მატჩის წინ
„შალკეს“ დაცვის მთავარმა ბურჯმა ბენედიქტ ჰიოვედესმა გამოჯანმრთელება ვერ მოასწრო, რის გამოც, გელზენკირხენელთა დამრიგებელი რალფ რანგნიკი იძულებული გახდა, დაცვის ცენტრში, კრისტოფ მეტცელდერის გვერდით საყრდენი ნახევარმცველი ჯოელ მატიპი
„იუნაიტედის“ დაცვის მარჯვენა ფლანგზე ფაბიო ვიხილეთ, არადა, ძირითადში მის ტყუპისცალ რაფაელს ველოდით. სერ ალექს ფერგიუსონმა ნანიც სკამზე დატოვა და მის ნაცვლად, უპირატესობა მოლოდინისამებრ ვალენსიას მიანიჭა. რაიან გიგზი კი ისევ საყრდენი ნახევარმცველი და ქერიკის მეწყვილე გახლდათ.
მატჩი
„მანჩესტერმა“ პირველივე წუთებიდან აგრესიულად შეუტია და ნოიერსაც პირველივე წუთიდან ბევრი საქმე გამოუჩნდა. მანუელმა მესამე წუთზე რუნის მოხდენილი დარტყმა სუპერსეივით მოიგერია, მე-6 წუთზე პარკის დარტყმის შემდეგ იხსნა „შალკეს“ კარი (მანამდე კორეელმა ორი გელზენკირხენელი მოატყუა), მე-14 წუთზე კი ერნანდესსაც აუღო რვა მეტრიდან.
26-ე წუთზე „ჩიჩარიტომ“ ვალენსიასგან მიიღო მშვენიერი პასი, მატიპი მიჰყვა, მაგრამ მექსიკელი ვერ შეაჩერა, დარტყმა კი არაზუსტი გამოვიდა. ზუსტად ორი წუთის შემდეგ, ვიდიჩის გადაგდებულ ბურთს, „შალკეს“ კარის შორეულ ძელთან გიგზი მისწვდა, მაგრამ ვეტერანი უელსელის თავური დარტყმა ნოიერმა ბრწყინვალე რეფლექსით მოიგერია. 36-ე წუთი და ნოიერის მორიგი, თქვენ დათვალეთ, მერამდენე გმირობა: მეტცელდერმა ერნანდესს ვერაფერი მოუხერხა, ამ უკანასკნელმა 12 მეტრიდან დაჰკრა და მანუმ კიდევ ერთხელ იყოჩაღა, დამატებაზე პარკმა სცადა ანგარიშის გახსნა და მას უკვე უჩიდა გადაეღობა.
45-ე წუთი: რუნის საოცნებო პასი ნახევარდაცვიდან, გიგზი ნოიერთან პირისპირ დარჩა, მანუმ კარი დროულად დატოვა და გიგზს მარცხენა ხელის ინსტიქტური მოძრაობით არ გაატანინა - ბრავო, ნოიერ!
მეორე ტაიმიც მანკუნიანელთა იერიშებით დაიწყო და უკვე 48-ე წუთზე ნოიერის კართან მორიგი მომენტი შეიქმნა: ვალენსიას ჩაწოდებას გიგზი გამოეხმაურა, მაგრამ კარს ააცილა. იმის თქმა და ახსნა, რომ „შალკეს“ კარში გოლი მწიფდებოდა, სასაცილო იქნება, ამიტომ, პირდაპირ გოლზე გადავიდეთ: უეინ რუნის ბრწყინვალე პასი ცენტრიდან, რომლითაც „იუნაიტედის“ ლიდერმა „შალკეს“ სამი უკანახაზელი გათიშა, გიგზი ნოიერთან ისევ პირისპირ დარჩა და ამჯერად ნერვებმა აღარ უმტყუნა, დარტყმაც იდეალური გამოუვიდა და გელზენკირხენელთა ტანჯული მეკარეც უკვე უძლური იყო.
სამ წუთში მანჩესტერელებმა მეორე გოლიც გაიტანეს და ვერ ვიტყვით, რომ ეს „შალკეს“ შოკში ჩავარდნის ბრალი იყო - უბრალოდ, ფერგის გუნდმა კიდევ ერთი იდეალური კომბინაცია გაითამაშა და დააგვირგვინა: ვალენსიამ მარჯვნიდან დაბალი პასით მოძებნა ერნანდესი, რომელმაც ბურთს მიმართულება რუნისკენ შეუცვალა, უეინმა კი ნოიერი ათი მეტრიდან უშანსოდ დატოვა. ეს იყო სრულყოფილი დარტყმა, თავდამსხმელი შეტევას სწორედ ასეთი ჭკვიანური დარტყმით უნდა აგვირგვინებდეს!
88-ე წუთზე მანკუნიანელებს მესამე გოლის გატანაც შეეძლოთ, მაგრამ ევრას დარტყმა არაზუსტი იყო.
დასკვნა: სად იყო „შალკე“? არსად, უფრო სწორად, ვერსად! ხოლო ის ფაქტი, რომ „მანჩესტერმა“ უფრო დიდი ანგარიშით არ მოიგო, ფენომენალური ნოიერის დამსახურებაა.
რეაქციები
კრისტოფ მეტცელდერი (შალკე): „უნდა ვაღიაროთ, რომ „მანჩესტერი“ ჩვენზე გაცილებით ძლიერია. მთელი მატჩის განმავლობაში, მეტოქეს ერთი შეცდომაც ვერ დავაშვებინეთ. ასეთ დროს, თუნდაც 20 კილომეტრი რომ ირბინო, მაინც წყლის ნაყვაა.“
რალფ რანგნიკი (შალკეს მწვრთნელი): „პირველ 15 წუთში კარგად ვთამაშობდით, მერე კი ვეღარაფერი მოვახერხეთ. სამწუხაროდ, რისკზე წასვლა გვიჭირდა, ბიჭებს ეტყობოდათ, რომ მეტოქეს ზედმეტად დიდ პატივს სცემდნენ.“
ედვინ ვან დერ სარი (მანჩესტერი): „ასეთი კარგი ანგარიშით იმიტომ მოვიგეთ, რომ ვიცოდით, „შალკე“ ხელწამოსაკრავი გუნდი არ არის და შესაბამისად, თითოეული ჩვენთაგანი მაქსიმალურად კონცენტრირებული იყო. ერთი სიტყვით, მილანის „ინტერის“ შეცდომები არ გავიმეორეთ.“
Top ფეხბურთელი
მანუელ ნოიერი (შალკე)
„შალკეს“ მეკარის საქებად სიტყვები არ გვყოფნის - მანუელი მხოლოდ საუკეთესო ეპითეტებს იმსახურებს. საბოლოო ჯამში, მანუმ „შალკე“ აშკარა გოლისგან 6-ჯერ (!) იხსნა და მისთვის ძალიან სამწუხაროა ის, რომ მიუხედავად ამისა, გელზენკირხენელებმა მაინც ორი გოლი გაუშვეს. მატჩის წინ ჟურნალისტებმა ფერგიუსონს ჰკითხეს, მართალია, თუ არა, რომ ნოიერის ყიდვა გინდათო, რაზეც სერ ალექსმა, ისე თქვა არაო, რომ ფაქტია, ეს არ იყო სერიოზული უარყოფა.
Flop ფეხბურთელი
ჰანს სარპეი (შალკე)
„შალკეს“ მარცხენა მცველისთვის ნამდვილი კატასტროფა იყო ის, რომ რანგნიკმა რომბისებული 4-4-2-ით თამაში გადაწყვიტა, რადგან ასეთი სქემის გამო, სარპეი დაცვის მარცხენა ფლანგზე, თავდაცვის დროს უმეტესად მარტო იყო და რა გასაკვირია, რომ ვალენსიასთან ჭიდილი ძალიან უჭირდა. მართალია, მერე დასტაბილურდა, მაგრამ არა იმდენად, რომ მანჩესტერელებს მისი ფლანგიდან ხიფათი ვერ შეექმნათ. სარპეის ზონა „შალკესთვის“ ყველაზე სახიფათო, „მანჩესტერისთვის“ კი ყველაზე ხელსაყრელი იყო.
მსაჯი
ესპანელი კარლოს ველასკო კარბალიო საქმეს ძალიან ბრიტანულად მიუდგა: ორთაბრძოლებისას მხოლოდ მაშინ უსტვენდა, როცა ჯარიმა აშკარა და აგრესიული იყო და მისი ასეთი მიდგომის დამსახურებაცაა ის, რომ მატჩი მაღალ ტემპში წარიმართა. რაც მთავარია, შეცდომები არ დაუშვია და ობიექტურად იმსაჯა.
ანალიზი
„შალკემ“ თამაში „მანჩესტერთანაც“ ისე დაიწყო, როგორც „ინტერთან“ - აგრესიულად, სწრაფ ტემპში და შეტევებით, მაგრამ მალევე გამოჩნდა, რომ ასეთი ტაქტიკა გელზენკირხენული კლუბის დაცვის სისუსტეს ამჯერად ვერ დამალავდა. „ინტერთან“ პაექრობებისგან განსხვავებით, რანგნიკი ნამდვილად შეცდა იმაში, რომ ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ერთი ნომინალური საყრდენი გაამწესა - პაპადოპულოსი მოედნის ცენტრში ბრძოლას ვერ აუდიოდა, ხურადოს, ბაუმიოჰანს და ფარფანს კი მეტოქე გუნდის შეტევების ჩაშლის ნიჭი არ აქვთ.
შედეგად, რუნი ძალიან თავისუფლად იხევდა უკან, ბურთს ნახევარდაცვაში თავისუფლად იღებდა და შეტევებს მეტწილად თვითონვე უძღვებოდა. რანგნიკი მალე მიხვდა, რომ ზემოთ ხსენებული ტაქტიკური სქემა არ იყო გამართლებული და პირველ ტაიმში ხშირად ცვლიდა სქემას (გუნდი ხან 4-3-3-ზე გადაჰყავდა, ხანაც კლასიკურ 4-4-2-ზე), მაგრამ „შალკეს“ მაინც არაფერი ეშველა. 37 წლის გიგზმა და შესანიშნავმა ქერიკმა მოედნის ცენტრში იბატონეს - ამ უკანასკნელის ტაქტიკური სიმწიფე კი ყველა ცენტრალური ნახევარმცველისთვის სამაგალითოა.