"ზესტაფონისგან" განსხვავებით, ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდი წარმატებული გამოდგა ქართველი ლეგიონერებისთვის. გიორგი ფოფხაძეზე ბევრს არ შევჩერდებით, სასიამოვნოა, რომ "შტურმის" ქართველი ახალწვეული ავსტრიის ჩემპიონთა ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრდა და "ზესტაფონთან" ორივე მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.
ფოფხაძის მსგავსად, ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში დანარჩენი სამი ქართველიც გავიდა. ლადო დვალიშვილის "მაქაბის" სლოვენიაში დიდი ბრძოლა გადახდა, "მარიბორთან" 1:1 ითამაშა და რაკი შინ 2:1 ჰქონდა მოგებული, ეს ბარიერიც გადალახა. დვალიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 88-ე წუთზე შეცვალეს, მანამდე კი გაფრთხილების მიღება მოასწრო. შეგახსენებთ, "მაქაბის" მეორე მწვრთნელი გიორგი დარასელიაა.
"რუბინის" თავკაცი ყურბან ბერდიევი საბა კვერკველიას კიევის "დინამოსთან" განმეორებით შეხვედრაშიც ენდო და არც შემცდარა - კიევში 2:0 გამარჯვების შემდეგ, ყაზანელებმა უკრაინელები შინაც დაამარცხეს (2:1) და პლეი ოფში დამაჯერებლად გავიდნენ. კვერკველიამ შეუცვლელად ითამაშა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"