ერთი კვირის წინ გამართული პირველი დაპირისპირება უკვე მოინათლა ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურ მატჩად, რომლის მთავარი გმირი მადრიდელთა დამრიგებელი ჟოზე მოურინიო გახლდათ. მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე მან ბევრი იყვირა, თუ ცოტა, „ბარსელონა“ ფინალისტად მონათლა და თქვა,
იმ შეხვედრის მთავარი მოვლენები ბარსელონას სათადარიგო მეკარე პინტუს, რეალელი პეპეს და თავად მოურინიოს გაძევებასთან ერთად, არაერთი სკანდალური და საკამათო სცენა იყო, საფეხბურთო თვალსაზრისით კი მხოლოდ ლიონელ მესიმ იბრწყინა და მატჩის ბედიც გადაწყვიტა.
ვალდანოს რეალის სჯერა
დღეს კი საპასუხო მატჩია - ბარსელონაში, „ნოუ კამპზე“. რაკი პირველი თამაში საკუთარ მოედანზე 0:2 წააგო, „რეალს“ ფინალში გასვლის ძალიან მცირე შანსიღა რჩება. ეს თვით მოურინიომაც აღიარა, აი, „სამეფო გუნდის“ სპორტული დირექტორი ხორხე ვალდანო კი ჯერ არ ნებდება.
„რეალი“ არასდროს ნებდება, მადრიდელი ყოველთვის მხოლოდ გამარჯვებაზე ფიქრობს. მერე რა, რომ პირველი მატჩი საკუთარ მოედანზე 0:2 წავაგეთ? თუკი რომელიმე გუნდს შეუძლია „ნოუ კამპზე“ მინიმუმ ასეთივე ანგარიშით, მაქსიმუმ სამი და მეტბურთიანი სხვაობით მოგება, პირველ რიგში მადრიდის „რეალს“! - აცხადებს ვალდანო, - ცხადია, მძიმე მდგომარეობაში ვართ. ყველა აცნობიერებს, რომ ვითარება ურთულესია, მაგრამ ჩვენ ეს უნდა შევძლოთ. ყველანი იმედიანად ვართ და იმედია, ფეხბურთელები მაქსიმუმს გააკეთებენ საიმისოდ, რომ სასურველი ანგარიშით მოიგონ!“
ამ ყველაფერს ვალდანო იმ საკადრო პრობლემების გათვალისწინებით ამბობს, რაც „რეალს“ დღევანდელი მატჩის წინ აქვს: პეპე და სერხიო რამოსი დისკვალიფიცირებულები არიან, მოურინიოც ტრიბუნაზე დაჯდება, სამი ხედირა და ფერნანდო გაგო კი, „სამეფო გუნდს“ ტრავმების გამო აკლია.
რეალი უეფას წინააღმდეგ
გუშინწინ „რეალმა“ უეფას „ბარსელონას“ ფეხბურთელების, დანი ალვეშის, სერხიო ბუსკეტსისა და პედროს დასჯა მოსთხოვა. მადრიდელების ამ სამეულს არასპორტულ საქციელში ადანაშაულებდნენ - „რეალის“ ოფიციალური განცხადებით, ამ ტრიომ დიდი გავლენა იქონია იმაზე, რომ პირველ მატჩში გერმანელ მსაჯ ვოლფგანგ შტარკს პეპე მოედნიდან უსამართლოდ გაეძევებინა. მადრიდელები სამივე მოთამაშისთვის ორმატჩიან დისკვალიფიკაციას ითხოვდნენ. უეფამ გუშინ მადრიდულ გრანდს პასუხი გაუგზავნა, სადაც წერია, რომ „ბარსას“ ეს სამი ფეხბურთელი არ დაისჯება... „რეალი“ სხვა მოთამაშეების, სეიდუ კეიტას, ვიქტორ ვალდესისა და ხავიერ მასკერანოს დისკვალიფიცირებასაც ითხოვს. უეფაში ეს საკითხი ჯერ არ განუხილავთ.
ამ დღეებში უეფაში მხოლოდ „რეალი“ როდი ჩიოდა - საჩივარი „ბარსელონამაც“ შეიტანა - რა თქმა უნდა, ჟოზე მოურინიოს წინააღმდეგ, იმ შეურაცხმყოფელი კომენტარების გამო, რაც მოურინიომ პირველი მატჩის შემდეგ გააკეთა. უეფას სადისციპლინო კომიტეტმა „ბარსას“ ჟოზეს საკითხის განხილვაზე უარი უთხრა, რადგან მოურინიოს წინააღმდეგ ისედაც დაგეგმილია განხილვა, რომელიც 6 მაისის შემდეგ შედგება...
ჟოზე მხოლოდ პრესკონფერენციაზე
მატჩის დროს ჟოზე მოურინიოს ტრიბუნაზე მოუწევს ჯდომა, სამაგიეროდ, მიუხედავად დისკვალიფიკაციისა, უეფამ პორტუგალიელ სპეციალისტს მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე დასწრებისა და სიტყვით გამოსვლის ნება დართო, რაც „რეალის“ თავკაცს ნამდვილად გაახარებდა - ჟოზე პრესკონფერენციებს ხომ უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს. პორტუგალიელს „რეალის“ გასახდელში შესვლის უფლება არც თამაშის წინ ექნება და ზოგადად, როცა „ნოუ კამპზე“ მივა, მაშინვე ტრიბუნაზე განკუთვნილ ადგილს უნდა მიაშუროს.
ინიესტა ბრუნდება
კატალონიელებს ანდრეს ინიესტა უბრუნდებათ - გეხსომებათ, მან პირველი მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა. ინიესტა ფაქტობრივად სრულად გამოჯანმრთელდა და დღეს მოედანზე გასვლა შეუძლია. სამაგიეროდ, „ბარსელონას“ დაცვის მარცხენა ფლანგზე ისევ კარლეს პუიოლს ვიხილავთ, რადგან ადრიანო, აბიდალი და მაქსველი ჯერ კიდევ არ არიან მწყობრში.
დე ბლეეკერეს ურთულეს მატჩს ელის
ვოლფგანგ შტარკზე, რომელმაც პირველი მატჩი იმსაჯა, ბევრი ითქვა და დაიწერა, დღევანდელი დუელის არბიტრი კი ბელგიელი ფრანკ დე ბლეეკერეა - კიდევ ერთი მსაჯი, რომელიც მოურინიოს ასევე არ ეხატება გულზე. შესაბამისად, ბელგიელი მსაჯი ყურადღების ცენტრშია.
„მალე სამსაჯო კარიერას ვამთავრებ და შეიძლება ითქვას, რომ დიდი ხნის ოცნება ამიხდა. „ბარსელონასა“ და „რეალის“ სუპერმატჩის მსაჯობაზე ყოველთვის ვოცნებობდი. პირველი შეხვედრაც ძალიან დაძაბული იყო და ვიცი, რომ სამშაბათსაც ურთულესი თამაში იქნება. ვიცი, რაც თქვა მოურინიომ ჩემი კოლეგის, ვოლფგანგ შტარკის შესახებ და ისიც გავიგე, რომ არც მე მოვწონვარ, მაგრამ რას ვიზამ... მისთვის პასუხის გაცემას არ ვაპირებ. ისიც კი არ ვიცი, ვნახავ თუ არა მოურინიოს საერთოდ - ჟოზე ხომ დისკვალიფიცირებულია და ტრიბუნაზე უნდა იყოს.
საერთოდ, მწვრთნელებს და ფეხბურთელებს მხოლოდ თამაშის დაწყებამდე ვცნობ ხოლმე. უშუალოდ თამაშის დროს კი მხოლოდ მოთამაშეების ნომრებს ვხედავ. ასე რომ, ჩემთვის სახელებს მნიშვნელობა არ აქვს, ვინც დასასჯელი იქნება, ყველას დავსჯი“, - თქვა დე ბლეეკერემ.
3. 05. 2011. ბარსელონა. „ნოუ კამპი“. 22:45
ბარსელონა-რეალი
პირველი მატჩი: 2:0
სავარაუდო შემადგენლობები
ბარსელონა (4-3-3): ვიქტორ ვალდესი - დანი ალვეში, მასკერანო, პიკე, პუიოლი - ჩავი, ბუსკეტსი, ინიესტა - ვილია, მესი, პედრო.
რეალი (4-2-3-1): კასილიასი - არბელოა, რ. კარვალიო, რაულ ალბიოლი, მარსელო - ჩაბი ალონსო, ლ. დიარა - დი მარია, იოზილი, კ. რონალდო - ადებაიორი.
არბიტრი: ფრანკ დე ბლეეკერე (ბელგია).