"ჩელსიც" ზუსტად ორი წლის წინ იყო ინგლისის ჩემპიონი. ახლა კი მეხუთე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის საგზურიც კი სანატრელი აქვს, მაგრამ "ჩელსიც" ჩემპიონთა ლიგის ფინალშია.
ვინც იფიქრა, რომ ამ ორი წინადადებით ფინალისტების მიღწევის დაკნინება გვსურს, ცდება! მხოლოდ იმის თქმა გვინდა, რომ ჟოზე მოურინიო სიმართლესთან ახლოსაა იმ განცხადებით, რაც წაგებული ნახევარფინალის შემდეგ გააკეთა და რომელსაც ქვემოთ გაეცნობით.
"რეალისა" და "ბაიერნის" საპასუხო დუელი, მოლოდინისამებრ, უაღრესად დრამატული გამოდგა - არა მარტო პენალტების
19 მაისს, ევროპის ყველაზე ელიტარული საკლუბო ტურნირის დასკვნით მატჩში, "ბაიერნი" "ჩელსის" უმასპინძლებს, ფავორიტი კი მარტო იმიტომ იქნება, რომ ფინალი "ალიანს არენაზე" უნდა გაიმართოს.
აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ ლონდონელებს დისკვალიფიკაციის გამო რამირესი, ტერი, ივანოვიჩი და რაულ მეირელეში დააკლდებათ, მიუნხენელებს კი - ლუის გუსტავო, ალაბა და ბადშტუბერი.
დაგვერწმუნეთ, ეს ფაქტორი ფინალს კიდევ უფრო საინტერესოს გახდის...
რეაქციები
იკერ კასილიასი (რეალი): "პენალტების სერიაში წაგება ყველაზე მტკივნეული მარცხია - ამას ჯობდა, 0:3 წაგვეგო. "ბაიერნს", უბრალოდ, ჩვენზე მეტად გაუმართლა".
სამი ხედირა (რეალი): "ფინალთან ძალიან ახლოს ვიყავით. თერთმეტმეტრიანების სერიაში წაგება კი მხოლოდ უიღბლობის ბრალია. თამაში იდეალურად დავიწყეთ, მერე კი რატომღაც მოვეშვით. მესამე გოლი აუცილებლად უნდა გაგვეტანა".
ჟოზე მოურინიო ("რეალის" მწვრთნელი): "ახლა "ბაიერნის" გასახდელიდან მოვდივარ - გავაკეთე ის, რასაც არასდროს ვაკეთებ ხოლმე: მიუნხენელებს გამარჯვება მივულოცე. არ ვაპირებ იმ ფეხბურთელების გაკრიტიკებას, რომლებმაც პენალტები გააცუდეს, რადგან მანამდე მთელი 120 წუთი ცხოველებივით დარბოდნენ და თავი არ დაუზოგავთ.
ახლა ისე გამოვიდა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ინგლისის მეხუთე და გერმანიის მეორე გუნდები ითამაშებენ... ვფიქრობ, ესპანეთში ასეთი მომენტებისადმი მიდგომა რადიკალურად უნდა შეიცვალოს - ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალამდე სამი დღით ადრე ჩვენ "ელ კლასიკო" გადავიტანეთ.
მაგალითად, იტალიაში ასეთ სიტუაციებს სხვანაირად უდგებიან - როცა "ინტერს" ამ რანგის მატჩი ჰქონდა ჩასატარებელი, იტალიის ჩემპიონატის კალენდარულ შეხვედრას ყოველთვის პარასკევს ვატარებდით ხოლმე. ესპანეთში კი ეს არავის აინტერესებს. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია პატივს არ სცემს იმ გუნდებს, რომლებიც ევროპაში ესპანურ საკლუბო ფეხბურთს წარმოადგენენ. ესეც თქვენ - ფინალში ვერც "ბარსელონა" გავიდა და ვერც რეალი..."
კარლ-ჰაინც რუმენიგე ("ბაიერნის" ვიცე-პრეზიდენტი): "ძალიან მაგარი თამაში გამოვიდა! 40 წელია, ფეხბურთში ვარ და ასეთი ემოციური და ინტენსიური მატჩი იშვიათად მინახავს. ამ გუნდით ძალიან ვამაყობ, მანუელ ნოიერი კი ძალიან მიყვარს. ჩვენ ყველას გვიყვარს მანუ - არა მარტო იმიტომ, რომ ორი პენალტი მოიგერია, არამედ, პირველ რიგში, იმიტომ, რომ მართლა გენიალური მეკარეა. რამდენიმე წუთის წინ "რეალის" პრეზიდენტმა მითხრა, თქვენს კარს მსოფლიოში საუკეთესო კიპერი იცავსო.
რაც შეეხება ბადშტუბერის, გუსტავოსა და ალაბას დისკვალიფიკაციებს - პირდაპირ გეტყვით, ეს ფეხებზე მკიდია! იმიტომ, რომ დღეს მთავარი ფინალში გასვლა იყო. 19 მაისს მოედანზე გავიყვანთ და გავიტანთ ყველას და ყველაფერს, რისი გატანა და გაყვანაც შეგვეძლება - იმისათვის, რომ ჩემპიონთა ლიგის თასი მიუნხენში დარჩეს".
იუპ ჰაინკესი ("ბაიერნის" მწვრთნელი): "ბერნაბეუზე" წარმატების მიღწევა ურთულესია და ეს გამარჯვება "ბაიერნისთვის" დაუვიწყარი იქნება. ბიჭებს ძალიან უნდოდათ ფინალში გასვლა და ეს ბრძოლა ამიტომაც მოიგეს. ეს ისტორიული გამარჯვებაცაა, რადგან აქამდე არცერთ კლუბს არ უთამაშია ფინალში, რომელიც მის სტადიონზე ტარდებოდა.
რობენმა პენალტი იმიტომ დაარტყა, რომ ამაზე თამაშის წინ შევთანხმდით. თერთმეტმეტრიანების სერიაში მონაწილეობა კი არიენმა აღარ ისურვა.
ჩვენი ბედნიერების მთავარი მიზეზი დღეს მანუელ ნოიერია! ჩემი აზრით, "რეალის" მთავარი შეცდომა დღეს ის იყო, რომ მადრიდელებმა თამაში მოგებულად ნაადრევად ჩათვალეს".
ული ჰიონესი ("ბაიერნის" პრეზიდენტი): "პენალტების სერიაში მეორე თერთმეტმეტრიანი რომ გავაფუჭეთ, მეგონა, მოვკვდებოდი! და თუ მაინც გადავრჩებოდი, ფილიპ ლამის მოკვლას ვაპირებდი. როგორია, როცა ასეთი რანგის მატჩის პენალტებში 2:0-ს იგებ და მერე უცებ ორს ვერ გაიტან.
მანუელ ნოიერი დღეს შეუდარებელი იყო - ჩვენ ის სწორედ ამიტომ ვიყიდეთ. ქედს ვიხრი არიენ რობენის წინაშეც, რომელმაც "დორტმუნდთან" გაცუდებული უმნიშვნელოვანესი პენალტის შემდეგ დღეს თამაშში დანიშნული თერთმეტმეტრიანის შესრულება მაინც თავის თავზე აიღო და გაიტანა. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ჰოლანდიელი ვაჟკაცია!
საკუთარ მოედანზე ჩასატარებელ ფინალში მონაწილეობა უდიდესი მიღწევაა და ზუსტად ვიცი, რომ ეს ფეხბურთელები ასეთ რამეს ვეღარასოდეს მოესწრებიან. ასე რომ, ფინალი უნდა მოვიგოთ".
არიენ რობენი (ბაიერნი): "ერთი წამითაც არ მიფიქრია იმაზე, რომ პენალტი სხვას დაერტყა. "დორტმუნდთან" მომხდარის შემდეგ ვალდებული ვიყავი, მე დამერტყა და ძალიან მაინტერესებს, რას იტყვის ახლა ფრანც ბეკენბაუერი".
TOP-ფეხბურთელი
მანუელ ნოიერი (ბაიერნი)
თამაშის მეექვსე წამზე "ბაიერნის" მეკარემ ბურთს ფეხი რომ ააცილა, "რეალის" ქომაგები ხელებს გემრიელად მოიფშვნეტდნენ, მიუნხენური გრანდის ფანები კი ანერვიულდებოდნენ, მაგრამ ნოიერის თავდაუჯერებლობა მეექვსე წამზევე დამთავრდა.
მანუ მთელი მატჩის განმავლობაში მშვიდი და კონცენტრირებული იყო. პენალტების სერიაში კი ჯერ კრიშტიანო რონალდოს დარტყმა მოიგერია, მერე კი კაკასიც და "ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა.
FLOP-ფეხბურთელი
ანხელ დი მარია (რეალი)
პირველი ხუთი წუთის განმავლობაში დი მარია მოწოდების სიმაღლეზე იდგა - იმიტომ, რომ "ბაიერნის" ახალგაზრდა მარცხენა მცველი დავიდ ალაბა ნერვიულობდა. მერე კი დაიკარგა. მის ანგარიშზე მხოლოდ არაერთი არაზუსტი პასი და წაგებული ორთაბრძოლების კასკადი იყო. სწორედ ამიტომ 75-ე წუთზე მოურინიომ დი მარია კაკათი შეცვალა.
მსაჯი
ვიქტორ კასაი თავიდანვე დაიწნეხა, რადგან არაერთი რთული სიტუაციის განსჯა მოუხდა, მაგრამ უნგრელ არბიტრს სადავეები ხელიდან არ გაექცა - პენალტებიც დასანიშნი იყო. მან მხოლოდ რამდენიმე უმნიშვნელო ორთაბრძოლა შეაფასა არასწორად. საერთო ჯამში კი კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
ტაქტიკა-სტრატეგია
ჟოზე მოურინიომ მისთვის ჩვეული 4-2-3-1 აირჩია, ოღონდ, პირველი მატჩისგან განსხვავებით, დაცვის მარცხენა ფლანგზე ამჯერად მარსელოს ენდო, ფაბიო კოენტრაო კი სკამზე დატოვა, რაც ლოგიკურიც იყო, რადგან პორტუგალიელმა მიუნხენში ცუდად ითამაშა.
"ბაიერნის" თავკაც იუპ ჰაინკესს არაფერი შეუცვლია - ბასტიან შვაინშტაიგერი კვლავ ძირითადში გაამწესა, თომას მიულერი კი ისევ სკამზე დასვა.
ანალიზი
თამაში "ბაიერნისთვის" ავისმომასწავებლად დაიწყო: მისცა თუ არა ვიქტორ კასაიმ სტარტის სასტვენი, მადრიდელები მიუნხენელებს ეკვეთნენ და დააბნიეს.
"რეალის" პირველ შეტევებს უმეტესად ჩაბი ალონსო ხელმძღვანელობდა, რომელმაც დი მარიას სამი გენიალური დიაგონალური პასი გაუკეთა და ეს უკანასკნელი "ბაიერნის" მარცხენა მცველ დავიდ ალაბას კატათაგვობანას ეთამაშებოდა. შესაბამისად, თითქმის ლოგიკური გახლდათ ისიც, რომ პენალტი, რომლითად მადრიდელებმა ანგარიში გახსნეს, სწორედ ალაბას ბრალი იყო.
გაშვებულმა გოლმა რეკორდმაისტერს შეტევებისკენ უბიძგა და ბავარიელებმა იკერ კასილიასის კართან იდეალური საგოლე მომენტი შექმნეს, რომელიც რობენმა ვერ გამოიყენა. "ბაიერნის" გამოფხიზლებამ "რეალს" ხელ-ფეხი უფრო მეტად გაუხსნა და უკვე მე-14 წუთზე მოურინიოს შეგირდებმა მეორე გოლიც გაიტანეს: რონალდომ "ბაიერნის" დაცვის ხაზის პოზიციური შეცდომით ისარგებლა და ნოიერს შანსი არ დაუტოვა.
მე-14 წუთზე "ბერნაბეუს" ტაბლოზე უკვე 2:0 ენთო, რასაც "ბაიერნი", წესით, მარტივ მამრავლებად უნდა დაეშალა, მაგრამ ჰაინკესის გუნდის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ ბავარიელები შოკიდან მალევე გამოვიდნენ. ისიც უნდა ვთქვათ, რომ "რეალმა" ბევრი რამ დათმო - პირველ რიგში კი, ბურთი. მაგრამ მადრიდელებს მოედნის ცენტრი თვითნებურად არ დაუთმიათ - პრესინგს მიმართავდნენ და თუ "ბაიერნი" ამ მონაკვეთში უპირატესობას დაეუფლა, ეს კროოსის, შვაინშტაიგერისა და ლუის გუსტავოს დამსახურება გახლდათ, რომლებიც ხედირას და ალონსოს კარგად აკონტროლებდნენ.
"ბაიერნის" თამაშში განსაკუთრებით საინტერესო ის იყო, რომ მარიო გომესი უკან იხევდა და მოძრავი თავდამსხმელის ფუნქციებს მშვენივრად ითავსებდა.
მიუნხენელებს შეტევების ორგანიზება მხოლოდ მაშინ უჭირდათ, როცა "რეალი" აქტიურ პრესინგს მიმართავდა, მაგრამ მოურინიოს გუნდი ამას რატომღაც იშვიათად აკეთებდა. თანაც, მადრიდელები დაცვაში უშვებდნენ შეცდომებს, რამაც "ბაიერნს" კასილიასის კართან არაერთი მომენტის შექმნის საშუალება მისცა.
თამამად ვიტყვით: პირველი ტაიმი ერთ-ერთი საუკეთესო იყო მათ შორის, რაც ჩემპიონთა ლიგაში გვინახავს.
პირველი ნახევრის მაღალმა ტემპმა მეორე ტაიმზე იქონია გავლენა, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ეს ფეხბურთელების გადაღლის ბრალი იყო - უბრალოდ, "რეალმა" და "ბაიერნმა" გაცილებით ორგანიზებული ფეხბურთის თამაში გადაწყვიტეს. მიუნხენელებს მცირე უპირატესობა კი ჰქონდათ, მაგრამ ბურთი მეტწილად თავიანთ ნახევარზე ეჭირათ.
მადრიდელები აღარ რისკავდნენ, რადგან რეკორდმაისტერს მეორე გოლიც რომ გაეტანა, "რეალს" მერე ორი დასჭირდებოდა და მეორე ტაიმი პირველთან შედარებით ამიტომაც იყო მთელ რიგ მომენტებში საკმაოდ მოსაწყენი.
დამატებული დრო "ბაიერნმა" ძალიან პასიურად დაიწყო, "რეალმა" კი ტემპს მოუმატა, მაგრამ ნოიერის კართან რეალური საგოლე მომენტები არ შექმნილა, რადგან გერმანელები დაცვაში კომპაქტურად იდგნენ და კონცენტრაცია არ დაუკარგავთ. ცხადად გამოჩნდა, რომ არც "რეალს" და არც "ბაიერნს" არ შესწევდათ იმის უნარი, რომ ნახევარფინალის ბედი პენალტების სერიის გარეშე გადაეწყვიტათ.
დასკვნა
თერთმეტმეტრიანებში ბავარიელებს უკეთესი ნერვები აღმოაჩნდათ. შესაბამისად, "ბაიერნი" დამსახურებულად გავიდა ფინალში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"