ჩემპიონთა ლიგა. კრიზისული დუელი სტად ჟერლანზე

AutoSharing Option
A ჯგუფი
ვერდერი-ტოტენჰემი

"ვერდერის" კაპიტან ტორსტენ ფრინგსს ტყუილად არ უთქვამს, ეს ძალიან მძიმე ჯგუფიაო. "ინტერს" რომ თავი დავანებოთ, ბრემენული კლუბისთვის "ტვენტე" და მით უმეტეს "ტოტენჰემი" იოლი მეტოქეები ნამდვილად არ არიან. ლოგიკურად, "ვერდერი" "ტოტენჰემთან" საშინაო მატჩში ფავორიტად უნდა მივიჩნიოთ - თუნდაც იმიტომ, რომ "მუსიკოსებს" ჩემპიონთა ლიგაში თამაშის გაცილებით მეტი გამოცდილება აქვთ, მაგრამ ეს "ტოტენჰემს" ოდნავადაც არ აკნინებს.

ბრემენულ კლუბს არც იმის გამო მივაკრავთ ფავორიტის იარლიყს, რომ "ტოტენჰემი" დღეს წამყვანი ფეხბურთელების, დოუსონის, დეფოს და სავარაუდოდ მოდრიჩის გარეშე ითამაშებს. რაც მთავარია, ჯანზეა რაფაელ
ვან დერ ვაარტი, რომელმაც კვირას "ვესტ ბრომვიჩთან" (1:1) თავისი პირველი პრემიერლიგური საგოლე პასი მიითვალა.

ბრემენელებს კი მერტეზაკერის, ნალდოსა და კლაუდიო პისაროს გარეშე მოუწევთ თამაში, რაც "ვერდერისთვის" სერიოზული დანაკლისია. "მუსიკოსებმა" ამ უქმეებზე "ბაიერნთან" ფრეს (0:0) მიაღწიეს და იმ მატჩში პრიოდლმა და პასანენმა დაცვის ცენტრი მშვენივრად გაამაგრეს, წინა ხაზზე კი საკმაოდ ეფექტური იყო პისაროს შემცვლელი მარკო არნაუტოვიჩი. ინგლისელთა მთავარი მწვრთნელი ჰარი რედნაპი ამბობს, "ვერდერი" ძალიან შემტევ ფეხბურთს თამაშობს და წესით, მაყურებლებმა კარგი სპექტაკლი უნდა იხილონო.

სავარაუდო შემადგენლობები
ვერდერი (4-2-3-1): ვიზე - ფრიტცი, პრიოდლი, პასანენი, სილვესტრი - ბარგფრედე, ფრინგსი - მარინი, ვესლი, ჰანტი - არნაუტოვიჩი.
ტოტენჰემი (4-4-1-1): კუდიჩინი - ჩორლუკა, გალასი, კინგი, ეკოტო - ლენონი, პალასიოსი, ჰადლსტოუნი, ბეილი - ვან დერ ვაარტი - კრაუჩი.
არბიტრი: მასიმო ბუსაკა (შვეიცარია)

ტვენტე-ინტერი

ჯგუფის მთავარი ფავორიტი, წინა სეზონის ტრიუმფატორი "ინტერი" ტიტულის შენარჩუნებისთვის ბრძოლას ჰოლანდიიდან იწყებს - რაფა ბენიტესს დღეს "ტვენტესთან" ექნება საქმე. სხვათა შორის, მწვრთნელი ამ კლუბმაც გამოიცვალა: სტივ მაკლარენი, რომელმაც "ტვენტე" გააჩემპიონა, ახლა გერმანიაში, კერძოდ "ვოლფსბურგში" მუშაობს. ექსპერტები ჰოლანდიის ჩემპიონისგან დიდ სენსაციებს არ ელიან, მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან საინტერესოა, როგორ წარმოაჩენს თავს დებიუტანტი "ტვენტე" ჩემპიონთა ლიგაში.

სავარაუდო შემადგენლობები
ტვენტე (4-3-3): მიჰაილოვი - როსლესი, ვისგერჰოფი, დუგლასი, ტიენდალი - იანსენი, ბრამა, ლანდზაატი - რუისი, იანკო, ჩადლი.
ინტერი (4-2-3-1): ჟულიო სეზარი - მაიკონი, ლუსიო, სამუელი, კივუ - კამბიასო, ხ. ძანეტი - პანდევი, სნეიდერი, ეტოო - მილიტო.
არბიტრი: პედრო პროენსა (პორტუგალია)

B ჯგუფი
ლიონი-შალკე

სეზონი ჯერ ხეირიანად არც კი დაწყებულა და საფრანგეთის ვიცე-ჩემპიონი "ლიონი" და მისი გერმანელი პენდანტი "შალკეც" კრიზისულ მდგომარეობაში იმყოფებიან. გელზენკირხენელები სამი ტურის შემდეგ უქულოდ არიან, "ლიონი" კი 5 ტურის შემდეგ მე-16 ადგილზეა.

შესაბამისად, ორივე გუნდის მთავარი ამოცანა ისაა, რომ ფანებს ჩემპიონთა ლიგაში წარმატებული სტარტის აღებით მაინც მოუბოდიშოს - ფაქტია, რომ ამ წყვილში წაგებულის მდგომარეობა ჯოჯოხეთურად დამძიმდება. "შალკეს" თავკაცმა ფელიქს მაგათმა ლიონში კრისტოფ მეტცელდერი არ წაიყვანა. "დესპოტი ფელიქსი" მარჯვენა მცველის პოზიციაზე ალბათ ახალგაზრდა ჯოელ მატიპს ათამაშებს. "ლიონის" სწრაფ გარემარბ მიშელ ბასტოსს სწორედ ამ უკანასკელმა უნდა მიხედოს.

სავარაუდო შემადგენლობები
ლიონი (4-2-3-1): ლორისი - რევეილერი, დიაქატე, ლოვრენი, სისოხო - ტულალანი, გონალონსი - ბრიანი, გურკუფი, ბასტოსი - ლისანდრო ლოპესი.
შალკე (4-1-2-3): ნოიერი - მატიპი, ჰიოვედესი, პლესტანი, შარპეი - ჯონსი - რაკიტიჩი, მორიტცი - ფარფანი, ჰუნტელაარი, რაული.
არბიტრი: ივან ბებეკი (ხორვატია)

ბენფიკა-ჰაპოელი

პირველი ადგილისთვის ბრძოლაში, "ლიონთან" და "შალკესთან" ერთად, რა თქმა უნდა, ფავორიტია პორტუგალიის ჩემპიონი "ბენფიკაც", რომელიც ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობას თელ ავივის "ჰაპოელთან" საშინაო მატჩით იწყებს. ლისაბონურმა გრანდმა სეზონი მძიმედ დაიწყო - 4 ტურში ოდენ 3 ქულას მოუყარა თავი. ფაქტია, გუნდმა ჯერ ვერ გადაიტანა ის, რომ "ბენფიკა" ლიდერებმა, დი მარიამ ("რეალში" გადავიდა) და რამირესმა ("ჩელსის" მიაშურა) დატოვეს. მიუხედავად ამისა, "ჰაპოელი" მაინც აუტსაიდერია - თუმცა ალბათ ასე ფიქრობდნენ ზალცბურგის "რედ ბულის" ფეხბურთელებიც, საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე რაუნდის წინ...

სავარაუდო შემადგენლობები
ბენფიკა (4-1-3-2): გაგო - მაქსი პერეირა, ლუიზაო, დავიდ ლუისი, კოენტრაო - ხავი გარსია - მარტინსი, აიმარი, გაიტანი - სავიოლა, კარდოსო.
ჰაპოელი (4-2-3-1): ენიემა - კენდე, დ. სილვა, ფრანსმანი, ბ. დაიანი - როკი, იადინი - შივონი, ზაჰავი, ვერმუთი - შეხტერი.
არბიტრი: ალეკსეი ნიკოლაევი (რუსეთი)

C ჯგუფი
ბურსა-ვალენსია

თურქეთის სენსაციური ჩემპიონი "ბურსა" ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობას "ვალენსიასთან" ბრძოლით იწყებს. ისე, სიტყვა სენსაციური "ბურსასპორს" აღარ შეეფერება, რადგან ერთუგრულ ზაგლამის გუნდი თურქეთის ჩემპიონატს ახლაც ერთპიროვნულად ლიდერობს. საინტერესოა, რას იზამს "ბურსა" ჩემპიონთა ლიგაში. კაპიტანი ერდოღანი ამბობს, ძალიან რთულ ჯგუფში მოვხვდით, მაგრამ ჩვენ გვიყვარს შეუძლებლის შესაძლებლად ქცევაო.

სავარაუდო შემადგენლობები
ბურსა (4-2-3-1): ივანკოვი - თანდოგანი, სტეპანოვი, ერდოღანი, ვედერსონი - ერგიჩი, ჩიმშირი - სენი, ბატალია, იპეკი - ილდირიმი.
ვალენსია (4-2-3-1): სანჩესი - მიგელი, რ. კოშტა, ნავარო, მატიო - ალბელდა, მადურო - იოახიმი, დომინგესი, მატა - სოლდადო.
არბიტრი: სვეინ ოდვარ მოენი (ნორვეგია)

მანჩესტერი-რეინჯერსი

2008 წლის გამარჯვებული და 2009 წლის ფინალისტი "მანჩესტერ იუნაიტედი" შარშან მეოთხედფინალიდან "ბაიერნთან" ბრძოლაში დამარცხდა და წელს შედეგის გაუმჯობესებას გეგმავს. სერ ალექს ფერგიუსონის გუნდმა სეზონი ორი გამარჯვებით დაიწყო, მაგრამ მერე "ფულჰემთან" 2:2-ს "ევერტონთან" 3:3 მოაყოლა. ასე რომ, "რეინჯერსთან" მაქსიმალური კონცენტრაციაა საჭირო. "მანჩესტერს" დაცვის ბურჯი რიო ფერდინანდი უბრუნდება.

სავარაუდო შემადგენლობები
მანჩესტერი (4-4-2): ვან დერ სარი - ნევილი, ფერდინანდი, ვიდიჩი, ო"ში - ევანსი, ნანი, სქოულზი, გიგზი - ბერბატოვი, რუნი.
რეინჯერსი (4-4-2): მაკგრეგორი - უეირი, ბრუდფუტი, პაპაცი, ბუგერა - ედუ, დევისი, ლაფერტი, ნეისმიტი - იელავიცი, მაკალოხი.
არბიტრი: ოლეგარიო ბენკერენშა (პორტუგალია)

D ჯგუფი
ბარსელონა-პანათინაიკოსი

ამ ჯგუფში ოთხმა ჩემპიონმა მოიყარა თავი, მაგრამ "ბარსელონა" მაინც უპირობო ფავორიტია, დანარჩენებს კი მხოლოდ მეორე ადგილზე მოუწევთ ფიქრი. "ბარსამ" უქმეებზე დაამტკიცა, რომ სუსტებთან წაფორხილება "შეუძლია" - კატალონიელები "ნოუ კამპზე" "ერკულესთან" დამარცხდნენ (0:2). პეპ გვარდიოლამ ამ მატჩისთვის ჩავი, ბუსკეტსი, დანი ალვეში და პედრო დაასვენა.

სავარაუდო შემადგენლობები
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დანი ალვეში, პიკე, პუიოლი, მაქსველი - ჩავი, ბუსკეტსი, ინიესტა - მესი, ვილია, პედრო.
პანათინაიკოსი (4-2-3-1): ცორვასი - მარინოსი, კანტე, ბუმსონგი, ვინტრა - ჟილბერტო სილვა, სიმაო - ლეტო, ნინისი, გოვუ - სისე.
არბიტრი: ნიკოლა რიცოლი (იტალია)

კოპენჰაგენი-რუბინი

ყაზანის "რუბინმა" ბოლო წლებში ისეთი პროგრესი განიცადა, რომ დღეს "კოპენჰაგენთან" გასვლით მატჩში ფავორიტად უნდა შევრაცხოთ. ზაფხულში რუსეთის ჩემპიონმა ობაფემი მარტინსი (10 მილიონად) და კარლოს ედუარდო (20 მილიონად) შეიძინა და ცხადია, ყაზანელთა მიზანი ჯგუფიდან გასვლაა.

სავარაუდო შემადგენლობები
კოპენჰაგენი (4-4-2): ვილანდი - პოსპეხი, ოტესენი, ანტონსონი, ვენდტი - ვინგაარდი, კვისტი, კლაუდემირი, გრონკიაერი - ნ"დოიე, სანტინი.
რუბინი (4-4-2): რიჟიკოვი - კუზმინი, ორეხოვი, ბოკეტი, ანსალდი - კასაევი, ნობოა, კარლოს ედუარდო, გორბანეცი - მედვედევი, მარტინსი.
არბიტრი: თომას აინვალერი (ავსტრია)
მკითხველის კომენტარები / 2 /
მანიუს შემადგენლობა 80%ით არ გამართლდება, ტოტენჰემი და შალკეც არამგონია..
giorgi
11:29 14-09-2010
0
შალკესი კი გამართლდება, ზუსტად ეგრე ითამაშებს
Germaneli
19:35 14-09-2010
0

სიახლეები პოპულარული