რეალი ინტერი არ არის, ჟოზე!

AutoSharing Option

გერმანიის რეკორდმაისტერმა შვეიცარიის რეკორდმაისტერს მოუგო; "რომამ" და "რეალმა" მუშა გამარჯვებები მოიპოვეს; "ჩელსიმაც" დაახლოებით "ასეთ სტილში" დაატოვებინა "მარსელს" სამი ქულა; კარპინმა ჯანო ანანიძე ისევ არ ათამაშა, "სპარტაკი" კი ასპროცენტიანია; "ბრაგას" ფეხბურთელებს კი ურჩევნიათ, ჩემპიონთა ლიგა კომპიუტერში ითამაშონ...
განცდები და რეაქციები სამშაბათის მატჩების მიმოხილვაში...


E ჯგუფი

ბაზელი-ბაიერნი 1:2
გოლები: 1:0 ფრაი (18), 1:1 შვაინშტაიგერი (56-პენ), 1:2 შვაინშტაიგერი (89)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: შერდან შაქირი (ბაზელი)

"ბაზელი" შვეიცარიისთვის იგივეა, რაც "ბაიერნი" გერმანიისთვის - ექს-ბაიერნელ ტორსტენ ფინკის მიერ გაწვრთნილი გუნდი შვეიცარიის "მარადმწვანე ჩემპიონია". ჰოდა, ორი რეკორდმაისტერი დაპირისპირება, რა

თქმა უნდა, ძალიან დიდ ინტერესს იწვევდა. მიუნხენურმა გიგანტმა "ზანკტ იაკობ პარკზე" პირველ ტაიმში ზუსტად ისე ითამაშა, როგორც გასულ უქმეებზე "მაინცთან" - ნორმალურად დაიწყო, ორი-სამი კარგი შანსი ჰქონდა, უაზრო გოლი გაუშვა და ამ ყველაფერთან ერთად, ლუის ვან გაალის ბიჭები ყველა პოზიციაზე შეცდომებს უშვებდნენ. "ბაიერნი" ისევ არ ჩანდა იმის შემძლე, რომ მეტოქეზე კონტროლი დაემყარებინა - მიუნხენელთა შეტევები მეტწილად მხოლოდ სტატიკური იყო, ფლანგებზე კი ტონი კროოსი და ჰამით ალთინთოფი ფაქტობრივად არაფრად ვარგოდნენ. ამის დასტურად თუნდაც იმის თქმაც კმარა, რომ ფლანგის მცველებს, ფილიპ ლამს და დანიელ პრანიჩს პასების უკან გაკეთება უწევდათ. ვან გაალის გუნდის დაცვის ხაზმა კრიტიკას ვერც "ბაზელთან" თამაშში გაუძლო: დანიელ ვან ბუიტენმა "მაინცთან" დაწყებული "საქმე" შვეიცარიაშიც გააგრძელა. "ბაზელის" ფორვარდებს, შტრელერსა და ფრაის ვან ბუიტენი და ბადშტუბერი ხშირად ცენტრიდან გამოჰყავდათ, რასაც იდეალურად იყენებდნენ შტოკერი, შაქირი და ინკომი.
მეორე ტაიმში ვან გაალმა ტაქტიკური სქემა ორჯერ შეცვალა. მარიო გომესის გამოჩენის შემდეგ, მიუნხენელები 4-4-2-ზე გადაერთვნენ, კლოზეს გასვლის შემდეგ კი, შვაინშტაიგერი გამთამაშებლის პოზიციაზე დადგა, ზურგს ტიმოშჩუკი უმაგრებდა. ამ ცვლილებამ კი შედეგი გამოიღო. ამრიგად, ორ ტურში ექვსი ქულით, ბავარიული გრანდი მერვედფინალთან უკვე საკმაოდ ახლოსაა. თუმცა ეს "ბაიერნი" შარშანდელი "ბაიერნისგან" ჯერ ძალიან შორსაა.
მიუხედავად დუბლისა, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად არა შვაინშტაიგერს, არამედ "ბაზელის" ტალანტ შერდან შაქირის ვასახელებთ. 18 წლის უნიჭიერესმა მოთამაშემ დაგვარწმუნა, რომ უკვე ჩამოყალიბებული, სრულყოფილი ფეხბურთელია. ბურთის უნაკლო ფლობა, მეტოქის კარისკენ სწრაფვა, უზადო ჩაწოდებები და თუ საჭიროა, შაქირი ორთაბრძოლებშიც ვაჟკაცურად შედის. ფაქტია, მას დიდი მომავალი აქვს...


რომა-კლუჟი 2:1
გოლები: 1:0 მექსე (69), 2:0 ბორიელო (71), 2:1 რადა (77)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ფილიპ მექსე (რომა)

გვეგონა, "ინტერის" დამარცხებით შეგულიანებული "რომა" "კლუჟს" შავ დღეს დააყრიდა, მაგრამ არაფერიც - რომაელებმა თამაში ისე დაიწყეს, ვიფიქრეთ, რომ კლაუდიო რანიერის გუნდს ჩემპიონთა ლიგა ფეხებზე ჰკიდია. "კლუჟი" ვაჟკაცურად უტევდა და მომენტებიც შექმნა. მეტიც: რომ არა ტრაორეს აბსოლუტურად არალოგიკური და საშინლად ეგოისტური გადაწყვეტილება, როცა ის და მისი თანამებრძოლი "ჯალოროსის" კიპერთან პირისპირ დარჩნენ, "კლუჟი" ანგარიშს გახსნიდა და კაცმა არ იცის, შეძლებდა თუ არა მერე "რომა" სასურველი ანგარიშის დაფიქსირებას. ტრაორემ კი, ნაცვლად იმისა, რომ თანაგუნდელისთვის ცარიელ კართან ეპასა, თვითონ მოინდომა რომის "ოლიმპიკოზე" თავის გამოჩენა და... "კოვზი ნაცარში ჩაუვარდაც" რბილი ნათქვამია!
მერე და მერე "რომა" აზრზე მოვიდა და საწადელსაც მიაღწია. ტოტი, ვუჩინიჩი და ადრიანო უმაქნისები იყვნენ - ანგარიში მცველმა ფილიპ მექსემ გახსნა და გულახდილად ვთქვათ, რომ მან ეს გოლი დაიმსახურა, რადგან მოედანზე საუკეთესო იყო. შვიდ წუთში კი ბორიელომ იშვიათი სილამაზის გოლი შეაგდო: 50-მეტრიანი პასი "კლუჟის" კარში ერთი შეხებით გადაგზავნა.
"მუშა სამი ქულა მოვიპოვეთ, ანგარიშს კი მნიშვნელობა არ აქვს. "ინტერთან" ომის შემდეგ საკმაოდ გადაღლილები ვიყავით და თავი ამიტომაც აღარ მოვიკალით. მთავარი შედეგია," - ასეთი იყო რანიერის ანალიზი.

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბაიერნი 2 2 0 0 4-1 6
2. კლუჟი 2 1 0 1 3-3 3
3. რომა 2 1 0 1 2-3 3
4. ბაზელი 2 0 0 2 2-4 0


F ჯგუფი
ჩელსი-მარსელი 2:0
გოლები: 1:0 ტერი (7), 2:0 ანელკა (28-პენ)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ბრანისლავ ივანოვიჩი (ჩელსი)

პირველი შვიდი წუთის განმავლობაში "სტემფორდ ბრიჯის" პუბლიკამ "ჩელსის" ფეხბურთელები "ნიუკასლთან" და "მანჩესტერ სიტისთან" წაგებების გამო მწარედ დასაჯა: ბურთის ფლობის დროს, ფანები საკუთარი გუნდის მოთამაშეებს მაგრად უსტვენდნენ. მაგრამ როცა ჯონ ტერიმ კუთხურისას, შეირუს შეცდომით ისარგებლა და ბურთს მიმართულება "მარსელის" კარის ახლო კუთხისკენ წარმატებით შეუცვალა, გულშემატკივრები ლონდონელ ფეხბურთელებს შეურიგდნენ.
მოედანზე მიმდინარე მოვლენებისთვის ზედგამოჭრილი იყო ის, რომ ნიკოლა ანელკამ მეორე გოლი საკმაოდ საეჭვო თერთმეტმეტრიანით გაიტანა - "არისტოკრატები" მთელი მატჩის განმავლობაში "ოლიმპიკზე" ოდნავ უკეთ გამოიყურებოდნენ და უფრო დიდი ანგარიშით მოგება არც დაუმსახურებიათ.


სპარტაკი-ჟილინა 3:0
გოლები: 1:0 არი (34), 2:0 არი (61), 3:0 იბსონი (89)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: არი (სპარტაკი)

არანაირი წინაპირობა არ არსებობდა საიმისოდ, რომ ეს მატჩი მაინცდამაინც საინტერესო და სანახაობრივი ყოფილიყო, რადგან "სპარტაკი" არ თამაშობს თვალსასეირო ფეხბურთს და თანაც, არც "ჟილინაა" ის გუნდი, რომელიც ჩემპიონთა ლიგაში ვინმეს კონკურენციას გაუწევს. რაც მთავარია, მოსკოველებმა ფავორიტის სტატუსი გაამართლეს, მატჩი დიდი ანგარიშით მოიგეს და თანაც, რამდენიმე მართლაც საინტერესო კომბინაცია გაითამაშეს - სულ ეს იყო. "ჟილინას" მცველებს განსაკუთრებით "სპარტაკის" გარემარბები, მაკგიდი (მარჯვნიდან) და კომბაროვი (მარცხნიდან) აწიოკებდნენ. ჩვენ კი ისევ ამაოდ ველოდით ჯანო ანანიძის დებიუტს ჩემპიონთა ლიგაში - ვალერი კარპინმა ქართველ ტალანტს კვლავ სათადარიგოთა სკამი ახეხინა. თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს: მაკგიდი და კომბაროვი იმდენად კარგად თამაშობდნენ, რომ კარპინი ჯანოს მოედანზე მხოლოდ სამადლოდ თუ შეუშვებდა...
მოკლედ, "ჟილინა" ახლოსაა იმასთან, რომ ჩემპიონთა ლიგის ყველა ანტირეკორდი გააუმჯობესოს. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის სტანდარტებს აკმაყოფილებს, მეკარე დუბრავკაა...

თ მ ფ წ ბ ქ
1. ჩელსი 2 2 0 0 6-1 6
2. სპარტაკი 2 2 0 0 4-0 6
3. მარსელი 2 0 0 2 0-3 0
4. ჟილინა 2 0 0 2 1-7 0


G ჯგუფი
ოსერი-რეალი 0:1
გოლი: 0:1 დი მარია (80)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ადამა კულიბალი (ოსერი)

დიახ, დიახ, დიახ! ჟოზე მოურინიომ მადრიდის "რეალს" თავისი ხელი და ტვინი უკვე დაატყო: "სამეფო გუნდს" ძალიან შეუყვარდა მინიმალური ანგარიშით მოგებები... მადრიდელებმა "ოსერთანაც" ისე ითამაშეს, როგორც "ლევანტესთან", განსხვავება კი მხოლოდ ის იყო, რომ ამჯერად 1:0 მოიგეს, გასულ უქმეებზე კი 0:0 ითამაშეს. როგორც ვვარაუდობდით, ჟოზეს მესუთ იოზილი ძირითად შემადგენლობაში აღარ გაუმწესებია და მის ნაცვლად, გონსალო იგუაინის უკან ქარიმ ბენზემა ათამაშა. მიუხედავად იმისა, რომ ბურთის ფლობის მხრივ მადრიდელებს უდიდესი უპირატესობა ჰქონდათ, შეტევაში სახეიროს მაინც ვერაფერს ქმნიდნენ. ამიტომაც იყო, კრისტიანო რონალდო ბურთის ფლობის უპირატესობის ანგარიშში ასახვას შორეული დარტყმებით რომ ცდილობდა. უნიათობისა და კრეატივის არქონის მიზეზი ისიც იყო, რომ მოურინიომ სასტარტო შემადგენლობაში ერთდროულად სამი ჩამშლელი ნახევარმცველი, ხედირა, ჩაბი ალონსო და ლასანა დიარა გაამწესა. შესაბამისად იგუაინი, რონალდო და ბენზემა თავისთვის იყვნენ.
მეორე ტაიმში კი ჟოზე მიხვდა, რომ მეტი კრეატივი სჭირდებოდა და მოედანზე ჯერ იოზილი შეუშვა (ბენზემას ნაცვლად), მერე კი ანხელ დი მარიაც (ლასანა დიარას ნაცვლად). აი, მაშინ კი გაცოცხლდა მადრიდელთა შეტევები და ის ერთადერთი გოლიც, მოურინიო ასე რომ გაახარა, დი მარიას ანგარიშზეა - არგენტინელმა "ოსერის" მცველების ერთადერთი შეცდომა გამოიყენა. დი მარიას გოლამდე ცოტა ხნით ადრე, მადრიდელთა მცველმა პეპემ კინაღამ ავტოგოლი გაიტანა და რომ გაეტანა (ბურთი კასილიასის კარის ძელს მოხვდა), კაცმა არ იცის, როგორ დამთავრდებოდა ეს თამაში "რეალისთვის".
"ათასჯერ ნათქვამს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ჩემთვის მთავარი შედეგია. ჩვენ მოვიგეთ და ამით ყველაფერია ნათქვამი," - ტრადიციულად მკაცრი იყო  მოურინიო მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე, როცა ჟურნალისტებმა "რეალისთვის" დამახასიათებელ ლამაზ ფეხბურთზე ჩამოუგდეს სიტყვა...


აიაქსი-მილანი 1:1
გოლები: 1:0 ელ ჰამდაუი (23), 1:1 იბრაჰიმოვიჩი (37)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ეიონ ენო (აიაქსი)

აქეთ ახალგაზრდა "აიაქსი", იქით "ბებერი" "მილანი" - "ამსტერდამ არენაზე" ერთმანეთს ორი უკიდურესობა დაუპირისპირდა და თეორია "როცა თაობები კამათობენ, შვილები ყოველთვის მართლები არიან" ამჯერად არ გამართლდა: ფრე ასი პროცენტით ლოგიკური შედეგია. ისე, ჭკვიანი კაცი მატჩის სცენარს წინასწარაც იოლად გაწერდა: ამსტერდამელები უფრო დიდი სიამოვნებით დარბოდნენ და ანგარიშიც დამსახურებულად გახსნეს, "მილანს" კი კლარენს ზეედორფის ერთი მაღალი კლასის მოძრაობა ეყო იმისთვის, რომ ანგარიში გაეთანაბრებინა. 34 წლის კლარენსმა შესანიშნავი პასით მოძებნა იბრაჰიმოვიჩი, რომელმაც ბურთი კარში შეტენა (როგორც არაერთხელ შეუტენია). სხვათა შორის, "ამსტერდამ არენის" პუბლიკამ ღვაწლმოსილი ზეედორფი გრანდიოზული ტაშით გააცილა - კლარენსს "აიაქსის" წინაშე დიდი დამსახურება აქვს.

თ მ ფ წ ბ ქ
1. რეალი 2 2 0 0 3-0 6
2. მილანი 2 1 1 0 3-1 4
3. აიაქსი 2 0 1 1 1-3 1
4. ოსერი 2 0 0 2 0-3 0


H ჯგუფი

პარტიზანი-არსენალი 1:3
გოლები: 0:1 არშავინი (15), 1:1 კლეო (33-პენ), 1:2 შამახი (71), 1:3 სკილაჩი (82)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: მარუან შამახი (არსენალი)

სესკ ფაბრეგასის გარეშე დარჩენილი "არსენალი" დიდხანს წვალობდა და მატჩის ბედი მხოლოდ ბოლო ოც წუთში გადაწყვიტა. მიუხედავად იმისა, რომ ერთი საათის განმავლობაში მოედანზე მეტნი იყვნენ, ლონდონელებს სერბების კართან საგოლე მომენტების შექმნა ძალიან უჭირდათ - "პარტიზანი" "ბრაგა" არ აღმოჩნდა. "მეთოფეები" გამარჯვების გზაზე მარუან შამახმა დააყენა, რომელსაც ვასახელებთ კიდეც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად - არა მარტო გოლის, არამედ პირველ რიგში იმის გამო, რომ ლონდონელთა მხრიდან ყველაზე მობილიზებული ფეხბურთელი იყო. გერმანელმა მსაჯმა ვოლფგანგ შტარკმა სამი პენალტი დანიშნა, რომელთაგან მხოლოდ ერთი (კლეოს მიერ) იქნა გამოყენებული - იმავე კლეომ და ანდრეი არშავინმა კი პენალტები ვერ გამოიყენეს.


ბრაგა-შახტარი 0:3
გოლები: 0:1 ლუის ადრიანო (56), 0:2 ლუის ადრიანო (72), 0:3 დუგლასი (90-პენ)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ლუის ადრიანო (შახტარი)

ვისაც ეგონა, რომ "ბრაგა" მეორე ტურში მაინც გაამართლებდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრას, სასტიკად შეცდა: პორტუგალიურმა კლუბმა ისევ ქვა ააგდო, თავი შეუშვირა და ამჯერად საკუთარ მოედანზე განადგურდა - ახლა უკვე დონეცკის "შახტართან". უკრაინული გუნდის მეტად მნიშვნელოვანი გამარჯვების მთავარი შემოქმედი კი ლუის ადრიანო იყო. პორტუგალიელებმა დაცვაში ისევ ბავშვური შეცდომები დაუშვეს და თუ რაიმე სასწაული არ მოხდა, ამ ჯგუფიდან მერვედფინალში "არსენალი" და "შახტარი" უპრობლემოდ გავლენ.

თ მ ფ წ ბ ქ
1. არსენალი 2 2 0 0 9-1 6
2. შახტარი 2 2 0 0 4-0 6
3. პარტიზანი 2 0 0 2 1-4 0
4. ბრაგა 2 0 0 2 0-9 0


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული