ინიესტა: "რეალს" აუცილებლად უნდა გავუტანოთ

AutoSharing Option
"რეალსა" და "ბარსელონას" შორის ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩის წინ, კატალონიელთა ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ განაცხადა, რომ მისმა გუნდმა მადრიდელებთან უპირატესობა უნდა მოიპოვოს.

10 დღეში მესამე "კლასიკო" ოთხშაბათს, 27 აპრილს მადრიდში "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართება. გასულ კვირას, ესპანეთის თასის ფინალში მადრიდელებმა პრინციპული მეტოქე დამატებით დროში 1:0 დაამარცხეს, ესპანეთის ჩემპიონატში 16 აპრილს კი მათი დაპირისპირება ფრედ 1:1 დასრულდა.

"ყურადღება საკუთარ თამაშზე უნდა გადავიტანოთ, დაცვაში უშეცდომოდ ვიმოქმედოთ და შევუტიოთ, რათა გამარჯვებას მივაღწიოთ, რომელიც მეორე მატჩისთვის უპირატესობას მოგცემს", - მიიჩნევს ინიესტა, რომელმაც დასძინა, რომ ჩემპიონთა
ლიგის ნახევარფინალური დაპირისპირება ძალიან დაძაბული იქნება.

ინიესტამ თქვა, რომ ტურნირის ფინალში თამაშზე ოცნებობს, რომელიც 28 მაისს ლონდონის სტადიონ "უემბლიზე" შედგება.

"რეალს" აუცილებლად უნდა გავუტანოთ, საპასუხო მატჩში კი გულშემატკივართა მხარდაჭერა ლონდონის საგზურის მოპოვებაში უნდა დაგვეხმაროს. ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ. კიდევ ორი ტიტული ჩვენთვის ტორტზე დადებული ალუბალივით იქნება", - თქვა ნახევარმცველმა და ესპანეთის ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგაში შესაძლო წარმატება იგულისხმა.

ინიესტა "რეალთან" მატჩში დისკვალიფიკაციას გადაურჩა და ოთხშაბათს მოედანზე გამოსვლას შეძლებს. დონეცკის "შახტართან" (5:1) კატალონიელების პირველ მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში მოთამაშემ ყვითელი ბარათი მიიღო, რის გამოც უკრაინელებთან საპასუხო შეხვედრა გამოტოვა. ამან მას საშუალება მისცა მადრიდელებთან ნახევარფინალურ შეხვედრამდე დისკვალიფიკაციის რისკის გარეშე მისულიყო. ინიესტაზე ეჭვი მიიტანეს, რომ წესები განზრახ დაარღვია, მაგრამ საბოლოოდ უეფამ ფეხბურთელის მოქმედებაში წინასწარი განზრახვა ვერ აღმოაჩინა.

მომზადებულია eurosport.ru-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული