გრანდების გამოჩენამდე საქართველო ევროპაში მეორეა

AutoSharing Option
ევროტურნირებზე ნებისმიერი კლუბის სატურნირო ბედს, მეტოქის სიძლიერესა თუ ასპარეზობის დაწყების ვადებს, მისი ქვეყნის წარმომადგენელთა საევროთასო წარსული განაპირობებს. კარგად იცით, რომ უეფას საკუთარი საკლუბო რეიტინგი აქვს, სადაც მის წევრ თითოეულ ქვეყანას ის ადგილი უკავია, რომელიც მისი კლუბების მიერ წინა წლებში დაგროვებულმა ქულებმა მოუტანა.

უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, იანგარიშება ბოლო ხუთი სეზონის განმავლობაში მოპოვებული ქულები. ასე რომ, დიდი ხანია, ჩვენს აქტივში აღარ არის 2004 წელს გია გეგუჩაძის მიერ გაწვრთნილი თბილისის "დინამოს" უეფას თასის ჯგუფში მოხვედრით მიღებული დივიდენდები. ის სეზონი დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის
ისტორიაში ყველაზე უხვმოსავლიანი იყო.

შევეცდებით, ციფრებით არ გადაგღალოთ და მარტივად ავხსნათ ის სისტემა, რომლითაც კლუბებისა და ქვეყნებისთვის რეიტინგის მინიჭება ხდება. ევროთასებზე გამარჯვებისა და ფრესთვის გუნდები ქულებს იღებენ. რაც უფრო შორეულ ეტაპზე მიაღწევს კლუბი წარმატებას, მით მეტია გამარჯვებისა თუ საყაიმო შედეგის ფასი.
ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპებზე ქულათა მარაგს დიდად ვერ გაიმდიდრებ, აი, ჩვენმა კლუბებმა თუ ამჟამინდელი ბარიერიც გადალახეს და პლეი ოფში შეაბიჯეს, იქ ქართული ყულაბის გაცილებით უხვად შევსების საშუალება მიეცემათ.

საკვალიფიკაციო რაუნდებში გამარჯვება 1 ქულად ფასობს, ფრე კი - ნახევრად. ამრიგად, სადღეისო მონაცემებით, საქართველოს ყველაზე მეტი - 3-3 ქულა - თბილისის "დინამომ" და რუსთავის "მეტალურგმა" მოუტანეს. შეგახსენებთ, დედაქალაქელებმა მოლდოვურ "მილსამის" ორჯერ მოუგეს, უელსურ "ლანელის" კი - ერთხელ. რუსთაველებმა კი ამ 3 ქულას თავი სომხური "ბანანცისა" და ყაზახური "ირტიშის" ძლევითა და იმავე გუნდებთან ნათამაშები ფრეებით მოუყარეს თავი.

თითო ქულაა "ზესტაფონისა" და "გაგრას" ანგარიშზე. იმედია, მოლდოვური "დაჩია" საქართველოს ჩემპიონთა მიერ ჩემპიონთა ლიგაზე ძლეული უკანასკნელი მეტოქე არ აღმოჩნდება, "გაგრა" კი, ევროპის ლიგიდან ნაადრევი გავარდნის მიუხედავად, მაინც უნდა შევაქოთ, რადგან კვიპროსული "ანორთოსისის" დამარცხებით საქართველოს ქულა მანაც მოუპოვა.

ამა თუ იმ ქვეყნის წარმომადგენელთა მიერ დაგროვებული ქულები მათ რაოდენობაზე იყოფა. შესაბამისად, ქართული კლუბების მიერ მოპოვებული ჯამური 8 ქულა 4-ზე უნდა გავყოთ და მივიღებთ 2-ს. სასიამოვნოა, რომ ამ სეზონის მონაცემებით მოპოვებული ქულებით მხოლოდ უნგრეთი გვისწრებს, რომელსაც 2.125 ქულა აქვს, თუმცაღა მისი სამი კლუბი ევროტურნირებს უკვე გამოეთიშა. ასე რომ, მშვენიერი შანსი გვაქვს იმისა, რომ წლევანდელ რეიტინგში უნგრეთსაც გავუსწროთ, ხუთი წლის შედეგებით გამოყვანილ რეიტინგში კი პოზიციები საგრძნობლად გავიმყაროთ.

აქვე გეტყვით, რომ მომავალ სეზონში ევროთასებზე საქართველო კვლავაც ოთხი კლუბით იქნება წარმოდგენილი, მაგრამ წლევანდელი წარმატება უკეთესი სატურნირო გზის გარანტიასაც გვაძლევს.

ზემოთ ნახსენებ 2004-05 წლების სეზონში საქართველომ 2.666 ქულა აიღო, რისი გაუმჯობესების შანსიც საკმაოდ სერიოზული გვაქვს.

ბოლოს იმასაც გავუსვათ ხაზი, რომ ამა თუ იმ ეტაპზე კლუბის განთესვა-არგანთესვა მხოლოდ ქვეყნის კი არა, საკუთრივ მისი რეიტინგის მიხედვითაც ხდება. ვნახოთ, რა მდგომარეობა აქვთ ამ მხრივ ქართულ კლუბებს.

აღსანიშნავია, რომ 23 ივლისის მდგომარეობით "ზესტაფონსაც" და "დინამოსაც" იდენტური მაჩვენებელი აქვთ - 4.558 და ევროპაში 217-ე ადგილზე არიან. ქართული კლუბებიდან საუკეთესო პოზიცია სწორედ მათ უკავიათ.

რაც შეეხება დანარჩენებს:
236. მეტალურგი 4.058 ქულა
278. ვიტ ჯორჯია 3.058 ქულა
327. გაგრა 2.058 ქულა

საუკეთესო ათეული კი ასეთია: 1. მანჩესტერ იუნაიტედი (ინგლისი), 2. ბარსელონა (ესპანეთი), 3. ჩელსი (ინგლისი), 4. ბაიერნი (გერმანია), 5. არსენალი (ინგლისი), 6. რეალი (ესპანეთი), 7. პორტუ (პორტუგალია), 8. ინტერი (იტალია), 9. ლივერპული (ინგლისი), 10. შახტარი (უკრაინა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული