დღევანდელი მატჩებიდან "ბარსა"-"მილანის" რანგის არც ერთი არაა, მაგრამ რამდენიმე შეხვედრა დიდ ინტერესს იწვევს. მაგალითად, "ვილიარეალი"-"ბაიერნი" ან იმავე ჯგუფის მეორე მატჩი, რომელშიც "მანჩესტერ სიტი" "ნაპოლის" მასპინძლობს.
საინტერესო იქნება "ბენფიკასა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" დაპირისპირება "ესტადიო და ლუჟზე", ასევე "აიაქსისა" და "ლიონის" დუელი "ამსტერდამ არენაზე".
A ჯგუფი
"ვილიარეალი"-"ბაიერნი"
"ბაიერნისთვის" პროექტი "მიუნხენი 2012" დღეს, 14 სექტემბერს "ვილიარეალთან" გასვლითი მატჩით იწყება. პროექტი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლას გულისხმობს - ბავარიელებს სწორედ ასეთი მიზანი აქვთ დასახული, რაც რთული იქნება, მაგრამ რაკი ფინალი
რეკორდმაისტერის მთავარი მწვრთნელის, იუპ ჰაინკესის თქმით, ეს ფაქტორი მისი გუნდისთვის საუკეთესო მოტივატორია.
"მართალია, სიკვდილის ჯგუფში მოვხვდით და ესეც რომ არ იყოს, ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტები "ბარსელონა", "რეალი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" არიან, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ერთ მშვენიერ დღეს ჩემს გუნდს ნებისმიერი მათგანის დამარცხება შეუძლია," - აცხადებს მიუნხენელთა მთავარი მწვრთნელი.
ამრიგად, "ბაიერნისთვის" კარგი სტარტის აღება ძალიან მნიშვნელოვანია.
ბავარიული გრანდის ვიცე-პრეზიდენტ კარლ-ჰაინც რუმენიგეს თქმით, "ვილიარეალთან" გასვლით შეხვედრაში მხოლოდ წაგება არ ჩაითვლება კარგ სტარტად, რაც იმას ნიშნავს, რომ რეკორდმაისტერი ფრეზეც თანახმაა. ჰაინკესი მთავარ ფეხბურთელს, არიენ რობენს დღესაც ვერ გამოიყენებს - ჰოლანდიელმა გარემარბმა ტრავმის მოშუშება ვერ მოასწრო.
მას შეტევის მარჯვენა ფლანგზე თომას მიულერი შეცვლის, ამ უკანასკნელის ადგილს კი, ცენტრალური შემტევი ნახევარმცველის ადგილზე ტონი კროოსი დაიკავებს.
"ვილიარეალმა" ესპანეთის ჩემპიონატში მოღვაწეობა "ბარსელონასთან" განცდილი კრახით (0:5) დაიწყო, თუმცა გასულ უქმეებზე გუნდმა "სევილიასთან" მიღწეული ფრით (2:2) თავდაჯერება დაიბრუნა. როსი და კომპანია "ბაიერნთან" შევხედრისთვის უაღრესად მოტივირებულები არიან.
სავარაუდო შემადგენლობები
ვილიარეალი (4-4-2): დიეგო ლოპესი - ანხელი, საპატა, გონსალო როდრიგესი, ორიოლი - კამუნასი, სენა, ბორხა ვალერო, კანი - ნილმარი, როსი.
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - რაფინია, ბოატენგი, ბადშტუბერი, ლამი - ლუის გუსტავო, შვაინშტაიგერი - თ. მიულერი, კროოსი, რიბერი - გომესი.
არბიტრი: ჩუნეით ჩაქირი (თურქეთი)
"მანჩესტერ სიტი"-"ნაპოლი"
სიკვდილის ჯგუფის მეორე შეხვედრაში კი ერთმანეთს "მანჩესტერ სიტი" და "ნაპოლი" დაუპირისპირდებიან. ექსპერტები ამ ჯგუფში ფავორიტად "ბაიერნთან" ერთად "სიტის" ნათლავენ, რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ რობერტო მანჩინის სამწყსო იტალიურ "ნაპოლისთან" საშინაო შეხვედრაშიც ფავორიტია.
ამასთან, "სიტი" ინგლისის ჩემპიონატში შესანიშნავად ასპარეზობს, გასულ უქმეებზე "უიგანი" 3:0 დაამარცხა და თანაქალაქელ "იუნაიტედთან" ერთად, პრემიერლიგაში ჯერჯერობით ქულები არ დაუკარგავს.
აღსანიშნავია, რომ სეზონი ნეაპოლელებმაც კარგად დაიწყეს: ვალტერ მაძარის გუნდმა შაბათს "ჩეზენას" სტუმრად დამაჯერებლად, 3:1 მოუგო. ფაქტია, რომ კავანი, ლავეცი და კომპანია "სიტის" იოლად არაფერს დაუთმობენ.
სავარაუდო შემადგენლობები
მანჩესტერ სიტი (4-2-3-1): ჰარტი - რიჩარდსი, კომპანი, ლესკოტი, კლიში - იაია ტურე, ბერი - ნასრი, სილვა, მილნერი - აგუერო.
ნაპოლი (3-4-3): დე სანკტისი - კამპანიარო, კანავარო, არონიკა - მაჯო, ინლერი, ჯემაილი, დოსენა - ჰამშიკი, კავანი, ლავეცი.
არბიტრი: იონას ერიკსონი (შვედეთი)
B ჯგუფი
"ინტერი"-"ტრაბზონი"
"ნაპოლისგან" განსხვავებით, მილანის "ინტერმა" იტალიის ჩემპიონატი წაგებით დაიწყო: "ნერაძური" კვირას პალერმოში 3:4 დამარცხდა - მილანელები ორჯერ იგებდნენ, მაგრამ სიცილიელებმა საბოლოოდ თამაში შეატრიალეს.
"ინტერის" ახალწვეულმა დიეგო ფორლანმა სერია A-ში პირველი გოლი გაიტანა, დღეს კი, ჩემპიონთა ლიგის პირველ მატჩში "ტრაბზონსპორთან" ვერ ითამაშებს. ურუგვაელმა ამ სეზონში "ატლეტიკოს" ფორმით უკვე იასპარეზა ევროპის ლიგაში, რის გამოც "ინტერს" ევროსარბიელზე 2012 წლამდე ვერ დაეხმარება.
რაც შეეხება მილანელთა მეტოქეს: "ტრაბზონს" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე წესით არ უნდა ეთამაშა, რადგან თურქეთის ვიცე-ჩემპიონი საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე რაუნდში დამარცხდა. მაგრამ "ტრაბზონი" უეფამ ჯგუფურ ეტაპზე მაინც მოახვედრა და კერძოდ თურქეთის ჩემპიონ "ფენერბაჰჩეს" ნაცვლად - შეგახსენებთ, რომ "ფენერი" მანიპულირებული მატჩების სკანდალს შეეწირა.
თუმცა სანამ უეფა ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა, ტრაბზონელებმა ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბილბაოს "ატლეტიკთან" თამაშის ჩატარება მოასწრეს, საიდანაც მთავარი მწვრთნელის, შენოლ გიუნეშისა და ტოპ-გოლეადორ ბურაკ ილმაზის დისკვალიფიკაციები გადმოჰყვათ. შესაბამისად, ილმაზი "ინტერთან" ვერ ითამაშებს, გიუნეში კი გუნდს ვერ უხელმძღვანელებს.
სავარაუდო შემადგენლობები
ინტერი (3-4-1-2): ჟულიო სეზარი - ლუსიო, სამუელი, ხ. ძანეტი - ჯონათანი, სტანკოვიჩი, კამბიასო, ნაგატომო - სნეიდერი - მილიტო, პაცინი.
ტრაბზონი (4-4-2): ზენგინი - გლოვაცკი, კაჩარი, ჩელუსტკა, ბალჩი - ზოკორა, კოლმანი, ალანზინიო, აკგიუნი - ბროძეკი, ალთინთოფი.
არბიტრი: შტეფან იუჰანსონი (შვედეთი)
"ლილი"-"ცსკა"
"ინტერის" გულშემატკივრებს ფორლანის ევრო-ამბავი მაინცდამაინც არ სწყენიათ, რადგან მილანური კლუბი არცისე რთულ ჯგუფში მოხვდა. პარალელურ შეხვედრაში "ლილი" მოსკოვის ცსკა-ს მასპინძლობს.
ფრანგებმა გასულ უქმეებზე "სენტ ეტიენს" 3:1 მოუგეს, ცსკა კი თანაქალაქელ "დინამოსთან" 0:4 განადგურდა. აქვე იმასაც გეტყვით, რომ მოსკოველებს ახლაც და კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში არ ეყოლებათ ძირითადი მეკარე იგორ აკინფეევი და იაპონელი კეიშუკე ჰონდა.
არბიტრი: ოლეგარიო ბენკერენშა (პორტუგალია)
C ჯგუფი
"ბენფიკა"-"მანჩესტერ იუნაიტედი"
ამ ჯგუფს წინა სეზონის ფინალისტ "მანჩესტერ იუნაიტედის" სახით გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავს და სასწაული უნდა მოხდეს, სერ ალექს ფერგიუსონის გუნდმა პირველი ადგილი რომ ვერ დაიკავოს.
ერთადერთი გუნდი, რომელსაც "იუნაიტედისთვის" კონკურენციის გაწევა შეუძლია, პორტუგალიის ვიცე-ჩემპიონი "ბენფიკაა" და დღეს მანჩესტერელები სწორედ ლისაბონში ითამაშებენ.
გასულ უქმეებზე ინგლისურმა გრანდმა "ბოლტონთან" მორიგი ბრწყინვალე გამარჯვება იზეიმა - ფერგის ბიჭებმა 5:0 მოიგეს, უეინ რუნიმ კი კიდევ ერთი ჰეთ-თრიკი შეასრულა. ამ უკანასკნელს "მანჩესტერში" უკვე შვიდი ჰეთ-თრიკი აქვს შესრულებული, რითიც ლეგენდარული სერ ბობი ჩარლტონის რეკორდი გაიმეორა.
წესით, მანჩესტერელებს "ესტადიო და ლუჟზე" მოგება უნდა გაუჭირდეთ, რადგან ამ არენაზე ყოველთვის გრანდიოზული ატმოსფეროა და თანაც, "ბენფიკა" ცუდ ფორმაში არ არის. ლისაბონელებმა უიქენდზე "გიმარაეში" 2:1 დაამარცხეს და ოთხი ტურის შემდეგ წაუგებლები არიან, ცხრილში კი მხოლოდ "პორტუს" ჩამორჩებიან.
სავარაუდო შემადგენლობები
ბენფიკა (4-1-3-2): არტური - პერეირა, ლუიზაო, გარაი, ემერსონი - გარსია - ვიტსელი, გაიტანი, ნოლიტო - სავიოლა, კარდოსო.
მანჩესტერ იუნაიტედი (4-4-2): დე ხეა - ჯონსი, სმოლინგი, ფერდინანდი, ფაბიო - ნანი, ქერიკი, ანდერსონი, იანგი - რუნი, ჩიჩარიტო.
არბიტრი: დამირ სკომინა (სლოვენია)
"ბაზელი"-"ოცელული"
შვეიცარიული "ბაზელი" და რუმინული "ოცელული" კი ჯგუფის აშკარა აუტსაიდერები არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ შორის გასამართი პირველი პაექრობა საკმაოდ პრინციპულია იმ თვალსაზრისით, რომ ორივე მათგანმა მესამე ადგილისთვის უნდა იბრძოლოს.
"ბაზელმა" შვეიცარიის ჩემპიონატში "სერვეტი" 4:0 გაანადგურა, რაც იმას ნიშნავს, რომ დღევანდელი მატჩისთვის სრულ მზადყოფნაშია. აღსანიშნავია ისიც, რომ შვეიცარიის ჩემპიონს დაცვის ხაზში სამი ახალწვეული ჰყავს და სამივე სასტარტო შემადგენლობაში თამაშობს: იუ-ჰუ პარკი, ალეკსანდარ დრაგოვიჩი და მარკუს შტაინჰიოფერი.
რაც შეეხება "ოცელულს" - რუმინული კლუბი ჩემპიონთა ლიგის დებიუტანტია, გუნდის მთავარი ვარსკვლავი კი მწვრთნელია: "ოცელულს" რუმინეთის ნაკრების რეკორდსმენი დორინელ მუნტეანუ წვრთნის.
სავარაუდო შემადგენლობები
ბაზელი (4-4-2): ზომერი - შტაინჰიოფერი, აბრაამი, დრაგოვიჩი, ი. ჰ. პარკი - ჰუგელი, კაბრალი, ფ. ფრაი, შაქირი - ა. ფრაი, შტრელერი.
ოცელული (4-5-1): გრაჰოვაცი - რაპა, კოსტინი, სარგი, ილიე - ანტალი, გიურგიუ, ფრუნცა, პარაშივი, იბე - პენა.
არბიტრი: ვილიამ კოლუმი (შოტლანდია)
D ჯგუფი
"დინამო (ზ)"-"რეალი"
ორი აზრი არ არსებობს, მადრიდის "რეალი" D ჯგუფის ფავორიტია და წესით, ევროსარბიელზე ასპარეზობა გამარჯვებით უნდა დაიწყოს, რადგან პირველივე ტურში აუტსაიდერს, ზაგრების "დინამოს" ხვდება.
"რეალმა" გასულ უქმეებზე "ხეტაფე" 4:2 დაამარცხა და მიუხედავად გამარჯვებისა, მადრიდელთა დამრიგებელი ჟოზე მოურინიო უკმაყოფილო გახლდათ - ცუდად ვითამაშეთო.
მართლაც: "რეალს" "ხეტაფესთან" ბევრი ნაკლი ჰქონდა. ეს განსაკუთრებით ფაბიო კოენტრაოზე ითქმის, რომელიც ჟოზემ სამი ხედირას არყოფნაში საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე ათამაშა. მოურინიოს წინა სეზონიდან დისკვალიფიკაცია გადმოჰყვა და პორტუგალიელი სპეციალისტი სათადარიგოთა სკამზე ვერ დაჯდება.
გაზეთ AS-ის ცნობით, ჟოზე ზაგრებში წასვლას საერთოდ არ აპირებს და გადაწყვიტა, თავისი გუნდის თამაშს ხუთვარსკვლავიანი სასტუმროდან უყუროს. არადა, "დინამოს" ხელმძღვანელებმა მოურინიოს სტადიონზე VIP-ლოჟაში დაჯდომა შესთავაზეს. ჩვენი ესპანელი კოლეგების ინფორმაციით, ჟოზემ ზაგრებში წასვლა იმიტომ იუარა, რომ სასტუმროდან თავის ასისტენტ აიტორ კარანკას უპრობლემოდ დაეკონტაქტება და შეხვედრის დროს რჩევებს მისცემს.
რაც შეეხება ზაგრების "დინამოს": ხორვატებმა ზაფხულში გუნდი იოზიპ შიმუნიჩითა და დომაგოი ვიდათი გააძლიერეს, მაგრამ დღეს მხოლოდ ამ უკანასკნელს გამოიყენებენ, რადგან შიმუნიჩი დისკვალიფიცირებულია. ზაგრების "დინამომ" გასულ უქმეებზე ზედიზედ ექვსი გამარჯვების შემდეგ, სპლიტის "ჰაიდუკთან" 1:1 ითამაშა.
სავარაუდო შემადგენლობები
დინამო ზ. (4-4-2): კელავა - ტონელი, ვიდა, კუფრე, იბანიესი - კალელო, ლეკო, სამირი, ბადელი - ბეჩირაი, რუკავინა.
რეალი (4-2-3-1): კასილიასი - სერხიო რამოსი, პეპე, კარვალიო, მარსელო - ჩაბი ალონსო, კოენტრაო - დი მარია, იოზილი, რონალდო - ბენზემა.
არბიტრი: სვეინ ოდვარ მოენი (ნორვეგია)
"აიაქსი"-"ლიონი"
ლოგიკურად, "რეალმა" პირველი ადგილი უპრობლემოდ უნდა დაიკავოს, მეორე პოზიციისთვის კი "აიაქსი" და "ლიონი" იბრძოლებენ. დღეს ისინი ერთმანეთს "ამსტერდამ არენაზე" ხვდებიან.
ჰოლანდიის ჩემპიონატში "აიაქსი" "ჰერაკლესის" დამარცხების შემდეგ (3:2) გალიდერდა, საფრანგეთში კი, "ლიონი" მეორე ადგილზეა ("მონპელიეს" ჩამორჩება). "ლიონის" თავკაცი რემი გარდე ამსტერდამში კაპიტან კრისს და თავდამსხმელ ლისანდრო ლოპესს ვერ გამოიყენებს - ორივე ტრავმირებულია.
სავარაუდო შემადგენლობები
აიაქსი (4-3-3): ვერმეერი - ვან დერ ვილი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, ბოილესენი - ს. დე იონგი, ერიკსენი, ტ. იანსენი - სულეიმანი, სიგტორსონი, ბურიგტერი.
ლიონი (4-4-2): ლორისი - რევეილერი, ლოვრენი, კონე, სისოხო - პიდი, გონალონსი, კალსტრიომი, ბასტოსი - ბრიანი, გომისი.
არბიტრი: ვოლფგანგ შტარკი (გერმანია)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"