77-ე წუთი: როცა ინტრიგა დაიბადა და მოკვდა [+VIDEO]

AutoSharing Option
რა უნდა მოხდეს, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასულ "მანჩესტერ იუნაიტედს" "შალკე" არ დაუპირისპირდეს? ან "ბარსელონას" - "რეალი"? - რა თქმა უნდა დიდი სასწაული. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჯერ კიდევ ბოლომდე დაუსრულებელი მეოთხედფინალური ეტაპის კულმინაცია წუხელ "ოლდ ტრეფორდზე" 77-ე წუთზე დადგა.

სწორედ ამ წუთს აღვწერთ დაწვრილებით: რამირესის გაძევების გამო 10 კაცის ამარა დარჩენილი "ჩელსი" შეტევაზე გადავიდა, ესიენმა პასით უსარგებლო ტორესის ნაცვლად მოედანზე გამოსული დროგბა მოძებნა, ვიდიჩი შეეცადა ხელოვნური თამაშგარე მდგომარეობა შეექმნა და შეცდა, კოტ-დივუარელმა ოსტატურად ჩამოიღო მხრით ბურთი და დიდებულად მოთამაშე
ვან დერ სარს გაუტანა. ანგარიში 1:1 გახდა და გაჩნდა, თითქოსდა, მინავლებული ინტრიგა. ახლა კარლო ანჩელოტის გუნდს ერთი გოლი ნახევარფინალში გაიყვანდა. "მანჩესტერმა" თამაში ცენტრიდან დაიწყო, რუნიმ მარჯვენა ფლანგიდან გიგზი მოძებნა, კიდევ ერთმა დიდებულად მოთამაშე ვეტერანმა კი თავის მხრივ საჯარიმოს მარცხენა კუთხეში შევარდნილი პარკი დაინახა და კორეელსაც ფეხი არ აკანკალებია - 2:1 - ი-სუნ პარკის გოლმა "იუნაიტედი" ნახევარფინალში გაიყვანა. ფაქტი, რომელიც საპასუხო მატჩის განმავლობაში თითქმის არასოდეს არ დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ, თუ ამ 77-ე წუთს არ ჩავთვლით. უფრო ზუსტად, მის პირველ წამებს.

"მანჩესტერმა" პირველ ტაიმში გოლი თავიდანვე გაიტანა, მაგრამ თანამსაჯმა მექსიკელი ხავიერ ერნანდესი თამაშგარე მდგომარეობაში ჩათვალა. ჩიჩარიტომ მაინც გაიტანა, 43-ე წუთზე შეტევის მარჯვენა ფრთაზე გიგზმა და ო'შიმ კარგი კომბინაცია გაითამაშეს, უელსელმა საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც დასწრებაზე ერნანდესმა იყოჩაღა. როცა 70-ე წუთზე რამირესი უხეშობისთვის მეორედ გააფრთხილეს, რომან აბრამოვიჩი მიხვდა, რომ მის ოცნებას ლიგის მოგებაზე არც ამ სეზონში მოუწევდა ახდენა და ცერად გახედა სათადარიგოთა სკამთან მდგომ კარლო ანჩელოტის. შემდეგ იყო 77-ე წუთი და ყველაფერი დამთავრდა...

მეორე თამაშზე რა ვთქვათ - "დონბას არენა" ძალიან კარგი სტადიონია, "შახტარი" ურიგო გუნდი არაა, გუშინ ლუჩესკუს ბიჭებმა "ბარსას" 6-ჯერ დაურტყეს კარში ზუსტად და... ორი მატჩის ჯამში 1:6 წააგეს, არა მხოლოდ იმიტომ რომ კატალონიელებს ლეო მესი ჰყავთ, მაგრამ ამიტომაც.

მანჩესტერ იუნაიტედი-ჩელსი 2:1 (1:0) [იხილეთ ვიდეო]
მანჩესტერი (4-4-2): ვან დერ სარი - ო'ში, ფერდინანდი, ვიდიჩი, ევრა - ნანი (75. ვალენსია), ქერიკი, გიგზი, პარკი - რუნი, ხ. ერნანდესი.
ჩელსი (4-3-3): ჩეხი - ივანოვიჩი, ალექსი (82. ფერეირა), ტერი, ე. კოული - რამირესი, ესიენი, ლემპარდი - ანელკა (61. კალუ), ტორესი (46. დროგბა), მალუდა.
გოლები: 1:0 ხ. ერნანდესი (43), 1:1 დროგბა (77), 2:1 პარკი (77)
გაძევება: რამირესი (70)
მაყურებელი: 75 000
არბიტრი: ბენკერენშა (პორტუგალია)
სტატისტიკა
მატჩი დაიწყო: მანჩესტერი
პირველი კუთხური: მანჩესტერი
პირველი ჯარიმა: ჩელსი
პირველი გაფრთხილება: მანჩესტერი
10 (6) დარტყმა 17 (5)
13 ჯარიმა 17
7 კუთხური 2
2 გაფრთხილება 4
52% ბურთის ფლობა 48%


შახტარი-ბარსელონა 0:1 (1:5) [იხილეთ ვიდეო]
შახტარი (4-2-3-1): პიატოვი - კობინი, იშჩენკო, რაკიცკი, შევჩუკი - ჰიუბშმანი (75. ფერნანდინიო), მჰითარიანი - დუგლას კოშტა (58. ედუარდო), ჟადსონი, ვილიანი - ლუიზ ადრიანო (66. მორენო).
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დანი ალვეში, ბუსკეტსი, პიკე (70. გ. მილიტო), ადრიანო - ჩავი (66. პედრო), მასკერანო, კეიტა - აფელაი, მესი, ვილია (75. ჟეფრენი).
გოლი: 0:1 მესი (43)
მაყურებელი: 46 500
არბიტრი: მაიერი (გერმანია)
სტატისტიკა
მატჩი დაიწყო: ბარსელონა
პირველი კუთხური: შახტარი
პირველი ჯარიმა: შახტარი
პირველი გაფრთხილება: შახტრარი
12 (5) დარტყმა 15 (6)
22 ჯარიმა 17
5 კუთხური 4
2 გაფრთხილება 1
38% ბურთის ფლობა 62%.






.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული