ამიტომაც მხოლოდ და მხოლოდ საინტერესო ფაქტები: "ბარსამ" "ლევერკუზენს", არსებობის ისტორიაში, ევროტურნირებზე ყველაზე დიდი მარცხი აგემა; ლიონელ მესიმ ხუთი გოლი გაიტანა, რითაც ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დაამყარა. დანარჩენი ორი გოლი კი კრისტიან ტელიოს ანგარიშზეა, რომელიც გუშინწინ ჩემპიონთა ლიგაში პირველად თამაშობდა. "ლევერკუზენმა" ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 8 მატჩი ჩაატარა და 18 გოლი გაუშვა; "ბარსას" "ნოუ კამპზე" უკვე 50-მატჩიანი წაუგებელი სერია
რეაქციები
რუდი ფიოლერი ("ლევერკუზენის" სპორტული დირექტორი): "როცა ერთ ტაიმში ხუთ გოლს გაგიტანენ, კარგს ვერაფერს იტყვი. მეორე ნახევარში სამარცხვინოდ ვთვლემდით. არადა, პირველ 45 წუთში ცუდად ნამდვილად არ გვითამაშია. "ნოუ კამპზე" წაგება კატასტროფა ჩვენთვის კი არა, სუპერგრანდებისთვის არ არის ხოლმე, მაგრამ 7:1 მართლა ნამეტანია..."
რობინ დუტი ("ლევერკუზენის" მწვრთნელი): "ახლა არ დაიწყოთ გერმანული ფეხბურთის დაკნინება და ბუნდესლიგის კრიტიკა. "ვალენსია" ჩვენს ჯგუფში იყო და "ბარსასთან" 1:5 დამარცხდა...
ესპანურ კლუბებთან გერმანელების 8:0-ებიც მახსოვს! ასე რომ, ამ მარცხის გამო გერმანული ფეხბურთის ეჭვქვეშ დაყენება უადგილოა. ჰო, 1:7 ძალიან ცუდად ჟღერს, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ "ბარსელონა" არაჩვეულებრივი გუნდია. იმისათვის, რომ "ბარსა" დაამარცხო, ყველაფერში უნდა გაგიმართლოს. კატალონიელებს კი ეს არ სჭირდებათ..."
სიმონ როლფესი (ლევერკუზენი): "შევეცადეთ, პირველ მატჩთან შედარებით, უფრო თამამად გვეთამაშა, მაგრამ პირველივე ტაიმში გამოჩნდა, რომ სასტიკად დავისაჯეთ. მეორე ტაიმი კი უკვე ჯოჯოხეთი იყო. ვფიქრობ, მარტო იმაზე უნდა გვეფიქრა, რომ რაც შეიძლება ცოტა გოლი გაგვეშვა."
პეპ გვარდიოლა ("ბარსელონას" მწვრთნელი): "მესი გენიალურია და მე ბედნიერი ვარ, რომ ამ ფეხბურთელს ვწვრთნი. მიხარია, რომ მიუხედავად პირველი შეხვედრის დამაჯერებლად მოგებისა, ჩემმა გუნდმა მაინც მაქსიმალური კონცენტრაციით ითამაშა. მადლობა ბიჭებს!"
TOP ფეხბურთელი
ლიონელ მესი (ბარსელონა)
ისეთი შთაბეჭდილება დაგვრჩა, რომ "ლევერკუზენს" მარტო მესიც ეყოფოდა. ერთ მატჩში ხუთი გოლი, თანაც ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, მართლაც ნამეტანია. არგენტინელს ევროპის ელიტურ საკლუბო ლიგაში ახლა 64 მატჩში უკვე 49 გოლი აქვს გატანილი, კონკრეტულად ამ სეზონში კი, 49 ოფიციალურ შეხვედრაში 53 (!) გოლი შეაგდო (აქედან, 12 ჩემპიონთა ლიგაში).
FLOP ფეხბურთელი
გონსალო კასტრო (ლევერკუზენი)
ამჯერად მარჯვენა მცველის პოზიციაზე გამწესებულ კასტროს ჯერ კიდევ პირველ ტაიმში ჰქონდა სერიოზული პრობლემები, რადგან ინიესტას ვერაფერს უხერხებდა. მეორე ნახევარში კი მისი საცოდაობის ყურება უკვე მართლა შეუძლებელი გახლდათ - კატალონიელები მის ფლანგზე ისე დანავარდობდნენ, როგორც უნდოდათ. კასტრო თვით ჩემპიონთა ლიგის დებიუტანტმა ტელომაც მაგრად დაჩაგრა.
ტაქტიკა-სტრატეგია
გვარდიოლამ "სპორტინგთან" 3:1-ზე მოგებული მატჩის შემდეგ ძირითადი შემადგენლობა ოდნავ შეცვალა: კვენკასა და კეიტას ნაცვლად, სასტარტოში მესი (პრიმერადივიზიონში დისკვალიფიცირებული გახლდათ) და ბუსკეტსი ვიხილეთ. პუიოლი, ტიაგო ალკანტარა, აბიდალი და სანჩესი ტრავმირებულები იყვნენ, ისევე, როგორც ვილია, აფელაი და ფონტასი, რომლებიც უკვე დიდი ხანია, ლაზარეთში არიან.
"ლევერკუზენის" თავკაცმა დუტმა კი 4-3-2-1 ტაქტიკური სქემა აირჩია და გასულ უქმეებზე, "ბაიერნთან" მოგებული (2:0) მატჩისგან განსხვავებით, ფრიდრიხისა და შიურლეს ნაცვლად, სასტარტოში როლფესი და დერდიოკი ათამაშა. სხვათა შორის, წელს შიურლე პირველად არ იყო "ბაიერის" ძირითადში. გარდა ამისა, დუტმა შვააბი დაცვის მარჯვენა ფლანგიდან ცენტრში გადასწია, მისი პოზიცია კი კასტროს ჩააბარა. ჩორლუკა, და კოშტა, სემი, ბალაკი, ბარნეტა და ადლერი ტრავმირებულები არიან.
ანალიზი
რაც უნდა სასაცილოდ ჟღერდეს, ლევერკუზენელებს თამაში არ დაუწყიათ სამარცხვინოდ. მართალია, ბურთი იშვიათად ჰქონდათ, სამაგიეროდ, მოედნის ცენტრში პოზიციურად სწორად იდგნენ და როგორც შეეძლოთ, ბარსელონელებს დერეფნებს უკეტავდნენ. მერე და მერე კი პოზიციური შეცდომების დაშვება დაიწყეს. "ბარსამ" კი ისევ ცივსისხლიანად დაიწყო ამ შეცდომების გამოყენება.
ლევერკუზენელთა მოძრაობა და პრესინგი მოედნის ცენტრში აშკარად სარისკო იყო და იგრძნობოდა, რომ დუტის გუნდს ასეთი სტრატეგია კარგს არაფერს უქადდა.
თუკი ბურთს მოიპოვებდნენ, გერმანელები სწრაფად ცდილობდნენ შეტევაზე გადასვლას და თან მეტწილად ერთი გრძელი პასით. სხვა საქმეა, რომ ამ ისედაც იშვიათი პასების უმრავლესობა არაზუსტი გახლდათ. პირველი ტაიმის ბოლო ხუთ წუთში და მეორე ნახევარში "ლევერკუზენის" ნორმალური ფეხბურთი დამთავრდა - ჩავის და ფაბრეგასის სიღრმისეულმა პასებმა "ბაიერი" "მარტივ მამრავლებად დაშალა".
ფეხბურთი, რომელიც "ლევერკუზენმა" 42-იდან 62-ე წუთამდე ითამაშა, ჩემპიონთა ლიგის დონეს არ აკმაყოფილებს. "ბარსელონა" კი ფორმაშია და ტიტულის შენარჩუნებისთვის ბრძოლას აგრძელებს.
დასკვნა
"ლევერკუზენი" მე-40 წუთამდე თავს ნორმალურად იცავდა, მერე კი გერმანელებს ესეც დაეზარათ და თან კლასებს შორისაც იმდენად დიდი განსხვავება იყო, რომ საბოლოო ჯამში 7:1 ლოგიკური შედეგია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"