მისტერ ჩემპიონთა ლიგა

AutoSharing Option
უეფას ვებგვერდზე ჩემპიონთა ლიგის 2010-11 წლების სეზონის 10 ყველაზე საინტერესო მოვლენა შეაჯამეს და მკითხველს გააცნეს. სტატიაში ყველაფერი შესულია, დაწყებული გარეთ ბეილის დიდებული სოლო რეიდებიდან, დამთავრებული რაულ გონსალესის რენესანსით.

გარეთ ბეილის გაბრწყინება
მართალია, ამ სეზონამდე “ინტერის” ბევრ გულშემატკივარს გარეთ ბეილის სახელი და გვარი გაგონილიც არ ჰქონდა, მაგრამ ახლა მას კიდევ დიდხანს ვერ დაივიწყებენ. ჩემპიონთა ლიგის დებიუტანტი გუნდის ლიდერმა ჯერ “ტვენტეს” გაუტანა, თუმცა ეს კიდევ არაფერი. “სან სიროს” თამაშის შემდეგ უელსელმა მთელი ევროპა აალაპარაკა - 21 წლის განაპირა მცველმა საქმეს ხელი რომ
მოკიდა, “ტოტენჰემი” 4:0 აგებდა, თანაც რიცხობრივ უმცირესობაში იყო. თამაშის ბოლოს კი გარეთის ანგარიშზე ევროპის საკლუბო ჩემპიონის კარებში გატანილი ჰეთთრიკი იყო. “დეზებმა” მაინც წააგეს, მაგრამ ბეილმა “ვაით ჰართ ლეინზეც” დაამტკიცა, რომ ეს შემთხვევითობა არ იყო, “ინტერის” დაცვა კიდევ ერთხელ დაატერორა და გუნდს 3:1 მოაგებინა.

დიდებული და საშინელი ლიონელ მესი
წინა სეზონში ლიონელ მესიმ “კამპ ნოუზე” “არსენალს” 4 გოლი გაუტანა. წელს კი “მეთოფეები” ამ არენას ერთბურთიანი ფორითა და მტკიცე გადაწვეტილებით ეწვივნენ, შეეჩერებინათ არგენტინელი ჯადოქარი. მესის კლასმა მაინც თავისი გაიტანა. მისმა დუბლმა სასწორის პინა “ბარსას” მხარეს გადახარა. “მესი ჩვენი ის გენიოსია, ვინც ყველას საქმეს თავად აკეთებს უმძიმეს წუთებში, ისევე როგორც დღეს,” - განაცხადა მატჩის შემდეგ “ბლაუგრანას” მცველმა დანიელ ალვეშმა.

მეოთხედფინალშიც იგივე განმეორდა. მესის წინ ვერც “შახტარის” მცველები აღუდგნენ. ლეომ თანაგუნდელებს 5:1 გაამარჯვებინა, ხოლო დონეცკელთა დამრიგებელ მირჩა ლუჩესკუს ათქმევინა: “ჩვენი მთავარი მინუსი ის არის ლიონელი არ გვყავს. ის რომ ჩვენი ფეხბურთელი იყოს, დარწმუნებული ვარ, “ბარსას” გავუმკლავდებოდით,” - ამ სიტყვებში არის სიმართლის მარცვალი, მან ხომ წელს 53 გოლი გაიტანა კატალონიელთა შემადგენლობაში და აქედან 12 ჩემპიონთა ლიგაში.

ოლიმპიკის რეკორდი
ნოემბერში “მარსელი” ერთი მატჩით 1993 წლის დიდებულ “წინაპარს” დაემსგავსა, იმ გუნდს, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ფრანგებმა სლოვაკური “ჟილინა” სულ ნაწილ-ნაწილ დაშალეს და ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე დიდ საგარეო გამარჯვებას მიაღწიეს. ასეთი გამარჯვება კი გასაოცარი იმით იყო, რომ დიდიე დეშამის გუნდმა “ველოდრომზე” იმავე პაველ გაპალას ბიჭებთან დიდი გაჭირვებით მოიგო. “ჩემპიონთა ლიგაში 7 გოლის გატანა იშვიათობაა და ეს ჩვენ საკუთარი ძალების რწმენას გაგვიღვივებს”, - განაცხადა მატიე ვალბუენამ. მართლაც, “მარსელი” პირველად 21-ე საუკუნეში ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში გავიდა.

დაჯავშნული მანჩესტერი
“მანჩესტერ იუნაიტედი” ოდითგანვე ცნობილი იყო შემტევი ფეხბურთით. ამ სეზონში კი გუნდისთვის წარმატება ძლიერ დაცვას მოჰქონდა. “მანიუს” გასვლით შეხვედრებში არც ერთი გოლი არ გაუშვია, ხოლო 12 მატჩში მეტოქეებმა მისი კარის აღება სულ 4-ჯერ შეძლეს. ნემანია ვიდიჩისა და რიო ფერდინანდის დუეტს მთელი ევროპა შენატრის, თუმცა პარადოქსია, მაგრამ ლიგაში ყველაზე მეტჯერ “მანიუს” მცველთაგან კრის სმოლინგმა და პატრის ევრამ ითამაშეს. ლიგის ისტორიაში ამაზე ცოტა გოლი (სულ რაღაც 2-2) ფინალამდე “არსენალსა” და “აიაქსსაც” გაუშვიათ. შიმბოლურია, რომ 2006 წელს “მეთოფეებმა” “ბარსელონასთან” წააგეს, 1995 წლის “აიაქსის” კარში კი ედვინ ვან დერ სარი იდგა.

ზაჰავი დესერტად
ერან ზაჰავიმ ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “ლიონს” არნახული გოლი გაუტანა. თავად ფეხბურთელმა აღიარა, რომ კარიერაში არაფერი ამის მსგავსი იქამდე გაკეთებული არ ჰქონია. “ჰაპოელის” გამთამაშებელმა ძალიან უნდა მოინდომოს, რომ ოდესმე ამაზე ლამაზი ბურთი კიდევ გაიტანოს. როცა ეს გოლი გავიდა, ტრიბუნებზე “ლიონის” ლეგენდები ბერნარ ლაკომი და სონი ანდერსონი აღფრთოვანებულნი ადგილიდან წამოხტნენ. თამაშის შემდეგ კი “ჰაპოელის” მწვრთნელმა ელი გუტმანმა განაცხადა, რომ ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო გოლი, რომელიც ოდესმე ჩემპიონთა ლიგაში გასულა. არადა, რომ არა სალიმა ტოემის უზუსტო ფლანგური ჩაწოდება, რამაც ზაჰავის მაკრატელას დარტყმა აიძულა, ეს ყველაფერი არ იქნებოდა.

მისტერ ჩემპიონთა ლიგა
როცა ოფიციალურად გამოცხადდა, რომ 33 წლის რაულმა მზიანი მადრიდი ინდუსტრიულ გელზენკირხენზე გაცვალა, თავიდან დაჯერებაც კი ძნელი იყო. თუმცა ეჭვები, ჰქონდა თუ არა ვეტერანს შერჩენილი მოტივაცია, მალევე გაქრა და სწორედ რაულის წინამძღოლობით ჩაატარა “შალკემ” ერთ-ერთი საუკეთესო ევროკამპანია კლუბის ისტორიაში. ლეგენდარულმა თავდამსხმელმა “ინტერთან” დაპირისპირებაში გაიბრწყინა და საფინალო სასტვენის შემდეგ გულშემატკივრებთან ერთად დიდხანს ზეიმობდა ნახევარფინალში გასვლას. რაული თანაგუნდელთა შორის დამსახურებული ავტორიტეტით სარგებლობს. ლიგაში სარეკორდო 71-ე გოლის გატანის შემდეგ კრისტოფ მეტცელდერმა მას “მისტერ ჩემპიონთა ლიგა” უწოდა. ედუმ კი დაამატა: “რაული არაჩვეულებრივია. მას გააქვს ვარჯიშებზე, თამაშებში და ერთპიროვნულად წყვეტს მატჩის შედეგებს ნებისმიერ დონეზე. მეტიც, ის ერთმანეთის მიყოლებით აკეთებს ამას”.

ვეტერანების ნიშნით
ლიგის უკანასკნელი გათამაშება ორი ვეტერანისთვის განსაკუთრებული გამოდგა. ხავიერ ძანეტიმ, ფეხბურთელმა, ვინც “ინტერს” 16 წელია ერთგულად ემსახურება, გაუტანა რა გოლი “ტოტენჰემს”, გახდა ყველაზე ხანდაზმული, ვისაც ოდესმე ლიგაში თავი გამოუჩენია. ამ შეხვედრაში არგენტინელი 37 წლისა და 71 დღის იყო. ხავიერმა ამით ლორან ბლანის რეკორდი მოხსნა, რომელიც ფრანგმა 2002 წელს დაამყარა. თუმცა ძანეტის მიღწევამ დიდხანს ვერ გაძლო. “მანიუს” ლეგენდა რაიან გიგზმა 37 წლისა და 148 დღისამ შეძლო “შალკეს” კარების აღება.

დანიის სამეფოში მშვიდობაა
უდიდეს წარმატებას მიაღწია “კოპენჰაგენმა”. ის გახდა პირველი დანიური კლუბი, რომელმაც პლეი ოფს მიაღწია. სტოლე სოლკბაკენის შეგირდებმა პირველ 2 ტურში “რუბინი” და “პანათინაიკოსი” დაამარცხეს, თუმცა დანიელებმა საუკეთესო მატჩი “ბარსელონასთან” ჩაატარეს (1:1). “თითქმის 1 საათის განმავლობაში მსოფლიოს საუკეთსო გუნდთან თანაბრად ვიბრძოდით. ფრე 11 სუპერვარსკვლავთან ალალად დავიმსახურეთ”, - განაცხადა სოლკბაკენმა. “ფიზიკურად ასეთ მომზადებულ გუნდთან ჯერ არასოდეს გვითამაშია”, - დაეთანხმა მას ხოსეპ გვარდიოლაც.

შახტარის ამბიციური გეგმები
ის იყო, “შახტარი” “ბარსელონასთან” 1/4-ფინალში გამოვარდა, რომ პრეზიდენტმა რინატ ახმეტოვმა გუნდისგან სამომავლოდ უფრო მეტი მოითხოვა: “სერიოზული სამუშაო ახლაღა იწყება. მჯერა, რომ “შახტარს” ნაბიჯ-ნაბიჯ შეუძლია მივიდეს ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებასთან”. ახმეტოვი ერთადერთი ადამიანი არ არის, ვისაც დონეცკური კლუბის დიდი მომავლისა სჯერა. გუნდით აღფრთოვანებულია “რომას” ყოფილი დამრიგებელი კლაუდიო რანიერიც: “შახტარს” ახალგაზრდა და ნიჭიერი შემადგენლობა ჰყავს. ისინი მშენივრად ფლობენ ბურთს და მუდმივად თავისუფალ პარტნიორს ეძებენ. ეს გუნდი “ბარსელონას” მაგონებს, კატალონიელებამდე ჯერ კიდევ დიდი გზა დარჩათ გასავლელი”.

ლონდონური წყევლა
გასაკვირია, მაგრამ ჯერ არც ერთ ლონდონურ კლუბს ჩემპიონთა ლიგა არ მოუგია. არადა, ლიგაში ამ ქალაქს 3 წარმომადგენელი ჰყავდა - “ჩელსი”, “არსენალი”, “ტოტენჰემი”, პლეი ოფში სამივემ გააღწია და ფინალიც სწორედ ბრიტანეთის დედაქალქში იყო დანიშნული, მაგრამ ლონდონი ისევ მშრალზე დარჩა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული