მილანი-ბარსელონა 0:0: "სან სიროზე" შავი და წითელი გამოჩნდა

AutoSharing Option
წინათქმაში ვწერდით, რომ ევროპის მასშტაბით ნებისმიერი კლუბის რეალური ძალა "ბარსელონასთან" თამაშის ხარისხით იზომება და რომ სწორედ "ბარსასთან" დუელში გამოჩნდებოდა, რა შეუძლია ამ "მილანს" სინამდვილეში.

გამოჩნდა კიდეც: "როსონერიმ" კატალონიურ სუპერგრანდს გოლი არ გაატანინა და მართალია, ვერც თავად გაუტანა, მაგრამ ეს ყველაფერი შემთხვევითი არ ყოფილა - "მილანმა" უგოლო ფრეს, რაც იტალიელთათვის საკმაოდ კომფორტული შედეგია (თუ რატომ, ამაზე ქვემოთ ვისაუბრებთ), დისციპლინირებული, ტაქტიკურად გამართული ფეხბურთისა და უდიდესი მონდომების ხარჯზე მიაღწია.

მეტიც: იტალიელებმა კატალონიელებზე უკეთესი მომენტები შექმნეს და მოგებაც შეეძლოთ, მაგრამ დიდი შანსია, საპასუხო მატჩის
წინ "მილანისთვის" ეს 0:0 უფრო უკეთესი შედეგი იყოს, ვიდრე 1:0, 2:0 ან, მით უმეტეს, 2:1 იქნებოდა... ჩამოთვლილ შედეგებზე უკეთესს კი "როსონერი" ნაღდად ვერ დააფიქსირებდა - სახელდობრ, ნამდვილად ვერ გაიმეორებდა იმას, რაც მერვედფინალში ლონდონის "არსენალს" "სან სიროზე" უქნა.

რეაქციები
კლარენს ზეედორფი (მილანი): "მომენტები გვქონდა და გოლი უნდა გაგვეტანა, მაგრამ ამ შედეგითაც კმაყოფილები უნდა ვიყოთ. თუ "ნოუ კამპზე" უფრო მოვინდომებთ და უკეთეს კონტრიერიშებს განვახორციელებთ, ნახევარფინალში გასვლის შანსი მოგვეცემა."

მასიმილიანო ალეგრი ("მილანის" მწვრთნელი): "მინდა, ჩემს შეგირდებს მივულოცო: მათ მედგრად იბრძოლეს და "ბარსელონას" არაფერი გააბედვინეს. მეორე ტაიმში უფრო უკეთესად ვითამაშეთ და ესეც დასაფასებელია - ისევე, როგორც ლუკა ანტონინის შრომა, რომელმაც ლიონელ მესი თამაშიდან გამოთიშა. საერთო ჯამში, ჩემმა გუნდმა იდეალურად იბრძოლა. საპასუხო მატჩშიც უდიდესი კონცენტრაციით უნდა ვითამაშოთ. ამ შეხვედრაში დაფიქსირებული 0:0 კი "მილანისთვის" ნამდვილად მისაღები შედეგია. ამ სეზონში "ბარსას" უკვე სამჯერ შევხვდით და თამამად ვიტყვი, რომ საუკეთესო ფეხბურთი სწორედ ახლა ვაჩვენეთ".

ხოსეპ გვარდიოლა ("ბარსელონას" მწვრთნელი): "მასიმილიანო ალეგრიმ თქვა, რომ 0:0 "მილანისთვის" კარგი შედეგიაო, რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შეგვაქო. კარგად ვითამაშეთ და ერთადერთი, რაც დაგვაკლდა, გატანილი გოლი იყო. საპასუხო მატჩი რთული იქნება, რადგან "მილანი" მაღალი კლასის გუნდია. ნახევარფინალში გასასვლელად "ნოუ კამპზე" მოგება გვჭირდება და ეს უნდა შევძლოთ".

TOP-ფეხბურთელი
მასიმო ამბროზინი (მილანი)

"მილანის" კაპიტანი მაისში 35 წლის ხდება და, მიუხედავად ამისა, "ბარსას" გენიალურ ნახევარმცველებსა და თავდამსხმელებს იდეალურად გაუმკლავდა. მასიმომ იმდენად კარგად ითამაშა, რომ "როსონერის" არ დაეტყო მარკ ვან ბომელის არყოფნა. გარდა არაერთი უმნიშვნელოვანესი ორთაბრძოლის მოგებისა, ამბროზინი ძალიან ჭკვიანურად აზღვევდა "მილანის" მცველებს და ბურთთან ერთადაც თავდაჯერებული იყო.

მან არა მარტო პოზიციურად და ტაქტიკურად, არამედ საფეხბურთო აზროვნების კუთხითაც სწორად ითამაშა - ისე, როგორც გუნდის კაპიტანს შეეფერება. მასთან ერთად აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ლუკა ანტონინის ძალიან კარგი, უშეცდომო და თავგანწირული თამაშიც.

FLOP ფეხბურთელი
ანდრეს ინიესტა (ბარსელონა)

ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა "ბარსელონას" ფეხბურთელს მატჩის მთავარ Flop-ად ვასახელებთ. თანაც ვის - თვით ინიესტას! ანდრესის ერთადერთი გამორჩეული სცენა ის იყო, როცა აბიატის საჯარიმოს გარედან დაურტყა. სხვა მხრივ, ინიესტას ხეირიანი არაფერი გაუკეთებია, რადგან ნოჩერინოსა და ბონერას სახით საუკეთესო მეურვეები ჰყავდა. ინიესტას იდეებიც არ ჰქონია - როგორღაც გამოფიტული ჩანდა.

ამიტომაც იყო, გვარდიოლამ 65-ე წუთზე რომ შეცვალა. ინიესტას გარდა, მატჩის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი ფეხბურთელი მილანელი ურბი ემანუელსონი გახლდათ, რომელმაც მოედანზე შესვლის შემდეგ ბურთი რამდენჯერმე უაზროდ დაკარგა. ჯამელ მესბაზე აღარაფერს ვამბობთ - მხოლოდ ამას დავძენთ: რომ არა ნესტას ტრავმა, ალეგრი მას მოედანზე არაფრისდიდებით არ შეიყვანდა...

ტაქტიკა-სტრატეგია
"მილანს" საკადრო პრობლემები ჰქონდა და ალეგრიმ მოედანზე შეძლებისდაგვარად საუკეთესო შემადგენლობა გაიყვანა. ტაქტიკური სქემა კი უცვლელი დატოვა: 4-4-2 - რომბისებური ნახევარდაცვით, სადაც ამბროზინი კლასიკური "ექვსიანი" გახლდათ, ნოჩერინო და ზეედორფი კი ნახევრად საყრდენი ნახევარმცველები, რომლებიც შეტევებშიც ერთვებოდნენ და ამბროზინისაც ეხმარებოდნენ. პრინციპში, იგივე ითქმის კევინ-პრინს ბოატენგზეც, წინ კი ზლატან იბრაჰიმოვიჩი და რობინიო მოქმედებდნენ.

გვარდიოლამ უარი თქვა სესკ ფაბრეგასზე. თავდასხმაში კი, სტატიკურად, ცენტრფორვარდის პოზიციაზე ალექსის სანჩესი გაამწესა, თუმცა ხომ იცით, რა ხდება ხოლმე "ბარსას" წინა ხაზზე? და ამგვარად, სანჩესს ტიპურ ცენტრფორვარდად მაინც ვერ მოვიხსენიებთ. პეპი დაცვის ცენტრში მასკერანო-პიკეს ტანდემს ენდო, კარლეს პუიოლი კი (როგორც ამას ხშირად აკეთებს ხოლმე) მარცხენა მცველად გადაისროლა.

ანალიზი
"მილანმა" თამაში ძალიან აქტიურად დაიწყო - ალეგრის ბიჭებმა პირველ წუთებში მაგრად შეუტიეს, რითაც ბარსელონელები აშკარად გააკვირვეს. კატალონიური გრანდის მცველები კი აიძულეს, შეცდომები დაეშვათ, რასაც მოჰყვა კიდეც რობინიოს რეალური საგოლე მომენტი: ჯერ ბოატენგმა დაარტყა საჯარიმოს მისადგომებიდან, მაგრამ ბურთი მცველს მოხვდა, რასაც იბრაჰიმოვიჩის მიერ რიბინიოს მისამართით თავით გაკეთებული გადაცემა მოჰყვა, მაგრამ იდეალურ პოზიციაში, კარიდან ხუთ მეტრში მყოფმა ბრაზილიელმა ვალდესის კარს ააცილა.

რაკი სწრაფი გოლი ვერ გაიტანეს, მილანელებმა უკან დაიხიეს და თამაში საკუთარი კარიდან 40 მეტრში გადაიტანეს - იტალიელები ხვდებოდნენ, რომ შეტევების გაგრძელების შემთხვევაში კარგ ჩიტს ვერ დაიჭერდნენ, რადგან "ბარსელონა", ადრე თუ გვიან, თავის თამაშს იპოვნიდა. მიუხედავად მილანელთა ასეთი სტრატეგიისა, თამაშის ტემპი 30-ე წუთამდე არ დავარდნილა, მერე კი "მილანმა" თამაში დაამშვიდა და საკუთარი საჯარიმოს მისადგომებიც უფრო მყარად გადაკეტა.

პირველ ტაიმში "ბარსას" ბურთის ფლობის 66-პროცენტიანი მაჩვენებელი კი ჰქონდა, მაგრამ გვარდიოლას ბიჭებმა რეალური საგოლე მომენტი ვერ შექმნეს.

მეორე ტაიმში "მილანმა" უფრო წინ, კერძოდ, მოედნის ცენტრში მიმართა პრესინგს. შესაბამისად, თამაში არ დაიკეტა და რაკი მილანელები დაცვაში კვლავ მაქსიმალური კონცენტრაციით თამაშობდნენ, ბარსელონელებს მომენტების შექმნა ძალიან უჭირდათ. ზომიერი აგრესია და პოზიციურად უშეცდომო თამაში - აი, ეს იყო "მილანის" მთავარი იარაღი და სწორედ ამიტომ ვერ აკეთებდნენ ბარსელონელები ბოლო პასს.

უკანასკნელ ათ წუთში "ბარსელონამ" მაინც მოუმატა, რადგან მილანელებს დაღლა დაეტყოთ და კატალონიელებს ბოლო წუთებში გოლის გატანაც შეეძლოთ, მაგრამ აბიატიც და "მილანის" მცველებიც ბოლომდე მოწოდების სიმაღლეზე იდგნენ.

დასკვნა
ფრე ლოგიკური და "მილანისთვის" დამსახურებული შედეგია, რადგან "როსონერიმ" დაცვაში უშეცდომოდ ითამაშა, ბარსელონელებს კი სიმსუბუქე აკლდათ.

რატომ არის "სან სიროზე" დაფიქსირებული 0:0 "მილანისთვის" მისაღებზე უკეთესი შედეგი? იმიტომ, რომ "ნოუ კამპზე" "ბარსელონა" უმოწყალოდ, სავარაუდოდ, არ შეუტევს, რაც "როსონერის" კონტრიერიშებზე ხეირის ნახვის საშუალებას მისცემს. "მილანს" "ნოუ კამპზე" გოლის გატანა ნამდვილად ხელეწიფება და თუ ალეგრის გუნდი დაცვაში ისევ ასე კარგად ითამაშებს, თამამად უნდა ვთქვათ, რომ იტალიის ჩემპიონი უშანსოდ არ არის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული