სესკი მესიმდე ვერ მივიდა

AutoSharing Option

მსოფლიოს  ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის - ჩემპიონთა ლიგის (1992 წლამდე ჩემპიონთა თასის) რიგით 56-ე გათამაშების ჯგუფური ეტაპი დაიწყო. ევროპის 52 ქვეყნის 76 გუნდიდან (მათ შორის საქართველოს ჩემპიონი რუსთავის "ოლიმპიც" იყო) "უემბლის" საგზურისთვის ბრძოლას 32 გუნდი აგრძელებს. ჯგუფურ ეტაპზე 4 ინგლისური, 3-3 ესპანური, ფარნგული, იტალიური და გერმანული გუნდია, 2-2 გუნდითაა ჯგუფურ ეტაპზე წარმოდგენილი პორტუგალია, რუსეთი და ჰოლანდია.
უეფას ოფიციალური საიტი დეტალურ სტატისტიკურ მონაცემებს გვთავაზობს, თუმცა საიტმა ესეც არ იკმარა: უეფას საიტის ექსპერტთა ჯგუფი (რომელშიც ცნობილი სპეციალისტები შედიან) ფეხბურთელებს შეფასებებს უწერს, თუმცა

არც ფანებს ივიწყებენ და გულშემატკივრებსაც შეუძლიათ თავიანთი შეფასებების გაკეთება. საუკეთესოს გამოსავლენად უეფას ექსპერტებს შორს წასვლა არ მოუწიათ - ლიონელ მესი I ტურის საუკეთესო ფეხბურთელია. "ბარსელონამ" 5:1 დაამარცხა ბერძნული "პანათინაიკოსი", ხუთიდან ორი გოლი არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა გაიტანა, ერთიც საგოლე პასი გააკეთა. მესის კიდევ მეტი შეეძლო, მაგრამ პენალტის გატანა ვეღარ მოახერხა.

ექსპერტთა შეფასება კი ასეთია - 10 ქულა 10 შესაძლებელიდან! არგენტინელთან ახლოს მხოლოდ ორი ფეხბურთელი მივიდა: მესის თანაგუნდელი ჩავი ერნანდესი და "ტვენტეს" ნახევარმცველი ტეო იანსენი. ჰოლანდიელმა "ინტერის" კარში სუპერსაჯარიმო გაიტანა, მეორე გოლიც მის ჩაწოდებულ კუთხურს მოჰყვა, რომელიც დიეგო მილიტომ საკუთარ კარში თავით ჩაჭრა. 29 წლის იანსენი, რომელიც ტატუების კოლექციით და მინდორსმიღმა არცთუ სამაგალითო საქციელით გამოირჩევა (შარშან ნასვამმა ავარია მოახდინა, რის შედეგაც მისი თანაგუნდელი კევინ მოელიკერი კარგა ხანს ებრძოდა სიკვდილს, ერთი ყური კი დაკარგა) საუკეთესო იყო "ტვენტე"-"ინტერის" შეხვედრაში. 8,5 ბალი მიიღო "ბენფიკას" არგენტინელმა პლეიმეიქერმა პაბლო აიმარმა, სხვები 8-8 ქულას ვერ აცდნენ.

გულშემატკივართა შეფასებებში "ჩელსის" განელი ნახევარმველი მიკაელ ესიენი ლიდერობს - 8,6. 8.5-8,5 ბალი (საშუალო შეფასება) დაუგროვდათ: მესის, ნიკოლა ანელკას (ჩელსი) და სესკ ფაბრეგასს (არსენალი).

I ტურში ხუთი დუბლი შესრულდა: ორ-ორი გოლით თავი გამოიჩინეს: მესიმ, ანელკამ, ფაბრეგასმა, კარლოს ველამ (არსენალი) და ზლატან იბრაჰიმოვიჩმა (მილანი). ამასთან ლონდონის "არსენალის" მექსიკელი ფორვარდი კარლოს ველა 27 წუთში ჩაეტია. 2-2 საგოლე პასი შეასრულეს: ანდრეი არშავინმა (არსენალი), ფაბრეგასმა და ხუან კულიომ (კლუჟი). როგორც ხედავთ, შედეგიანობით სესკთან ახლოსაც ვერავინ მივა - ესპანელმა 2 გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა. მეტოქის კარში ზუსტად ყველაზე მეტჯერ 5-5-ჯერ დაარტყეს. ეს კრიშტიანო რონალდომ (რეალი), ანხელ დი მარიამ (რეალი) და მესიმ მოახერხეს. ამცილებელთა ნომინაციაშიც "სამეფო კლუბის" ფეხბურთელები დომინირებენ - რონალდო და, რა თქმა უნდა, გონსალო იგუაინი, მათ 6-6-ჯერ ვერ უწიეს კარის ჩარჩოს ბურთი.

თამაშგარე მდგომარეობაში ყველაზე მეტჯერ "ოსერის" პოლონელი ფორვარდი ირენეუშ იელენი მოხვდა. წითელი ბარათი მხოლოდ "შალკეს" მცველმა ბენედიქტ ჰიოვედესმა მიიღო, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ გერმანელი ყველაზე უხეში იყო I ტურში - მან ხომ თამაშის წესი ერთადერთხელ დაარღვია. 5-5 ჯერ დაჯარიმდნენ პიტერ კრაუჩი (ტოტენჰემი), ვეს ბრაუნი (მანჩესტერი), დუაიტ ტიენდალი (ტვენტე), მარკო ბორიელო (რომა), ველიტონი (სპარტაკი), სიმაო (პანათინაიკოსი), ალექსანდარ მილიკოვიჩი (პარტიზანი) და დავიდ აბრაამი (ბაზელი). ყველაზე მეტჯერ კი "ბრაგას" ბრაზილიელ ნახევარმცველ ალანს ეუხეშნენ - 7-ჯერ.

გუნდებს შორის ყველაზე მეტჯერ მეტოქის კარში ზუსტად მადრიდის "რეალმა" დაარტყა - 15-ჯერ. შემდეგ მოდის "ბარსელონა" (12) და "ბენფიკა" (11). კარში ერთხელ მაინც ზუსტად ყველამ დაარტყა, ხოლო "პანათინაიკოსსა" და "სპარტაკს" აბსოლუტური შედეგი აქვთ - თითოჯერ დაარტყეს და გატანა შეძლეს (რუსულმა კლუბმა მოიგო კიდეც). ბურთის კონტროლში ჟოზე მოურინიოს ბიჭებს ვერავინ შეედრება, "სამეფო კლუბი" 54 წუთის განმავლობაში აკონტროლებდა ბურთს. "ბარსელონა" მეორეა 49 წუთით, "ბაიერნი" - მესამე (47). საბრალო "პანათინაიკოსი" მხოლოდ 17 წუთის განმავლობაში ფლობდა ბურთს. პროცენტული მაჩვენებლით წინ "ბლაუგრანაა" - 74%.

ყველაზე მეტი კუთხური "ბაზელმა" ჩააწოდა (13). ყველაზე უხეში გუნდი I ტურში ბელგრადის "პარტიზანი" იყო - 22 ჯარიმა, ყველაზე აკურატულები კი "რეალი" და "ინტერი" - 7-7 ჯარიმა.  

უეფას ოფიციალურმა საიტმა I ტურში 6 საუკეთესო მომენტი გამოარჩია: მესის გოლი, როცა "ლა პულგამ" კედელი ჯერ ჩავისთან, შემდეგ კი პედროსთან გაითამაშა; ტინო კოსტას გოლი, "ვალენსიას" არგენტინელმა ნახევარმცველმა "ბურსას" კარში საჯარიმო 35 მეტრიდან გაიტანა, ჯიბრილ სისეს საგოლე პასი, ფრანგმა გოვუს პასი ქუსლით გადააწოდა; რონალდინიოს პასი კევინ-პრინს ბოატენგის მისამართით (ამ უკანასკნელმა ვერ გაიტანა); თომას მიულერის საგოლე დარტყმა და ჯეკ უილშერის ფანტასტიკური საგოლე პასი მარუან შამახის მისამართით.

დაბოლოს, goal.com-ის მიერ შედგენილ სიმბოლურ ნაკრებსაც შემოგთავაზებთ: ანდრიი დიკანი (სპარტაკი) - დარიო სრნა (შახტარი), დევიდ უეირი (რეინჯერსი), ჰოლგერ ბადშტუბერი (ბაიერნი), მარსელო (რეალი) - ტეო იანსენი (ტვენტე), სესკ ფაბრეგასი (არსენალი), ტინო კოსტა (ვალენსია), მესუთ იოზილი (რეალი) - ლიონელ მესი (ბარსელონა), ნიკოლა ანელკა (ჩელსი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული