თრილერის მესამე სერია

AutoSharing Option
„ელ კლასიკოების“ ოთხსერიიანი თრილერი დღეს მესამე, წინა ორზე უფრო მნიშვნელოვანი სერიით გრძელდება: „რეალი“ მადრიდში „ბარსელონას“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველი რაუნდის ეგიდით მასპინძლობს.

კრიშტიანო რონალდოს, ლიონელ მესის, სხვა ფეხბურთელების, ჟოზე მოურინიოსა და პეპ გვარდიოლას გარდა, ამ მატჩის მთავარ როლშია გერმანელი მსაჯი ვოლფგანგ შტარკიც და რომ არა მოურინიო, მას მთავარ როლს არავინ მისცემდა.

საინტერესო სხვაც ბევრი რამაა, განსაკუთრენით კი ის, რომ „ბარსას“ არც ერთი ნომინალური მარცხენა მცველი აღარ ჰყავს, „რეალში“ კი მთავარი კითხვა ასეთია: კაკა თუ მესუთ იოზილი? მოკლედ, დღეს მორიგი „კლასიკოა“
- პირველი ჩემპიონთა ლიგაში, 2002 წლის შემდეგ.


ინიესტა საეჭვოა
სანამ „ბარსა“ მადრიდში გაემგზავრებოდა, კატალონიელმა ქომაგებმა ცუდი ამბავი შეიტყვეს: დიდია იმის შანსი, რომ გვარდიოლამ 27 აპრილს ერთ-ერთი უმთავრესი ფეხბურთელი, „ბარსელონას“ შეტევების აბსოლუტური უმრავლესობის მთავარი შემოქმედი ანდრეს ინიესტა ვერ გამოიყენოს. კატალონიელთა ლიდერს კუნთი დაეჭიმა და მისი მოედანზე გასვლა უდიდესი კითხვის ნიშნის ქვეშაა. ინიესტას პირველი შემცვლელი ტიაგო ალკანტარაა, მაგრამ თუ ანდრესმა ვერ ითამაშა, გვარდიოლა, სავარაუდოდ, ალკანტარასაც ვერ ენდობა.


მოურინიო: ბარსა საუკეთესოა? No se...
მოურინიო გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე ჩვეულ ფორმაში იყო და რამდენიმე ბანალური განცხადების გარდა („ამ დუელში ფავორიტი არ არსებობს“, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი ყოველთვის განსაკუთრებული მოვლენაა“), ცხადია, კატალონიური გრანდის შესაძლებლობებსა და მისი ლიდერების ხარისხზეც ისაუბრა.

„ცხადია, „ბარსელონა“ ძალიან კარგი გუნდია, მაგრამ საუკეთესო? მით უმეტეს, ყველა დროის საუკეთესო? არ ვიცი, არ ვიცი...“ - თქვა „სამეფო გუნდის“ პორტუგალიელმა დამრიგებელმა და შეუძლებელია, არ გაგვახსენდეს „განსაკუთრებულის“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფრაზა იმის შესახებ, რომ საფეხბურთო მატჩი მსაჯის სასტვენით კი არა, მატჩისწინა პრესკონფერენცით იწყება.


შტარკი ფოკუსში
სწორედ მოურინიოს ამ მოსაზრების გაგრძელებაა ისიც, რაზეც ახლა უნდა გავამახვილოთ თქვენი ყურადღება.

„ოსასუნასთან“ მოგებული მატჩის შემდეგ, გვარდიოლამ მაშინვე დღევანდელ „კლასიკოზე“ დაიწყო საუბარი და აღნიშნა, მოურინიო ალბათ ისურვებდა, რომ ოთხშაბათს „რეალი“-„ბარსელონა“ პორტუგალიელს ემსაჯაო. პეპმა პედრო პროენსა იგულისხმა - მოურინიოს თანამემამულე არბიტრი, რომელსაც უეფა ასევე განიხილავდა დღევანდელი მატჩისთვის. მაგრამ დღეს „რეალ“-„ბარსას“ გერმანელი ვოლფგანგ შტარკი განსჯის - არბიტრი, რომელსაც „რეალის“ ქომაგები ვერ იტანენ.

„უეფამ“ გვარდიოლას თხოვნა შეისმინა და ოთხშაბათის მატჩისთვის გერმანელი მსაჯი დანიშნა,“ - წერდა გაზეთი AS, რომლის მიმომხილველები არასდროს მალავენ, რომ „რეალისადმი“ უდიდესი სიმპათიებით არიან განმსჭვალულნი. შესაბამისად, მოურინიო და „რეალის“ მხარდამჭერი ჟურნალისტები ამ დღეებში ერთსა და იმავეს იმეორებდნენ - შტარკი ბუნდესლიგის ყველაზე სუსტი მსაჯია და თანაც, ლეო მესის თავგადაკლული ფანიაო.

შტარკის თემის განხილვა იმდენად შორს წავიდა, რომ ეს ამბავი „რეალის“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმაც აიტაცა, სადაც გუშინ შემდეგს წაიკითხავდით: „ვოლფგანგ შტარკმა „რეალის“ მერვედფინალური მატჩი იმსაჯა „ლიონთან“ და ჩვენი გუნდის სასარგებლოდ ასპროცენტიანი პენალტი არ დანიშნა!“ - არ ვხრუმრობთ, ეს ყველაფერი realmadrid.com-ზე ეწერა...

არადა, მადრიდულ გრანდს შტარკის მიერ განსჯილ შეხვედრებში „ბარსელონაზე“ უკეთესი ბალანსი აქვს. ამ გერმანელმა არბიტრმა „რეალის“ ექვსი შეხვედრა იმსაჯა, რომელთაგან მადრიდელებმა სამი მოიგეს. „ბარსელონამ“ კი, შტარკის ნამსაჯი ხუთი მატჩიდან მხოლოდ ერთის მოგება შეძლო. ვოლფგანგთან ერთად, კლასიკოს სხვა ცნობილი გერმანელი არბიტრბი, იან-ჰენდრიკ ზალფერი, მიკე პიკელი, ბაბაკ რაფატი და ტობიას ველცი მოემსახურებიან.


სტატისტიკა I
„ბარსელონა“ ზედიზედ მეოთხედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, რაც აქამდე მხოლოდ ერთ გუნდს ჰქონდა მოხერხებული - „რეალს“ 2000-2003 წლებში. მესი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის მეშვიდე შეხვედრას ჩაატარებს და წინა ექვს მატჩში გოლი არ გაუტანია.


რეალი ისევ დაცვაში?
ჟურნალისტები მოურინიოს ხშირად ეუბნებიან ხოლმე, შენი წარმატების ფორმულა „ბარსას“ სტილის საპირისპირო სტილით თამაშიაო. წინა ორ კლასიკოშიც ასე იყო: „რეალი“ მოსისხლე მტერს წინა ორ „კლასიკოშიც“ დაცვაში მაქსიმალური ყურადღებით, ნახევარდაცვაში კი მაღალი აგრესიით დაუხვდა. კატალონიელთა მარჯვენა მცველი დანი ალვეში დარწმუნებულია, რომ მოურინიო ტაქტიკა-სტრატეგიას არც ჩემპიონთა ლიგის კლასიკოებში შეცვლის.

„ისე არ უნდა ვითამაშოთ, როგორც თასის ფინალში, მაგრამ ჩვენ ჩვენი სტილის ერთგულები დავრჩებით და „სანტიაგო ბერნაბეუზეც“ შევუტევთ. ცხადია, მადრიდელები ისევ დაცვაში ჩაჯდებიან, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. ჩვენ „ბარსელონა“ ვართ და 100 პროცენტით ისე ვითამაშებთ, როგორც „ბარსელონას“ შეეფერება,“ - თქვა ალვეშმა.


სტატისტიკა II
„რეალმა“ და „ბარსელონამ“ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 24-24 გოლი გაიტანეს, რაც საუკეთესო შედეგია. მადრიდულმა გრანდმა მხოლოდ სამი გოლი გაუშვა, საკუთარ „ბერნაბეუზე“ კი სულაც არც ერთი გოლი არ მიუღია, რაც უკვე ერთპიროვნულად საუკეთესო მაჩვენებელია. საინტერესო კი ის არის, რომ „ბარსელონამ“ ამ სეზონში სტუმრად სულ 26 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა და მინიმუმ ერთი გოლი გაჰქონდა, რაც, რა თქმა უნდა, ასევე ერთპიროვნულად საუკეთესო შედეგია.

მესიმ ჩემპიონთა ლიგაში ცხრა გოლის გატანა შეძლო, მესუთ იოზილმა კი შვიდი საგოლე პასი გააკეთა - თავის მხრივ, ორივე მათგანი პირველია. და კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: დანი ალვეში - 1097, სერხიო ბუსკეტსი - 1070, ჩავი ერნანდესი - 1023 - ეს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის ბურთთან შეხების რაოდენობებია. პირველ ადგილზე ალვეშია, მეორეზე - ბუსკეტსი, მესამეზე - ჩავი...


გვარდიოლას თავსატეხი: ვინ დადგება დაცვაში, მარცხნივ?
ერიკ აბიდალის, ადრიანოსა და მაქსველის სახით გვარდიოლას სამივე ნომინალური მარცხენა მცველი აკლია. და ვინ უნდა დადგეს მისთვის უჩვეულო პოზიციაზე, თუ არა კაპიტანი? კარლეს პუიოლი გამოჯანმრთელების შემდეგ, მოედანზე პირველად ესპანეთის ჩემპიონატის „ელ კლასიკოში“ დაბრუნდა, მაგრამ ისევ დაშავდა და შეცვალეს. ესპანეთის თასის ფინალში ის 120 წუთის განმავლობაში სათადარიგოთა სკამზე იჯდა.

მოკლედ, პუიოლს დღეს მარცხენა მცველის პოზიციაზე თამაში მოუწევს, დაცვის ცენტრში კი, პიკეს, სავარაუდოდ, საყრდენი ნახევარმცველი ხავიერ მასკერანო მიეხმარება, რომელიც ბუსკეტსზე გაცილებით მოქნილია.


კაკა არა, მაინც იოზილი!
„ვალენსიასთან“ 6:3-ზე მოგებული მატჩის შემდეგ, მოურინიომ ყველაზე მეტად კაკა აქო - შესანიშნავად ითამაშა, რაც მისი თავდაჯერებისთვის ძალიან კარგია, სეზონის დარჩენილ შეხვედრებში საუკეთესო ფორმაში მყოფი კაკა გვჭირდებაო. მიუხედავად ამისა, ეჭვი არავის ეპარება, რომ ჟოზე დღეს ძირითად შემადგენლობაში მაინც იოზილს გაამწესებს.

ზოგადად, „რეალის“ ძირითად შემადგენლობაზე გადაჭრით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ „სამეფო გუნდის“ კარს იკერ კასილიასი დაიცავს. ცენტრალური მცველი რიკარდო კარვალიო დისკვალიფიცირებულია, საყრდენი სამი ხედირასთვის კი ეს სეზონი უკვე დამთავრდა. დააბრუნებს ჟოზე პეპეს დაცვაში? ხედირას ადგილზე ლასანა დიარას ათამაშებს, თუ ესტებან გრანეროს მისცემს თავის გამოჩენის შანსს? და საერთოდ, ვინ ითამაშებს თავდასხმაში? გონსალო იგუაინი, რომელმაც „ვალენსიასთან“ ჰეთ-თრიკი შეასრულა? თუ ადებაიორი? ან იქნებ ცენტრფორვარდის პოზიციაზე სულაც კრიშტიანო რონალდო ვიხილოთ? - ამ კითხვებზე პასუხებს დღეს ჟოზე მოურინიოსგან ველით.


27. 04. 2011. მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“. 22:45
რეალი-ბარსელონა
სავარაუდო შემადგენლობები
რეალი (4-3-3):Pკასილიასი - არბელოა, სერხიო რამოსი, რაულ ალბიოლი, მარსელო - ლ. დიარა, პეპე, ჩაბი ალონსო - დი მარია, იოზილი, კ. რონალდო.
ბარსელონა (4-3-3): ვიქტორ ვალდესი - დანი ალვეში, მასკერანო, პიკე, პუიოლი - ჩავი, ბუსკეტსი, კეიტა - პედრო, მესი, ვილია.
არბიტრი: ვოლფგანგ შტარკი (გერმანია).

მკითხველის კომენტარები / 1 /
ვეღარ ვითმენ როდის დაიწყება თამაში..
giorgi
12:48 27-04-2011
0

სიახლეები პოპულარული