ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი: ლუჩანო სპალეტის ლისაბონში ომი ელის!

AutoSharing Option
წესით, აუტანელ ყინვას "ბენფიკასთვის" არ უნდა მიეცა გოლების გატანის საშუალება. თანაც, მარტო ყინვა ხომ არ არის - "ზენიტს" კარგი დაცვის ხაზი ჰყავს და ამასაც რომ თავი დავანებოთ, პეტერბურგელთა მწვრთნელი იტალიელი ლუჩანო სპალეტია.

აი, რამდენ რამეს უნდა შეეშალა ხელი ლისაბონელთათვის, მაგრამ მათ მაინც მოახერხეს და "ზენიტს" სტუმრად 2 გოლი გაუტანეს.

რუსულმა კლუბმა კი თავის მხრივ ასევე დიდი ძალისხმევა გამოიჩინა, ოღონდ ეს მხოლოდ შეტევის ხაზზე ითქმის და ის, რომ სპალეტის შეგირდებმა საბოლოოდ მაინც მოიგეს, დიდწილად რომან შიროკოვის დამსახურებაა. თუ რუსებმა დაცვაში თამაში
არ გამოასწორეს, "ზენიტს" საპასუხო შეხვედრაში ამ მცირე უპირატესობის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება. 2:3 ისეთი წაგებაა, რომელიც "ბენფიკას" ყველაზე მეტად აწყობდა.

ლუჩანო სპალეტი (ზენიტის მწვრთნელი): "ძალიან ნერვიული, ემოციებით დატვირთული და დაძაბული მატჩი გამოვიდა. ორი გოლი მივიღეთ, რაც ცუდია, მაგრამ ჩემმა ბიჭებმა გულით ითამაშეს და მაინც მოახერხეს გამარჯვება. ცუდი მხოლოდ ის არის, რომ ხანდახან საკუთარი შესაძლებლობების არ გვჯერა და ეს მეტოქეს გოლების გატანას უადვილებს.

სემაკმა ბრწყინვალე გოლი გაიტანა, მაგრამ მე დენისოვის შესანიშნავ პასსაც გამოვყოფდი. რაც მთავარია, გავიმარჯვეთ, თორემ ის, რომ პირველივე თამაშში მეოთხედფინალის საგზურის განაღდება შეუძლებელი იყო, ისედაც ვიცოდი. ლისაბონში დიდი ბრძოლა გველის."

ოსკარ კარდოსო (ბენფიკა): "ზენიტმა" ძალიან კარგად ითამაშა და გამარჯვებაც დაიმსახურა. ჩვენ ჩვენი ფეხბურთი ვერ ვითამაშეთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ორი გოლი გავიტანეთ, რაც საპასუხო მატჩის წინ მშვიდად ყოფნის საშუალებას გვაძლევს."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული