ყოველ შემთხვევაში, ასე რომ არ მოხდეს, რაიმე განსაკუთრებული სასწაული უნდა ვიხილოთ ერთ კვირაში "ოლდ ტრეფორდსა" და "კამპ ნოუზე", მაგრამ "შალკეს" თავკაცი რალფ რანგნიკი ოდენ პროფესორია, ხოლო "რეალის" ბოსი ჟოზე მოურინიო - განსაკუთრებული. არც ერთია ჯადოქარი და არც - მეორე. აი, ნამდვილი თუ არა, საფეხბურთო ჯადოქარი კი ჰყავს "ბარსას" მისი სახელია
გაზაფხულის "კლასიკოების" III სერია ყველაზე "ჩაკეტილი" გამოდგა - "სანტიაგო ბერნაბეუზე" ამ ორი ტრადიციული მეტოქის დაპირისპირებამ დუღილის ტემპერატურას მიაღწია და აკი, ვეღარც გაუძლო ზოგიერთი ფეხბურთელის ტვინმაც - იქით, ხოსე პინტომ შესვენებაზე ხელჩართული ბრძოლა მოაწყო და პეპი სათადარიგო გოლკიპერის გარეშე დატოვა, აქეთ პეპეს უღალატა თავშეკავებამ და მეტისმეტი უხეშობისთვის წითელი ბარათი მიიღო და თითქმის ნახევარი საათით ჟოზე მოურინიოს გუნდი "ბარსასთან" 10 კაცით დატოვა (ისევ!), ნერვებმა უღალატეს თვით ჟოზესაც, რომელსაც სათადარიგოთა სკამი დაატოვებინეს. ასე რომ, ყველა "სიკეთესთან" ერთად, "რეალს" ბარსელონაში მთავარი მწვრთნელიც დააკლდება.
თამაშს კი ორ ნაწილად გავყოფთ - პირველ ნაწილში ყველაფერი მოურინიოს გეგმის მიხედვით მიმდინარეობდა, გეგმა კი ჟოზემ არც ამჯერად შეცვალა და არ "გაუხსნა" თამაში "ბარსელონას", წინა ორ თამაშში ამან შედეგი მოიტანა (ფრე და მოგება) და პორტუგალიელმაც არ უღალატა ჩვეულ სტილს, მიუხედავად იმისა, რომ პირველ ნახევარფინალში "რეალი" მასპინძელი იყო და მართებდა შეტევა.
პირველ ნაწილში ჟოზეს გუნდი შესანიშნავად კეტავდა თავისუფალ სივრცეებს, მესის გასაქანს არ აძლევდნენ და სახიფათო მომენტების ნაცვლად მოედანზე შეხლა-შემოხლებსღა ვუყურებდით (რაც საკმარისზე მეტი იყო), ბურთი კი, რა თქმა უნდა, უმთავრესად "ბარსელონას" ეჭირა.
პირველი ნაწილი პეპეს გაძევებით დასრულდა - 61-ე წუთზე პეპე უტევდა, როცა მეტისმეტი მოინდომა და გაშლილი ფეხით წავიდა დანიელ ალვეშზე. ჩვენი აზრია და არავის თავს არ ვახვევთ, მაგრამ ვფიქრობთ ამ გაძევებით ვოლფგანგ შტარკმა "მესის თავგადაკლულმა ფანმა და ბუნდესლიგის ყველაზე სუსტმა არბიტრმა", როგორც მას მოურინიომ უწოდა, თავი ზედმეტად გამოიდო - პეპეს ყვითელიც ეყოფოდა. ამით გერმანელმა თამაში (უფრო სწორად კი ის ომი, რაც მინდორზე მიმდინარეობდა) "გააფუჭა".
ისედაც უკეთესმა "ბარსელონამ" ამის მერე გაილაღა, წარმატებას კი მაშინ მიაღწია, როცა დასვენებული და სწრაფი იბრაჰიმ აფელაი ვიხილეთ მოედანზე - ჰოლანდიელი იოლად გაცდა მარსელოს და მესის საჯარიმოში ჩაუწოდა, არგენტინელმა კი ფეხებს შორის გაუტანა იკერ კასილიასს. ამის შემდეგ მოურინიოს გუნდის ამოცანა დამძიმდა, ზუსტად 11 წუთში კი მესიმ თავისი ჯადოქრობა მოიშველია, "რეალის" "ჩაძინებულ" ფეხბურთელებს ერთმანეთის მიყოლებით გაცდა და ამ დაპირისპირებაში ინტრიგა მოკლა ან თითქმის მოკლა...
თამაშის შემდეგ სკანდალური განცხადებები გააკეთა ჟოზე მოურინიომ: "არასოდეს მეთაკილება იმის თქმა, რომ "ბარსელონა" ფანტასტიკური გუნდია და დღეს ამ გუნდმა გაგვაგდო ჩემპიონთა ლიგიდან. მაგრამ არ მესმის, რა უნდოდა არბიტრს, რომელსაც, წესით, ევალება კიდევაც თანასწორობისა და სამართლიანობის დაცვა. და რა გააკეთა მან? ბარსელონაში არ გვეყოლება პეპე, არაფრის გამო! არ გვეყოლება რამოსი, ასევე არაფრის გამო! და არ ვიქნები არც მე.
დღევანდელმა თამაშმა გვანახა, რომ "ბარსელონასთან" შანსი არა გვაქვს, რადგან ასე სურს უეფას. ისინი არ აძლევენ სხვა გუნდებს მასთან თამაშის საშუალებას. არ ვიცი, რას მივაწერო ეს? ნუთუ, UNICEF -ის რეკლამისთვის სჭირდებათ? გვარდიოლა შესანიშნავი მწვრთნელი და პიროვნებაა და მე მას ვუსურვებ, ერთხელაც ყოველგვარი სკანდალის გარეშე მოიგოს ლიგა. ყველაფერი რომ ვთქვა, რისი განცხადებაც ახლა ძალიან მინდა, ჩემი კარიერა აქვე დასრულდება", - განაცხადა დამარცხებულთა გაცოფებულმა თავკაცმა.
რეალი-ბარსელონა 0:2
რეალი (4-4-2): კასილიასი - არბელოა, რამოსი, ალბიოლი, მარსელო - ჩაბი ალონსო, პეპე, იოზილი (46. ადებაიორი), ლ. დიარა - რონალდო, დი მარია.
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დანი ალვეში, პიკე, მასკერანო, პუიოლი - ჩავი, ბუსკეტსი, კეიტა - პედრო (71. აფელაი), მესი, ვილია (90. სერხი).
გოლები: 0:1 მესი (76), 0:2 მესი (87)
გაძევება: პინტო (45. სათადარიგო სკამიდან), პეპე (61), მოურინიო (63)
მაყურებელი: 71 567
არბიტრი: შტარკი (გერმანია)
სტატისტიკა
მატჩი დაიწყო: რეალი
პირველი კუთხური: რეალი
პირველი ჯარიმა: ბარსელონა
პირველი გაფრთხილება: რეალი
11 (3) დარტყმა 14 (8)
28 ჯარიმა 36
1 კუთხური 1
5 გაფრთხილება 3
22% ბურთის ფლობა 78%.
გაძევებას რაც ეხება, როდემდე უნდა შერჩენოდათ ხისტი თამაში? წითელი პეპეს ჯერ კიდევ თასის ფინალში ეკუთვნოდა, ჰოდა გაუვიდა კიდეც თავს