მეკარეები: როინ კვასხვაძე, ზურაბ მამალაძე;
მცველები: გიორგი ონიანი, ზაალ ელიავა, მამუკა კობახიძე, თეიმურაზ ღონღაძე, კახაბერ ალადაშვილი, მალხაზ გაგოშიძე, ალექსი ბენაშვილი;
ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი, თორნიკე გორგიაშვილი, ირაკლი ძარია, შოთა გრიგალაშვილი, შოთა ბაბუნაშვილი, თორნიკე აფციაური, მიხეილ სარდალიშვილი;
თავდამსხმელები: ნიკოლოზ გელაშვილი, ჯაბა დვალი, საბა ლომია, რატი წინამძღვრიშვილი.
დისკვალიფიკაციის ვადა ამოეწურა და განაცხადს დაუბრუნდება თეიმურაზ ღონღაძე,
შესაძლოა, "ზესტაფონის" დანაკლისი ამით არ ამოიწუროს. საქართველოს ჩემპიონთა სამედიცინო შტაბი იმედოვნებს, რომ დღეს თამაშს შეძლებენ როინ კვასხვაძე და ნიკოლოზ გელაშვილი, თუმცა, სამწუხაროდ, ეს ჯერ ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის. კვასხვაძემ ერთ-ერთ ბოლო ვარჯიშზე ხელი იტკინა, გელაშვილს კი ფეხი აწუხებს. იმედია, "ზესტაფონი" ამ ორ მეტად მნიშვნელოვან მოთამაშეს არ მოისაკლისებს. კვასხვაძის შემთხვევაში დამაიმედებლად ის ამბავი ჩანს, რომ გეგუჩაძეს ავსტრიაში მესამე მეკარე არ წაუყვანია.
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებიდან "ზესტაფონს" უბრუნდება მცველი მალხაზ გაგოშიძე, რომელიც ხიდეშელის არყოფნაში სათადარიგოებში იქნება.
გუშინ, საღამოს "ზესტაფონმა" "შტურმის" UPC Arena-ზე ივარჯიშა, რომელიც იდეალურ მდგომარეობაშია. იდეალურთან მიახლოებულია ამინდიც - გრაცში +26 გრადუსი იყო, რაც ფეხბურთისთვის შესანიშნავი ტემპერატურაა.
ვარჯიშამდელ პრესკონფერენციაზე გეგუჩაძემ მეტოქე შეაქო, მაგრამ ისიც დასძინა, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი მის გუნდსაც აქვს. თავის მხრივ, მოწინააღმდეგის მიმართ კომპლიმენტები არც "შტურმის" თავკაცმა ფრანკო ფოდამ დაიშურა.
"ზესტაფონი" გრაცის გარეუბანში მდებარე პრესტიჟულ სასტუმრო "პარადისში" ბინადრობს.
დღევანდელი მატჩი თბილისის დროით 22:30-ზე დაიწყება და, რაც მთავარია, გადაწყდა, რომ მის პირდაპირ ტელერეპორტაჟს "საზოგადოებრივი მაუწყებელი" შემოგვთავაზებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"