ბაიერნი-ვილიარეალი 3:1
გოლები: 1:0 რიბერი (3) 2:0 გომესი (24) 2:1 დე გუზმანი (50), 3:1 რიბერი (69)
კუთხური: 5-5; ჯარიმა: 10-11; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 16-7 (6-3); ბურთის ფლობა: 63%-37%
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე “ბაიერნმა” პლეი ოფის საგზურთან ერთად ე.წ. “სიკვდილის ჯგუფში” გამარჯვება დაიბევა. რეკორდმაისტერმა აუტსაიდერთან ძალები დაზოგა და ამის მიუხედავად მისი უპირატესობა აშკარა იყო. უკვე მე-3 წუთზე კროოსის პასით რიბერი მეკარესთან ერთი ერთზე დარჩა. დიეგო ლოპესი ფრანგის იოლ ლუკმად იქცა - 1:0.
სასტარტო შტურმი და
პირველად მეტოქის კარისკენ “სუბმარინებმა” მე-17 წუთზე დაარტყეს - ანხელ ლოპესის შორეულმა დარტყმამ ნოიერი ვერ შეაშინა, რადგან ბურთი დიდი მანძილით ასცდა მის კარს. 24-ე წუთზე ისევ გერმანელების ჯერი დადგა - თავი მარიო გომესმა გამოიჩინა. უნდა აღინიშნოს რომ შვედმა არბიტრმა მარკუს სტრემბერგსონმა შეცდომა დაუშვა. ტიმოშჩუკის დარტყმის დროს, რომელიც ძელს მოხვდა და გომესს მიუვიდა, “სუპერმარიო” თამაშგარეში იყო.
რაც არის, არის. გომესს ბურთი ჩაუთვალეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მის ანგარიშზე ჩემპიონთა ლიგაში უკვე 17 გოლია, რაც საუკეთესო შედეგია გერმანელ ფეხბურთელებს შორის. აქამდე ყველაზე შედეგიანი მიხაელ ბალაკი იყო 16 ბურთით.
პირველი ტაიმის დასრულებამდე “ბაიერნს” კიდევ შეეძლო გატანა, მაგრამ სიზუსტე არ ჰყოფნიდა. მეორე ტაიმის დებიუტიც გერმანელების შეტევებით დაიწყო, მაგრამ გოლი აქეთ გაუშვეს. ხოან არეოლის პასი დიდებული დარტყმით გადაგზავნა კარში ჯონათან დე გუზმანმა. 69-ე წუთზე მატჩს წერტილი დაესვა - ეს ისევ ფრანკ რიბერიმ გააკეთა.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ფრანკ რიბერი
ნაპოლი-მანჩესტერ სიტი 2:1
გოლები: 1:0 კავანი (17) 1:1 ბალოტელი (33) 2:1 კავანი (49)
კუთხური: 3-5; ჯარიმა: 10-11; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 12-15 (6-7); ბურთის ფლობა: 39%-61%
პრემიერლიგაში წარმატებული გამოსვლის მიუხედავად “ქალაქელები” ჩემპიონთა ლიგაში სუსტად გამოიყურებიან. “ნაპოლიმ” მეტოქე ვერ დაჩაგრა, მაგრამ დაამარცხა და ახლა ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. თუკი ვალტერ მაცარის გუნდი “ვილიარეალს” გასვლაზეც მოუგებს, “სიტის” ვეღარც “ბაიერნთან” საშინაო გამარჯვება უშველის.
პირველი 5 წუთი გუნდებმა ერთმანეთის დაზვერვას მოანდომეს. ბურთს უმეტესად ინგლისელები აკონტროლებდნენ, თუმცა კარში დარტყმამდე საქმე არ მიდიოდა. ამის შემდეგ “ქალაქელებმა” საქმეს ხელი მოკიდეს. ჯერ იაია ტურემ დაარტყა არაზუსტად, შემდეგ - ბალოტელიმ.
“ნაპოლიმ” ლავესი-ჰამშიკის კომბინაციით უპასუხა, რომელიც ჰარტმა იოლად აიღო. მე-17 წუთზე ანგარიში გაიხსნა. ინლერის პასი კავანიმ თავი ლამის ვარდნაში წაჰკრა, ბურთი მიწაზე დაეცა, ჰარტმა სცადა კუთხის დაფარვა, მაგრამ ვერას გახდა. ურუგვაელს ორიოდე წუთში შეეძლო დუბლის შესრულება, მაგრამ ბურთი ბადეს გარედან გაარტყა. სტუმრებმა გათანაბრება მალევე მოახერხეს. ჯეკომ სილვას პასი საჯარიმოში შეუგდო. ესპანელმა მახვილი კუთხიდან დაარტყა. დე სანკტისმა მოიგერია, მაგრამ ბალოტელის მიმართულებით, ვინც ბურთი დაუცველ კარში გადაგზავნა - 1:1.
მეორე ტაიმის დებიუტში “ნაპოლიმ” ისევ გაიტანა და ისევ მოულოდნელად. გოლი კლასიკურ კონტრშეტევას მოჰყვა, რომელშიც ნახევარმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა - არონიკამ, კავანიმ, ლავეციმ და დოსენამ ბურთი წამებში გადაიტანეს მეტოქის ნახევარზე, სადაც საჭირო ადგილას მას ისევ კავანი დახვდა - 2:1.
ყოველივეს მასპინძლების შტურმი მოჰყვა. ჰამშიკის დარტყმა ლესკოტმა გამოიტანა ცარიელი კარიდან. მალე ჯერ ისევ ჰამშიკმა დაარტყა არაზუსტად, შემდეგ - ინლერმა. 76-ე წუთზე ისევ სლოვაკს შეეძლო გატანა, მაგრამ შტანგას გაარტყა.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ედინსონ კავანი
თ მ ფ წ ბ ქ
1. ბაიერნი 5 4 1 0 11-3 13
2. ნაპოლი 5 2 2 1 8-6 8
3. მანჩ. სიტი 5 2 1 2 7-6 7
4. ვილიარეალი 5 0 0 5 2-12 0
ჯგუფი B
ცსკა-ლილი 0:2
გოლები: 0:1 ვ. ბერეზუცკი (49 ს.კ.), 0:2 სოვი (64)
კუთხური: 2-6; ჯარიმა: 11-17; თამაშგარე: 1-7; კარში დარტყმა: 6-10 (3-6); ბურთის ფლობა: 44%-56%
მოსკოველმა არმიელებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს. ისინი ბურთის გათამაშებას მოედნის ორივე ნახევარზე ერთნაირად იოლად ახერხებდნენ. პირველი სახიფათო სიტუაცია სტუმართა კართან ვაგნერ ლავს შეექმნა, მაგრამ ბრაზილიელმა ზუსტად ვერ დაარტყა. ორიოდე წუთში მამაევს შეეძლო გატანა. მის დარტყმულს წინ მცველი აღუდგა. მე-19 წუთზე დებიუში-აზარი-სოვის კომბინაცია სენეგალელის დარტმით დასრულდა.
ბურთი ამჯერადაც მცველმა მიიღო თავის თავზე. მე-40 წუთზე იგნაშევიჩმა არ მისცა მუსა სოვს დარტყმის საშუალება, თორემ ანგარიში ნამდვილად გაიხსნებოდა.
ერთი სიტყვით პირველმა ტაიმმა სტუმართა უპირატესობით ჩაიარა. მეორე ნახევარის დებიუტში ბალმონმა სოვის მისცა ჭკვიანური პასი. სენეგალელის წინ ბურთი მიწაზე ახტა. რითაც ვასილი ბერეზუცკიმ ისარგებლა და ბურთი ფეხიდან ააცალა. მისდა სამწუხაროდ გაბულოვის კარი ერთადერთი იყო, საითაც ბურთს გაფრენა შეეძლო. მეკარეს რეაქცია არ ჰქონია.
64-ე წუთზე ედენ აზარმა ჯო კოულს დიდებული პასი მიაწოდა საჯარიმოში. ინგლისელმა ის ერთი შეხებით გადაგზავნა კარში და ძელს გაარტყა. დამატებაზე ყველას სოვმა დაასწრო. ფრანგებს მეტოქის განადგურებაც შეეძლოთ, მაგრამ 93-ე წუთზე მომენტით ტულიო დე მელომ ვერ ისარგებლა.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ედენ აზარი
ტრაბზონსპორი-ინტერი 1:1
გოლები: 0:1 ალვარესი (18), 1:1 ალტინტოპი (23)
კუთხური: 6-9; ჯარიმა: 16-11; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 13-6 (7-3); ბურთის ფლობა: 51%-49%
“ინტერმა” ვერ შეძლო “ტრაბზონსპორთან” საშინაო მარცხისთვის რევანშის აღება. არადა, შეეძლოთ ამის გაკეთება. მე-18 წუთზე ალვარესი-მილიტო-ალვარესის კომბინაციას “ტრაბზონის” დაცვა პირდაღებული უყურებდა. 23 წლის არგენტინელი ნახევარმცველი მეკარესთან პირისპირ დარჩა და ბურთი ტექნიკური დარტყმით შორეულ დაბალ კუთხეში გაახვია - 0:1.
სამ წუთში თურქებს ანგარიშის გათანაბრება შეეძლოთ, მაგრამ ილმაზის ვარდნაში დარყმული კარს სანტიმეტრებში ასცდა. საპასუხო გოლი მაინც მალე გავიდა. ჰალილ ალტინტოპმა 30 მეტრიდან დასცხო. ბურთი ჯერ სამუელის ზურგს მოხვდა, მერე ხარიხას და კარის ხაზი ისე გადაკვეთა.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ბურაქ ილმაზი
თ მ ფ წ ბ ქ
1. ინტერი 5 3 1 1 7-5 10
2. ტრაბზონი 5 1 3 1 3-5 6
3. ცსკა 5 1 2 2 7-7 5
4. ლილი 5 1 2 2 6-6 5
ჯგუფი C
მანჩესტერ იუნაიტედი-ბენფიკა 2:2
გოლები: 0:1 ჯონსი (3 ს.კ.), 1:1 ბერბატოვი (30), 2:1 ფლეტჩერი (59), 2:2 აიმარი (61)
კუთხური: 6-2; ჯარიმა: 18-22; თამაშგარე: 9-0; კარში დარტყმა: 10-8 (7-4); ბურთის ფლობა: 64%-36%
მატჩი ასე დაიწყო: ტექნიკურმა პორტუგალიელებმა მრავალსვლიანი კომბინაცია ცენტრში გაათამაშეს. გაიტანის დაბალი ჩაწოდების ჩაჭრა ფილ ჯონსმა მოინდომა, მაგრამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. თითქოს ამას “მანჩესტერ იუნაიტედის” გაბრაზება უნდა გამოეწვია, მაგრამ უეინ რუნის გარეშე დარჩენილი “ეშმაკები” უკბილოდ იკბინებოდნენ.
30-ე წუთზე ძირითადში დაბრუნებულმა დიმიტარ ბერბატოვმა გამოიჩინა თავი. თუმცა ჩვენი აზრით არბიტრი გიუნეთ ჩაქირი შეცდა. პასის მომენტში ბულგარელი თამაშგარე მდგომარეობაში იყო. რეალური მომენტი ჰქონდა გასატანად ეშლი იანგს, როცა დე ხეას მიერ წამოწყებული კომბინაციას აგრძელებდა, მაგრამ ინგლისელმა არტურს ვერ აჯობა.
59-ე წუთზე მასპინძელთა ქაოსური შეტევა გოლით დასრულდა. კარში დარტყმის რამდენიმე მცდელობის შემდეგ ბურთი ევრას მიუვიდა. ფრანგმა ფლეტჩერი მონახა. შოტლანდიელმა ანგარიში 2:1 გახადა.
ანგარიში ზუსტად 2 წუთში გათანაბრდა. დე ხეამ ბურთი ცუდად გამოიტანა, ფერდინანდმა საჯარიმოში გამჭოლი გადაცემა ცუდად ჩაჭრა, აიმარმა კი “მანიუს” დაცვის შეცდომათა მთელი “თაიგულით” ისარგებლა - 2:2.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: აქსელ ვიტცელი
ოცელული-ბაზელი 2:3
გოლები: 0:1 ფ. ფრაი (10), 0:2 ა. ფრაი (14), 0:3 შტრელერი (37), 1:3 გურგიუ (75), 2:3 ანტალი (86)
კუთხური: 5-1; ჯარიმა: 18-25; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 8-9 (4-3); ბურთის ფლობა: 53%-47%
შეხვედრა ჰაიკო ფოგელის შეგირდების უპირატესობით დაიწყო. მე-14 წუთზე ისინი უკვე 2:0-ს იგებდნენ. შტრელერის პასებით შემდეგ ჯერ ფაბიან ფრაიმ გამოიჩინა თავი, შემდეგ ალექსანდრ ფრაიმ. 37-ე წუთზე უკვე თავად მარკო შტრელერმა გამოიჩინა თავი. პირველი ტაიმი ასევე დასრულდა. 75-ე წუთიდან კი რუმინელებმა თამაში შემოაბრუნეს. თავი გამოიჩინეს ჯერ გაბრიელ გურგუიმ, შემდეგ დიდებული გოლი გაიტანა საჯარიმოს მისადგომებიდან „ოცელულის“ კაპიტანმა ლივიუ ანტალმა.
თითქოს მატჩის გადარჩენა კიდევ შეიძლებოდა, მაგრამ სენსაცია არ შედგა. შვეიცარიელებმა შეძლეს ანგარიშის შენარჩუნება.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: მარკო შტრელერი
თ მ ფ წ ბ ქ
1. ბენფიკა 5 2 3 0 7-4 9
2. მანჩესტერ იუნაიტედი 5 2 3 0 10-6 9
3. ბაზელი 5 2 2 1 9-9 8
4. ოცელული 5 0 0 5 3-10 0
ჯგუფი D
ლიონი-აიაქსი 0:0
კუთხური: 4-5; ჯარიმა: 13-13; თამაშგარე: 4-4; კარში დარტყმა: 14-11 (7-3); ბურთის ფლობა: 54%-46%
ჰოლანდიის ჩემპიონისა და საფრანგეთის ბრინჯაოს პრიზიორის შეხვედრებმა ღარიბი სანახაობები გვაჩუქა. გუნდებმა 180 წუთის განმავლობაში ვერ შეძლეს ერთმანეთისთვის გოლის გატანა. ბოლო ტურში ”აიაქსს” ”რეალთან” საშინაო შეხვედრაში ქულაც ჰყოფნის, რათა პლეი ოფის საგზური გაინაღდოს. ”ლიონს” კი ჯგუფიდან გასასვლელად მიზერული შანსი დარჩა. ამსტერდამელებმა კარგა გვარიანად უნდა წააგონ, თავად კი ზაგრებში დიდი ანგარიშით მოიგონ.
ეს ფეხბურთია და თითქმის ყველაფერი ხდება, მაგრამ ”თითქმის ყველაფერი” საკმარისი არ არის. რემი გარდის ახალგაზრდულ გუნდს 90%-ით ევროპის ლიგაში მოუწევს თამაშის გაგრძელება.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: კენეტ ვერმეერი
რეალი-დინამო(ზ) 6:2
გოლები: 1:0 ბენზემა (2), 2:0 კალოხონი (7), 3:0 იგუაინი (9), 4:0 იოზილი (20), 5:0 კალოხონი (49), 6:0 ბენზემა (66), 6:1 ბეჩირაი (81), 6:2 ტომეჩაკი (90)
კუთხური: 7-2; ჯარიმა: 14-8; თამაშგარე: 6-2; კარში დარტყმა: 17-4 (13-3); ბურთის ფლობა: 63%-37%
ამ ”რეალის” ყველას უნდა ეშინოდეს. აშკარაა, ”სამეფო ბიჭებმა” დანდობა რას ნიშნავს, არ იციან. ჩემპიონთა ლიგაში მატჩის მე-20 წუთზე 4:0 იშვიათად ყოფილა, თუ ყოფილა ოდესმე. ჟოზე მოურინიოს შეგირდები მინდორზე სავარჯიშოდ გამოვიდნენ, მაგრამ დინამოელებმა სახელოვან მეტოქესთან სპარინგპარტნიორის როლიც კი ვერ ითამაშეს.
ხორვატული გუნდი უფრო მეტად საკრივო მსხალს ჰგავდა, ვიდრე ღირსეულ მეტოქეს. და ის, რომ ”დინამომ” ბოლო 10 წუთში ორჯერ გაიტანა და სახე შეინარჩუნა, უფრო მადრიდელთა დამსახურება გვგონია, რადგან ”რეალი” მეტისმეტად ძლიერია იმისთვის, რომ ასეთ მეტოქესთან კონცენტრაცია 90 წუთი შეინარჩუნოს. გულშემატკივარს გულწრფელად ვურჩევთ შეხვედრა თავიდან ბოლომდე ნახონ. გოლების აღწერით კი თავს ნამდვილად არ შეგაწყენთ.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: კარიმ ბენზემა
1. რეალი 5 5 0 0 16-2 15
2. აიაქსი 5 2 2 1 6-3 8
3. ლიონი 5 1 2 2 2-6 5
4. დინამო (ზ) 5 0 0 5 2-15 0
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"