახებ, რომ რედნაპი პავლიუჩენკოსაც სასტარტოში ათამაშებდა.


ანალიზი
„ტოტენჰემის“ მიზანი პირველივე წუთზე ნათელი გახდა: ინგლისელების უპირველესი სურვილი საკუთარი კარისკენ მიმავალი გზების მაგრად გადაკეტვა იყო. „ტოტენჰემი“ შეტევაში წასვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში დააპირებდა, თუკი „ოდესმე“ კონტრშეტევის შანსი გაუჩნდებოდა. ინგლისური კლუბის კარიდან 40 მეტრში, მადრიდელები ბურთს აბსოლუტურად თავისუფლად აკონტროლებდნენ და მხოლოდ მაშინ ხვდებოდნენ წინააღმდეგობას, თუკი ამ 40-მეტრიან ბარიერს გადაკვეთავდნენ.

შესაბამისად, ვერ ვიტყვით, რომ რედნაპმა ჭკვიანური ტაქტიკა აირჩია და ამას ისიც დაემატა, რომ „რეალის“ სწრაფმა გოლმა „ტოტენჰემის“ გეგმები თავიდანვე ჩაშალა, მერე კი, კრაუჩის უაზრო საქციელმა ინგლისელები საერთოდ გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდო და ცხადი გახდა, რომ თუ მადრიდელები მოინდომებდნენ, „ტოტენჰემს“ შავი დღე დაადგებოდა. საქმეც მაგაშია, რომ მოინდომეს და საწადელსაც მიაღწიეს.

კრაუჩის გაგდებამ „ტოტენჰემს“ კიდევ უფრო ღრმა დაცვაში ჩაჯდომა აიძულა, მაგრამ მოურინიოს შეგირდებმა უფრო მედგრად არ შეუტიეს, რამაც რედნაპის გუნდს რამდენიმე საინტერესო იერიშის განხორციელების საშუალება მისცა. ამრიგად, „ტოტენჰემს“ თავიდან მართლა შეეძლო „რეალის“ დასჯა - ინგლისელთაგან განსაკუთრებით ბეილი აქტიურობდა, რომელიც სერხიო რამოსმა ვერა და ვერ გააუვნებელყო.

როგორც ჩანს, შესვენებაზე მოურინიომ შეგირდებს შემოუძახა, რადგან მეორე ტაიმში უკვე გაცილებით აგრესიული და შემტევი „რეალი“ ვნახეთ. თუმცა ჟოზეს ბიჭები ზედმეტ რისკზე მაინც არ მიდიოდნენ. ადებაიორის მეორე გოლი ფაქტობრივად არაფრისგან გავიდა, „რეალმა“ კი მასირებულ იერიშებს კვლავ კარგად გაკონტროლებული შეტევები ამჯობინა. მერე იყო ანხელ დი მარიას ულამაზესი გოლი, რომელმაც მატჩის ბედი საბოლოოდ გადაწყვიტა, ხოლო კრიშტიანო რონალდოს გოლმა კი, რომლის წყალობითაც ანგარიში 4:0 გახდა, საერთოდ ამ წყვილს გამოუტანა განაჩენი: „ტოტენჰემს“ საპასუხო მატჩისთვის მინიმალური შანსიც აღარ აქვს, „რეალი“ ნახევარფინალშია.

Top ფეხბურთელი
ემანუელ ადებაიორი (რეალი)
ვფიქრობთ, ბენზემას თამაში რომც შესძლებოდა, მოურინიო „ტოტენჰემთან“ მაინც ადებაიორს ათამაშებდა, რადგან ინგლისური კლუბების წინააღმდეგ სწორედ ემანუელია მისწრება. გარდა იმისა, რომ დუბლი შეასრულა, ადებაიორს „ტოტენჰემის“ მცველები მუდმივად უმძიმესი წნეხის ქვეშ ჰყავდა მოქცეული.

Flop ფეხბურთელი
პიტერ კრაუჩი (ტოტენჰემი)
ბურთთან მხოლოდ ოთხი შეხება, ერთი დარტყმა, ორი ფოლი და ეს ყველაფერი არ არის. როგორ შეიძლება, რომ თავდამსხმელი, რომელსაც უკვე მიღებული აქვს ერთი გაფრთხილება, მეტოქის საჯარიმოში ორთაბრძოლისას ისე სულელურად მოიქცეს, როგორც კრაუჩი მოიქცა, აუხსნელია და ეს სამუდამოდ პიტერის საიდუმლო იქნება...

მსაჯი
გერმანელმა ფელიქს ბრიხმა არც მეტი, არც ნაკლები, ნორმალურად იმსაჯა. კრაუჩის გაგდება მას უფრო ადრეც შეეძლო, დოუსონს რომ ბურთი ხელზე მოხვდა და პენალტი არ დანიშნა, ესეც სამართლიანი გადაწყვეტილება გახლდათ, აი, სერხიო რამოსმა ბეილის წინააღმდეგ რომ მაგრად იუხეშა, დოქტორ ბრიხს „რეალის“ მცველი მკაცრად უნდა დაესაჯა.






.
Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 Flop Top
მკითხველის კომენტარები / 1 /
უკვე ბარსაც იქაა :)))
sandro.59
07:35 07-04-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული