"ჩელსი" ყველას ანადგურებს

AutoSharing Option
"ჩელსის" თავკაცი კარლო ანჩელოტი კმაყოფილია, მისი გუნდი მეტოქეთა რბევას განაგრძობს - ამჯერად მან ჩემპიონთა ლიგის F ჯგუფის მეტოქე "ჟილინა" გადათელა, 4:1. ამ შეხვედრაში ლონდონელებისთვის ყველაზე უსიამოვნო მეკარე პეტრ ჩეხის შეცდომა იყო, რომელსაც მეტოქის გოლი მოჰყვა - ჩეხმა ჩაწოდებული ბურთის დაჭერა ვერ მოახერხა, მაგრამ ამის მიუხედავად ინგლისის ჩემპიონის იტალიელმა თავკაცმა ბრძანა:

"ჩემპიონთა ლიგაში ყველა თამაში ძნელია. შეხვედრა შესანიშნავად დავიწყეთ, პირველ ტაიმში ზღაპრულად ვითამაშეთ, მაგრამ შესვენების შემდეგ სურათი შეიცვალა - "ჟილინამ" ჩვენს დაცვას მეტი თავსატეხი გაუჩინა. ჩვენი გუნდის ბოლო ოთხეულმა წნეხს მაინც
შესანიშნავად გაართვა თავი. კაცმა რომ თქვას, როდესაც ერთი გუნდი 3:0-ს იგებს, მეორისგან გააქტიურება ნორმალური მოვლენაა

ჩემი ფეხბურთელებიდან ყველაზე მეტად ნიკოლა ანელკას გამოვყოფდი, ის ფანტასტიკური იყო. იგი ეძებდა სივრცეებს, ქმნიდა სახიფათო მომენტებსა და ზოგადადაც ცენტრალური ფიგურა იყო. ანელკა საოცარი ფეხბურთელია. მას შეუძლია თამაში ცენტრალურ თავდამსხმელად, გარემარბად და შუიდან ანუ დამხმარე ფორვარდის პოზიციიდან და რაც ყველაზე საინტერესოა, სამივე ამპლუაში ერთნაირად ძლიერია.

ახლა რაც შეეხება მეკარის შეცდომას. რასაკვირველია, პეტრს ჩვენს კარში გატანილი გოლის ეპიზოდში უკეთ შეეძლო თამაში, მაგრამ ამ შეხვედრაში მეტოქემ მართლა ძალიან ბევრჯერ ჩაჰკიდა ბურთი და, ალბათ, საჭირო იყო ფლანგები უკეთ გადაგვეკეტა.

ჩემი სურვილია "ჩელსიმ" ყოველ შეხვედრაში მთელი 90 წუთი კარგად ითამაშოს. თავად ვიყავი ფეხბურთელი და ვიცი, რომ თამაშის მსვლელობისას ნებისმიერ მოწინააღმდეგეს აქვს პერიოდები, როდესაც ის გონს მოდის და გბოჭავს. საბოლოოდ, შემიძლია გითხრათ, რომ ჩემპიონთა ლიგაში 4:1 მოგება იოლი საქმე არ არის და ამიტომ "ჟილინასთან" თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ. მიხარია, დენიელ სტარიჯმა გოლი რომ გაიტანა, თუმცა მოედანზე პოზიციის შერჩევა დასახვეწი აქვს. ჩვენ გვინდა ის ფლანგებზე კი არ გარბოდეს, არამედ შუაში ძვრებოდეს და იქიდან აწუხებდეს მოწინააღმდეგეს. გოლის მომენტში მან ჩინებულად ითამაშა".
ყველა შეხვედრაში ერთად თუ დავთვლით "ჩელსიმ" ამ სეზონში 21 გოლი გაიტანა და მხოლოდამხოლოდ ორი გაუშვა. გასულ სეზონში "ლურჯებმა" სულ 142 გოლი შეაგდეს, მაგრამ ანჩელოტი ამბობს, რომ მისი მთავარი მიზანი ამ შედეგის გაუმჯობესება სულაც არ არის.

"ჩვენი მიზანი კარგად თამაში და გამარჯვებაა - განაგრძო დასავლეთ ლონდონელეთა თავკაცმა – ჩვენ გოლების საკუთარ რეკორდს არ დავეჭიდებით. ბოლოს და ბოლოს ის რეკორდი ხომ ჩვენია და თან ისეთია, რომ იქნებ ვერც კი დავამხოთ".

"ჟილინას" თავკაცმა პაველ ჰაპელმა კი მხრები გაოცებით აიჩეჩა და თქვა, გუნდებს შორის ერთადერთი განსხვავება ის იყო, რომ "ჩელსი" რამდენი ფეხს მოიქნევდა იმდენი გოლი გაჰქონდაო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული