საკუთარი აზრის გამოთქმა და პროგნოზის გაკეთება ვლადიმერ გუცაევს ვთხოვეთ. ჩვენი საუბარი "რეალი"-"ბაიერნის" მატჩამდე შედგა.
"ვფიქრობ, გვარდიოლამ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა, სამი მცველით რომ ათამაშა გუნდი. გასაგებია, რომ მწვრთნელმა ზედმიწევნით შემტევი სტრატეგია აირჩია, მაგრამ ეს მცველების ხარჯზე არ უნდა გაეკეთებინა.
ისიცაა, რომ ყველა გუნდს ეწყება ჩავარდნა დიდი წარმატებების შემდეგ და "ბარსელონასაც" ასეთ დროს მოუწია
კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ დავიდ ვილია ძალიან დიდი ძალაა "ბარსელონასთვის", მისი სრულფასოვნად შეცვლა ვერ მოხერხდა.
რაც შეეხება დი მატეოს, მან გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა, - სწორი ნახაზი შეარჩია. ორ ხაზზე ააგო დაცვა და გაუმართლა.
"ჩელსიდან" აღსანიშნავია ეშლი კოული. მან მართლაც სერიოზულად ითამაშა. მისი ფლანგიდან "ბარსელონამ", ფაქტობრივად, ვერაფერი მოახერხა.
ძალიან კარგად ითამაშა დიდიე დროგბამ, რომელსაც მუდმივ დაძაბულობაში ჰყავდა "ბარსელონას" დაცვა. რა თქმა უნდა, ფრენკ ლემპარდიც უნდა გამოვარჩიოთ.
რაც შეეხება მეორე ნახევარფინალს, "რეალი" ახლა ძალიან კარგ ფორმაშია, კარგადაა დაბალანსებული, დაცვაშიც ძლიერია და თავდასხმაშიც. დი მარია, ბენზემა, იოზილი და რონალდო - ასეთი შემტევებით "რეალს" ყველაფერი შეუძლია.
ფავორიტი "რეალი" მგონია, თუმცა მირჩევნია, თუ "ბაიერნი" გავა ფინალში, ფეხბურთის პოპულარიზაციისთვის ასე აჯობებს. სულ "რეალის" და "ბარსელონას" დაპირისპირებას ხომ არ უნდა ვუყუროთ?!"
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"