იოჰან კრუიფი: არ გამიკვირდება, თუ ფინალის შემდეგ გვარდიოლა "ბარსელონას" დატოვებს

AutoSharing Option
"ბარსელონას" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა იოჰან კრუიფმა თქვა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედთან" ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ შესაძლოა კატალონიელთა თავკაცი ხოსეპ გვარდიოლა თანამდებობიდან გადადგეს, რათა სამწვრთნელო საქმიანობისგან დაისვენოს.

კრუიფის თქმით, გვარდიოლას შემცვლელი "ბარსელონას" თავკაცის პოსტზე, თუ ის მართლა წავიდა, შესაძლოა ჰოლანდიის ნაკრები ყოფილი მთავარი მწვრთნელი მარკო ვან ბასტენი გახდეს.

"გვარდიოლამ ბოლო წლებში მძიმე სამუშაო გასწია და არ გამიკვირდება, თუ ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ, თამაშის შედეგის მიუხედავად, "ბარსელონას" დატოვებს.

თუ გვარდიოლა წავა, ეს გადაწყვეტილება მხოლოდ იმით იქნება გამოწვეული, რომ მას ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მძიმე
ზეწოლის ატანა უჭირს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ის ფეხბურთისგან ერთი წლით დაისვენებს. მოვლენების ასეთ განვითარებას "ინტერიდან" ჟოზე მოურინიოს წასვლას არ შევადარებდი - იქ სრულიად სხვაგვარი სიტუაცია იყო.

გვარდიოლას მთავარი ღირსება - გადაწყვეტილებების მიღების დროს სიმამაცეა. პირველ რიგში მახსენდება, როგორ თქვა უარი რონალდინიოსა და ეტოოზე და მათ ნაცვლად შვედი ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი მოიწვია. შემდეგ კი, როდესაც მიხვდა, რომ შეცდომა დაუშვა, მისი აღიარების ვაჟკაცობაც ეყო.

"ბარსელონა" "მანჩესტერ იუნაიტედთან" ფინალის ფავორიტია, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ მანჩესტერელები 2009 წლის რომის ფინალის შემდეგ გაძლიერდნენ. პორტუგალიელი კრიშტიანო რონალდოს წასვლის შემდეგ, სხვა ფეხბურთელებმა პასუხისმგებლობა იგრძნეს და მოუნდათ დაემტკიცებინათ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ერთ ფეხბურთელზე არ იყო დამოკიდებული.

ლეო მესი უდიდესი ფეხბურთელია, რომელიც კატალონიურ კლუბს იდეალურად შეეწყო. "ბარსელონას" ფეხბურთელები უკან უზარმაზარ სამუშაოს ასრულებენ, რათა მესიმ შეტევაში გაიბრწყინოს. ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ მესი "ბარსელონას" სქემას მთლიანად მოერგო, მაგრამ არგენტინის ნაკრებში პრობლემები აქვს, რადგან არგენტინის ნაკრების ფეხბურთელები ბურთის ართმევაში ისეთი სწრაფები არ არიან, როგორც კატალონიელები", - თქვა კრუიფმა ინტერვიუში.

მომზადებულია sports.ru-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული