აპოელ (კვიპროსი)-სლოვანი (სლოვაკეთი) 0:0
ლიტექსი (ბულგარეთი)-ვისლა (პოლონეთი) 1:2
გოლები: 0:1 ლამეი (19), 1:1 ველინგტონი (45), 1:2 მელიკსონი (76)
დინამო (უკრაინა)-რუბინი (რუსეთი) 0:2
გოლები: 0:1 კასაევი (6), ნატხო (68-პენ)
გენკი (ბელგია)-პარტიზანი (სერბეთი) 2:1
გოლები: 0:1 ტომიჩი (65), 1:1 ვოსენი (70-პენ), 2:1 ოგუნჯიმი (92)
რეინჯერსი (შოტლანდია)-მალმიო (შვედეთი) 0:1
გოლი: 0:1 ლარსონი (18)
ტვენტე (ჰოლანდია)-ვასლუი (რუმინეთი) 2:0
გოლები: 1:0 იანკო (34-პენ), 2:0 იანკო (57)
ჰიკ (ფინეთი)-დინამო (ხორვატია) 1:2
გოლები: 1:0 რინგი (14), 1:1 რაფინია (19 ს.კ.), 1:2 სამირი (77)
კოპენჰაგენი (დანია)-შემროკი (ირლანდია) 1:0
გოლი: 1:0 ოტესენი (4)
ოდენსე
გოლები: 0:1 ლეტო (47), 1:1 ტ. რეგინიუსენი (90)
მაქაბი ჰ. (ისრაელი)-მარიბორი (სლოვენია) 2:1
გოლები: 1:0 დვალიშვილი (8-პენ), 1:1 მარკოსი (27), 2:1 იამპოლსკი (70)
სტანდარდი (ბელგია)-ციურიხი (შვეიცარია) 1:1
გოლები: 0:1 მეჰმედი (79), 1:1 ნაჩო გონსალესი (90)
როსენბორგი (ნორვეგია)-პლზენი (ჩეხეთი) 0:1
გოლი: 0:1 პილარჟHი (33)
ბენფიკა (პორტუგალია)-ტრაბზონი (თურქეთი) 2:0
გოლები: 1:0 ნოლიტო (71), 2:0 გაიტანი (88)
საპასუხო მატჩები 2-3 აგვისტოს
ახალი სეზონისთვის ჩემპიონთა ლიგის დაკომპლექტება გრძელდება. ამ კვირაში საქმეში 15 წყვილი ჩაერთო, მათ შორის კი "ზესტაფონი" და ავსტრიული "შტურმი", ისინი ლიგის პლეი ოფის 15 საგზურისთვის იბრძვიან. "ლელომ" დიდი ყურადღება დაუთმო ქართულ-ავსტრიულ დუელს, თუმცა სხვები განზე დაგვრჩნენ. არადა, მათ შორის ბევრი სერიოზული კლუბია და მათ ნაწილს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე აუცილებლად ვნახავთ.
ყველაზე დიდ ინტერესს ლისაბონური მატჩი იწვევდა, სადაც "ბენფიკა" თურქულ "ტრაბზონსპორს" მასპინძლობდა. საყოველთაო შეფასებით, ეს ყველაზე ძლიერი წყვილია ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე, თან "ბენფიკამ" ზაფხულში სახე იცვალა და საინტერესო იყო, ახლებური გრანდის საქმეში ხილვა.
პორტუგალიელებმა ფაბიო კოენტრაო "რეალში" 30 მილიონ ევროდ გაყიდეს, თუმცა ამ ფულით საკმაოდ საინტერესო გუნდი ააწყვეს. მაგრამ მანამდე ისევ წასულებზე ვთქვათ: კოენტრაოს გარდა ლისაბონელებს გული არგენტინელ ედუარდო სალვიოზე დაწყდათ, "ატლეტიკოს" ფორვარდს იჯარის ვადა დაუსრულდა, ხოლო პრემიერლიგაში აღზევებულმა "სუონსიმ" სულ რაღაც მილიონ დოლარად იყიდა ჟოზე მორეირა. სხვებს კი ლისაბონელები უპრობლემოდ შეელიენ (ნუნუ გომეში, ლუიშ ფილიპე, ლეანდრო სილვა და სესარ პეიშოტო). უფრო სოლიდურად გამოიყურება შევსება: "ბენფიკამ" ბელგიელი აქსელ ვიტსელის სანაცვლოდ "სტანდარდს" 6,5 მილიონი ევრო გადაუხადა, 5,5 მილიონი დაუჯდა გუნდს "ინდეპენდიენტეს" ენცო პერესი, ისევე როგორც რეალელი ესეკილ გარაი, თითქმის ამდენივე გადაიხადა ბრაზილიელ ბრუნო სეზარში ("კორინთიანსი"), 2 მილიონად იყიდა "ლილის" ბრაზილიელი ლეგიონერი ემერსონი, "ჯენოადან" იჯარით გადმოიყვანა ედუარდო, ევროც კი არ დასჯდომია ბრაგელი არტური, დანიელი დანიელ ვასი, ბარსელონელი ნოლიტო და მსოფლიოს ჩემპიონი ხოან კაპდევილა.
თურქებთან მათი ნაწილი სასტარტოშიც ვიხილეთ (მეკარე არტური, ემერსონი, გარაი და პერესი), ნოლიტო და ვიტსელი კი შეცვლაზე შევიდნენ, ბრუნო სეზარი სათადარიგო იყო. ჟორჟე ჟეზუშის გუნდმა ბრწყინვალედ ითამაშა და საპასუხო მატჩის წინ 2-ბურთიანი უპირატესობა დაიბევა. ორივე გოლი "ტრაბზონის" ლაზი მეკარის, თოლგა ზენგინის კარში ბოლო 20 წუთში გავიდა. მანამდეც უპირატესობა "არწივების" იყო, მაგრამ ხან თოლგა ყოჩაღობდა და ხან მასპინძლები ურტყამდნენ უზუსტოდ, მეორე ტაიმში ხავიერ სავიოლამ ბურთი ძელსაც გაარტყა. 71-ე წუთზე "ბარსელონას" ყოფილმა ფორვარდმა ნოლიტომ აკრობატული დარტყმით გახსნა ანგარიში. შენოლ გიუნეშის გუნდი არ გატყდა და შეუტია მეტოქეს, მაგრამ ბურაკ ილმაზის დარტყმული სასწაულებრივ მოიგერია არტურმა. თამაშის დასრულებამდე ორი წუთით ადრე ნიკოლას გაიტანის ცაციამ მასპინძელთა უპირატესობას უფრო სოლიდური სახე მისცა - 2:0.
კიევური მატჩის რამდენიმე დეტალი უკვე მოგითხრეთ, ამ შეხვედრაში ხომ რუბინელი საბა კვირკველიას ლიგური დებიუტი შედგა. 19 წლის ქართველის გუნდი თითქმის პლეი ოფშია, მეტის თქმის საშუალებას არ გვაძლევს ის ფაქტი, რომ კიევის "დინამო" სოლიდური კლუბია და უბრძოლველად არაფერს დათმობს, მიუხედავად იმისა, რომ შინ 0:2 წააგო.
ორი წლის წინ ჯგუფურ ეტაპზე 1:3 მარცხისთვის ყურბან ბერდიევის გუნდმა ახლა იძია შური. სტუმრები თავიდანვე დააწინაურა ალან კასაევის გოლმა, ხოლო ბერბას ნატხომ ალექსეი მედვედევის მაისურში მოქაჩვისთვის დანიშNული პენალტი გაიტანა.
ცუდად არის შოტლანდიური "რეინჯერსის" საქმე, მას შემდეგ, რაც გლაზგოური გრანდი შინ "მალმიოსთან" 0:1 დამარცხდა. "აიბროქსზე" ერთადერთი გოლი შვედთა ჩემპიონი გუნდის ფორვარდმა დანიელ ლარსონმა გაიტანა. სხვათა შორის, ვერ ვიტყვით, რომ შვედები ყრუ დაცვაში იყვნენ, პირიქით, უფრო მწვავედაც "იჩხვლიბოდნენ", ვიდრე მეტოქე. ეს ბოლო წუთებს არ ეხება, როცა ნიკიცა იელავიჩის წყალობით სტივენ ნეისმითს ორი მომენტი შეექმნა, მაგრამ ნეისმითმა ორივე
გაანიავა. ახლა უკვე შვედები არიან ამ წყვილის ფავორიტები.
ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი დუბლი შესრულდა და მისი ავტორი "ტვენტეს" ავსტრიელი აყლაყუდა ფორვარდი მარკ იანკოა (არადა, რა ახლოს იყო დუბლთან ნიკოლოზ გელაშვილიც!). იანკოს გოლების წყალობით ჰოლანდიური კლუბი მშვიდადაა, რუმინულ "ვასლუის" 2:0 მოუგო. "ტვენტეს" სტადიონზე სამწუხარო ინციდენტი მოხდა (რეკონსტრუქციის დროს ტრიბუნა ჩამოიშალა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა) ამიტომ თამაშს არნემმა უმასპინძლა. ყველაფერი შეიძლება სულ სხვაგვარად წარმართულიყო "ვასლუის" ბრაზილიელ პლეიმეიქერ ადაილტონს მე-18 წუთზე ჯარიმა რომ გაეტანა - ბურთი ხარიხას მოხვდა. მალე ადაილტონმა საკუთარ საჯარიმოში დააშავა და იანკომ პენალტით გახსნა ანგარიში. მეორე ტაიმის მე-12 წუთზე კი იანკომ დუბლი შეასრულა, მისი თავური ძელმა უკუაგდო, მაგრამ ფორვარდმა დამატება მოასწრო.
მარვინ ოგუნჯიმი "გენკის" მხსნელია, ფორვარდი სულ რამდენიმე წუთის შესული იყო მოედანზე, როცა გამარჯვების გოლი გაიტანა სერბული "პარტიზანის" კარში, "გენკმა" 2:1 მოიგო და ყველაფერი საპასუხო მატჩში, ბელგრადში გაირკვევა. ბოლო წუთზე გაუმართლა კიდევ ერთ ბელგიურ კლუბს, "სტანდარტს", თუმცა ამ შემთხვევაში ურუგვაელი ახალწვეულის, ნაჩო გონსალესის (შარშან "ლევანტეში" თამაშობდა) გოლი "ციურიხის" კარში მხოლოდ ფრეს ეყო - 1:1. სტუმართა გოლის ავტორი ადმირ მეჰმედი კი ფეხბურთის მოყვარულებს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატიდან ემახსოვრებათ.
ნორვეგიული "როსენბორგი" შინ 0:1 დამარცხდა ჩემპიონთა ლიგის დებიუტანტ "პლზენთან". გამარჯვების გოლის ავტორი ჩეხთა გუნდის ნახევარმცველი ვაცლავ პილარჟია. ლადო დვალიშვილის გოლმა და საგოლე პასმა მოაგებინა "მაქაბის" სლოვენიის ჩემპიონ "მარიბორთან" - 2:1. დანიის ჩემპიონმა "კოპენჰაგენმა" 1:0 იკმარა ირლანდიურ "შემროკთან". არადა, მასპინძლები უკვე მე-4 წუთზე დააწინაურა სოლვი ოტესენის გოლმა. ხორვატიის ჩემპიონმა "დინამომ" ჰელსინკიში 2:1 დაამარცხა ჰიკ და ცალი ფეხით პლეი ოფშია. ასეთივე სიტუაციაშია პოლონეთის ჩემპიონი "ვისლაც". "პანათინაიკოსი" სტუმრად ბოლო წუთამდე იგებდა, თუმცა "ოდენსესთან" 1:1 ფრე ბერძნული გრანდისთვის მაინც არ არის ურიგო შედეგი, საპასუხო მატჩი ხომ ათენშია. სტუმრად კარი მშრალად შეინახეს ბატე-მ და "სლოვანმა" და თავიანთი დაპირისპირებების ფავორიტებად დარჩნენ.
საპასუხო მატჩების შემდეგ გაირკვევა 15 გამარჯვებული, რომელთაც პლეი ოფში "ბაიერნი", "არსენალი", "ლიონი", "ვილიარეალი" და "უდინეზე" შეუერთდება. 5 აგვისტოს კენჭისყრაა, თუმცა პლეი ოფში ჩემპიონი და არაჩემპიონი გუნდები ერთმანეთს არ დაუპირისპირდებიან. მაგალითისთვის, თუკი "ზესტაფონი" "შტურმს" დაძლევს, მას "ბაიერნთან", "არსენალთან", "ვილიარეალთან" თამაში არ მოუწევს. 22 კლუბი (ბარსელონა, მანჩესტერი, ჩელსი, რეალი, პორტუ, ინტერი, მილანი, შახტარი, ვალენსია, ცსკა, მარსელი, ზენიტი, აიაქსი, ლევერკუზენი, ოლიმპიაკოსი, ფენერბაჰჩე, სიტი, ლილი, ბაზელი, დორტმუნდი, ნაპოლი, ოცელული) კი მშვიდად ელის სექტემბერსა და ჯგუფურ ეტაპს, მათი საკვალიფიკაციო ბატალიები არ ეხებათ...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"