მეტოქე "დაჩია" - ჯაბა, დაგვიბრუნდი კიშინიოვში!

AutoSharing Option
დაჩია (კიშინიოვი)
დაარსდა 1999 წელს
სტადიონი: "დინამო" (3 ათასი მაყურებელი)
პრეზიდენტი: რუსტამ პოლონკოევი
მთავარი მწვრთნელი: იგორ დობროვოლსკი
ტიტული: მოლდოვის ჩემპიონი (2011)

"ჯაბა დვალს უკვე დავურეკე და ვუთხარი, როგორც იქნა, კიშინიოვში ბრუნდები-მეთქი. მეც და მასაც ძალიან გვიხარია, რომ ერთმანეთის წინააღმდეგ ვითამაშებთ. მეორე მხრივ, "ზესტაფონი" საკმაოდ ძლიერი გუნდია, ფეხბურთელები დიდი ხანია ერთად არიან და შესანიშნავად შეთამაშდნენ. ზაგრების "დინამოსთან" შეხვედრა ძალიან არ გვინდოდა და კარგია, მას რომ ავცდით. ჩვენს წყვილში შანსები, ვფიქრობ, 50/50-ზეა. მძიმე ბრძოლა გველის, მიხარია, რომ პირველ მატჩს სტუმრად ჩავატარებთ", -
ეს მოლდოვის განვლილი ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის, "დაჩიას" ქართველი ნახევარმცველის, ლევან კორღალიძის სიტყვებია.

კიშინიოვური კლუბის ღირსებას მის გარდა კიდევ ერთი ჩვენიანი - გამოცდილი ცენტრალური მცველი დავით გამეზარდაშვილი იცავს და ისიც ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა. რაც ყველაზე ნიშანდობლივია, ორივე "ზესტაფონის" ყოფილი ფეხბურთელია. კორღალიძემ იმერულ კლუბში ერთი სეზონი გაატარა, გამეზარდაშვილმა - ნახევარი და ძირითად შემადგენლობაში ორივე იშვიათად ხვდებოდა.

ვფიქრობთ, "ზესტაფონისა" და "დაჩიას" შესადარებლად ეს კარგი მაგალითია, მაგრამ მეტოქეს სათანადოდ შეფასება სჭირდება. შესაძლოა, "ზესტაფონი" წყვილის ფავორიტი იყოს, მაგრამ არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ "დაჩიამ" ტირასპოლის "შერიფის" ათწლიანი ჰეგემონია დაამხო და თორმეტწლიანი ისტორიის მქონე კლუბმა პირველი ტიტული მოიგო.

სათაურში ნახსენები ჯაბა დვალი კი "ზესტაფონამდე" სწორედ "დაჩიას" წევრი იყო და თანამემამულეთა მსგავსად, მოლდოვაში მასაც წარმატებული კარიერა ჰქონდა.

"ზესტაფონი" ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე უფრო სუსტ გუნდსაც შეიძლებოდა გადაჰყროდა, მაგრამ, მეორე მხრივ, პოტენციურ მეტოქეთა შორის "დაჩიაზე" უფრო უხერხული კლუბებიც იყვნენ. წილისყრამდე "ზესტაფონის" სავარაუდო მოწინააღმდეგეთა რაოდენობა ექვსამდე შემცირდა და არასასურველი კლუბები იქაც იყვნენ - "დაჩია", ვფიქრობთ, უნგრულ "ვიდეოტონსა" და აზერბაიჯანულ "ნეფთჩიზე" უკეთესი ვარიანტია. არც "ზესტაფონისთვის" ავადსახსენებელი "ტობოლის" მეტოქეობა გამოდგებოდა დიდად გასახარი. იდეალური კი ის იქნებოდა, საქართველოს ჩემპიონებს სანმარინოულ "ტრე ფიორისა" და მალტურ "ვალეტას" შორის გამარჯვებული შეხვედროდა. ექვს შესაძლო მეტოქეს შორის ეს წყვილიც იყო...

რამდენიმე დღის წინ გია გეგუჩაძემ "ლელოსთან" ინტერვიუში ისურვა, მის გუნდს პოსტსაბჭოური ქვეყნის წარმომადგენელი არ გადაჰყროდა. "ზესტაფონის" თავკაცის სურვილი არ ახდა, იგი უეფას ოფიციალურ ვებგვერდთან კომენტარში "დაჩიას" ასე აფასებს: "ვფიქრობ, გუნდებს შემდეგ რაუნდში გასვლის თანაბარი შანსი აქვთ. მეტოქეს პატივს ვცემთ, მაგრამ ჩვენი მიზანი შემდეგ ეტაპზე გასვლაა. "დაჩიას" ორ ფეხბურთელს კარგად ვიცნობ - დავით გამეზარდაშვილიცა და ლევან კორღალიძე ახლო წარსულში ჩვენი ფეხბურთელები იყვნენ. "დაჩიას" თამაში არასდროს მინახავს, სამაგიეროდ, კარგად ვიცი "შერიფის" ძალა. გამოდის, რომ "დაჩია" მასზე სუსტი არ უნდა იყოს".

1999 წელს შექმნილი "დაჩია" თავიდანვე ანგარიშგასაწევ ძალად იქცა, მაგრამ "შერიფს" რეალურ პრობლემებს ვერ უქმნიდა. გარდამტეხი გასული სეზონი აღმოჩნდა, როცა დედაქალაქელებმა დნესტრისპირელებს 9 ქულით გაუსწრეს. "დაჩიას" 80-იანების ცნობილი რუსი ფეხბურთელი იგორ დობროვოლსკი წვრთნის, რომელმაც შარშანწინ თბილისიდან გამარჯვება წაიღო - მაშინ იგი მოლდოვის ეროვნულ ნაკრებს თავკაცობდა და ამხანაგურ მატჩში ექტორ კუპერის გაწვრთნილ საქართველოს სძლია.

"დაჩიადან" მოლდოვის ეროვნულ ნაკრებში სტაბილურად არავინ თამაშობს. ვეჭვობთ, გუნდში ქართველი გულშემატკივრისთვის ნაცნობი ფეხბურთელები იყვნენ. დობროვოლსკის გუნდს ქართველთა გარდა არაერთი ლეგიონერი ჰყავს - რუმინელი ლუსიან დობრე, ტოგოელი აბდულჯაფარ მამა (რომელსაც თავისი ქვეყნის ნაკრებში 40-ჯერ უთამაშია), მაკედონიელი გორან დიმოვსკი, ნიგერიელი ბაბა კოლინზი, განელი ერიკ საკეი, რუსი (უფრო კონკრეტულად - ჩეჩენი) ისლამ ცუროევი და ბელარუსი ვადიმ ერჩიკი.

"დაჩიას" ევროტურნირებზე 10 მატჩი აქვს ჩატარებული (2 მოგება, 4 ფრე, 4 მარცხი), პირველ ეტაპს კი ერთადერთხელ გასცდენია - შარშან ევროპის ლიგაზე ჩერნოგორიულ "ზეტას" აჯობა, მეორე რაუნდში კი შვედურ "კალმართან" დამარცხდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული