ჩვენი მეტოქეებიც ამოძრავდნენ

AutoSharing Option
ევროთასების დაწყებამდე პერიოდულად მოგაწვდით ცნობებს ქართული კლუბების მომავალი მეტოქეების შესახებ. გადავხედოთ ჩვენების მოწინააღმდეგეთა ბანაკში სადღეისოდ არსებულ ვითარებას.


მოლდოველები მშრალად იმარჯვებენ
"დაჩიამ" გუშინწინ საკონტროლო მატჩი ჩაატარა "სტინფულ გეორგესთან" და 2:0 გაიმარჯვა. თამაშში მონაწილეობა ცხადია, დავით გამეზარდაშვილმა და ლევან კორღალიძემაც მიიღეს.

კორღალიძე, რომელიც მოლდოვის განვლილი ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, ამ დღეებში იქაური პრესისთვის სასურველი რესპონდენტია. რამდენიმე დღის წინ მან "ზესტაფონის" დახასიათებისას ხაზი გაუსვა იმერული გუნდის ტექნიკურ სტილსა და სტაბილურ შემადგენლობას, ბოლო კომენტარისას კი საქართველოს ჩემპიონის გამორჩეულ ფეხბურთელებად თორნიკე აფციაური და ჯაბა დვალი
დაასახელა.

შეგახსენებთ, კორღალიძე და გამეზარდაშვილი "ზესტაფონის" ყოფილი ფეხბურთელები არიან, ხოლო დვალი "ზესტაფონამდე" სწორედ "დაჩიას" ღირსებას იცავდა.

ორი სიტყვით თბილისის "დინამოს" მოწინააღმდეგე "მილსამიზეა". სპარინგმატჩი ამ გუნდმაც ჩაატარა და "ნისტრუ" 6:0 გაანადგურა. მარიუს რომანმა და პიოტრ ლეუკამ დუბლი შეასრულეს, თითო გოლი კი ტრაორემ და გოლბანმა გაიტანეს.


არარატი ირანშია
რამდენიმე დღის წინ "ბანანცი" თავისუფალი აგენტის სტატუსით ორმა ფეხბურთელმა დატოვა - წამყვანმა მცველმა არარატ არაქელიანმა და ნახევარდაცვის ლიდერმა სამველ მელქონიანმა. ორივე კარიერას ირანულ "მესში" გააგრძელებს.

"მეტალურგთან" ორივე თამაშს გამოტოვებს ერევნელთა ძირითადი მეკარე სტეპან კაზარიანი, რომელსაც აპენდიციტის ოპერაცია გაუკეთეს და ერთი თვე გაუცდება.

რაც შეეხება ახალწვეულებს, "ბანანცმა" მეკარე ნიკოლაი სარგსიანი და ნახევარმცველები იარემ კავაცივი და არტურ ედიგარიანი დაიმატა.

"არმფუტბოლზე" "ბანანცის" პრეზიდენტ სარქის ისრაელიანის კომენტარია გამოქვეყნებული. იგი წილისყრის შედეგით კმაყოფილი დარჩენილა: "ვფიქრობ, "ბანანცს" ბედმა გაუღიმა. ისღა დაგვრჩენია, სათანადოდ მოვემზადოთ და შემდეგ რაუნდში გასასვლელად ვიბრძოლოთ. ევროთასებზე ორ ქართულ კლუბთან გვითამაშია და კარგად ვიცით, რომ ქართველები ტექნიკური ფეხბურთით გამოირჩევიან. გამონაკლისი არც ჩვენი მომავალი მეტოქეა, რომელთანაც დაძაბული და სანახაობრივი ბრძოლა გველის".

სომხეთის ჩემპიონატში ბოლო მატჩი "ბანანცმა" სტუმრად "შირაქთან" 1:1 ითამაშა. გოლი შეცვლაზე შესული არსენ ბალაბეკიანის ანგარიშზეა. მართალია, "მეტალურგის" მეტოქე სომხეთის რვაგუნდიან პრემიერლიგაში ბოლოსწინა ადგილზეა, მაგრამ რამდენიმე ტურია, უკეთ თამაშობს - განვლილი ოთხი შეხვედრიდან ერთიც არ წაუგია (1 გამარჯვება და 3 ფრე).


ანორთოსისის სოლიდური შენაძენი
"გაგრას" მეტოქე "ანორთოსისი" შეკრებაზე ავსტრიაშია, სადაც პირველ საკონტროლო შეხვედრას 26 ივნისს ოდესის "ჩერნომორეცთან" გამართავს. კვიპროსელებმა ერთი ტრანსფერი უკვე განახორციელეს და თურქული "ბურსასპორიდან" ბულგარეთის ეროვნული ნაკრების ძირითადი მეკარე დიმიტარ ივანკოვი გადაიბირეს. შეგახსენებთ, "ანორთოსისს" მთავარი მწვრთნელიც ბულგარელი ჰყავს - ამ ქვეყნის ნაკრების ყოფილი თავკაცი სტანიმირ სტოილოვი.


თარიღი და საათი ცნობილია
30 ივნისს "დინამოსა" და "მილსამის" მატჩი ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე 21 საათზე დაიწყება. ერევნის "რესპუბლიკურზე", რომელიც ვაზგენ სარგსიანის სახელსაც ატარებს, "ბანანცისა" და "მეტალურგის" პირველი შეხვედრა თბილისის დროით 17 საათისთვისაა დანიშნული.

ჩემპიონთა ლიგაზე "ზესტაფონს" დებიუტი 12 ივლისს ექნება. "დავით აბაშიძეზე" თამაში 20 საათზე დაიწყება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული