ჩემპიონთა ლიგას დავემშვიდობეთ - შტურმი-ზესტაფონი 1:0

AutoSharing Option
3.08. გრაცი. UPC არენა. 12 000 მაყურებელი
შტურმი-ზესტაფონი 1:0
გოლი: 1:0 კინასტი (68)

შტურმი ზესტაფონი
4-4-2 4-4-2
გრატცაი რ. კვასხვაძე
ერენრაიხი ალადაშვილი
დუდიჩი გ. ონიანი
ბურგშტალერი მ. კობახიძე
გ. ფოფხაძე ელიავა
ვოლფი აფციაური
ვებერი დაუშვილი
მურატოვიჩი ძარია
ჰიოლცლი გრიგალაშვილი
კინასტი დვალი
შაბიჩი გელაშვილი
მწვრთნელი მწვრთნელი
ფ. ფოდა გ. გეგუჩაძე

შტურმი
74. შაბიჩი - ბოდული
85. ვოლფი - კაინცი
90. კინასტი - ჰაასი
სათადარიგოები: ჩავლინა, პიურხერი, ნოიჰოლდი

ზესტაფონი
52. დაუშვილი - გორგიაშვილი
76. აფციაური - ბაბუნაშვილი
80. ძარია - წინამძღვრიშვილი
სათადარიგოები: მამალაძე, თ. ღონღაძე, ბენაშვილი, ს. ლომია

გაფრთხილება: ვოლფი (51), გელაშვილი (58), ონიანი (66), გრიგალაშვილი (84)

არბიტრი:
ა. გოტიე (საფრანგეთი)

ისევე, როგორც თბილისში, "ზესტაფონმა" გრაცშიც ბევრი იბრძოლა, მაგრამ "შტურმის" კარის დასალაშქრი იარაღი არსენალში არ აღმოაჩნდა. ძალიან მტკივნეულია, როცა ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფამდე და მინიმუმ ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის დაბევებამდე ასე ახლოს იყავი, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოს ჩემპიონს ამ მიზნის მიღწევამდე რაღაც დააკლდა. "ზესტაფონი", რომელიც შემტევი სტილით გამოირჩევა, ავსტრიის ჩემპიონთანაც ძალიან აქტიური იყო, მაგრამ მის კარს გასაღები ვერა და ვერ მოარგო.

იყო უიღბლობის მომენტიც (ოღონდ ეს პირველ მატჩზე უფრო ითქმის), მაგრამ, იმის მიუხედავად, რომ ემოციები არ განელებულა, ვფიქრობთ, "ზესტაფონის" მარცხი გულსატკენთან ერთად, ალბათ, კანონზომიერიც იყო. როგორ არ გავიხსენოთ თბილისში დაშვებული საბედისწერო შეცდომები, მაგრამ ისტორიას ხომ ყველაზე უკეთ შედეგი ამახსოვრდება.

"შტურმი" საშუალო ევროპული დონის გუნდია, მაგრამ მისი დაცვის გასატეხად საკმარისი არ აღმოჩნდა ის მეთოდები, რაც საქართველოს ჩემპიონატში კარგად ჭრის. ფეროელთა სამწვრთნელო შტაბი მარცხის მიზეზებს ჩვენზე უკეთ გააანალიზებს, მაგრამ მაინც უნდა აღვნიშნოთ, რომ "ზესტაფონს" შეტევის დასაგვირგვინებლად ერთდროულად დააკლდა საშემსრულებლო ოსტატობა, სწრაფი აზროვნება, ზოგადად სისწრაფე, პრაგმატულობა და თავდაჯერება.

ბოლო კომპონენტი განსაკუთრებით მნიშვნელოვნად გვეჩვენება. გუშინ არაერთი იყო ისეთი ეპიზოდი, როცა ამა თუ იმ შემტევს სახიფათოდ დარტყმა შეეძლო, მაგრამ ან უარეს პოზიციაში მდგომი თანაგუნდელი მოძებნა, ანაც მეურვის ჩამოცილება სცადა და ამით ძვირფასი დრო დაკარგა.

"ზესტაფონმა" ვერც 0:1-ის შემდეგ ივარგა, უფრო მეტიც, დაწინაურებული ავსტრიელები გაცილებით მეტი თავდაჯერებით (რაც არც მანამდე აკლდათ) ათამაშდნენ და მატჩის დასკვნით ნაწილში, როცა კოკისპირულად გაწვიმდა, ქართველებს შტურმის მოწყობის საშუალება არ მისცეს და პირიქით, თავად გაანიავეს საგოლე კონტრიერიში.

მატჩს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერით ნახავდით და მისი დეტალური განხილვით თავს აღარ შეგაწყენთ, მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებზე გავამახვილებთ ყურადღებას.

პირველი ტაიმი "ზესტაფონის" საგრძნობი უპირატესობით წარიმართა და, მართალია, ასპროცენტიანი საგოლე შანსი არ გვქონია, მაგრამ გელაშვილისა და გრიგალაშვილის დარტყმები გასახსენებლად მაინც ღირს. მეორემ საჯარიმოს გარედან დაარტყა, პირველმა - უფრო ახლოდან და ორივე შემთხვევაში "შტურმის" მეკარე გრატცაიმ იმარჯვა.

მასპინძელთა ტაქტიკა, რომელიც გამიზნულად იყო აწყობილი "მეორე ნომრობაზე", შესვენების შემდეგაც გაგრძელდა, თუმცა, რაც დრო გადიოდა, სტუმართა დაცვაში სიცარიელეები უფრო ხშირად ჩნდებოდა და ავსტრიელები კონტრშეტევებს რიგიანად ახორციელებდნენ. სწორედ ამგვარად გაიტანა "შტურმმა" გამარჯვების გოლი. რომან კინასტმა გამოზომილი გადაცემა მიიღო, მეურვე ეფექტურად ჩამოიცილა და კვასხვაძეს შანსი არ დაუტოვა.

"ზესტაფონი" ამის შემდეგ თითქოს უფრო შებოჭილად ათამაშდა და ყველაზე სუსტად შეხვედრის ყველაზე მნიშვნელოვანი მონაკვეთი ჩაატარა. ხეირი ვერც გია გეგუჩაძის მიერ განხორციელებულ შეცვლებს მოჰყვა, წინა მატჩის მსგავსად, გათამაშებული კუთხურებიდან შედეგი გუშინაც ნულოვანი იყო და ავსტრიელები მაინცდამაინც ვერც ინდივიდუალური ოსტატობით დავჯაბნეთ...

"შტურმი" უკვე წარსულია, სამწუხაროდ, ავადმოსაგონარი წარსული, ისღა თუ გვანუგეშებს, რომ საქართველოს ჩემპიონს ევროპაში თავი არ შეურცხვენია, წლიდან წლამდე იზრდება და ანგარიშგასაწევ ძალად მიიჩნევენ.

ასეთი მარცხი მეტისმეტად ძნელი გადასატანია, მაგრამ სხვა გზა არ არის, ბიჭები ამ მარცხს მალევე უნდა გაუმკლავდნენ - ორ კვირაში "ზესტაფონს" უკვე ევროპის ლიგის პლეი ოფი ელის და გვჯერა, მისი წევრები "შტურმთან" მარცხისგან, რომელიც მხოლოდ უიღბლობით არ ყოფილა გამოწვეული, სათანადო დასკვნებს გამოიტანენ. ევროსეზონი გრძელდება და, თუ წილისყრამ არ გაგვწირა, ჯგუფური ეტაპის თბილისში ხილვის შანსიც გვექნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
ტანჯვაი და წამებაი...უსაზიზღრესი მეორე ტაიმი, თან ვისთან, დაჩია გადალახავდა შტურმს დარწმუნებული ვარ. მაყურებლებს ხომ დააწყვიტეს ნერვები
tazo
11:05 04-08-2011
0
ყველაფერი მართალია, რასაც ამ სტატიის ავტორი წერს. მიხარია კომპეტეტური შეფასება და ხარვეზების არდამალვა. თუმცა მეორეს მხრივ, მეტი რა უნდა მოვთხოვოთ ზესტაფონის ბიჭებს, რომლებიც საქართველოს პირველობაზე ასეთ ცუდ პირობებში თამაშობენ. აი რამდენიმე კარგი მოედანი რომ გვექნება და ცოტა უფრო ძლიერი ჩემპიონატი, მერე უფრო მეტიც შეგვიძლია მოვთხოვოთ
Tornike
11:24 04-08-2011
0

სიახლეები პოპულარული