აპოელ (კვიპროსი)-ვისლა (პოლონეთი) 22:45 (I მატჩი 0:1)
გენკი (ბელგია)-მაქაბი ჰ. (ისრაელი) 22:45 1:2
მალმიო (შვედეთი)-დინამო ზ. (ხორვატია) 22:45 1:4
ვილიარეალი (ესპანეთი)-ოდენსე (დანია) 22:45 0:1
ციურიხი (შვეიცარია)-ბაიერნი (გერმანია) 22:45 0:2
ხვალ
რუბინი (რუსეთი)-ლიონი (საფრანგეთი) 20:00 1:3
პლზენი (ჩეხეთი)-კოპენჰაგენი (დანია) 22:45 3:1
შტურმი (ავსტრია)-ბატე (ბელარუსი) 22:45 1:1
ბენფიკა (პორტუგალია)-ტვენტე (ჰოლანდია) 22:45 2:2
უდინეზე (იტალია)-არსენალი (ინგლისი) 22:45 0:1
დღეს-ხვალ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი საბოლოოდ დალაგდება, რასაც პარასკევს მონაკოში გასამართავი წილისყრა დააგვირგვინებს. სულ 10 ვაკანსიაღაა შესავსები, ბრძოლას საკვალიფიკაციო ბატალიებში 20 გუნდი შემორჩა. თითქმის ყველა დაპირისპირებაში დაძაბულ საპასუხო შეხვედრებს უნდა ველოდოთ, რადგან თითქმის არსად არაა გამოკვეთილი ჯგუფში შეღწევის ფავორიტი.
გამონაკლისია ჩეხეთის ჩემპიონ პლზენის "ვიქტორიასა"
შეგვიძლია, წინასწარ ჯგუფში გასვლა ზაგრების "დინამოსაც" მივულოცოთ, ხორვატებმა ხომ შინ 4:1 გაანადგურეს "მალმიო", თუმცა შვედთა ფორვარდი აგონ მეჰმეთი დანებებას არ აპირებს: "ჩვენ უბრალოდ უნდა დავიჯეროთ, რომ შეგვიძლია. ჩვენი წარმატების არც "რეინჯერსთან" დაპირისპირების წინ სჯეროდათ, თუმცა დავამტკიცეთ, რომ პესიმისტები მწარედ სცდებოდნენ", - განაცხადა სკანდინავთა 21 წლის შემტევმა.
"დინამო" სტუმრად შესაშური განწყობით მიდის, 4:1 მოგების შემდეგ გუნდმა ხორვატიის ჩემპიონატში სტუმრად 4:0 მოუგო "ოსიეკს". არადა, მწვრთნელმა შინაურ პირველობაზე "დინამოს" ვარსკვლავი სამირი დაასვენა, ისევე როგორც არ ათამაშა ანტე რუკავინა, ივან კრსტანოვიჩი და პორტუგალიელი მცველი ტონელი.
"დინამოს" ტრავმების გამო ლიგის მატჩზე არ ეყოლება, მეჰმედ ალისპაჰიჩი და არიან ადემი. არც პირველ თამაშში მიუღია მონაწილეობა გამოცდილ იგორ ბიშჩანს.
სოლიდური, 2-ბურთიანი სხვაობით, მაგრამ ცუდი განწყობით მიემგზავრება "ბაიერნი" შვეიცარიაში "ციურიხთან" სათამაშოდ. ბავარიელებს ხორვატი ფორვარდი ივიცა ოლიჩი დაემტვრათ და ორ თვემდე ვადით გამოაკლდათ. ოლიჩმა ტრავმა "ჰამბურგთან" მატჩში (5:0 "ბაიერნის" სასარგებლოდ) გოლის გატანისას მიიღო. სხვათა შორის, ეს 31 წლის ფორვარდის პირველი ბუნდესლიგური გოლი იყო 2010 წლის მაისის შემდეგ, ოლიჩს უიღბლობა თან სდევს, მუხლის ტრავმამ მას თითქმის მთელი შარშანდელი სეზონი გაუცდინა. მან ახლა მენჯი დაიზიანა.
ლადო დვალიშვილის "მაქაბი" ბელგიას სტუმრობს, სადაც "გენკთან" მცირე უპირატესობა აქვს დასაცავი. შეგახსენებთ, რომ პირველ მატჩში ებრაელებმა 2:1 მოიგეს, გამარჯვების გოლი კი ქართველმა თავდამსხმელმა გაიტანა. "გენკი" ცუდ ფორმაშია, ბელგიის ჩემპიონატში ეს გუნდი "სერკლ ბრიუგესთან" 2:3 დამარცხდა. მასპინძლებს არ ეყოლებათ: კევინ დე ბრუინი და მარვინ ოგუნჯიმი, ხოლო ახალწვეულ მეკარე გრეგორჟ სანდომიერსკის ჯერ ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება არა აქვს. "ჰაიფას" შეტევაში პრობლემა არა აქვს ლადოსთან ერთად ბრწყინვალე ფორმაშია ვეამ ამაშა, რომელმაც ისრაელის ჩემპიონატის პირველ ტურში პოკერი შეასრულა. აი, დაცვაში კი გუნდს უჭირს, ხორვატი იურიცა ბულიატი კიდევ 2 თვეს ვერ დაეხმარება "მაქაბის".
"ვილიარეალი" კატასტროფიდან ერთ ნაბიჯზეა, ესპანურმა გუნდმა "ოდენსეს" დანიური მარცხი (0:1) უნდა "ამოუქაჩოს". "ყვითელი წყალქვეშა ნავი" სათანადო ფორმამდე შორსაა, ამიტომ ყველაფერია მოსალოდნელი. სხვათა შორის, "ელ მადრიგალზე" "ვილიარეალს" "ოდენსესთვის" ერთხელ 2:0 აქვს მოგებული, ეს 2004 წელს იყო. "თუკი სტადიონი გაივსება, ფანტასტიკური საღამო შედგება. ამ შემთხვევაში, ჩვენ მეტოქეს კარგი არაფერი ელის", - ამბობს ესპანელთა 27 წლის ნახევარმცველი ბრუნო სორიანო.
ითამაშებენ თუ არა "ლიონი", "ბენფიკა" და "არსენალი" ჯგუფურ ეტაპზე, ხვალ გადაწყდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"