ტელეარხებმა ანტონიო ვალენსიას საშინელი დაშავების ეპიზოდი არ გაიმეორეს

AutoSharing Option

როგორც ჩანს საქმე კოჭის ამოგდებასა და მოტეხილობასთან ერთდროულად გვაქვს - "მანჩესტერ იუნაიტედის" მარჯვენაფლანგელის ანტონიო ვალენსიას ამბავს მოგახსენებთ. უიღბლოდ დაიწყო სახელოვანმა ინგლისურმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამეშება - ვერც "გლაზგო რეინჯერსს" მოუგო და ეკვადორელი ნახევარმცველიც ისე დაუშავდა, რომ, ალბათ, ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს.

ეპიზოდი, როდესაც 25 წლის ფეხბურთელი დაშავდა მთელმა მსოფლიომ ნახა - ვალენსიასა და კირკ ბროდფუტის ორთაბრძოლა სრულიად უვნებელი რამ გახლდათ, არადა ისე ცუდად დასრულდა, რომ ვალენსიას ჟანგბადის ბალონები დასჭირდა. მანჩესტერელთა თავკაცმა სერ ალექს ფერგიუსონმა ბრძანა:

"ვშიშობ, ტრავმა მართლა ძალიან სერიოზულია. ანტონიოს ოპერაცია

რომ სჭირდება ეჭვგარეშეა და ეს ძალინ ცუდია. ვგონებ იგი ისევე დაშავდა, როგორც თავის დროზე ალან სმიტი, როდესაც ჩვენთან თამაშობდა. ჩემი ვარაუდით ვალენსია ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს. "რეინჯერსის" ფეხბურთელებმა ხელის ქნევა და ჩვენი ექიმების მიხმობა რომ დაიწყეს ხელად მივხვდით, რომ დიდ უიღბლობასთან გვქონდა საქმე".

ტრავმა იმდენად შემზარავი სანახავი იყო, რომ ტელეკომპანიებმა მომენტის ჩანაწერი აღარ გაიმეორეს და ამ ინციდენტმა სრულიად ჩაყლაპა მოვლენა, რომელიც იმ დღეს, თითქოსდა, დღის მთავარი თემა უნდა ყოფილიყო - უეინ რუნის დაბრუნებაზე მოგახსენებთ. რუნიზე ყურადღებას, მოგეხსენებათ, იმიტომ ვამახვილებთ, რომ ბოლო კვირანახევრის განმავლობაში ის ნამდვილ კოშმარში იყო. ტაბლოიდებმა ცოლის ღალატში ამხილეს და ლამის ოჯახი დაენგრა თავზე. ფერგიუსონმა გასულ შაბათს "ევერტონთან" პრემიერლიგის შეხვედრაშიც კი არ ათამაშა, რადგან მის "გუდისონ პარკის" ფანობის წინაშე გაყვანას მოერიდა, მაგრამ აი, ჩემპიონთა ლიგაში რუნი დაბრუდა.

თუმცა, "რეინჯერსთან" ალექს ფერგიუსონმა მარტო რუნი კი არ დაუბრუნა მოედანს, "ევერტონთან" ნათამაშები შემადგენლობა მთლიანად გამოცვალა - ათი ახალი ფეხბურთელი გამოიყვანა. ინგლისში დაწერეს, ფეგიმ ჩემპიონთა ლიგა "ქარლლინგის" თასს გაუტოლაო. თუმცა, რუნის დაბრუნებისა და შემადგენლობის გადახალისების მიუხედავად "იუნაიტედმა" გლაზგოელთა კედლად აღმართული დაცვის გარღვევა ვერაფრით მოახერხა. ფერგიუსონმა თქვა:

"ჩვენ სულაც არ გვაკლდა ფეხბურთელები, რომელთაც მოედანზე გასვლა და თამაშის მოგება შეუძლიათ. ვიცი, გამაკრიტიკებენ, რომ უძლიერესი შემადგენლობა არ ვათამაშე, მაგრამ ეს არ იქნება მართალი. მე ძალიან ძლიერი შემადგენლობა გავიყვანე მოედანზე. ამ მოთამაშეთაგან რვამ "ქომუნითი შილდზე" (ინგლისის სუპერთასს ჰქვია ასე) "ჩელსის" მოუგო, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ "რეინჯერსის" დამარცხებაც შეეძლოთ. სხვათაშორის, ბურთის ფლობისა და შეტევათა ინტენსივობის თვალსაზრისით საკმაოდ კარგად ვითამაშეთ, მაგრამ მომენტები ვერ შევქმენით. "რეინჯერსმა" ისეთი ტაქტიკით ითამაშა, რომ ვეჭვობ, სხვა შემადგენლობით რომ მეთამაშა რაიმე განსხვავებული გამოსულიყო".

"რეინჯერსის" მწვრთნელმა უოლტერ სმიტმა კი ასე თქვა: "დღეს `იუნაიტედის" შემადგენლობამ ყველა გააკვირვა, მაგრამ მგონი ამ ფეხბურთელთა 80 პროცენტს ჩემპიონთა ლიგის მონაწილე ნებისმიერი სხვა გუნდი სიამოვნებით იყოლიებდა თავის ძირითად შემადგენლობაში. ჩვენ დღეს თამაში ჩაშლაზე ავაგეთ და მართალია ჩაშლა ყოველთვის უფრო ადვილია ვიდრე შექმნა, შედეგს მივაღწიეთ და კმაყოფილი ვარ. მანჩესტერელებმა მართლა ცოტა მომენტი შექმნეს და ჩვენ მათი ჩაშლა მოვახერხეთ".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული