თუმცა ლონდონელები ურთულესი ამოცანის წინაშე დგანან, რადგან საკუთარ „სტემფორდ ბრიჯზე“ 0:1 დამარცხდნენ და დღეს „ოლდ ტრეფორდზე“ მხოლოდ გამარჯვება სჭირდებათ.
ერთი შეხედვით, წარმოუდგენელი სულაც არ არის ის, რომ „ჩელსიმ“ „მანჩესტერში“ მოიგოს, მაგრამ თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ „იუნაიტედს“ ევროპაში
მას მერე, რაც „ჩელსი“ „მანჩესტერთან“ დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლის შანსი მაგრად შეუმცირდა, ინგლისურ პრესაში გამუდმებით იწერება, რომ თუ „არისტოკრატები“ მანჩესტერში სასურველი შედეგის მიღწევას ვერ შეძლებენ, რომან აბრამოვიჩი კარლო ანჩელოტის გაათავისუფლებს. სხვათა შორის, ჩვენი ინგლისელი კოლეგები „ჩელსიდან“ აბარგებას, იანვარში 50 მილიონ ევროდ ნაყიდ ფერნანდო ტორესსაც უწინასწარმეტყველებენ.
უკვე სამი თვეა, რაც „ელ ნინიო“ „ჩელსის“ ღირსებას იცავს და მასში დახარჯული 50-დან, ჯერ ერთი მილიონის საქმეც კი არ გაუკეთებია. შესაბამისად, დღევანდელ შეხვედრაში, ანჩელოტისთან ერთად, ტორესიც უმძიმესი წნეხის ქვეშაა მოქცეული. ლონდონში გადასვლამდე, ესპანელ გოლეადორს უმაღლესი კლასის თავდამსხმელის სახელი ჰქონდა, რომელსაც ნელ-ნელა კარგავს. დიდი შანსია, რომ ანჩელოტიმ ტორესი დღეს სათადარიგოთა სკამზე დატოვოს, რადგან ნიკოლა ანელკა მასზე გაცილებით უკეთეს ფორმაშია. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი ინგლისელი კოლეგები ვარაუდობენ, რომ კარლიტო თავდასხმაში დიდიე დროგბას სწორედ ანელკას შეუწყვილებს და შესაძლოა, ტორესი მოედანზე არც მეორე ტაიმში შეუშვას.
ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, გრემ ტეილორი მიიჩნევს, რომ ტორესის უნიათობა მხოლოდ მისი ბრალი არ არის: „ფერნანდო „ლივერპულში“ მთავარი თავდამსხმელი იყო, თანაგუნდელები მხოლოდ მასზე მუშაობდნენ. „ჩელსის“ ტაქტიკა კი სხვანაირია, ლონდონური კლუბი ორი ცენტრფორვარდით თამაშობს და თავდამსხმელებს მომენტების შექმნა ხშირად თავისი შრომით უწევთ. ტორესი კი თამაშის ასეთ სტილს მიჩვეული არ არის.“
„უიგანთან“ 1:0-ზე მოგებულ შეხვედრაში კარლიტომ ჯონ ტერი და მიკაელ ესიენი დაასვენა. ხსენებულ მატჩში გამარჯვების გოლი ფლორენ მალუდამ გაიტანა, რომელსაც ანჩელოტი დღეს ალბათ სასტარტო შემადგენლობაში გაამწესებს. „მანჩესტერთან“ პირველ მატჩში, იტალიელმა სპეციალისტმა, მარცხენა ნახევარმცველის პოზიციაზე ფრანგს ჟირკოვი ამჯობინა, მაგრამ ამ უკანასკნელმა იმედები გაუცრუა.
რაც შეეხება „იუნაიტედის“ მდგომარეობას: ფერგიუსონს ფლეტჩერის (ვირუსი) გარდა ყველა ფეხბურთელი მწყობრში ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ პრემიერლიგაში ძალიან კარგად ასპარეზობენ, ჩვენი ინგლისელი კოლეგების აზრით, ფერგი ინგლისის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირ დიმიტარ ბერბატოვს (21 გოლი) და საუკეთესო მეპასე ნანის (18 საგოლე გადაცემა) ისევ სათადარიგოთა სკამზე დატოვებს.
მანჩესტერი. ოლდ ტრეფორდი. 22:45
მანჩესტერი-ჩელსი
პირველი მატჩი: 1:0
სავარაუდო შემადგენლობები
მანჩესტერ იუნაიტედი (4-4-2): ვან დერ სარი – რაფაელ და სილვა, ფერდინანდი, ვიდიჩი, ევრა – ვალენსია, ქერიკი, პარკი, გიგზი – რუნი, ერნანდესი.
ჩელსი (4-4-2): ჩეხი – ბოსინგვა, ივანოვიჩი, ტერი, ე. კოული – რამირესი, ესიენი, ლემპარდი, მალუდა – ანელკა, დროგბა.
არბიტრი: ოლეგარიო ბენკერენშა (პორტუგალია)
.