შალკე-ინტერი 2:1 (5:2)
მიუხედავად იმისა, რომ „ინტერს“ პირველი მატჩი, თანაც საკუთარ მოედანზე, 2:5 ჰქონდა წაგებული, სამუელ ეტო’ო მაინც ოცნებობდა ნახევარფინალში გასვლაზე. ოცნებას კაცი არ მოუკლავს, „შალკემ“ კი, „ინტერი“ საპასუხო შეხვედრაშიც დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული გათამაშებას გამოთიშა.
„ინტერის“ გავარდნით, ამ გუნდისთვის გარკვეული ერა დასრულდა, „შალკესთვის“ კი პირიქითY- დაიწყო. შარშანდელი ტრიუმფატორი (იტალიის ჩემპიონობა, თასი, ჩემპიონთა ლიგა), ევროპის ყველაზე ელიტარულ საკლუბო ტურნირს ძალიან სამარცხვინოდ გამოეთიშა. „შალკე“ კი ნახევარფინალშია, სადაც „მანჩესტერ იუნაიტედი“ ელის. პირველი მატჩი გელზენკირხენში,
მატჩის წინ
გელზენკირხენულ კლუბს ლაზარეთიდან კრისტოფ მეტცელდერი დაუბრუნდა - სპეციალური, დამცავი ნიღბით. შესაბამისად, ჯოელ მატიპმა, რომელიც მილანში სწორედ მეტცელდერს ცვლიდა, ნახევარდაცვის ცენტრში გადაინაცვლა, სადაც პაპადოპულოსთან ერთად, საყრდენი ნახევარმცველების ახალგაზრდული ტანდემი შექმნა. დისკვალიფიცირებული ჯეფერსონ ფარფანი კი, ნახევარდაცვის მარჯვენა ფლანგზე, ალექსანდერ ბაუმიოჰანმა შეცვალა.
„ინტერის“ ძირითად შემადგენლობაში კი ორი ცვლილება ვიხილეთ: წინა მატჩის უსუსტესი წერტილის, კივუსა და ესტებან კამბიასოს ნაცვლად, სასტარტოში ლუსიო და ნაგატომო ვიხილეთ. ლეონარდომ ტაქტიკა შეცვალა და 4-3-1-2-დან 4-3-3-ზე გადაერთო, მანუელ ხურადოსთვის თვალყურის დევნება კი გამოცდილ ხავიერ ძანეტის დაავალა.
რეაქციები
კლემენს ტიონიესი („შალკეს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე): „ეს სასწაულია, ნამდვილი სასწაული! ვამაყობ ამ გუნდით და ყველას ვულოცავ გამარჯვებას. წარმატებამ არ უნდა დაგვაბრმავოს, მაგრამ პირველ მატჩშიც და დღესაც, მილანელებს ვუჩვენეთ, რატომაა ბუნდელსიგა სერია A-ზე უკეთესი. დავამტკიცეთ, რომ „შალკე“ ძალიან ძლიერი გუნდია, რაც ახლა „მანჩესტერ იუნაიტედსაც“ უნდა დავუმტკიცოთ.“
რალფ რანგნიკი („შალკეს“ მწვრთნელი): „ორივე შეხვედრაში ძალიან კარგად ვითამაშეთ. მილანში დავამტკიცეთ, რომ ძალიან მაგარი შეტევების განხორციელება შეგვიძლია, დღეს კი ვაჩვენეთ, რომ თავის დაცვაც კარგად გამოგვდის. ჩემპიონთა ლიგის მოქმედმა გამარჯვებულმა ჩვენ კართან მხოლოდ ორი რეალური საგოლე მომენტი შექმნა. ვფიქრობ, ეს უდიდესი მიღწევაა!“
რაული (შალკე): „დაუჯერებელია, ჩვენ ნახევარფინალში ვართ! კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ფეხბურთში შეუძლებელი არაფერია - მთავარია, ძალიან მოინდომო. თუ „ინტერი“ გავაგდეთ, რატომ ვერ უნდა მოვუგოთ „მანჩესტერს“? ფინალზე ვოცნებობ, „შალკესა“ და „რეალის“ ფინალზე!“
ლეონარდო („ინტერის“ მწვრთნელი): „პირველი მატჩი ძალიან დიდი ანგარიშით წავაგეთ, რამაც საპასუხო შეხვედრისთვის ძალიან დაგვაკომპლექსა. მიუხედავად ამისა, გვჯეროდა, რომ ნახევარფინალში მაინც გავიდოდით, მაგრამ ისე ვერ ვითამაშეთ, როგორც საჭირო იყო.“
Top ფეხბურთელი
ბენედიქტ ჰიოვედესი (შალკე)
ცენტრალური მცველი, რომელსაც გერმანიაში ჯერ ისევ არ აფასებენ ისე, როგორც იმსახურებს, რანგნიკის ხელში ძალიან კარგად თამაშობს - ისე, როგორც უმაღლესი დონის მცველს ეკადრება. ჰიოვედესმა მილიტოს აბსოლუტურად არაფერი გააბედინა! მეტცელდერთან და ორივე საყრდენთან ერთად კი, „შალკეს“ ცენტრში გადაულახავი ზღუდე შექმნა და თანაც, გამარჯვების გოლიც მის ანგარიშზეა. ბენედიქტ ჰიოვედესი მოედანზე აშკარად საუკეთესო იყო.
Flop ფეხბურთელი
სამუელ ეტო’ო (ინტერი)
თუ „ინტერის“ გულშემატკივრები ვინმესგან რამეს ელოდნენ, პირველ რიგში ეს სწორედ კამერუნელ თავდამსხმელზე ითქმის. რაკი „შალკეს“ მარჯვენა ნახევარმცველი ფარფანი ვერ თამაშობდა, ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ ეტო’ოს მეტი სივრცე და თავისუფლება მიეცემოდა. რეალურად ასეც იყო, რადგან „შალკეს“ მარჯვენაფლანგელები, მცველი უჩიდა და ნახევარმცველი ბაუმიოჰანი კარგად ვერ თამაშობდნენ, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ ისინი კომბინაციური ფეხბურთით დაეწნეხა, ეტო’ო უმეტესად ინდივიდუალურად ცდილობდა ფონს გასვლას. არადა, მესი არ არის...
მსაჯი
ეს მატჩი უფრო დაძაბული იყო, ვიდრე პირველი შეხვედრა და მიუხედავად ამისა, სლოვენიელ დამირ სკომინას სადავეები ხელიდან არ გაექცა - თუმცა, რამდენჯერმე ნამდვილად იყო ამის ზღვარზე. ჰიოვედესს პირველი გოლი რომ არ ჩაუთვალა, ეს სწორი გადაწყვეტილება იყო.
ანალიზი
„ინტერს“ ოთხი (!) გოლის გატანა სჭირდებოდა და შესაბამისად, „შალკეს“ თავიდანვე მედგრად შეუტია. გელზენკირხენელთა მთავარ მეპასეს, ხურადოს ძანეტი აკონტროლებდა, ნერაძურის წინა ხაზზე კი, ეტო’ო, მილიტო და სნეიდერი პოზიციებს ხშირად ცვლიდნენ. მიუხედავად ამისა, შალკელები ერთხელაც არ დაბნეულან.
დაახლოებით მე-20, 25-ე წუთიდან, „ინტერს“ შეტევები უფრო და უფრო კარგად გამოსდიოდა - ლეონარდოს გუნდმა, რანგნიკის სამწყსო საკუთარ საჯარიმოს მიაჯაჭვა. აქედან გამომდინარე, მოულოდნელი და ცოტათი ალოგიკური იყო გოლი, რომლითაც რაულმა „შალკე“ დააწინაურა.
თუ პირველი ტაიმი ტაქტიკური და პოზიციური თამაშით იყო დატვირთული, მატჩის მეორე ნახევარი ძალიან ჰგავდა „ჯუზეპე მეაცაზე“ გამართულ უხვგოლიან თამაშს - პირველ რიგში იმიტომ, რომ „ინტერი“ მაქსიმალურად გაიხსნა. თანაც, მილანელებმა ანგარიშის გათანაბრება შეძლეს და რაკი მოედანზე გორან პანდევიც გამოჩნდა, რითაც ლეონარდომ წინა კიდევ უფრო მეტად გააძლიერა, მილანელები დაცვაზე საერთოდ აღარ ფიქრობდნენ და უკვე უკანმოუხედავად უტევდნენ. შესაბამისად, „შალკეს“ ბრწყინვალე კონტრშეტევების შანსი გაუჩნდა. მაგრამ ედუ, ბაუმიოჰანი და მატიპი ბევრ არაზუსტ პასებს აკეთებდნენ...
დაახლოებით 70-ე წუთისთვის, გელზენკირხენელები მიხვდნენ, რომ მილანელებს ძალებიც აღარ ჰქონდათ და სასწაულისაც აღარ სჯეროდათ. „პროფესორი რალფის“ ბიჭებმა ბოლოს და ბოლოს მოახერხეს ხერიანი კონტრშეტევა და ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე აღმოჩენილმა ჰიოვედესმა გამარჯვების გოლი გაიტანა.
„შალკეს“ ნახევარფინალში გასვლას შემთხვევითობას ვერავინ უწოდებს. თამაამად შეიძლება ითქვას, რომ გელზენკირხენულმა კლუბმა მრისხანე მეტოქე ყველა ასპექტში დაჩაგრა და სამართლიანად გაანადგურა. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ „ინტერის“ გაგდების შემდეგ, შალკელები „მანჩესტერსაც“ ემუქრებიან.
„ინდივიდუალური თვალსაზრისით, „ინტერს“ „შალკეზე“ გაცილებით უკეთესი შესაძლებლობების მქონე ფეხბურთელები ჰყავს, მაგრამ ჩვენ ორივე შეხვედრაში უფრო ჭკვიანურად, უკეთესი ტაქტიკით ვითამაშეთ. ეს უდიდესი წარმატება მეტწილად რალფ რანგნიკის დამსახურებაა,“ - ასეთია მანუელ ნოიერის მოსაზრება.