მიუნხენი და მადრიდი ყურადღების ცენტრში

AutoSharing Option

ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ტრიუმფატორი "ინტერი" ტიტულის შენარჩუნებისთვის ბრძოლაში გუშინ ჩაება, ფინალში დამარცხებულ "ბაიერნს" კი საქმეში დღეს ვნახავთ. მიუნხენურ გრანდს პირველივე მატჩი ისეთი აქვს, ტურის ცენტრალურ შეხვედრად რომ უნდა მოვნათლოთ: რეკორდმაისტერი "რომას" მასპინძლობს. "სანტიაგო ბერნაბეუზე" სახელების დუელია: "რეალი"-"აიაქსი", "ჩელსის" და "არსენალს" მარტივი მატჩები უწევთ "ჟილინასთან" და "ბრაგასთან", "მილანი" კი "ოსერს" დაუხვდება.

E ჯგუფი
ბაიერნი-რომა

"ბაიერნის" ძრავა ჯერ არ გახურებულა და მხოლოდ დაბალ ბრუნებზე მუშაობს: რეკორდმაისტერმა ბუნდესლიგის სამ ტურში მხოლოდ ოთხ ქულას მოუყარა თავი - ცხადია, მიუნხენში ახალი სეზონის სტარტი სხვაგვარად წარმოედგინათ. სპორტულმა დირექტორმა

კრისტიან ნერლინგერმა ამიტომაც თქვა, გუნდი ჯერ კიდევ არ არის ისეთ ფორმაში, როგორშიც უნდა იყოსო. თუმცა იგივე ეხება "ბაიერნის" მეტოქე "რომასაც". უფრო მეტიც: "ჯალოროსიმ" სეზონი კატასტროფულად დაიწყო. კლაუდიო რანიერის ბიჭები ჯერ დებიუტანტ "ჩეზენასთან" ფრეს (0:0) დასჯერდნენ, მეორე ტურში კი "კალიარისთან" განადგურდნენ (1:5). უნდა აღინიშნოს, რომ "რომას" სერია A-ს მატჩში ხუთი გოლი ბოლოს 11 წლის წინ ჰქონდა გაშვებული. რომაელთა კაპიტანმა ფრანჩესკო ტოტიმ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე ამიტომაც თქვა, "ბაიერნთან" მხოლოდ იმ შემთხვევაში მივაღწევთ წარმატებას, თუ უდიდესი ვნებით ვითამაშებთო.

თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ამ ჯგუფში პირველი ადგილისთვის ომი სწორედ "ბაიერნსა" და "რომას" შორის უნდა გაჩაღდეს, დღევანდელი ტოპ-მატჩის შედეგს უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც ერთი, ასევე მეორე გუნდისთვის. მიუნხენელთა თავკაც ლუის ვან გაალს დღეს ფრანკ რიბერის გარეშე მოუწევს ფონს გასვლა, რადგან ფრანგ დრიბლიორს წინა სეზონის ნახევარფინალში, "ლიონთან" მიღებული წითელი ბარათის დისკვალიფიკაცია ახალ სეზონშიც გადმოჰყვა. იმასაც გაგახსენებთ, რომ მიუნხენელებს არიენ რობენი ტრავმირებული ჰყავთ. რობენს და რიბერის დღეს "ბაიერნის" წინა ხაზის ფლანგებზე კროოსი და ოლიჩი შეცვლიან, ცენტრფორვარდის ადგილზე კი მირო კლოზეს ვნახავთ. დიდი შანსია, რომ "რომას" შემადგენლობაში ვიხილოთ ადრიანო - რანიერიმ ბრაზილიელი მიუნხენში ჩაიყვანა, მაგრამ მის სასტარტო თერთმეტეულში გამწესებას ალბათ მაინც არ გარისკავს.

სავარაუდო შემადგენლობები
ბაიერნი (4-2-3-1): ბუტი - ლამი, დემიკელისი, ბადშტუბერი, კონტენტო - ვან ბომელი, შვაინშტაიგერი - ოლიჩი, თ. მიულერი, კროოსი - კლოზე.
რომა (4-2-3-1): ჟულიო სერჟიო - კასეტი, ბურდისო, ჟუანი, კასტელინი - დე როსი, პიზარო - მენეზი, ტოტი, პეროტა - ბორიელო.
არბიტრი: სტეფან ლანუა (საფრანგეთი)

კლუჟი-ბაზელი

ვინ შეიძლება შეებრძოლოს "ბაიერნს" ან "რომას" მერვედფინალის საგზურებისთვის - "კლუჟი" თუ "ბაზელი"? ლოგიკურად, არცერთი, მაგრამ ფეხბურთი ხომ ძალიან არაპროგნოზირებადი გახდა. რუმინეთის ჩემპიონი და თასის მფლობელი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მესამედ მოხვდა და "ბაზელთან" მატჩის წინ, რუმინეთის ჩემპიონატში წარმატებებით ჯერ ვერ დაიკვეხნის. "კლუჟმა" ლიდერი ჩიპრიან დეაცი დაკარგა ("შალკეში" გადავიდა) და მისი წასვლა გუნდს ძალიან დაეტყო. ბუქარესტის "რაპიდთან" წაგების (0:2) შემდეგ, "კლუჟის" შეფებმა მთავარი მწვრთნელი ანდრეა მანდორლინი გაათავისუფლეს და მის ნაცვლად რუმინეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი სორინ ჩარტუ დანიშნეს. "ბაზელმა" ამ უქმეებზე უმძიმესი მატჩი გადაიტანა ბერნის "იანგ ბოიზთან" (2:2) და იმ შეხვედრაში ფეხბურთი მეორეხარისხოვანი გახდა, რადგან "იანგ ბოიზის" მცველი დუდარი მძიმედ დაშავდა და საავადმყოფოში მისი ხელოვნურ კომაში ჩაგდება მოუხდათ. მოკლედ, "კლუჟს" უპირატესობა აქვს, რადგან სახლში თამაშობს, თანაც ახალი მწვრთნელით.

სავარაუდო შემადგენლობები
კლუჟი (4-5-1): სტანჩიოიუ - პანინი, კადუ, პიკოლო, ედიმარი - მურესანი, ე. კონე, კოშტა, ბასტოსი, კუსლიო - სფორძინი.
ბაზელი (4-4-2): კოსტანცო - ინკოომი, აბრაამი, კადასი, საფარი - ტემბო, ჰუგელი, იაპი, შაქირი - ფრაი, შტრელერი.
არბიტრი: ალან კელი (ირლანდია)


F ჯგუფი
ჟილინა-ჩელსი

F ჯგუფის პირველი მატჩი ლოგიკურ აუტსაიდერსა და უპირობო ფავორიტ "ჩელსის" შორის გაიმართება. სლოვაკეთის ჩემპიონი "ჟილინა" ეროვნულ ჩემპიონატში ქვას ქვაზე არ ტოვებს და ახლა ძალების მოსინჯვა ჩემპიონთა ლიგაშიც სურს, სადაც წელს პირველად მოხვდა. "ჟილინამ" საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე რაუნდში მეზობელი პრაღის "სპარტა" დაამარცხა, რითაც სლოვაკებმა დიდად გაიხარეს. პაველ ჰაპელის გუნდის ლიდერი გამთამაშებელი ჟეცია, რომელიც დღესაც ითამაშებს. "ჟილინას" 11 000-იან სტადიონ "პოდ დუბნომს" დღეს არც მეტი, არც ნაკლები, "ჩელსი" სტუმრობს. ლონდონელები ახალ სეზონში ჯერჯერობით უნაკლოდ ასპარეზობენ. მართალია, კარლო ანჩელოტის დღეს დისკვალიფიცირებული დიდიე დროგბას გარეშე მოუწევს ფონს გასვლა, მაგრამ ამიტ "ჩელსის" ფავორიტობა ოდნავადაც არ ილახება - თუ რაიმე სასწაული არ მოხდა, "არისტოკრატები" ჩემპიონთა ლიგის ახალ სეზონს სამი ქულის მოპოვებით დაიწყებენ.

სავარაუდო შემადგენლობები
ჟილინა (4-4-2): კრნაცი - ანგელოვიჩი, პიაჩეკი, პეჩალკა, მრაცი - რილკე, ბელო, ჟეცი, ვლადავიჩი - კეესაი, ირავეცი.
ჩელსი (4-2-2-2): ჩეხი - ფერეირა, ივანოვიჩი, ალექსი, ე. კოული - ესიენი, რამირესი - კალუ, მალუდა - ანელკა, კაკუტა.
არბიტრი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია)

მარსელი-სპარტაკი

ხუთი ქულა ხუთ თამაშში - მოქმედმა ჩემპიონმა "მარსელმა" საფრანგეთის ჩემპიონატი არასახარბიელოდ დაიწყო, დიდი ზარზეიმით შეძენილი ფეხბურთელები ჟინიაკი და რემი, რომლებშიც ველოდრომელებმა მილიონები გადაიხადეს, ჯერჯერობით იმედებს ვერ ამართლებენ. "მარსელმა" "მონაკოსთან" ფრეც (2:2) ბოლო წუთზე, ძლივს გადაარჩინა. თუკი ამ ქვეჯგუფში "ჟილინას" პოტენციურ აუტსაიდერად მივიჩნევთ, უნდა ვთქვათ, რომ მეორე ადგილისთვის ბრძოლა წესით "ოლიმპიკსა" და მოსკოვის "სპარტაკს" შორის უნდა გაჩაღდეს. შესაბამისად, "ველოდრომზე" გასამართი ეს მატჩი ორივე გუნდისთვის უმნიშვნელოვანესია. "სპარტაკი" ჩემპიონთა ლიგისთვის გულდმოდგინედ ემზადება. მართალია, ვალერი კარპინის გუნდი რუსეთის ჩემპიონატში მხოლოდ მეექვსე ადგილზეა და გუნდის თამაში უკეთესის სურვილს ტოვებს, მაგრამ რუსეთის "სახალხო გუნდისთვის" ჩემპიონთა ლიგას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. საინტერესოა, ათამაშებს თუ არა კარპინი ჯანო ანანიძეს ძირითად შემადგენლობაში. ფაქტია, რომ ჯანოს შოტლანდიელი მაკგიდის სახით გამოცდილი კონკურენტი გამოუჩნდა.

სავარაუდო შემადგენლობები
მარსელი (4-2-3-1): მანდანდა - აზპილიკუეტა, ჰილტონი, ჰაინცე, ტაივო - სისე, შეირუ - ვალბუენა, ლუჩო, ა. აიევი - ბრანდაო.
სპარტაკი (4-5-1): პესიაკოვი - პარშივლიუკი, სუხი, პარეხა, ივანოვი - მაკგიდი, იბსონი, ალექსი, შეშუკოვი, კომბაროვი - ველიტონი.
არბიტრი: ფლორიან მაიერი (გერმანია)


G ჯგუფი
რეალი-აიაქსი

ამ ჯგუფში სამი ისეთი გუნდია თავმოყრილი, რომლებიც თავის დროზე არაერთხელ იყვნენ ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორები. აქედან ორს აქვს იმის ამბიცია, რომ ტიტულისთვის იბრძოლოს, ამსტერდამის "აიაქსი" კი ყველაფერს გააკეთებს საიმისოდ, რომ ჯგუფიდან გავიდეს. ამსტერდამელებს პირველი მატჩი მადრიდში, "რეალის" წინააღმდეგ უწევთ. პარადოქსია, მაგრამ ფაქტი: ექვსი წელია, რაც "სამეფო გუნდმა" მერვედფინალური ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო - მიუხედავად იმისა, რომ მადრიდელებს ამ ხნის მანძილზე მილიონების ხარჯვა არ შეუწყვეტიათ. "რეალის" ბოსებმა გუნდი ჟოზე მოურინიოს იმიტომაც ჩააბარეს, რომ პორტუგალიელმა სპეციალისტმა მადრიდი საფეხბურთო ელიტაში იმ სიმაღლეზე დააბრუნოს, რომელზეც ეს გუნდი ექვსი წლის წინ იყო. "აიაქსის" თავკაცი მარტინ იოლი დღეს ლიდერ სუარესს ვერ გამოიყენებს - ეს უკანასკნელი დისკვალიფიცირებულია.

სავარაუდო შემადგენლობები
რეალი (4-2-3-1): კასილიასი - რამოსი, კარვალიო, პეპე, მარსელო - ჩაბი ალონსო, ლ. დიარა - კ. რონალდო, იოზილი, ბენზემა - იგუაინი.
აიაქსი (4-3-3): სტეკელენბურგი - ვან დერ ვილი, ალდერვეირელდი, ოოიერი, ანიტა - დე ზეეუვი, დე იონგი, ენო - სულეიმანი, ელ ჰამადუი, ემანუელსონი.
არბიტრი: დამირ სკოვინა (სლოვენია)

მილანი-ოსერი

ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და რობინიოს ტრანსფერებით გამოწვეული ეიფორია "მილანში" მალევე, "ჩეზენასთან" მატჩის შემდეგ ჩაცხრა - "როსონერიმ" ჯუჯა გუნდთან 0:2 წააგო. "მილანის" წინახაზელები თანაგუნდელებს დაცვაში ვერ ეხმარებიან, გადაბერებული ნახევარდაცვის ტრიო კი (პირლო, გატუზო, ამბროზინი) ამ დანაკლისს ვერ აკომპენსირებს. მილანელთა თავკაცმა მასიმილიანი ალეგრიმ ამიტომაც თქვა, ჩვენ ჯერ გუნდი არ ვართო. საინტერესოა, როგორ გაართმევს თავს "როსონერი" ერთი შეხედვით მარტივ ამოცანას - საშინაო მატჩში, ფრანგულ "ოსერთან".

სავარაუდო შემადგენლობებო
მილანი (4-3-3): აბიატი - ძამბროტა, ბონერა, ნესტა, ანტონინი - ამბროზინი, პირლო, ზეედორფი - პატო, იბრაჰიმოვიჩი, რონალდინიო.
ოსერი (4-2-3-1): სოირნი - ჰენგბარტი, კულიბალი, მინო, გრიხტინგი - პედრეტი, ნდინგა - ოლიეში, ლე ტალეკი, ბირსა - იელენი.
არბიტრი: პაველ კრისტიან ბალაი (რუმინეთი)

H ჯგუფი
არსენალი-ბრაგა

ჯგუფის აშკარა და ერთადერთ ფავორიტ "არსენალს" პირველ ტურში მეტოქედ პორტუგალიის სენსაციური ვიცე-ჩემპიონი და ჩემპიონთა ლიგის დებიუტანტი "ბრაგა" ჰყავს. ლონდონელებმა ამ უქმეებზე "ბოლტონი" 4:1 დაამარცხეს, სესკ ფაბრეგასმა კი, რომელმაც ზაფხულში "მეთოფეების" ქომაგები ძალიან ანერვიულა (ბარსელონაში გადასვლა უნდოდა, მაგრამ არ გაუშვეს) ორი საგოლე პასი მიითვალა. "ბრაგას" რეპეტიცია არ გამოუვიდა: 2:3 "პორტუსთან".

სავარაუდო შემადგენლობები
არსენალი (4-4-2): ალმუნია - კლიში, სკილაჩი, კოშელნი, სანია - ნასრი, ებუე, ფაბრეგასი, ფაბიანსკი - უილშერი, შამახი.
ბრაგა (4-3-3): ფელიპე - მოიზესი, როდრიგესი, სილვიო, მიგელ გარსია - მოსორო, ვანდინიო, უგო ვიანა - პაულო სეზარი, ლიმა, მატიო.
არბიტრი: ალან ჰამერი (ლუქსემბურგი)

შახტარი-პარტიზანი

ერთწლიანი პაუზის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპს დონეცკის შახტარიც დაუბრუნდა და უკრაინული კლუბი ასპარეზობას ბელგრადის "პარტიზანთან" საშინაო მატჩით იწყებს. უკრაინის მოქმედ ჩემპიონს იოლი ჯგუფი შეხვდა და მიზნად მეოთხედფინალში გასვლას ისახავს. ჩვენ მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ დონეცკელებს ძალიან დაბალანსებული, ძლიერი გუნდი ჰყავთ და ლოგიკურად მინიმუმ მერვედფინალში უნდა გავიდნენ. თუმცა მირჩა ლუჩესკუ დღეს ტრავმირებულ ფერნანდინიოს ვერ გამოიყენებს - ბრაზილიელი კიევის "ობოლონთან" მატჩში (0:1) დაშავდა და ხანგრძლივი პაუზა გამოიწერა. "პარტიზანთან", რომლის უკანა ხაზზაც ვეტერანი მცველი მლადენ კრსტაიჩი ამაგრებს, "შახტარი" ფავორიტია.

სავარაუდო შემადგენლობები
შახტარი (4-2-3-1): პაიატოვი - სრნა, ჩიზკოვი, რაკიცკი, რაცი - სტეპანენკო, ჰუბშმანი - დ. კოშტა, მხითარიანი, ვილიანი - მ. მორენო.
პარტიზანი (4-4-2): რ. ილიჩი - სტევანოვიჩი, იოვანოვიჩი, კრსტაიჩი, ლაზევსკი - ტომიჩი, პეტროვიჩი, სმილიანიჩი, ს. ილიჩი - ილიევი, კლეო.
არბიტრი: კარლოს კარბალიო (ესპანეთი)


ლელო 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული