ჯაბა დვალი: "ზესტაფონი" ძველ "დაჩიას" სჯობდა, ახალთან კი დიდი ბრძოლა მოგველის

AutoSharing Option
"ზესტაფონის" მომავალ მეტოქე "დაჩიაზე" ჯაბა დვალზე უკეთ ვერავინ მოგვიყვებოდა. 26 წლის თავდამსხმელი ხომ იმერულ კლუბამდე სწორედ მის ღირსებას იცავდა და "დაჩიას" შესახებ საკმაო ინფორმაციას ფლობს. ვფიქრობთ, ჯაბასგან მოლდოვის ჩემპიონზე საინტერესო ამბები გავიგეთ.

- როგორ იხსენებ "დაჩიაში" გატარებულ პერიოდს?
- საზღვარგარეთ მხოლოდ ერთ კლუბში მითამაშია და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ "დაჩიაში" ბევრი რამ შევიძინე - ვნახე ახალი გარემო და გავიზარდე როგორც ფეხბურთელი. კარგი და ბრძოლისუნარიანი გუნდი გვყავდა, მაგრამ მაშინ "შერიფის" შევიწროვებას ვერ ვახერხებდით, ახლანდელმა "დაჩიამ" კი ეს შეძლო და პირველად გახდა
მოლდოვის ჩემპიონი.

- უნდა ვივარაუდოთ, რომ დღეს "დაჩიას" უკეთესი გუნდი ჰყავს.
- დიახ, სხვაგვარად "შერიფს" ვერ აჯობებდა. "დაჩიაში" ახლაც ირიცხება ბევრი ის ფეხბურთელი, რომლებთან ერთადაც ვთამაშობდი და ამ გუნდის ჩემპიონობა ძალიან გამიხარდა.

- შენს მერე გუნდის შემადგენლობა საგრძნობლად შეიცვალა?
- დაახლოებით 50 პროცენტით. ჩემს დროს "დაჩია" უფრო გამოცდილი ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული, ახლა კი აქცენტი ახალგაზრდებზე კეთდება, თუმცა ასაკოვანი მოთამაშეებიც ჰყავთ. გარდა ამისა, "დაჩიამ" მაღალი დონის ლეგიონერებიც დაიმატა.

- მაშინდელი "დაჩია" უკეთესი გუნდი იყო თუ ამჟამინდელი "ზესტაფონი"?
- ყოველგვარი კითხვის ნიშნების გარეშე ვიტყვი - "ზესტაფონი", მაგრამ, რაკი ახლა "დაჩია" ჩემპიონობას შეწვდა, ეს იმას ნიშნავს, რომ მაშინდელზე ძლიერი გუნდია და მძიმე ბრძოლა გველის.

- შანსებს როგორ აფასებ?
- ალბათ, 50/50-ზე. შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი ორივე გუნდს აქვს, მაგრამ მე "ზესტაფონის" წარმატების მჯერა. თუმცა იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენში საუკეთესო უშეღავათო დაპირისპირებაში გამოვლინდება და იოლად ვერც ერთი გაიმარჯვებს.

- პირველი თამაში შინ გაქვთ. ეს მეტოქის წისქვილზე ხომ არ დაასხამს წყალს?
- არა მგონია, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს, მეტიც, შეიძლება, პირველი მატჩის ზესტაფონში გამართვა ჩვენთვის უკეთესიც კი იყოს. გვაქვს იმის კარგი შანსი, რომ საკუთარ მოედანზე შემდეგი ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გადავდგათ და მოლდოვაში სერიოზული ფორით გავემგზავროთ.

- როგორი სტილის გუნდი იყო "დაჩია" შენს დროს?
- მოლდოვაში ტექნიკური ფეხბურთით გამოვირჩეოდით, თუმცა ალბათ, გადამეტებული არაფერი ვარგა და "შერიფი", უპირველესად, უკეთესი ტაქტიკურ-ფიზიკური მომზადებით გვჯობდა. ახლა კი, როგორც ვიცი, "დაჩიამ" ლამაზი სტილიც შეინარჩუნა და სხვა კომპონენტებშიც მოძლიერდა.

- თუ არ ვცდები, იგორ დობროვოლსკის ხელმძღვანელობით შენც გითამაშია.
- ასეა, ოღონდ მაშინ იგი დროებითი მწვრთნელი იყო და "დაჩიას" მხოლოდ ხუთ თუ ექვს მატჩში უხელმძღვანელა. თავი დამამახსოვრა როგორც მცოდნე და თანამედროვე იდეების მიმდევარმა სპეციალისტმა. ამას გარდა, დობროვოლსკი თბილი და უშუალო ადამიანია.

- როგორ ფიქრობ, წილისყრა "ზესტაფონისთვის" იღბლიანი იყო?
- ჩვენთვის იდეალური არა, მაგრამ ნორმალური შედეგით დასრულდა. სავარაუდო მეტოქეებს შორის იყვნენ როგორც შედარებით სუსტი, ასევე უფრო ძლიერი კლუბებიც. უკმაყოფილების საფუძველი არ უნდა გვქონდეს. ჩემპიონთა ლიგაში შორსმიმავალ მიზნებს ვისახავთ და ვალდებულნი ვართ, საკუთარი ძალა ნებისმიერ მეტოქეს დავუმტკიცოთ - მით უფრო, ადრეულ ეტაპზე.

- ვიცით, რომ უკვე ელაპარაკე "დაჩიას" ქართველებს, ლევან კორღალიძესა და დავით გამეზარდაშვილს.
- დიახ, ორივე გახარებულია, რომ "ზესტაფონთან" მოუწევთ თამაში. კიშინიოვში ჩასვლა ჩემთვისაც სასიამოვნო იქნება, ყოფილ კლუბთან ყოველგვარი ფსიქოლოგიური წნეხის გარეშე ვითამაშებ. მიხარია, რომ ლევანი და დათო "დაჩიას" წამყვანი ფეხბურთელები არიან, გუნდის წარმატება დიდწილად სწორედ მათზეა დამოკიდებული.

- მოლდოვის ჩემპიონატში უკეთესი დონეა თუ საქართველოსაში?
- მოლდოვაში მხოლოდ ორი ძლიერი გუნდია - "შერიფი" და "დაჩია", საქართველოს ჩემპიონატში კი ნებისმიერი მეტოქის დამარცხება ძნელია. ჩვენთან უმაღლესი მიზნებისთვის ორზე გაცილებით მეტი გუნდი იბრძვის და, შესაბამისად, ლოგიკურად უნდა დავასკვნათ, რომ ჩვენ გაცილებით უკეთესი ჩემპიონატი გვაქვს. თუმცა, კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ "შერიფი" და "დაჩია" სერიოზული კლუბები არიან.

- ბოლოს საკუთარ გეგმებზეც გვითხარი...
- ზუსტად ვიცი, რომ მომავალ სეზონსაც "ზესტაფონში" გავატარებ. აქ თავს შესანიშნავად ვგრძნობ და მინდა, "ზესტაფონთან" ერთად ახალ-ახალ წარმატებებს მივაღწიო. ევროტურნირებზე მიზნად ჩემპიონთა ლიგის ან ევროპის ლიგის ჯგუფურ ტურნირზე მოხვედრა დავისახეთ და საამისოდ ცდას არ დავაკლებთ, თუმცა ყურადღებას არც საშინაო არენაზე მოვადუნებთ და ჩემპიონობის შენარჩუნებისა და თასის მოპოვებისთვის ვიბრძოლებთ.

ახლა კი ჩვენი მთავარი საფიქრალი "დაჩიას" გადალახვაა. ვიცი, რომ ზესტაფონელი ქომაგებისგან მხარდაჭერა არ დაგვაკლდება. სხვა ქალაქების მცხოვრებთაც ვთხოვ, თუნდაც თბილისელებს, ჩამობრძანდნენ ზესტაფონში და გვიქომაგონ. გულშემატკივართა თანადგომას ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ვეცდებით, ისინი ლამაზი და შედეგიანი თამაშით გავახაროთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული