არიენ რობენი: მხოლოდ 41 გრადუსი სიცხე შემაჩერებს!

AutoSharing Option
არიენ რობენმა კვირის მიწურულს "ბაიერნის" ქომაგები ძალიან ანერვიულა, რადგან სამშაბათს გრიპის გამო ვარჯიში ნაადრევად შეწყვიტა, ოთხშაბათს კი საერთოდ აღარ უვარჯიშია.

18 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე ბავარიელთა თავკაცმა იუპ ჰაინკესმა რეკორდმაისტერის ფანები საბოლოოდ დაამშვიდა - არიენი გაციებული იყო, მაგრამ თავს ახლა უკვე კარგად გრძნობს და ხვალ მის თამაშს საფრთხე არ ემუქრებაო.

"წინ ისეთი მატჩია, რომ თავს ყველანი ცოტათი შეუძლოდ ვგრძნობთ, - იხუმრა "დონ იუპმა", - სანერვიულო არაფერია, რობენი ითამაშებს!"

27 წლის რობენს, რომელზეც დღევანდელ ფინალში ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, გრიპი ჰქონდა,
მაგრამ დღეისათვის თითქმის საბოლოოდ გამოჯანმრთელებულია.

"მოედანზე მხოლოდ იმ შემთხვევაში ვერ გავალ, თუ სიცხე 41 გრადუსამდე ამიწევს, ეს კი არ მოხდება," - თქვა მან და მერე "ჩელსისთან" მატჩზე კონკრეტულად ისაუბრა: "ჩვენ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო წინა ხაზი გვყავს და "ჩელსის" მცველები უმძიმესი წნეხის ქვეშ უნდა მოვაქციოთ. მიხარია, რომ ფრანკ რიბერიც კარგ ფორმაშია და ითამაშებს. ორი წლის წინანდელ ფინალში ის ძალიან დაგვაკლდა."

პრესკონფერენციაზე ბევრი და საინტერესო ფაქტობრივად არაფერი თქმულა. ჰაინკესმა დაადასტურა, რომ დაცვის ცენტრში ანატოლი ტიმოშჩუკს ათამაშებს.

იუპს საკადრო საკითხებიდან სხვა არაფერი დაუკონკრეტებია, უკრაინელზე კი ბევრი ისაუბრა - ტიმოშჩუკი საუკეთესო ეპითეტებით შეამკო: "ანატოლი ნამდვილი პროფესიონალი და ძალიან მაღალი კლასის ფეხბურთელია. ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში. აი, ახლა დაცვის ცენტრში გვჭირდება და მეც მშვიდად ვარ, რადგან ვიცი, რომ მისი ჟერომ ბოატენგის გვერდით გამწესება რისკი არ არის."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული