თურქული ფეხბურთის სირცხვილის დღე

AutoSharing Option

ანტონიო ვალენსიას შოკისმომკვრელმა ტრავმამ (ფეხბურთს ალბათ წლის ბოლომდე ვეღარ ითამაშებს) "მანჩესტერ იუნაიტედის" წარუმატებლობა (უგოლო ფრე რეინჯერსთან) დაჩრდილა; "ბარსელონამ" "ერკულესის" ჯავრი პანათინაიკოსზე ამოიყარა; მოქმედმა ჩემპიონმა "ინტერმა" კი "ტვენტეს" ვერ მოუგო. განცდები და რეაქციები სამშაბათის მატჩების მიმოხილვაში:

A ჯგუფი
ვერდერი-ტოტენჰემი 2:2
გოლები: 0:1 პასანენი (12-საკ. კარში), 0:2 კრაუჩი (18), 1:2 უგო ალმეიდა (43), 2:2 მარინი (47)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: მარკო მარინი (ვერდერი)

საფეხბურთო მატჩი ბრემენის "ვერდერის" მონაწილეობით დრამისა და ინტრიგის გარეშე იშვიათი ხილია. ჰო, ეს არ იყო 0:3-ის შემდეგ 5:3, როგორც "ამას წინათ" ბრიუსელის "ანდერლეხტთან"

და არც საპასუხო მატჩში 6:2 იყო, პირველი თამაშის 1:4-ზე წაგების შემდეგ, როგორც "ამას წინათ" მოსკოვის "სპარტაკთან", მაგრამ რაც არ უნდა იყოს, "მუსიკოსებმა" ვან დერ ვაარტს, კრაუჩსა და კომპანიას 0:2-დან 2:2 ამოუქაჩეს. ჩვენ კი შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ როცა მეორე ტურში (ინტერთან) "ვერდერს" ნალდო, მერტეზაკერი და პისაროც დაუბრუნდებიან, თომას შააფის გუნდი გაცილებით კარგად ითამაშებს. ცხადია, იმასაც გააჩნია, ვის რა ხიბლავს "ვერდერის" თამაშის ყურებისას "-იქნებ ბრემენელებმა "ინტერთან" სულაც მოსაწყენი ფეხბურთი ითამაშონ. ფაქტი ისაა, რომ მილანურ გრანდთან უარს არც "ბინძურ" 1:0-ზე იტყვიან.

შააფმა საფინალო სასტვენის შემდეგ პირდაპირ თქვა, პირველ ტაიმში ჩავისვარეთ და დავისაჯეთ კიდეც, სამაგიეროდ, მეორე ტაიმში გამოვცოცხლდით და ამრიგად, შედეგი ლოგიკურიაო. მისმა ინგლისელმა ვიზავიმ, ჰარი რედნაპმა კი ცოტა ხმამაღალი, მაგრამ დამსახურებული განცხადება გააკეთა, პირველ ტაიმში ანგარიში 3:0 ან 4:0 მაინც უნდა ყოფილიყოო "- ცხადია, "ტოტენჰემის" სასარგებლოდ. თუმცა რედნაპი რეალისტია - ჩემი გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ, ეს არის მაქსიმუმი, რაც "ტოტენჰემს" შეუძლიაო.

ტვენტე-ინტერი 2:2
გოლები: 0:1 სნეიდერი (14), 1:1 იანსენი (20), 2:1 მილიტო (30-საკ. კარში), 2:2 ეტო'ო (41).
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: თეო იანსენი (ტვენტე)

"ტვენტეს" ფეხბურთელებიდან, მეკარე მიჰაილოვის გარდა, ჩემპიონთა ლიგაში თამაშის გამოცდილება არავის ჰქონდა და განა მისწრება არ იყო პირველი გამოცდილების მოქმედ ჩემპიონთან ბრძოლით მიღება? ვინც ფიქრობდა, რომ ჰოლანდიის ჩემპიონი შეშინებული ითამაშებდა, სასტიკად შეცდა. "ტვენტემ" განსაკუთრებით პირველ ტაიმში მოგვაწონა თავი და უპირატესობა, რომელიც "მილანელებს" ტექნიკისა და გამოცდილების ხარჯზე უნდა ჰქონოდათ, ჰოლანდიელებმა ბრძოლისუნარიანობით გააბათილეს. რაფა ბენიტესის გუნდის ძირითად შემადგენლობაში ათი ისეთი ფეხბურთელი ვიხილეთ, რომლებმაც გასული სეზონის ფინალშიც ითამაშეს და ისიც ვთქვათ, რომ "ნერაძურიმ" დაცვაში უჩვეულო შეცდომები დაუშვა. და არა მარტო დაცვაში "- "ინტერი" როგორღაც აჭრილი ჩანდა: მარიგა (იანსენს თავი ჩაარტყა) და ეტო'ო (იანსენს სახეში გაულაწუნა) წითელ ბარათებს იმსახურებდნენ. აქედანაც ჩანს (გოლზე აღარაფერს ვამბობთ), რომ "ტვენტედან" ყველაზე აქტიური სწორედ თეო იანსენი იყო, რის გამოც ვასახელებთ კიდეც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად. მოკლედ, "ინტერმა" ვერ დაიწყო ისე, როგორც უნდოდა.

მატჩის შემდეგ ბენიტესს თავი არ დაუხრია, პირველ ტაიმში გაგვიჭირდა, სამაგიეროდ, მეორე ნახევარში ყველაფერზე კონტროლი დავამყარეთ და შედეგით უკმაყოფილო ნაღდად არ ვარო. რაფა დარწმუნებულია, რომ "ინტერი" ნელ-ნელა შევა ფორმაში.

B ჯგუფი
ლიონი-შალკე 1:0

გოლი: 1:0 ბასტოსი (21)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: მიშელ ბასტოსი (ლიონი)

ვერა, "შალკეს" ვერც ჩემპიონთა ლიგის ჰიმნმა უშველა - გელზენკირხენულ კლუბს ახალ სეზონში ყველაფერი ცუდად გამოსდის! ჰუნტელაარი, რაული და ფელიქს მაგათის სხვა ამბიციური ბიჭები ვერც ორთაბრძოლებს იგებენ, დაცვაში კატასტროფულ შეცდომებს უშვებენ, "ლიონთან" სამარცხვინო გოლი მიიღეს და ამ ყველაფერთან ერთად, ბენედიქტ ჰიოვედესს სასტიკად არ გაუმართლა, როცა წითელი ბარათი დაიმსახურა.

ერთი-ორ მომენტში შალკელებს წინა ხაზში რაღაც მაინც გამოუვიდათ, მაგრამ იქ უკვე "ლიონის" მეკარე ლორისი იდგა მოწოდების სიმაღლეზე. არადა, შარშანელ ფინალისტთან მინიმუმ ქულის მოპოვება მაინც შეიძლებოდა, რადგან არც ფრანგულ გრანდს უფრენია. მოკლედ, მაგათს მძიმე დროება უდგას, მაგრამ ფელიქსმა განგაში მაინც არ ატეხა, ამ მარცხში ტრაგიკულს ვერაფერს ვხედავო.
"ისეთი არაფერი მომხდარა, ცუდად არ გვითამაშია და ეს 0:1 იმას არ ნიშნავს, რომ თავი უნდა მოვიკლა. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი," - თქვა "შალკეს" მწვრთნელმა.

ბენფიკა-ჰაპოელი 2:0
გოლები: 1:0 ლუიზაო (21), 2:0 კარდოსო (68)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: რობერტო (ბენფიკა)

ანგარიშმა შეცდომაში არ შეგიყვანოთ: ისრაელის ჩემპიონმა პორტუგალიის ტრიუმფატორთან ძალიან კარგად ითამაშა და თუ გოლების გატანა ვერ შეძლო, ეს პირველ რიგში ლისაბონელთა მეკარე რობერტოს დამსახურებაა, რის გამოც ვაღიარებთ კიდეც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად. "ბენფიკასა" და "ჰაპოელს" შორის განსხვავება კი ლუიზაომ (ულამაზესი გოლით) დაგვანახვა. ლისაბონელთა დაცვის ბურჯის გოლის შემდეგ "ჰაპოელი" უკვე მედგრად უტევდა და "ბენფიკას" ფეხბურთელებმა არაერთი კონტრიერიშის განხორციელება შეძლეს. ერთ-ერთი კონტრშეტევა კი კარდოსოს გოლით დასრულდა. ნაცვლად ზეიმის მოწყობისა, კარდოსომ გოლის შემდეგ საჩვენებელი თითი ტუჩებზე მიიდო და "ბენფიკას" ფანებს გაჩუმებისკენ მოუწოდა "- ბოლო დროს მას არა მარტო ჟურნალისტები, არამედ საკუთარი ქომაგებიც მაგრად აკრიტიკებდნენ.


C ჯგუფი
ბურსასფორი-ვალენსია 0:4
გოლები: 0:1 კოსტა (16), 0:2 ადურისი (41), 0:3 ერნანდესი (68), 0:4 სოლდადო (76)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: პაბლო ერნანდესი (ვალენსია)

თურქეთის ჩემპიონს სამარცხვინო დებიუტი გამოუვიდა. "ვალენსიამ" ტექნიკური უპირატესობა იდეალურად გამოიყენა და "ბურსას" თავისივე მოედანზე "კუდით ქვევბი ასროლინა". შესანიშნავი იყო ვალენსიელთა ახალწვეული კოსტა, რომელმაც ჯერ საოცნებო გოლი გაიტანა, მერე კი საგოლე პასიც მიითვალა. კოსტაზე გაცილებით უკეთ წარმოჩინდა 25 წლის დრიბლიორი პაბლო ერნანდესი, რომელიც "ბურსას" მცველებს მთელი მატჩის განმავლობაში კატა-თაგვობანას ეთამაშებოდა და კარგი თამაში ოდენ მოკრძალებული გოლით დააგვირგვინა.

პირდაპირ ვთქვათ: თურქული კლუბებისგან ასეთ ამაზრზენ თამაშს (მით უმეტეს საკუთარ მოედანზე) მიჩვეულები არ ვართ და ამ წაგებით "ბურსასპორმა" "გალათასარაი", "ფენერბაჰჩე", "ბეშიქთაში" და საერთოდ თურქული ფეხბურთის სახელი შეარცხვინა.

მანჩესტერი-რეინჯერსი 0:0
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: საშან პაპაჩი (რეინჯერსი)

"წითელ ეშმაკებს" სამშაბათს შავი დღე ჰქონდათ: სექს-სკანდალში გახვეულმა უეინ რუნიმ და კომპანიამ "რეინჯერსის" დაცვას 90 წუთის მანძილზე ხვრელი ვერ უპოვეს. მანკუნიანელთა მხრიდან შოტლანდიელებს ხიფათი მხოლოდ გიბსონმა შეუქმნა, ისიც რამდენჯერმე და უშედეგოდ. არასახარბიელო სტარტს კი ისიც დაემატა, რომ მანჩესტერელთა გარემარბი ანტონიო ვალენსია საშინლად დაშავდა "- 25 წლის ფეხბურთელმა  კოჭი მოიტეხა და ამ ამბის ამსახველი კადრების ნახვას მტერსაც არ ვუსურვებთ.
"ჩვენ უბრალოდ ვერ შევძელით "რეინჯერსის" დაცვის გარღვევა. უგოლო ფრე აბსოლუტურად ლოგიკური შედეგია იმის ფონზე, როგორც ვითამაშეთ. ვფიქრობ, განგაშის ატეხვის საფუძველი არ არსებობს, რადგან ეს მხოლოდ პირველი ტური იყო," - თქვა მატჩის შემდეგ სერ ალექს ფერგიუსონმა.

გლაზგოელთა თავკაცმა უოლტერ სმიტმა კი პირდაპირ აღიარა, ჩემი გუნდი დღეს მხოლოდ საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე იყო ორიენტირებული, რადგან ეს ერთადერთი რამაა, რითაც "მანჩესტერ იუნაიტედთან" რაიმე წარმატების მიღწევის შანსი გვქონდაო. სმიტმა ისიც თქვა, რომ "რეინჯერსი" ყველა მატჩში ასეთი სტრატეგიით ითამაშებს: შოტლანდიურ კლუბებს აღარ აქვთ იმის საშუალება, რომ საუკეთესო ფეხბურთელები იყიდონ. შესაბამისად, სხვა გზა არ გვაქვს, წარმატების შანსი სწორედ ასეთი ფეხბურთით უნდა ვეძებოთ."

D ჯგუფი
ბარსელონა-პანათინაიკოსი 5:1
გოლები: 0:1 გოვუ (20), 1:1 მესი (22), 2:1 ვილია (33), 3:1 მესი (45), 4:1 პედრო (78), 5:1 ალვეში (93)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ლიონელ მესი (ბარსელონა)

ვინ უნდა დაჩაგრულიყო იმის გამო, რომ "ბარსელონამ" გასულ უქმეებზე პრიმერადივიზიონში საკუთარ მოედანზე "ერკულესთან" 0:2 წააგო? მართალია: "პანათინაიკოსი"! არადა, ბერძნულმა კლუბმა თავდასხმის გამოცდილი დუეტით გოვუ/სისე "ნოუ კამპზე" თამაში ისე დაიწყო, როგორც მანამდე, სამი დღის წინ, "ერკულესმა" და მე-20 წუთზე თამაშს იგებდა (გოვუს გოლით), მაგრამ ამ შემთხვევაში "ბარსამ" მეტოქეს ძალიან სწრაფადვე, ორ წუთში უპასუხა (მესი). ამის მერე კი იყო ის, რაც კურდღელსა და ზღარბს ან კატასა და თაგვს შორის ხდება ხოლმე. მესამე და მეხუთე გოლები კრეატიულობის, ფეხბურთით გართობის, საფეხბურთო ვნების, სისწრაფის, გენიალურობის და რაც ყველაზე მთავარია, სილამაზის ზენიტი იყო. როცა რვა ბერძენს შორის ორმაგად ორმაგ გამჭოლ პასს აკეთებ და თანაც პასი ადრესატამდე აღწევს, სალაპარაკო და განსახილველი აღარაფერია.

სწორედ ამიტომ ისაუბრა პეპ გვარდიოლამ მატჩის შემდეგ იმაზე, რომ ეს იყო სრულყოფილი ფეხბურთი და რომ "ბარსელონამ" ყოველთვის ასე უნდა ითამაშოს. "ბარსას" თავკაცმა "ერკულესთან" მარცხიც გაიხსენა "- ხანდახან ყველა აგებს, ჩემი შეგირდებიც ადამიანები არიან და იღლებიან ხოლმეო. ხალხი კი ფიქრობდა, რომ "ბარსა" ტოტალიზატორებს შეეკრა ტრანსფერებში დახარჯული ფული ამოიღო...

რაც შეეხება "პანათინაიკოსს": ბერძნული კლუბის მწვრთნელმა ნიკოს ნიოპლიასმა მაინც იმაზე ისაუბრა, რომ მისი გუნდის მიზანი მერვედფინალში გასვლაა. "დღევანდელი წაგება ჩვენთვის პრობლემას ოდნავადაც არ წარმოადგენს. წინდაწინვე ვიცოდი, რომ ჩვენი შესაძლებლობების დამტკიცება "რუბინთან" და "კოპენჰაგენთან" მოგვიწევდა, იმასაც ვნახავ, რომელი მათგანი არ წააგებს "ნოუ კამპზე", ღვთაებრივ "ბარსელონასთან", - თქვა ნიოპლიასმა. როგორც ჩანს, მას დავიწყდა ან მხედველობიდან გამორჩა, რომ შარშან "რუბინმა" "ნოუ კამპიდან" სამი ქულა წაიღო "- სხვა მხრივ კი მისი სიტყვები ლოგიკურია.

კოპენჰაგენი-რუბინი 1:0
გოლი: 1:0 ნ'დოიე (87)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: სიოლვი ოტესენი (კოპენჰაგენი)

კოპენჰაგენში საერთო ჯამში სუსტი თამაში და უხეირო ფეხბურთი ვიხილეთ. მასპინძლები ლიმიტირებულად თამაშობდნენ და ზედმეტი არაფერი უცდიათ, თუმცა სადებიუტო მატჩში სტადიონზე იმდენად კარგი ატმოსფერო იყო, რომ უნიათო ფეხბურთი დაიჩრდილა. ყაზანის "რუბინი" შედარებით აზრიანად თამაშობდა "- სამაგიეროდ, უიდეოდ და უემოციოდ. დასკვნის სახით კი უნდა ითქვას, რომ კოპენჰაგენელებმა მცირე გამართლების ხარჯზე მოიგეს, რაც რუსეთის დაძაბუნებული ჩემპიონისთვის სავსებით სამართლიანი სასჯელია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული