ინტერესს იწვევს ინგლისურ-გერმანული დუელებიც: „ჩელსი“ ლონდონში გერმანიის ვიცე-ჩემპიონ „ლევერკუზენს“ დაუხვდება, გერმანიის ჩემპიონი „დორტმუნდი“ კი ლონდონის „არსენალს“ მიიღებს.
E ჯგუფი
ჩელსი-ლევერკუზენი
გერმანიის ვიცე-ჩემპიონი „ლევერკუზენი“ ევრო-თავგადასავალს ურთულესი გამოცდით იწყებს: გერმანული კლუბი პირველივე ტურში ჯგუფის ფავორიტ „ჩელსის“ სტუმრობს. ეს მატჩი „ბაიერის“ ვეტერანი ნახევარმცველისთვის, მიხაელ ბალაკისთვის განსაკუთრებულია - გერმანიის ნაკრების ყოფილი კაპიტანი „სტემფორდ ბრიჯზე“ ბრუნდება და აქვე შეგახსენებთ, რომ 34 წლის ბალაკი
„ეს მატჩი ჩემთვის ძალიან ემოციური იქნება, - ამბობს ბალაკი, - თავის დროზე „ჩელსიში“ ბევრ მეგობარს ნორმალურად ვერც კი დავემშვიდობე და ამ შეცდომას ახლა გამოვასწორებ. მიხარია, რომ „სტემფორდ ბრიჯის“ შესანიშნავი ატმოსფეროთი კიდევ ერთხელ ვისიამოვნებ“.
თუმცა ჯერ კიდევ საკითხავია, მოუწევს თუ არა მიხაელს მოედანზე გასვლა. „ლევერკუზენის“ მთავარი მწვრთნელი რობინ დუტი ბალაკს ბუნდესლიგაში იშვიათად ენდობა, თუმცა ამ უქმეებზე ათამაშა და იქნებ დღესაც ძირითად შემადგენლობაში გაამწესოს. გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე დუტმა თქვა, ჯერ არ ვიცი, ვათამაშებ თუ არა ბალაკს სასტარტოში, მაგრამ ფაქტია, რომ შანსი აქვსო. აქვე იმასაც გეტყვით, რომ დუტი ბუნდესლიგაში დისკვალიფიცირებულ მარცხენა მცველს, მიხალ კადლეცს გამოიყენებს.
მიუხედავად „ლევერკუზენის“ სტატუსისა, „ჩელსი“ მატჩის აშკარა ფავორიტია. აგვისტოში ლონდონელებმა წინა ხაზი რომელუ ლუკაკუთი და ხუან მატათი გააძლიერეს. ამასთან, „არისტოკრატებს“ ანდრე ვილაშ ბოაშის სახით ახალი თავკაცი ჰყავთ, რომელსაც რომან აბრამოვიჩმა ჩემპიონთა ლიგის მოგება დაავალა.
სავარაუდო შემადგენლობები
ჩელსი (4-1-3-2): პ. ჩეხი - ბოსინგვა, ივანოვიჩი, ტერი, ე. კოული - რამირესი - მატა, ლემპარდი, რაულ მეირელეში - ფერნანდო ტორესი, ანელკა.
ლევერკუზენი (4-2-3-1): ლენო - კასტრო, რაინარტცი, ტოპრაკი, კადლეცი - ბალაკი, როლფესი - სემი, რენატო, შიურლე - კისლინგი.
არბიტრი: სტეფან ლანუა (საფრანგეთი)
გენკი-ვალენსია
ჯგუფის მეორე შეხვედრაში ერთმანეთს ბელგიური „გენკი“ და „ვალენსია“ დაუპირისპირდებიან. მიუხედავად იმისა, რომ „ვალენსიამ“ სეზონის წინ მნიშვნელოვანი სახეცვლილება განიცადა და გადაჭრით ვერცერთი ექსპერტი ვერ ამბობს, უფრო გაძლიერდა თუ უფრო დასუსტდა, „ღამურები“ ამ მატჩს ფავორიტის როლში ხვდებიან.
აღსანიშნავია, რომ „ვალენსიამ“ ესპანეთის ჩემპიონატში ორი გამარჯვებით კარგი სტარტი აიღო და ლოგიკურად, არც „გენკთან“ უნდა შერცხვეს, რომელსაც ამ სეზონში არ აქვს მაინცდამაინც კარგი შედეგები. თუმცა ისიც ვთქვათ, რომ „გენკი“ საკუთარ მოედანზე უმეტესად კარგად გამოიყურება ხოლმე და თანაც, ბელგიელებს დასაკარგი არაფერი აქვთ.
სავარაუდო შემადგენლობები
გენკი (4-3-3): კოტალესი - ნგჩონგჩა, იონელეიტი, ჰუბერტი, ნადსონი - ბაფელი, ტოშერი, პუდილი - ბარდა, ვოსენი, ნვანგანგა.
ვალენსია (4-2-3-1): გუაიტა - კოშტა, რამი, ალბა, ბრუნო - ბანეგა, ტოპალი - პიატი, პაბლო ერნანდესი, კოშტა - სოლდადო.
არბიტრი: ტომას აინვალერი (ავსტრია)
F ჯგუფი
ბორუსია (დ)-არსენალი
დორტმუნდის „ბორუსია“ ჩემპიონთა ლიგაში ცხრაწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა და „ლევერკუზენისა“ არ იყოს, პირველივე მატჩში ჯგუფის ფავორიტს, ლონდონის „არსენალს“ მასპინძლობს. დორტმუნდელთა ვუნდერკინდი მარიო გიოტცე აუცილებლად ყურადღების ცენტრში იქნება, რადგან აგვისტოში „არსენალის“ თავკაცი არსენ ვენგერი მზად იყო, „ბორუსიასთვის“ გიოტცეს სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო გადაეხადა, მაგრამ დორტმუნდელებმა 19 წლის ნახევარმცველის გაყიდვაზე უარი თქვეს. გიოტცე დღევანდელ მატჩს დასვენებული ხვდება, რადგან ბუნდესლიგაში დისკვალიფიცირებული იყო და „ჰერტასთან“ წაგებულ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.
„დორტმუნდის“ დარად, სეზონი „არსენალმაც“ ცუდად დაიწყო. მეტიც, „მანჩესტერ იუნაიტედთან“ განცდილი ფიასკო (2:8) „მეთოფეების“ ფანებს კიდევ ძალიან დიდხანს ეხსომებათ. აგვისტოს მიწურულს ლონდონელებმა დაცვის ხაზი გერმანიის ნაკრების მცველით, პერ მერტეზაკერით გააძლიერეს, რის შემდეგაც „არსენალის“ უკანა ხაზი აშკარად დასტაბილურდა. მერტეზაკერთან ერთად, გერმანიაში ბრუნდება ტომაშ როსიცკიც, რომელიც 2001-დან 2006 წლამდე სწორედ „დორტმუნდის“ ღირსებას იცავდა.
ლონდონელებს დღეს თვით ვენგერი არ ეყოლებათ, რადგან უეფას სადისციპლინო კომისიამ საკვალიფიკაციო ეტაპზე, „უდინეზესთან“ მატჩის დროს წესების დარღვევის გამო ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა.
სავარაუდო შემადგენლობები
ბორუსია დ. (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიჟჩეკი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი - ს. ბენდერი, გიუნდოგანი - გიოტცე, კაგავა, პერიშიჩი - ლევანდოვსკი.
არსენალი (4-4-2): შჩესნი - სანია, მერტეზაკერი, კოშელნი, გიბსი - არტეტა, სონგი, ფრიმპონგი, არშავინი - უოლკოტი, ვან პერსი.
არბიტრი: ჯანლუკა როკი (იტალია)
ოლიმპიაკოსი-მარსელი
ჯგუფის პარალელურ მატჩში „ოლიმპიაკოსი“ მარსელის „ოლიმპიკს“ მასპინძლობს. ბერძნული გრანდი მანიპულირებული მატჩების სკანდალის მსხვერპლია, რის გამოც „ოლიმპიაკოსს“ საბერძნეთის ჩემპიონატში ჯერ არ უთამაშია. „მარსელმა“ კი ამ სეზონში უკვე ხუთი მატჩი გამართა, თუმცა დიდიე დეშამის გუნდმა საფრანგეთის პირველობაზე ძალიან ცუდი სტარტი აიღო - ველოდრომელემს ჯერ არცერთი შეხვედრა არ მოუგიათ.
სავარაუდო შემადგენლობები
ოლიმპიაკოსი (4-2-3-1): კოსტანცო - მოდესტო, პაპადოპულოსი, მელბერგი, მარკანო - ფეისა, მაკუნი - ფუსტერი, იესტე, ფეტფატციდისი - მირალაში.
მარსელი (4-3-3): მანდანდა - მორელი, დიავარა, ფანი, ასპილიკუეტა - ლუჩო გონსალესი, დიარა, შეირუ - ამალფიტანო, ჟინიაკი, რემი.
არბიტრი: პედრო პროენსა (პორტუგალია)
G ჯგუფი
პორტუ-შახტარი
ეს არის ჯგუფი, რომელსაც გამოკვეთილი ფავორიტი არ ჰყავს და თუ ასეთი სტატუსი მაინც რომელიმე კლუბს უნდა მივანიჭოთ, პირველ რიგში ალბათ „პორტუს“ (მიუხედავად „შახტარისა“ და „ზენიტის“ პატივისცემისა). პორტუგალიურმა გრანდმა, რომელიც ევროპის ლიგის მოქმედი გამარჯვებულია, უმთავრესი ლიდერი ფალკაო და წარმატების მთავარი შემოქმედი, მწვრთნელი ანდრე ვილაშ ბოაში დაკარგა, რის გამოც არავინ იცის, როგორი იქნება „პორტუ“ ამ სეზონში. თუმცა ეს გუნდი წამყვან მოთამაშეებს თითქმის ყოველ ზაფხულს კარგავს ხოლმე, მაგრამ მერე მაინც ახერხებს წონასწორობის შენარჩუნებას და ლოგიკურად, წელსაც ასე უნდა მოხდეს.
აღსანიშნავია, რომ ფალკაოს გარდა „პორტუს“ ლიდერები არ დაუკარგავს, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდი წესით შარშანდელივით შეთამაშებული უნდა იყოს.
წესით, „პორტუში“ არც ტაქტიკის მხრივ უნდა შეიცვალოს ბევრი რამ - ახალი მთავარი მწვრთნელი ვიტორ პერეირა ხომ ვილაშ ბოაშის ასისტენტი გახლდათ. „პორტუმ“ სეზონი კარგად დაიწყო და ლიდერია, დღეს კი, პირველივე საჩემპიონთალიგო მატჩი მთავარ კონკურენტთან, დონეცკის „შახტართან“ უწევს. უკრაინულმა გრანდმა წინა სეზონში ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გააღწია და ცხადია, რომ დონეცკელებს წელსაც დიდი ამბიციები აქვთ.
სავარაუდო შემადგენლობები
პორტუ (4-3-3): ჰელტონი - მაიკონი, ალვარო პერეირა, ფუსილე, როლანდო - ბელუში, სოუზა, დეფური - როდრიგესი, კლებერი, ჰალკი.
შახტარი (4-2-3-1): რიბკა - სრნა, ჩიგრინსკი, რაკიცკი, გაი - ფერნანდინიო, ჰიუბშმანი - კოშტა, დენტინიო, ვილიანი - ადრიანო.
არბიტრი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)
აპოელ-ზენიტი
სანკტ პეტერბურგის „ზენიტს“ ჩემპიონთა ლიგის სამი ქულით დაწყება აქვს დაგეგმილი, რადგან კვიპროსული „აპოელი“ ამ ჯგუფის აუტსაიდერადაა მონათლული, რუსებს კი ჯგუფიდან გასვლა სურთ და ნიქოზიელებთან ქულების დაკარგვა არ აწყობთ. თუმცა „აპოელს“ საკუთარ მოედანზე ნამდვილად ხელეწიფება „ზენიტისთვის“, „პორტუსთვის“ ან „შახტარისთვის“ ქულების ართმევა, რაც იმას ნიშნავს, რომ პეტერბურგელებს იოლი გასეირნება არ ელით. „ზენიტი“ რუსეთის ჩემპიონატის ცხრილს სათავეში უდგას - შეგახსენებთ, რომ შარშან პეტერბურგელებმა დუბლი შეასრულეს.
სავარაუდო შემადგენლობები
აპოელ (4-4-2): კიოტისი - ჟორჟე, კაკა, ბონავენტურა, მორაიში - პურსაიტიდისი, მარჩინიო, ტრიკოვსკი, მანდუკა - პინტუ, აილტონი.
ზენიტი (4-2-3-1): მალაფეევი - ანიუკოვი, ბრუნო ალვეში, ლომბერტსი, კრიშიტო - შიროკოვი, დენისოვი - როზინა, ფაიზულინი, ლაზოვიჩი - კერჟაკოვი.
არბიტრი: ედუარდო გონსალესი (ესპანეთი)
H ჯგუფი
ბარსელონა-მილანი
ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მთავარი მშვენება კი ბოლო ჯგუფშია: ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული „ბარსელონა“ „ნოუ კამპზე“ იტალიის ჩემპიონ „მილანს“ მასპინძლობს. „ბარსას“ სხვა გრანდების ფეხბურთელები თუ ბოსებიც მსოფლიოში საუკეთესო კლუბს უწოდებენ და ცხადია, კატალონიურ გრანდს „მილანთან“ საშინაო მატჩშიც ფავორიტის სტატუსი აქვს. „ბარსელონას“ უნდა, ბოლოს და ბოლოს გახდებს პირველი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, რომელიც ამ უპრესტიჟულეს ტიტულს ზედიზედ ორჯერ მოიგებს.
„მილანთან“ მატჩის რეპეტიცია „ბარსამ“ წარმატებით ვერ გაიარა: პეპ გვარდიოლას ბიჭები სანტანდერში 2:0-ს იგებდნენ და საბოლოოდ 2:2-ს დასჯერდნენ. თუმცა აქ ისიც უნდა ითქვას, რომ გვარდიოლამ იმ მატჩი რამდენიმე ლიდერი დაასვენა. „მილანთან“ პეპი მხოლოდ ახალწვეულ ალექსის სანჩესს მოისაკლისებს (უდინეზედან ნაყიდი გარემარბი ტრავმირებულია), სამაგიეროდ, კატალონიელებს კარლეს პუიოლი დაუბრუნდებათ.
„მილანის“ თავკაც მასიმილიანო ალეგრის კი სულ სხვა პრობლემები აქვს: „როსონერის“ დამრიგებელი არა მარტო დისკვალიფიცირებულ ფეხბურთელებს, ფილიპ მექსეს და ჯენარო გატუზოს ვერ გამოიყენებს, არამედ რობინიოსა და ზლატან იბრაჰიმოვიჩზეც მოუწევს უარის თქმა - ბრაზილიელი ტრავმირებული იყო, შვედი თავდამსხმელი კი ორშაბათს, ვარჯიშზე დაშავდა. ამრიგად, ზლატანი ვერ ბრუნდება „ნოუ კამპზე“ - სტადიონზე, სადაც 2009/2010 წლების სეზონში თავს შინაურად გრძნობდა.
ლეო მესი კი ცხადია, ისევ ყურადღების ცენტრში იქნება - არგენტინელი ამ სეზონში ხომ მორიგ რეკორდს უმიზნებს. 9, 8 და 12 გოლით არგენტინელი წინა სამ სეზონში საუკეთესო ბომბარდირის წოდებას არავის უთმობდა და თუ ჩემპიონთა ლიგაში წელსაც ყველაზე მეტი გაიტანა, ლეგენდარული გერმანელი გოლეადორის, გერდ მიულერის რეკორდს გაიმეორებს - ნაციის ბომბარდირი ჩემპიონთა თასის საუკეთესო მეგოლე ოთხჯერ, 1973, 74, 75 და 77 წლებში გახდა. ზედიზედ ოთხჯერ კი ამის გაკეთება ვერც თვით დიდმა გერდმა შეძლო. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ „ბარსას“ ამ ჯგუფში „ბატესთან“ და „ვიქტორიასთანაც“ მოუწევს თამაში (თანაც, ორ-ორჯერ), უნდა ითქვას, რომ ლეოს იდეალური შანსი აქვს.
სავარაუდო შემადგენლობები
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - ალვეში, პუიოლი, აბიდალი, ადრიანო - ჩავი, ბუსკეტსი, ინიესტა - პედრო, მესი, ვილია
მილანი (4-3-1-2): აბიატი - აბატე, ნესტა, სილვა, ანტონინი - ნოჩერინო, ვან ბომელი, აკვილანი - ბოატენგი - კასანო, პატო.
არბიტრი: მარტინ ატკინსონი (ინგლისი)
ვიქტორია-ბატე
„ბარსა“-„მილანის“ ფონზე „ვიქტორია პლზენისა“ და ბორისოვოს „ბატეს“ მატჩზე ყურადღების გამახვილება ეგებ არც ღირს, მაგრამ ის მაინც ვთქვათ, რომ ამ გუნდების მიზანი მესამე ადგილისთვის ბრძოლაა და აქედან გამომდინარე, უშუალო დუელი ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანია. როგორც იცით, ჯგუფში მესამე ადგილზე გასული გუნდი ევროპის ლიგაში აგრძელებს ასპარეზობას.
სავარაუდო შემადგენლობები
ვიქტორია (4-2-3-1): ჩეხი - რაიტორალი, ჩისოვსკი, ბისტრონი, ლიმბერსკი - ირჟაჩეკი, ჰორვატი - პეტრჟელა, კოლარი, პილარი - ბაკოსი.
ბატე (3-5-1-1): გუტორი - ფილიპენკო, იურევიჩი, შიმიჩი - ნეხაიჩიკი, ბაგა, რენანი, ვოლოდკო, რუდიკი - კონცევოი - კეჟმანი.
არბიტრი: ლორან დუჰამელი (საფრანგეთი)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"