ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრამ საკმაოდ საინტერესო ისტორია შექმნა, რომელსაც ევროპის ელიტარული საკლუბო ლიგა მაყურებლებს დღეს საღამოს მოუყვება: ტორსტენ ფინკი, რომელიც 1997-დან 2006 წლამდე მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელი იყო, თავის ყოფილ კლუბს შვეიცარიული "ბაზელის" მთავარი მწვრთნელის რანგში უპირისპირდება. ისე კი, ჩემპიონთა ლიგის მეორე ტური დღეს მოსკოვის "სპარტაკისა" და "ჟილინას" მატჩით შედარებით ადრე, 20 საათსა და 30 წუთზე დაიწყება, რის შემდეგაც "ჩელსისა" (მარსელთან) და "მილანის" (აიაქსთან) ფორვარდები ასევე ყოფილი გუნდების წინააღმდეგ წარსდგებიან. მადრიდის "რეალი" კი ოსერში ჩადის.
E ჯგუფი
ბაზელი-ბაიერნი
"ბაზელი" "ბაიერნთან" მატჩისთვის
"ბაიერნთან" დაპირისპირება, თანაც მწვრთნელის რანგში, ჩემთვის განსაკუთრებული მოვლენაა. ისე კი, ჩვენ შვეიცარიის ჩემპიონატზე უფრო ვართ კონცენტრირებულები, რადგან 99.9 პროცენტით ვიცით, რომ ჩემპიონთა ლიგას ვერ მოვიგებთ, ეროვნული ჩემპიონატის მოგება კი ძალიან მნიშვნელოვანია, რათა გაისად ისევ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ვითამაშოთ," - აცხადებს ფინკი.
მაინც რა შანსი აქვს "ბაზელს"? პირველ რიგში ის უნდა ვთქვათ, რომ "შვეიცარიის ბაიერნი" საკუთარ "ზანკტ იაკობ პარკზე" ყოველთვის კარგად გამოიყურება ხოლმე და ევროტურნირების ბოლო რვა საშინაო მატჩიდან შვიდი მოგებული აქვს. "ბაიერნის" მდგომარეობა კი ერთობ არასახარბიელოა: "მაინცთან" განცდილმა მარცხმა (1:2) რეკორდმაისტერის ხელმძღვანელები და გულშემატკივრები საბოლოოდ დაარწმუნა იმაში, რომ არიენ რობენისა და ფრანკ რიბერის გარეშე ბევრი არაფერია შესაძლებელი. თუმცა მიუნხენელებმა ჩემპიონთა ლიგაში მშვენიერი სტარტი აიღეს (2:0 "რომასთან") და ამ მხრივ სანერვიულო ჯერჯერობით არაფერი აქვთ. საინტერესოა, ვის ათამაშებს ლუის ვან გაალი მარცხენა მცველის პოზიციაზე, დიეგო კონტენტოს ნაცვლად. ბუნდესლიგაში დანიელ პრანიჩს ენდობოდა, მაგრამ ამ უკანასკნელმა იმედები არ გაამართლა და შესაძლებელია, რომ ჰოლანდიელი სპეციალისტი ამჯერად თანამემამულე ედსონ ბრააფჰაიდს დაეყრდნოს.
სავარაუდო შემადგენლობები
ბაზელი (4-4-2): კოსტანცო - ინკოომი, აბრაამი, ფერატი, საფარი - შაქირი, ჰუგელი, იაპი, შტოკერი - ფრაი, შტრელერი.
ბაიერნი (4-4-2): ბუტი - ლამი, ვან ბუიტენი, ბადშტუბერი, პრანიჩი (ან ბრააფჰაიდი) - თ. მიულერი, ვან ბომელი, შვაინშტაიგერი, ჰამით ალთინთოფი - კლოზე, ოლიჩი.
არბიტრი: კრეიგ ტომსონი (შოტლანდია)
რომა-კლუჟი
"რომამ" გასულ უქმეებზე სერია A-ში მილანის "ინტერი" დაამარცხა, რითაც თავის გულშემატკივრებს სეზონის საშინლად დაწყებისთვის იდეალურად მოუბოდიშა. თუმცა "ჯალოროსის" ჩემპიონთა ლიგაშიც გამოსასწორებელი აქვს მდგომარეობა - კლუდიო რანიერის გუნდმა პირველ ტურში "ბაიერნთან" 0:2 წააგო. დღეს "რომას" "კლუჟთან" ექნება საქმე - გუნდთან, რომელსაც პირველი ტურის შემდეგ სამი ქულა აქვს.
"ჩვენ ძალიან კარგი გუნდი გვყავს და არ ვიცი, რატომ დავიწყეთ სეზონი ასე ცუდად ან რატომ წავაგეთ ჩემპიონთა ლიგის პირველი მატჩი. "ინტერთან" დავამტკიცეთ, რომ ძლიერები ვართ," - ეს მატჩის გმირის, მირკო ვუჩინიჩის სიტყვებია, რომელიც "ინტერთან" მატჩში მოედანზე ფრანჩესკო ტოტის ნაცვლად შევიდა და გამარჯვების გოლი გაიტანა. ტოტიმ კვირას საკმაოდ ცუდად ითამაშა, რის გამოც ჩვენმა იტალიელმა კოლეგებმა ისევ დაიწყეს დისკუსია იმის შესახებ, რომ ფრანჩესკო ნელ-ნელა "რომას" პრობლემად ყალიბდება - "ჯალოროსი" მის გარეშე წარმოუდგენელია, მაგრამ როცა მოედანზეა, ხეირიანს ვერაფერს აკეთებს. ამის პასუხად, ტოტიმ "ინტერთან" გამარჯვების შემდეგ თქვა, მე არასდროს ვიქნები "რომას" პრობლემაო. "კლუჟთან" ფრანჩესკოს ჩინებული შანსი აქვს, დაამტკიცოს, რომ ძველი ტოტია...
სავარაუდო შემადგენლობები
რომა (4-4-1-1): ლობონტი - კასეტი, ბურდისო, ჟუანი, რიისე - მენეზი, დე როსი, პისარო, პეროტა - ტოტი - ვუჩინიჩი.
კლუჟი (4-4-2): სტანჩიოიუ - პანინი, კადუ, ალკანტარა, რადა - კულიო, ორა, დანი, დიკა - ტრაორე, ბასტოსი.
არბიტრი: იონას ერიქსონი (შვედეთი)
თ მ ფ წ ბ ქ
1. ბაიერნი 1 1 0 0 2-0 3
2. კლუჟი 1 1 0 0 2-1 3
3. ბაზელი 1 0 0 1 1-2 0
4. რომა 1 0 0 1 0-2 0
F ჯგუფი
სპარტაკი-ჟილინა
რუსული კლუბების საშინაო მატჩები ჩემპიონთა ლიგაში გასაგები მიზეზების გამო სხვებზე ადრე იწყება ხოლმე და ამ მხრივ არც "სპარტაკისა" და "ჟილინას" შეხვედრაა გამონაკლისი. რუსეთის სახალხო გუნდმა პირველ ტურში სენსაციური გამარჯვება მოიპოვა, დაამარცხა რა მარსელის "ოლიმპიკი" საკუთარ "ველოდრომზე" (1:0). შესაბამისად, ჯანო ანანიძის გუნდს დღეს ბრწყინვალე შანსი აქვს, მორიგი სამი ქულა მოიპოვოს, აქტივი ექვსამდე გაზარდოს და მერე "ჩელსისთან" ორრაუნდიან დუელს (მესამე და მეოთხე ტურებში) საკმაოდ დამშვიდებული შეხვდეს. იმედს ვიტოვებთ, რომ ვალერი კარპინი ანანიძეს დღეს მაინც ათამაშებს და ჩემპიონთა ლიგაში ჯანოს დებიუტი შედგება.
სავარაუდო შემადგენლობები
სპარტაკი (4-2-3-1): დიკანი - პარშივლიუკი, პარეხა, სუხი, მაკეევი - იბსონი, შეშუკოვი, - მაკგიდი, ალექსი, დ. კომბაროვი - ველიტონი.
ჟილინა (4-2-3-1): დუბრავკა - გულდანი, პიაჩეკი, პეჩალკა, მრაცი - ჟეცი, ბელო - რილკე, კესაი, ვლადავიჩი - ორავეცი.
არბიტრი: მარტინ ჰანსონი (შვედეთი)
ჩელსი-მარსელი
რა თქმა უნდა, ფავორიტია "ჩელსიც" - მით უმეტეს, რომ კარლო ანჩელოტის გუნდი "მარსელს" საკუთარ "სტემფორდ ბრიჯზე" ეთამაშება. მართალია, ლონდონელებს კვლავ არ ეყოლებათ ლიდერი ფრენკ ლემპარდი და ბოლო დროს საფრანგეთის ჩემპიონატში "მარსელიც" გამოსწორების გზას დაადგა, მაგრამ წესით, "არისტოკრატებს" მორიგი სამი ქულის მოპოვება და აქტივის ექვსამდე გაზრდა არ უნდა გაუჭირდეთ. ისე, ამ უქმეებზე "ჩელსი" "მანჩესტერ სიტისთან" დამარცხდა და ანჩელოტის ბიჭები ცოტა არ იყოს, გაბრაზებულები არიან, რაც შესაძლოა, იმის წინაპირობა გახდეს, რომ "ჩელსიმ" ჯავრი მთლიანად "მარსელზე" ამოიყაროს.
"სიტისთან" წაგება კატასტროფა არ არის. ჩვენ რობოტები არ ვართ, ხანდახან უნდა წავაგოთ კიდეც. ზოგადად კი გუნდში ძალიან კარგი მდგომარეობაა. ვფიქორობ, საგანგაშო და სანერვიულო არაფერია," - განაცხადა ანჩელოტიმ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე.
საინტერესო ის არის, რომ ლონდონელთა გოლეადორი დიდიე დროგბა დღეს, სავარაუდოდ, პირველად ითამაშებს "მარსელის" წინააღმდეგ მას მერე, რაც "ოლიმპიკიდან" "ჩელსიში" გადავიდა. "ვიცი, რომ "მარსელის" ქომაგთა უმეტეს ნაწილს დღემდე ძალიან ვუყვარვარ. "ოლიმპიკი" ჩემთვის მეორე სახლია. რომ არა ეს გუნდი, დიდ ფეხბურთს ვერასდროს ვითამაშებდი," - ეს დროგბას სიტყვებია.
სავარაუდო შემადგენლობები
ჩელსი (4-3-3): ჩეხი - ივანოვიჩი, ალექსი, ტერი, ე. კოული - ესიენი, ობი მიკელი, რამირესი - სტარიჯი, ანელკა, მალუდა.
მარსელი (4-5-1): მანდანდა - ასპილიკუეტა, დიავარა, ჰაინცე, ტაივო - რემი, შეირუ, ლუჩო გონსალესი, სისე, აიევი - ჟინიაკი.
არბიტრი: ფრანკ დე ბლეეკერე (ბელგია)
თ მ ფ წ ბ ქ
1. ჩელსი 1 1 0 0 4-1 3
2. სპარტაკი 1 1 0 0 1-0 3
3. მარსელი 1 0 0 1 0-1 0
4. ჟილინა 1 0 0 1 1-4 0
G ჯგუფი
აიაქსი-მილანი
მოგეხსენებათ, ამ ჯგუფში ჩემპიონთა ლიგის სამი გამარჯვებული თამაშობს. უფრო საინტერესო კი ის უნდა იყოს, რომ "მილანის" ნახევარმცველი კლარენს ზეედორფი სამივე მათგანში ასპარეზობდა და კიდევ უფრო საინტერესო ის იქნება, რომ ჩემპიონთა ლიგის თასი მან "აიაქსის" ფორმითაც აღმართა, "რეალის" ფორმითაც და "მილანის" ფორმითაც (თანაც, ორჯერ)... მიუხედავად ამისა, "აიაქსისა" და "მილანის" დაპირისპირების მთავარი თემა მაინც ზლატან იბრაჰიმოვიჩია. არა იმიტომ, რომ შვედმა "როსონერის" ფორმით გოლების გატანა დაიწყო, არამედ იმის გამო, რომ ექვსი წლის შემდეგ იბრა "ამსტერდამ არენაზე" ბრუნება. ზლატანი "აიაქსის" ღირსებას 2001-დან 2004 წლამდე იცავდა და 106 მატჩში, ჰოლანდიის 29 გზის ჩემპიონის მაისურით, 46 გოლი გაიტანა, რის შემდეგაც ტურინის "იუვენტუსს" მიაშურა. ზლატანს ფლანგებიდან რობინიო და რონალდინიო მიეხმარებიან იმაში, რომ მან ამსტერდამელებს შესაძლებლობები ამჯერად მტრის რანგში დაუმტკიცოს.
სავარაუდო შემადგენლობები
აიაქსი (4-2-3-1): სტეკელენბურგი - ვან დერ ვილი, ალდერვეირელდი, ოოიერი, ანიტა - ენო, დე იონგი - დე ზეეუვი, ემანუელსონი, სულეიმანი - ლუის სუარესი.
მილანი (4-3-3): აბიატი - ძამბროტა, ნესტა, ტიაგო სილვა, ანტონინი - ბოატენგი, პირლო, ზეედორფი - რობინიო, იბრაჰიმოვიჩი, რონალდინიო.
არბიტრი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)
ოსერი-რეალი
"ლევანტესთან" უგოლო ფრემ "რეალის" კრიტიკოსები გამოაფხილზა. მათ არც ჟოზე მოურინიო დაინდეს და არც ფეხბურთელები, მაგრად "მოხვდათ" "სამეფო გუნდის" გერმანელ ლეგიონერებს, სამი ხედირასა და მესუთ იოზილსაც, რომლებსაც როგორც ჩანს, ქებამ აწყინათ. დიდი შანსია, რომ მოურინიომ იოზილი ამჯერად სათადარიგოთა სკამზე დატოვოს და მის ნაცვლად ქარიმ ბენზემა ათამაშოს. მით უმეტეს, რომ "ოსერის" კარში გოლების გატანა ბენზემას, როგორც საფრანგეთის ჩემპიონატის ყოფილ მოთამაშეს, უფრო კარგად ეხერხება. დღესდღეობით "რეალს" პრიმერადივიზიონში 6 გოლი აქვს გატანილი და მხოლოდ 1 მიღებული, მაგრამ კრიტიკოსებს ახსოვთ, რომ ერთი წლის წინათ, როცა მადრიდულ გრანდს მანუელ პელეგრინი წვრთნიდა, "რეალის" ბურთების შეფარდება ამ დროისთვის 16:2 იყო. თუმცა მათ უნდა გაიხსენონ, რომ მოურინიოს გუნდები არასდროს თამაშობდნენ სუპერ-შემტევ ფეხბურთს...
სავარაუდო შემადგენლობები
ოსერი (4-2-2-2): რიუ - ჰენგბარტი, კულიბალი, გრიხტინგი, მინიო - პედრეტი, ნდინგა - ლე ტალეკი, ოლიეში - იელენი, ბირსა.
რეალი (4-2-3-1): კასილიასი - არბელოა, რ. კარვალიო, პეპე, მარსელო - ჩაბი ალონსო, ხედირა - კ. რონალდო, იოზილი, დი მარია - ბენზემა (ან იგუაინი).
არბიტრი: კლაუს ბო ლარსენი (დანია)
თ მ ფ წ ბ ქ
1. რეალი 1 1 0 0 2-0 3
2. მილანი 1 1 0 0 2-0 3
3. აიაქსი 1 0 0 1 0-2 0
4. ოსერი 1 0 0 1 0-2 0
H ჯგუფი
პარტიზანი-არსენალი
6:0 "ბრაგასთან" - ორი აზრი არ არსებობს, "არსენალი" ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის ულამაზესი ატრაქციონი იყო, მაგრამ იმ ბედნიერი შემთხვევიდან ორი კვირის შემდეგ, ლონდონურ კლუბში არცისე კარგი განწყობაა: "ვესტ ბრომვიჩთან" განცდილმა სამარცხვინო მარცხმა (2:3) არსენ ვენგერის გუნდში "მონასტერი არია". თვითონ ფრანგი სპეციალისტისთვის ბევრი რამ გაუგებარი დარჩა, რაღაც რაღაცები ჩემთვის აუხსნელიაო, თქვა ვენგერმა მატჩის შემდეგ. თანაც, ამ მატჩმა ვენგერს პირველი მეკარე მანუელ ალმუნია დაუშავა - ესპანელმა ორი უპატიებელი შეცდომა დაუშვა და ტრავმაც მიიღო, რის გამოც, დღეს, "პარტიზანთან" გასვლით შეხვედრაში "მეთოფეების" კარს ფაბიანსკი დაიცავს. სხვათა შორის, შუა კვირაში ფაბიანსკიც სასტიკად შეცდა - ლიგის თასზე...
სავარაუდო შემადგენლობები
პარტიზანი (4-4-2): სტოიკოვიჩი - სტევანოვიჩი, იოვანოვიჩი, კრსტაიჩი, ლაზევსკი - მედო, სმილიანიჩი, ტომიჩი, ილიჩი - ილიევი, კლეო.
არსენალი (4-4-2): ფაბიანსკი - სანია, სკილაჩი, კოშელნი, კლიში - სონგი, უილშერი, ნასრი, ებუე - არშავინი, შამახი.
არბიტრი: ვოლფგანგ შტარკი (გერმანია)
ბრაგა-შახტარი
პირველ ტურში "ბრაგა" ისეთი უსუსური იყო, რომ ლოგიკურად, პორტუგალიელები დღეს ჩამოყალიბებულ გუნდ "შახტართან" უნდა დამარცხდნენ და დონეცკური კლუბი "არსენალის" მთავარი და ფაქტობრივად ერთადერთი კონკურენტი უნდა გახდეს. მაგრამ ეს ლოგიკურად და ჩვენ ისიც ვიცით, რომ ფეხბურთი და მით უმეტეს ჩემპიონთა ლიგა, ლოგიკას ხშირად აღარ ემორჩილება...
სავარაუდო შემადგენლობები
ბრაგა (4-3-3): ფელიპე - სილვიო, მოიზესი, როდრიგესი (ან პაულაო), ეჩიეჯილე - ვანდინიო, მარსიო მოსორო, ლუის აგუიარი - ალანი, პაულო სეზარი, მატიო.
შახტარი (4-2-3-1): პიატოვი - სრნა, კუხერი, რაკიცკი, რაცი - ჰიუბშმანი, გაი - დუგლას კოშტა, ედუარდო, ჟადსონი - ლუის ადრიანო.
არბიტრი: კევინ ბლუმი (ჰოლანდია)
თ მ ფ წ ბ ქ
1. არსენალი 1 1 0 0 6-0 3
2. შახტარი 1 1 0 0 1-0 3
3. პარტიზანი 1 0 0 1 0-1 0
4. ბრაგა 1 0 0 1 0-6 0
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"